vatopaidi

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

ვატოპედის მონასტერში გადასვლა

დროთა განმავლობაში ბერ იოსებთან სულ უფრო მეტი და მეტი მომლოცველი მოდიოდა. ისინი სულიერ სარგებელსაც იღებდნენ და მისი ფართო ქრისტესმიერი გულის სითბოთიც თბებოდნენ.

მოძღვრის სახელი ცნობილი გახდა, რადგან ის იყო თავისი წმინდა მასწავლებლის ღირსეული სულიერი შთამომავალი. კვიპროსზე სამი წლის მოღვაწეობამ და მის მიერ გამოცემულმა წიგნებმა, განსაკუთრებით, ღირს იოსებ ისიქასტის ბიოგრაფიამ, ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ამაში. სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა, დასარჩენი ადგილი კი არ გვქონდა. ამასთან, ეკლესიაც პატარა იყო: არათუ სტუმრები, მონაზვნებიც კი ვერ ვეტეოდით. ამის გამო ბერმა გადაწყვიტა ახალი ტაძარი აეშენებინა. კალივაში ასეთი მასშტაბური საქმე არასოდეს მომხდარა. სამი თვის განმავლობაში მთელი საძმო თავგამოდებით მუშაობდა. ასეთ ადგილას და ამ სიმაღლეზე ასეთი საქმეები ძალიან ძნელია, რადგან მთელი საშენი მასალა ზღვიდან ჯორებით უნდა გვეზიდა. ბერს საძმოს მომავალი აფიქრებდა. ლოცულობდა და ღმერთს მისი ნების გამოცხადებას სთხოვდა. იმხანად ათონის წმინდა კინოტმა და მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტეს ვატოპედის მონასტერი შეევსოთ, ხოლო იქაურმა მოხუცმა ბერებმა შესაფერისი საძმოს ძიება დაიწყეს. ჩვენ კუტლუმუშელ ბერ გერვასის სიტყვებისთვის, რომ ჩვენი საძმო საბოლოოდ ვატოპედში მოხვდებოდა, თავის დროზე ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ აი, მსგავსი რამ წმინდა პორფირიმაც თქვა, რომელიც წინასწარმეტყველების ნიჭით გამოირჩეოდა. მასთან ხშირად მიდიოდა მონაზონი მარიამი, გვარად სტილიანოპულუ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „მაღალი მარიამი”, მარიამი ჩვენი მოძღვრის აღკვეცილი იყო. იგი ბავშვობიდან გიგანტიზმით იყო დაავადებული, თავისი ჯვარი მადლიერებით მიიღო და დიდად სულიერი ადამიანი გახდა. ამ მარიამს ერთ-ერთი საუბრის დროს წმინდა პორფირიმ (სანამ ვატოპედის თემა დადგებოდა) უთხრა, რომ ბერი იოსები ვატოპედის განმაახლებელი გახდებოდა.

ჩვენმა მოძღვარმა ეს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერ პორფირის დიდ პატივს სცემდა, მაგრამ რადგან თავისი მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ეფრემ კატუნაკელზე იყო სულიერად დამოკიდებული, რჩევა ამ უკანასკნელს ჰკითხა. ამ მიზნით მე და მ. ათანასე მასთან გაგვაგზავნა. მამა ეფრემს ყველაფერი ვუამბეთ და მანაც გვითხრა, რომ ილოცებდა და თუ რამე უწყება ექნებოდა ღმერთისგან, შეგვატყობინებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მისგან სიტყვაძვირი წერილი მივიღეთ: „მამა იოსებ, მორჩილები გამოაგზავნე, რაღაც მაქვს სათქმელი“. როდესაც მივედით, დაგვიდასტურა, რომ ღმერთის ნება იყო ვატოპედში გადავსულიყავით. როდესაც ჩემი ეჭვების გამოხატვა დავაპირე, უხეშად გამაწყვეტინა, სკვნილი მიჩვენა და დამაჯერებლად მითხრა: „აქიდან ვიცი“, გულისხმობდა, რომ ღმერთისგან უწყება ლოცვის შედეგად მიიღო.

როდესაც ბერ იოსებს წმინდა ეფრემის სიტყვები გადავეცით, მან თქვა: „ჩვენმა მოძღვარმა გვასწავლა, რომ სულიერ ადამიანებს ვეკითხებოდეთ და მორჩილებას ვიჩენდეთ. იყოს ღმერთის ნება“. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც შეეძლო ღმერთისგან უწყება თვითონვე მიეღო, ამას სიმდაბლის გამო არ აკეთებდა – უმჯობესად თვლიდა სხვებისთვის ეკითხა.

იმავე პერიოდში მსოფლიო საპატრიარქომ ათონის მთაზე ეგზარქია გამოაგზავნა, რომელსაც ვატოპედის საკითხი უნდა გადაეჭრა. ეგზარქიამ ბრძანა საძმო შერჩეულიყო. წმინდა კინოტის რამდენიმე წევრმა, რომლებსაც ვატოპედელ ბერებთან ურთიერთობა ჰქონდათ, დააჯერეს ისინი, რომ ბერ იოსების საძმოდან რვა მონაზონი მიეღოთ, დანარჩენები კი მოგვიანებით შეუერთდებოდნენ. ბერმა იოსებმა მონასტერში მამა ათანასე გაგზავნა, რათა ბერებს დალაპარაკებოდა. საბოლოოდ, ვატოპედის მონასტერში წერილობით მიგვიწვიეს.

1987 წლის 23 აპრილს/6 მაისს, დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს, რომელიც ბერს განსაკუთრებულად უყვარდა და რომელსაც საძმოს მფარველად თვლიდა, პირველი რვა ძმა ვატოპედში მივიდა და ჩაეწერა. ამით კიდევ ერთხელ გვიჩვენა წმინდანმა, რომ ჩვენზე ზრუნავს და გვიფარავს.

1987 წლის ივნისში ბერი თავის სულიერ შვილს უკვე ვატოპედიდან სწერდა: „ჯერჯერობით ერთი უბრალო წერილის გარდა კავშირის სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. როგორც კი დრო მომეცემა, ვწერ. ახლა მონასტერში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე სკიტში, რადგან აქ ჯერ გაურკვეველი სიტუაციაა. ბავშვების უსაფრთხოებისთვის ასე ჯობია – მათი უცხო გარემოში დატოვება არ მინდა… დედა ღმრთისმშობელი, რომელსაც ვატოპედი მართლაც თავის სახლად ეგულება, თავის განუწყვეტელ და დაუძინებელ მზრუნველობას გვიჩვენებს – ესაა, რაც გვამხნევებს. საბოლოო წარმატებისა და აქაური ამბის მოგვარებისთვის საპატრიარქოს მხრიდან რაღაც ფორმალური პროცედურებიღა დარჩა, რომელიც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მადლით წარიმართება.

როგორ აღგიწერო, თუ როგორ იგრძნობა აქ მისი ყოფნა და მადლი?! გავძეხი ღმრთისმშობლით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აქ მისი სადედოფლო ადგილია! გრძნობ, რომ ჩვენი დედოფალი აქ ცხოვრობს! როგორაა შესაძლებელი ასეთი რამ? გონებით ეს გაუგებარი და მიუწვდომელია, მაგრამ გრძნობით ამას ყველაზე უბრალო ადამიანებიც კი გრძნობენ.

აქ ყოვლადწმინდას ხუთი დიდი ხატია დაბრძანებული, ისეთი, როგორიც ივერთა მონასტრის „კარიბჭის” ხატია, – ხოლო პანტანასასნაირი ხატი ასობითაა. მთელი სავანე, მთელი მონასტერი სავსეა ნიშებითა და სასწაულებით. თავი ბიზანტიაში გეგონება! საითაც არ უნდა მიიხედო, ზებუნებრივს დაინახავ და მიხვდები, რომ ჩვენი უტკბილესი დედოფალი მართლაც მუდმივად აქ მკვიდრობს!“[1]

ვატოპედის ისტორიული მონასტერი

ათონის მონასტრების იერარქიაში მეორე ადგილზე ვატოპედის წმინდა და დიდი სავანეა. წერილობითი გადმოცემის თანახმად, სავანე მეოთხე საუკუნეშია დაარსებული თეოდოსი დიდის მიერ. 2000 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს ძველქრისტიანული ბაზილიკის საძირკველი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ახლანდელ, მეათე საუკუნის ტაძარზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.

მეათე საუკუნეში წმინდა ათანასე ათონელმა ყოფილ ადრიანუპოლელ თავადებს – ნიკოლოზს, ათანასესა და ანტონის – ურჩია დანგრეული ვატოპედის მონასტერი აღედგინათ. მას შემდეგ მონასტერი სხვადასხვა იმპერატორების მფარველობის ქვეშ იყო და ეკლესიას მრავალი წმინდანი უბოძა. წმინდა  გრიგოლ პალამა მონასტრის მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთ კათიზმაში ნიკოდიმე დაყუდებულის მორჩილებაში მოღვაწეობდა. სერბეთის პირველი მთავარეპის კოპოსი, წმინდა საბა და მისი ხორციელი მამა, მეფე სიმეონ მირონმდინარე, რომლებმაც მართლმადიდებლობა თავიანთ სამშობლოში გაავრცელეს, მრავალი წელი ცხოვრობდნენ ვატოპედში და მის მეორე ქტიტორებადაც ითვლებიან. აქედანვე იყო წმინდა მაქსიმე „გრეკი”, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში რუსეთში გაემგზავრა ეკლესიის სულიერი გამტკიცებისთვის, იქაური სასულიერო იერარქიისა და სამოქალაქო ხელისუფლების თხოვნით.

მონასტერში ღმრთისმშობლის წმინდა სარტყელი, იოანე ოქროპირისა და გრიგოლი ღმრთისმეტყველის თავისქალები, და უამრავი სხვა სიწმინდე ინახება. მონასტერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერძენი ერის ისტორიულ წინსვლაში, ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და ხელს უწყობდა განმათავისუფლებელ მოძრაობას.

ბიზანტიის დაცემის შემდგომ პერიოდში მონასტერი იდიორითმული გახდა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მონასტერი იზიდავდა სულიერ და მწიგნობარ ადამიანებს, მათ შორის მღვდელმთავრებსა და პატრიარქებს. ესეც ღმერთის განგებულებით მოხდა: იდიორითმულ სისტემაში არსებული „თავისუფლება“ ერის გამტკიცების საქმეში იმხანად საჭირო აღმოჩნდა.

იდიორითმული წყობა გამოცდილ და გონიერ მონაზვნებს არ ავნებს, არც იმათ, ვისაც გარჩევის უნარი და მოღვაწეობრივი სული აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდად ავნებს გამოუცდელებსა და სუსტებს. ამის გამო წმინდა მამები მონასტრებში კინობიალურ წყობას ამჯობინებდნენ. კინობიებში ღმრთისმსახურებასა და ტრაპეზზე ყველა ერთად იკრიბება, ერთი ოჯახივით ცხოვრობს და ამგვარად აღესრულება წმინდა წერილის სიტყვები: „ძმა ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი“.

დაახლოებით 1930 წლის შემდეგ სავანეს დაცემის პერიოდი ჰქონდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იდიორითმული სისტემის გამო მოხდა, რასაც საძმოს კატასტროფული შემცირება მოჰყვა. როდესაც ბერი იოსები ვატოპედში მიიწვიეს, მასში ათიოდე ხნიერი ბერიღა ცხოვრობდა, რომელთაგან ზოგი სავანეს მართავდა, ზოგი კი ტაძარში ფორმალურად ატარებდა ღმრთისმსახურებას.

მას შემდეგ, რაც მონასტერში ჩვენი რვა ძმა გადავიდა, სავანის უფროსმა ბერებმა ათონის წმინდა კინოტს მისწერეს წერილი (ნომერი 108/29-04-1987), რომელშიც აუწყებდნენ, რომ „წმინდა მთის წესდების მიერ მონიჭებული თვითმმართველობის ფარგლებში… გადაწყდა, მონასტერში მივიღოთ ბერ იოსების საძმო, რომელიც წმინდა პავლეს მონასტერზე დამოკიდებულ ნეა სკიტში მოღვაწეობს… არჩევანის ძირითადი კრიტერიუმი გახდა ამ მამების უმწიკვლო ზნეობა და უბიწო ცხოვრება… მხედველობაში მივიღეთ როგორც მამების სრულყოფილი ხასიათი, ასევე მათი მოძღვრის, ძველი ათონელი ბერის სამაგალითო მორჩილება და სიმდაბლე… ამგვარად, მონასტრის მომავალი იმედიანად გვესახება, სადიდებელად ღმრთისა და პატივად ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა“.

მონასტრის გადაწყვეტილება წმინდა კინოტმა XVII/9-5-1987 კრებაზე დაამტკიცა და მსოფლიო საპატრიარქოს, მონასტრის წერილი (ნომერი 109/29-4-1987) გადასცა, სადაც თავადაც უერთდებოდა თხოვნას, ლოცვა-კურთხევით დაებეჭდა ეს მოქმედება.

ვატოპედის მონასტრის უფროსმა ბერებმა ჩვენს მამებს ეკლესიისა და არქონდარიკის საქმეები ჩააბარეს, ხოლო ერთი მათგანი ბერ კონსტანტინეს მომვლელად დაინიშნა, ბერისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სავანის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო.


[1] წერილი მარია ქრისტოდულუს, ვატოპედი, 1987 წლის 17/30 ივნისი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://orthodoxtimes.com

Share