Vvedenie vo hram Presvyatoy Bogoroditsi

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება და ისიქასტური გზა – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

მამებო და ძმებო, დღეს ღამე ჩვენ გავხდით ღირსნი უდიდესი კურთხევისა, რათა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დიდებულება მცირედით მაინც განგვეცადა. ო, რამდენად გამოუთქმელი დიდებულებაა ეს! ადამიანის გონებას განცვიფრება მოიცავს, როდესაც უღრმავდება იმას, თუ რა განიცადა ამ ყოვლადწმიდა ყრმამ 3 წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, ის მხოლოდ სამი წლის იყო და სამყაროში ყველაზე წმინდა ადგილას – წმიდათა წმიდაში დამკვიდრდა, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს – მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ, რათა ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირა და მალევე გამოდიოდა. აი, როგორი დიდებულებისა და პატივის ღირსი გახდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი.

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდათა წმიდაში შესვლას, რაც ზეციურ წმიდათა წმიდაში მისი შესვლის წინასახეა. როგორც წმინდა გრიგოლ პალამას საღმრთისმეტყველო ოქროს ბაგეები ამბობენ: ,,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მოუკლებლად წარემატებოდა დიდებითი დიდებად და სულიერად ზეაღიწეოდა, სანამ თავად ყოვლადწმიდა სამებასა და მათთან მუდმივ თანამყოფობას არ მიაღწია’’.

წმინდა გრიგოლ პალამა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ღმრთისმშობლის ღმრთისმეტყველიც იყო, ტაძრად მიყვანების შესახებ თავის ცნობილ საუბარში ამბობს, რომ ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფალი პირველი იყო კაცობრიობაში, ვინც აღადგინა სიფხიზლისა და ადამიანის გონების ცოცხალ ღმერთთან ერთობის – ანუ განღმრთობის ისიქასტური გზა. ყოვლადწმიდა დედა არის ცოცხალი მაგალითი, საზომი და გზა მათთვის, ვინც გულის მყუდროებაში ქრისტესთან შინაგანი ერთობას, მისი ჭვრეტასა და მის შეცნობას ესწრაფვის. ის არის გზა და მაგალითი ერში მცხოვრები ადამიანებისთვის, მეოჯახეებისა და დედებისთვის, და რა თქმა უნდა, დაყუდებული, განდეგილი ისიქასტებისთვის.

მან აღადგინა და განაახლა განღმრთობის ისიქასტური მზა. ჩვენც სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიყვარულით ვუმზერთ ამ ყოვლადწმიდა სახესა და მაგალითს და გულმხურვალედ ვევედრებით შეგვეწიოს, რათა ეს გზა ჩვენი ყველაზე მთავარი სურვილი და მოთხოვნილება გახდეს. განა რა უნდა იყოს ქრისტიანისთვის შინაგან მყუდროებაში ქრისტეს ჭვრეტაზე, საკუთარი გონების მოუკლებლად მისკენ მიპყრობასა და მის მოუკლებელ ხსოვნაზე მეტად სასურველი? განა ყველაფერზე მეტად არ უნდა უნდოდეს მონაზონს გონების სიფხიზლე, ქრისტესთან შეხვედრა და სულიერი მღვიძარება?

კურთხეულნი არიან ის მონაზვნები და ერის ადამიანები, რომელბსაც სწყურიათ შინაგანი სიფხიზლე და ისიქაზმის უდიდესი მნიშვნელობა გააცნობიერეს. კურთხეულნი არიან ის მონაზვნები და ერის ადამიანები, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რათა სიფხიზლეს მიაღწიონ და აღასრულეს ის, რასაც წმინდა ისააკ ასური ამბობს: ,,მათ მოიხვეჭეს უძვირფასესი მარგალიტი და ამიტომაც, ძალიან ყურადღებით არიან საკუთარი თავის მიმართ, რათა ამაოდმტყველებაში, განკითხვასა და გონების დაბნელებაში არ ჩავარდნენ. ისინი თავიანთი ცხოვრების ყოველ წუთს უფრთხილდებიან, ასრულებენ რა პავლე მოციქულის მცნებას, რომელიც ამბობს: ,,გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან’’(ეფ.5:16).

ვინც გონებით ქრისტესთან მოუკლებლად იმყოფება, ის კურთხეულ სიფხიზლეს ფლობს, ყურადღებით აკონტროლებს საკუთარ თავს, რათა მისი გონება, თუკი შესაძლებელია, ერთი წამითაც კი არ მოშორდეს ქრისტეს. როგორც უკვე ვთქვით, ასეთმა ადამიანმა ძვირფასი მარგალიტი იპოვა და გააცნობიერა, თუ რამხელა წყალობაა ამ მდგომარეობაში მყოფობა. თუკი ეს ყველაფერი არ ხდება ჩვენში და არ გვაქვს ამგვარი ღვაწლისკენ სწრაფვა, მაშინ ჩვენს დროს ტყუილად ვკარგავთ. გადის დღეები, საათები, თვეები, წლები, დღესასწააულები, მარხვები და ხელიდან გვისხლტება ის, რაც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

მოდით ვთხოვოთ ჩვენს ყოვლადწმიდა დედოფალს, რათა დაგვეხმაროს იმაში, რომ დღეს, ამ წამიდან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ახალი საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას და რათა განვაახლოთ საკუთარ თავში ის მიზანი, რის გამოც გავხდით მონაზვნები და ის აღთქმებიც, რომლებიც აღკვეცის დღეს დავდეთ და რათა ჩვენში დაიწყოს სიმდაბლის ღვაწლი. ჩვენ ხომ მისი შვილები ვართ, მას ძალიან ვუყვარვართ და სურს, რომ მუდამ ვშრომობდეთ. ამიტომაც, ვიშრომოთ საკუთარი თავის განსჯასა და სრულყოფილ მორჩილებაში. ღმრთისმშობელი ძალიან მწუხრდება, როდესაც ხედავს, რომ არ ვშრომობთ სულიერად. მოდით სათნოვეყოთ მას ჩვენი მორჩილებითა და სიმდაბლით. როდესაც მოძღვარი თავის სულიერ შვილებში ურჩობას და თვითნებობას ხედავს, მას ძალიან ტკივა და იმ აუცილებელ სიხარულს, თავისუფლებას, მოთმინებას და ჯანრმთელობასაც კი ჰკარგავს, რაც მას ამ მსახურებისთვის სჭირდება. ხშირად მეც განვიცდი ამ სირთულეებს, როდესაც ვცდილობ, რომ რაღაც გასწავლოთ.

ჩვენი მიზანი, ხომ მოუკლებელი ღმრთისმსახურებაა? – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი უსრულყოფილესად წარემატა ამ საქმეში. ის წმიდათა წმიდათაში მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქრისტიანი მდუმარედ,  მყუდროებაში, საიდუმლოებრივად უნდა აღასრულებდეს ლოცვით ღმრთისმსახურებას საკუთარ გულში. სწორედ ასე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ქალწული დღე და ღამ. 

ჩვენი მიზანი ხომ ღმერთის შეყვარებაა? ვინ შეიყვარა ღმერთი ყოვლადწმიდა ქალწულზე მეტად? ბუნებრივია, რომ სათნოებათა მწვერვალს ვერავინ მიაღწევს, თუკი თავდაპირველად საწყისი საფეხურები არ გაიარა. რა არის ეს პირველი საფეხურები? საკუთარი ნების მოკვეთა, მორჩილება, საკუთარი თავის ბრალობა და საკუთარი მოძღვრის წინაშე გულის გახსნა.

წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ რამდენადაც ის ღმერთის წინაშე მთელი კაცობრიობის მეოხი უნდა გამხდარიყო, აუცილებელი იყო ამ დიდებული მისიისთვის მომზადება. ეს მომზადება მან სოლომონის ტაძარში, წმიდათა წმიდაში გაიარა, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა, ისიც წელიწადში ერთხელ. სწორედ იქ, ღმრთისმშობელი, ლოცვით მყუდროებაში(ისიქიაში), საკუთარი გულის მზერას ცოცხალ ღმერთს მოუკლებლად მიაპრყობდა. შედეგად ის შეხვდა ღმერთს, საკუთარ გულში ესაუბრებოდა მას, მისი ნათლის მატარებელი გახდა, საკუთარი თავი სრულიად მას მიუღძვნა და ასე მოემზადა ამ დიდებული მისიის შესასრულებლად.

წმინდა გრიგოლის თანახმად, სწორედ მან გვიჩვენა მყუდროებისა და ისიქასტური ლოცვის მნიშვნელობა, რაც ჩვენი სულიერი გამოსწორებისა და სრულყოფილების უმთავრესი საშუალებაა. წმინდა მოციქულებმა და ეკლესიის ყველა დიდმა მამამ საკუთარი გზა ლოცვით მყუდროებაში შრომით დაიწყეს და მას შემდეგ, რაც შინაგან მყუდროებაში ქრისტესთან გულისმიერ ერთობას მიაღწიეს,  მხოლოდ მაშინ დაიწყეს ადამიანებთან ნაყოფიერი მისიონერული მსახურება და მათი გულები ქრისტესკენ წარმართეს.

ეს მყუდროება, ანუ ისიქია ჩვენი ცხოვრების მთავარი გზაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მორჩილება, მსახურება, საზრუნავები, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ძალებს შეესაბამება, ყველანი მოწოდებულნი ვართ, რომ გვიყვარდეს და გვწყუროდეს მყუდროება, რომლის გარეშეც შეუძლებელია სულიერი ზრდა. თუ ობიექტური გარემოება არ მოითხოვს ამას, არ გამოხვიდეთ საკუთარი გულიდან. მორჩილების დროსაც, როდესაც ძმებს ვემსახურებით, ყველანაირად ვეცადოთ, რომ საკუთარ გულში მყუდროდ განვმარტოვდეთ და ვიფხიზლოთ. როდესაც მოვა საცდური და გარესამყარო მიგვიზიდავს, რაც ჩვენი შინაგანი მყუდროების დარღვევას იწვევს, გავიხსენოთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელიც წმიდათა წმიდათაში ლოცულობდა და საკუთარ თავს ვუთხრათ: ,,ჩვენ ყოვლადწმიდა ქალწულის მიმბაძველნი უნდა ვიყოთ!’’. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს სულიერ ცხოვრებას, რადგან თუ მყუდროებას არ შევიყვარებთ, სულიერ ნაყოფსაც ვერ გამოვიღებთ. სხვა საქმეებიც თავისთავად სიკეთეა და შეიძლება სულიერ ცხოვრებაშიც დაგვეხმარონ, მაგრამ მხოლოდ ლოცვითი მყუდროება, საკუთარი გულის სიმყუდროვეში ქრისტეს ძიება, ანუ ისიქია გვაძლევს ყველაზე მეტ სულიერ ნაყოფს.

ამიტომაც, მამებო, მთელი გულით გთხოვთ და გევედრებით, რათა სიფხიზლეში ვიშრომოთ. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს დედა ღმრთისმშობელი, რომელიც ჩვენი მასწავლებელი, მფარველი, აღმზრდელი, იღუმენია და სულიერი დედაა. ჩვენ როგორმე უნდა მოვასწროთ, რომ შევინანოთ, შევიცვალოთ და გარდავიქმნათ. უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენი დრო გვაქვს უკვე დაკარგული. რამდენი წამი გვაქვს გატარებული ქრისტეს გარეშე, მისი ხსოვნის, მასთან მყოფობის გარეშე და დავეხეტებოდით ხან სად, ხან სად, უმიზნო და უსარგებლო გულისსიტყვებში. ჩვენ ეს დრო ღირსეულად, ქრისტეს ხსნოვნასა და მასთან მყოფობის მცდელობაში უნდა გაგვეტარებინა. მოდით, გავიხსენოთ დღეს ეს ყველაფერი, რათა სიცოცხლის ბოლოს არ მოგვიწიოს ამის გახსენება, როდესაც ჩვენი გამოსწორება უკვე შეუძლებელი იქნება. ახლა ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება. მეც, ვინც ამ ყველაფერზე გესაუბრებით და თქვენც, ვინც მისმენთ. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ქრისტე და ყოვლადწმიდა დედა.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share