thassos monastery of archangel michael top 1 1280

შვილის მორჩილი – დედა თეოფანო ( ნაწილი 1)

საბერძნეთის კუნძულ თასოსზე, წმინდა მთის ფილოთეის სამონასტრო კომპლექსში, მდებარეობს მთავარანგელოზ მიქაელის სავანე. აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები, არქიმანდრიტ ეფრემ ფილოთეველის (არიზონელის) დედამ, თეოფანომ და 1986 წლის 27 თებერვალს მიაბარა უფალს სული. მონასტრის გერონდისამ, იღუმენია ეფრემიამ, კურთხევა მოგვცა ჩაგვეწერა მისი მონათხრობი დედა თეოფანოს შესახებ და ასევე მონასტრის დების მოგონებები მასზე.

დედა თეოფანოს, მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერსა და ზოგადად მამა ეფრემ არიზონელის სულიერ ოჯახში, ყველანი უწოდებენ “ბებოს” . “ბაბუა”-  ბერი იოსებ ისიქასტი, არქიმანდრიტ ეფრემის სულიერი მოძღვარი გახლავთ, “ბებო”კი – დედა თეოფანო. ამ სტატიაში, ვეცდებით მოგითხროთ, თუ როგორ შეძლო ქალმა, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი  გაატარა ერში, აღზარდა სამი ვაჟი, რომელთაგან ერთ-ერთი წმინდა მთის იღუმენი და უდიდი მამა გახდა, მიეღწია ასეთი სულიერი სიმაღლისათვის.

ვისურვებდი, რომ მაგალითი ამ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქალისა, რომელმაც საკუთარ თავში დედისა და მონაზვნის სათნოებანი შეითავსა, შთაგონებად ქცეულიყოს ჩვენი  როგორც ერში, ასევე მონასტერში მცხოვრებ, ღვთისმოყვარე მკითხველთათვის და  შეძლებისდაგვარად, მისი მიმბაძველნი ყოფილიყვნენ ლოცვით ღვაწლსა და სხვა სათნოებებში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიის მკითხველნი, შეიყვარებენ დედილო თეოფანოს, მოუხმობენ მას ლოცვაში შეწევნისათვის, შესთხოვენ მეოხებასა და დამოძღვრას, ჭეშმარიტად გვჯერა რა, რომ მან მოიპოვა კადნიერება წინაშე უფლისა, რომელიც ასე შეიყვარა და რომელსაც გულწრფელად, მთელი სულითა და გულით ემსახურა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

245589.b
იღუმენია თეოფანო და მამა ეფრემი (არიზონელი)

ლოცვის ადამიანი

დედა თეოფანოს, (ერისკაცობაში ვიქტორია მორაიტისი) ჭეშმარიტად დედობრივი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისადმი. მის ხასიათში, სიმკაცრე და სიყვარული უნისონში იყო ერთმანეთთან. უპირველეს ყოვლისა, ის  იყო მკაცრი   საკუთარი თავის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ მათთან, ვის სულებზე მზრუნველობაც მას ღვთისაგან ჰქონდა მინდობილი, საკუთარ შვილებთან და ახალგაზრდა მორჩილებთან. დედა თეოფანო ლოცვის ადამიანი იყო და მიუხედავად თავისი სიმკაცრისა, ძალზედ გულკეთილი და მოწყალე.

 ის მუდამ რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა ტაძარში, თუმცა, ახალგაზრდობის წლებში, რაიმე განსაკუთრებული ღვაწლით არ გამოირჩეოდა  და არც  სულიერი მოძღვარი ჰყავდა, რომელიც სულიერ ცხოვრებაში დააკვალიანებდა. უყვარდა მოგზაურობა და  ახალი ადგილების მონახულება. მაგრამ, მის სახლში მომხდარი ხანძრისა და სასწაულის შემდგომ, რომელიც ამ ხანძარს უკავშირდებოდა, ის მთელი არსებით მიეკედლა ქრისტეს. ამ ყველაფრიდან მცირე ხნის შემდეგ, უფალმა მას სულიერი მოძღვარი გამოუგზავნა.

“ჩვენ, ყველანი ერთად, არა ვართ ერთი ვიქტორიას ღირსნი”

 არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის წიგნიდან, “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”, ცნობილია, რომ ვიქტორიას ოჯახის სულიერი მოძღვარი  გახდა მამა ეფრემი (კარაიანისი), რომელიც ბერ იოსებ ისიქასტის სულერი შვილი იყო, მან დატოვა წმინდა მთა და ქალაქ ვოლოსში დასახლდა. ის გახდა მოძღვარი თემისა, რომლის წევრებიც  ვიქტორია და მისი მეგობარი ქალები იყვნენ. ამ მანდილოსანთაგან, ზოგიერთმა ოჯახი შექმნა, ზოგიერთმა კი მონოზვნური ცხოვრება აირჩია. მათ შორის გამოირჩეოდა ვიქტორია, ის იყო საოცრად მორიდებული, ღვთისმოყვარე, და ლოცვის, სიფხიზლისა და კაცთმოყვარეობის ისეთ ნიჭებს ფლობდა, რომ მამა ეფრემი აღნიშნავდა: “ჩვენ, ყველანი ერთად, არა ვართ ერთი ვიქტორიას ღირსნი”.

საერო ღვაწლი

 ვიქტორიას მეუღლე, დიმიტრი მორაიტისი, ასევე მორწმუნე ადამიანი იყო. ესწრებოდა ღმრთისმსახურებებს, მაგრამ ცოლის მსგავსი ღმრთისმოშურნეობა არ ჰქონდა. თუმცაღა, ის არასოდეს აბრკოლებდა სულიერ ცხოვრებასა და ღვაწლში ვიქტორიას. მაგალითისთვის, ვიქტორია ხშირად ინახავდა როგორც ეკლესიის მიერ დაწესებულ, ასევე სხვა მარხვებს. წმინდა ზიარების მიღების წინ, ბერძნული საღვთო ტრადიციის მიხედვით, ის იცავდა ე.წ. “ტრიმერონს”- სრულ სამდღიან მარხვას, როდესაც მთელი სამი დღის განმავლობაში არ იღებდა საზრდოს. ამასთანავე ის საოჯახო საქმითა და ბავშვების აღზრდითაც იყო დაკავებული. სრული სამდღიანი მარხვის შემდეგ, ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა და მცირედ  იხმევდა საზრდოს, რათა მომდევნო დღიდან კვლავ დაეწყო მზადება წმინდა ზიარებისათვის და შესაბამისად, მორიგი სამდღიანი მარხვისათვის.

 ღამღამობით, ვიქტორია ხშირად იღვიძებდა, სამზარეულოში იკეტებოდა და ლოცულობდა. ლოცულობდა მუხლმოდრეკილი, ცრემლებითა და მეტანიების მრავალგზის  აღსრულებით. მისი ვაჟი, იოანისი, მომავალი ბერი ეფრემი, დედას ეუბნებოდა: “დედა, ლოცვას რომ დაასრულებ, მეც გამაღვიძე და ცოტა ერთადაც ვილოცოთ”. ამგვარად, დედის დამსახურებით, მან შეიყვარა ღამე ლოცვა. სიჭაბუკეში მას უჭირდა ხანგრძლივად ლოცვა, თუმცა ცდილობდა გაეღვიძა და რამდენსაც შეძლებდა, მცირე ხნით მაინც ელოცა.

 როგორც უკვე გითხარით,  მეუღლე ვიქტორიას ყველაფრის ნებას რთავდა, რაც მარხვასა და სულიერ ცხოვრებას უკავშირდებოდა, თუმცა თავად არ ცდილობდა მიებაძა მისთვის ღვაწლში. ის  ე.წ. “ზომიერი ქრისტიანი”იყო. ფლობდა მცირე სადურგლო სახელოსნოს, სადაც  ვაჟებთან ერთად მუშაობდა და ადრეული წლებიდანვე ასწავლიდა მათ ამ ხელობას, რადგან მათთვის სახელოსნოს  მემკვიდრეობით გადაცემა სურდა. ამ საქმის გაგრძელება, საბოლოოდ, ბერი ეფრემის უფროს ძმას, ნიკოლაოსს ხვდა წილად. ის დღემდე  მუშაობს იქ, ამჟამად უკვე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

  დიმიტრისა და ვიქტორიას ოთხი შვილი ჰყავდათ. პირველად,  1924 წელს, მათ შეეძინათ გოგონა. ვიქტორია   ობოლი იყო და ოჯახის შექმნამდე მეზობელთა სახლების დალაგებით ირჩენდა თავს. ის 11 წლისა გავიდა “ხალხში”. ერთი ქალბატონი, რომელთანაც იგი მუშაობდა, განსაკუთრებული თანაგრძნობით ეპყრობოდა მას, ზრუნავდა მასზე და ოჯახის შექმნაშიც შეუწყო ხელი. როდესაც ვიქტორიას ქალიშვილი შეეძინა, ამ ქალბატონის პატივსაცემად, ელენა დაარქვა მას. ელენიცა (სახელის მოფერებით-კნინობითი ფორმა, როგორიცაა ჩვენთვის – ლენაჩკა) – ასე ეძახდნენ მას შინაურები,  სიყრმის ასაკში გარდაიცვალა. შემდეგ ვიქტორიას  სამი ვაჟი შეეძინა, ნიკოლაოსი (1926), იოანისი (მომავალი ბერი ეფრემი, 1928) და ხრისტოსი (1930).

  მეორე მსოფლიო ომის დროს, მოხდა საბერძნეთის ოკუპაცია. ვოლოსსა და სხვა ქალაქებში შიმშილი დაიწყო . გადარჩენისათვის ადამიანებს ბალახების შეგროვება და ჭამა უწევდათ. ამასთანავე, მშვიდობიან მოქალაქეებს, გამუდმებით ელოდათ საფრთხე ოკუპანტების მხრიდან. ამ ძნელბედობის ჟამს, ვიქტორიას ლოცვამ დაიფარა მისი ოჯახი და შვილები. მომავალმა ბერმა ეფრემმა და მისმა ძმებმა, არაერთხელ, სასწაულებრივად დააღწიეს  თავი სიკვდილს .

  იმისათვის, რომ რაიმეთი მაინც შეწეოდნენ მშობლებს ოჯახის რჩენაში , იოანისმა და მისმა ძმებმა, ქალაქის ბაზრობაზე წვრილმანებით   ვაჭრობა დაიწყეს, ეს გახლდათ: ფუნთუშები, ქინინი, ღილები, ასანთი…ერთ დღეს, როდესაც იოანისი და ნიკოლაოსი სავაჭროდ მიდიოდნენ, გერმანელებმა ბაზრობა ალყაში მოაქციეს. ყველა იქ მყოფი დაიჭირეს და უთხრეს, რომ ისინი ახლავე უნდა დაეხვრიტათ. ნიკოლაოსმა, ზუსტად რამოდენიმე წუთით ადრე, რაღაც მიზეზით, მცირე ხნით დატოვა ბაზრობა, ამიტომაც ის ვერ დაიჭირეს, იოანისი კი დასახვრეტად გაგზავნილთა რიგებში აღმოჩნდა.

  ბოლო წამს, მოქალაქეებმა  გერმანელები დაითანხმეს, რომ ქალები და ბავშვები მაინც გაეშვათ. იოანისი დაახლოებით 15 წლისა იყო, მაგრამ ტანმორჩილი. შიმშილისაგან გამხდარი და სუსტი ჯანმრთელობის  გამო, ის თავის ასაკზე ბევრად უმცროსაც გამოიყურებოდა. იმ დროს, საბერძნეთში, პატარა ბიჭები, ზამთარ-ზაფხულ შორტის მსგავსს მოკლე შარვლებს ატარებდნენ ხოლმე. იოანისი ერთი თავით დაბალი იყო მის თანატოლებზე და ჯერ კიდევ  ასეთ შორტებს ატარებდა.  ზოგადად, იმ დროს,  ერთი და იგივე ტანსაცმელი დიდხანს ეცვათ ხოლმე , სანამ  არ გაცვდებოდა და ნახვრეტები  გაუჩნდებოდა. სწორედ ამან იხსნა იოანისი: ბავშვის სამოსში გამოწყობილი, ტანმორჩილი და გამხდარი ყმაწვილი ბავშვად მიიჩნიეს და ბოლო წუთას, ქალებთან და სხვა ბავშვებთან ერთად გაუშვეს, დანარჩენი ყმაწვილები და მამაკაცები კი, იმ დღეს, გერმანელებმა დახვრიტეს.

  სხვა დროს, იმავე ადგილზე, ჯარისკაცებმა, ბერი ეფრემის ძმა, ნიკოლაოსი,  სრულიად უმიზეზოდ შეიპყრეს და  სასტიკად სცემეს, ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. იმჟამად, ისინი ხშირად ხედავდნენ   ჩამომხრჩვალ ადამიანებს და მუდმივი შიშისა და განგაშის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მხოლოდ რწმენა და ლოცვა აძლიერებდა ვიქტორიასა და მის ოჯახს. როდესაც დაბომბვა იწყებოდა, მეზობლები ბომბსაფრებსა და სარდაფებში იმალებოდნენ, ვიქტორია კი  ხატების წინ მუხლს იყრიდა  და ლოცულობდა. ასეთი ძლიერი იყო მისი რწმენა.

უწყება უფლისა

  ვიქტორიამ თავიდანვე იცოდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ბერი გახდებოდა. ამის შესახებ მან ორი უწყება მიიღო უფლისაგან. ახლა მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ გავიგე ამ ორი უწყების შესახებ. როდესაც მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში, დედა ეფრემიასა და მონასტრის დებს ვესაუბრებოდი, მათ ვერაფრით გაიხსენეს, თუ რომელ ორ უწყებაზე იყო საუბარი.

  მაშინ დედა ეფრემიამ დაასკვნა: “არის მხოლოდ ერთი საშუალება ამის გასაგებად, უნდა გავესაუბროთ იმას, ვისაც დედა თეოფანომ პირადად უამბო ამის შესახებ, ვინმე ისეთს, ვინც სიცოცხლეში კარგად იცნობდა დედა თეოფანოს”. მაშინ, გონებით მოვუხმე დედა თეოფანოსა და ბერ ეფრემს და ვთხოვე  ჩემთვის ასეთი ადამიანი გამოეგზავნათ, ვინაიდან არ მსურდა ისეთი რამის დაწერა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

  საბერძნეთში ყოფნის ბოლო დღეს, დაბა პროტში, ცეროსის მიდამოს ერთ-ერთ მონასტერში, უფლის ამაღლების სავანეში ვიმყოფებოდი, სადაც ქალაქ ვოლოსიდან, დედა თეოფანოს მშობლიური ქალაქიდან, მომლოცველთა ჯგუფი ჩამოვიდა. მომლოცველთა შორის იყო ელენი ქსენი, როდესაც გაიგო, რომ არიზონადან ჩამოვედი, გამესაუბრა და მითხრა, რომ ის მამა ეფრემის სულიერი შვილი იყო 12 წლიდან  (იმჟამად 65 წლის გახლდათ), ამის შემდეგ, თავისივე ინიციატივით, მან  საუბარი დაიწყო იმ საღვთო უწყებებზე, რომელთა ცოდნაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემი სტატიისათვის. მეც მისი მონათხრობიდან ჩავიწერე: “ გერონდისა თეოფანომ, რომელიც ქალაქ პორტარიაში გავიცანი,  დედაჩემს უამბო, თუ როგორ გამოუგზავდა  უფალმა მას ორი ნიშანი ბერ ეფრემზე. ეს იყო ხილვა სიზმარ-ცხადში. პირველად, მან  ზეცად აღმავალი სამი გვირგვინი იხილა. ორი მათგანი დაფნისა იყო, ერთი კი – ოქროსი, და ეს უკანასკნელი წმინდა მთისკენ გაფრინდა. ის მაშინ ორსულად იყო და არც იცოდა კიდევ რამდენი შვილი ეყოლებოდა. 

  როდესაც მას მესამე შვილი, მომავალი გერონდა ეფრემი შეეძინა, მშობიარობიდან  ორმოცი დღის შემდეგ, ასევე სიზმარ-ცხადში, შემოესმა ხმა: “ვიქტორია, გადი გარეთ და იხილე შენი ვაჟი, ბერი, რომელიც წმინდა მთიდან მოვიდა”. გაოცებულმა ვიქტორიამ გაიფიქრა: “ეს, როგორ? მე ხომ ეს ესაა გავაჩინე ბავშვი! ბერი როდისღა გახდა?” მაგრამ მაინც გავიდა გარეთ და იხილა მონოზონი: რამოდენიმე დღის ახალშობილი ყრმა, მღვდელმონოზვნის ფორმაში და ყვავილებითა და ოქროთი მორთული იღუმენის სამოსით”.

   იცოდა რა, რომ იოანისი ბერად უნდა აღკვეცილიყო, ვიქტორია ძალიან მომთხოვნი იყო მის მიმართ. ის იყო მოსიყვარულე და ამავდროულად მკაცრი დედა. მამა ეფრემის ძმა, ნიკოლაოსი იხსენებს, რომ შვილებისაგან ის ყოველი დაკისრებული მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვდა: “არა სანახევროდ, არამედ სრულად, ზუსტად ისე, როგორადაც საჭირო იყო ”. 

  1947 წელს მამა ეფრემი ათონზე გაემგზავრა. მამას არ სურდა მისი სახლიდან გაშვება და არ აკურთხებდა მის ბერად აღკვეცის სურვილს. მას დამხმარე ჭირდებოდა სადურგლო სახელოსნოში, სადაც მუდამ ბევრი სამუშაო იყო. მაშინ, იოანისს  დედა დაეხმარა რომ ჩუმად წასულიყო. ამ შემთხვევაში, ის ქმრის ნების წინააღმდეგ წავიდა, რამეთუ იცოდა, რომ მისი ვაჟის ბერად აღკვეცა უფლის ნება იყო. 

  ყველაფერი ასე მოხდა. როდესაც იოანისს 19 წელი შეუსრულდა, ოჯახის სულერმა მოძღვარმა, მამა ეფრემმა, მას ათონზე გამგზავრების კურთხევა მისცა, დედა კი  მგზავრობისთვის აუცილებელი ნივთების მალულად მომზადებაში დაეხმარა. ვინაიდან, იოანისის მამამ იცოდა შვილის ათონზე წასვლის ძლიერი სურვილის შესახებ, მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა და ანგარიშის ჩაბარებას მოითხოვდა მისგან, თუ სად მიდიოდა და როდის დაბრუნდებოდა. იმ დროს, იოანისი ხშირად ესწრებოდა კატეხიზაციის კურსებს, ეს იყო ერთგვარი სკოლა ახალგაზრდებისათვის. მამა არ უკრძალავდა მას ამ კურსებზე დასწრებას, რომელსაც მათი სულიერი მოძღვარი, მამა ეფრემი უტარებდა მათ. ათონზე გამგზავრების დღეს, დედამ იოანისს  მამისთვის წერილის დაწერა ურჩია, რომ   თითქოსდა ის კატეხიზაციის კურსებზე იყო წასული და ცოტა მოგვიანებით დაბრუნდებოდა. მამა ეფრემი თავის საუბრებში იხსენებდა, რომ ეს სინამდვილესაც კი შეესაბამებოდა:  განა კატეხიზმოს გაკვეთილების გავლა არ მოუწია მას დასაწყისში ათონის მთაზე?

   იოანისმა დატოვა წერილი, აიღო გამზადებული ნივთები და ფეხით გაემართა პორტისაკენ, რათა ნავსადგურში ათონზე მიმავალ გემზე ასულიყო. სამუშაოდან დაბრუნებულმა მამამ ვიქტორიას ჰკითხა , თუ სად იყო მისი ვაჟი. მან იოანისის მიერ დაწერილი წერილი აჩვენა და ისიც ცოტა დამშვიდდა. მაგრამ, გავიდა რა დრო, როდესაც იოანისი, როგორც წესი, გაკვეთილებიდან ბრუნდებოდა, მამა აღელდა და დაჟინებით დაიწყო ცოლის გამოკითხვა. საბოლოოდ ვიქტორიას  მისთვის სიმართლის თქმა მოუწია. განრისხებულმა მამამ წამოიძახა: “ეს არ მოხდებაო” და იმ იმედით რომ  შვილს დაეწეოდა და სახლში დააბრუნებდა, სტაცა ხელი ველოსიპედს და ნავსადგურისაკენ გაექანა. გზაში ის ველოსიპედიდან გადმოვარდა და ძლიერად დაშავდა, ამიტომაც დევნის გაგრძელება ვეღარ შეძლო  და შინ ხელცარიელი დაბრუნდა. თავის საუბრებში მამა ეფრემი იხსენებდა, რომ ალბათ ასეთი იყო ნება უფლისა, რომ    იმ დღეს გემზე დამჯდარიყო და ათონისკენ გაეცურა.

მონაზვნად აღკვეცა

  მამა ეფრემმა ათონიდან მხოლოდ ერთი წერილი მისწერა დედას: “ დედა,  ჩვენ აქ არა წყლით, არამედ ცრემლებით განვიბანებით”. შემდეგ, მრავალი წელი, მისგან არანაირი  ცნობა არ ყოფილა. როგორც ვიცით, პირველად, მამა ეფრემმა  იმ მიზნით დატოვა ათონი, რომ ბერი იოსების ანდერძის მიხედვით, მისი გარდაცვალების შემდგომ,  თავის მშობლიურ ქალაქ, ვოლოსში წასულიყო და  იქ მყოფ დათა სულიერი ხელმძღვანელობა ეკისრა, რომლებიც პილიუს რეგიონში მდებარე ქალაქ სტაგიატისში, ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდნენ. სწორედ მაშინ შეხვდა მამა ეფრემი დედას და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან ვერც კი იცნო შვილი – ამ ხნის მანძილზე, იმდენად შეცვლილიყო ასკეტური შრომისაგან.

 1962 წელს, მამა ეფრემის კურთხევით, ვოლოსელ დედებს პორტარიას მიდამოში, ზედა ვოლოსის მთაზე, სავანის მოსაწყობად მიწის პატარა ნაკვეთი გადაეცათ.  ამ ადგილას ადრე არ იყო მონასტერი. მალევე, აქ  გადმობრძანებულ იქნა ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც ამ დრომდე ქალაქ სტაგიატისში მდებარე სახლში იმყოფებოდა. ხატის ახალ ადგილზე გადმობრძანებისთანავე, დაიწყო სამშენებლო და მიდამოს კეთილმოწყობისათვის საჭირო სამუშაოები და  1963 წელს დებმა  პორტარიაში გადმოინაცვლეს. მალევე, ახლადაგებულ მონასტერში, მამა ეფრემმა აღასრულა პირველი მონაზვნად აღკვეცა, ერთი გახლდათ მისი დედა, ვიქტორია, რომელსაც აღკვეცისას ეწოდა სახელი თეოფანო, მეორე  იყო დედა თეოფანოს დაქალი, რომელსაც მატრონა უწოდეს. მამა ეფრემმა დედას, ეს სახელი,  ნეტარი დედოფლის, თეოფანოს († 893/894) პატივსაცემად დაარქვა, რომელიც ლეონ ბრძენის მეუღლე გახლდათ. ბერი მას დიდ პატივს მიაგებდა და ამიტომაც დააარქვა დედას მის პატივსაცემად, ამის შემდეგ კი, უამრავმა იღუმენიამ და მონოზონმა მიიღო ეს სახელი.


წყარო: https://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი, კუნძური თასოსი, საბერძნეთი. წყარო: https://www.greeka.com

Share