meufe atanase 12

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – რაც დანამდვილებით გვჭირდება, ეს არის სიწმინდე და წმინდა ადამიანები ეკლესიაში

ადამიანების ქრისტესგან განდგომა, მუდამ მწუხარების მიზეზად იქცევა ხოლმე ქრისტიანთათვის, თუმცა, ეს ასევე სტიმულია, რომ გამოვავლინოთ სიყვარული და ვილოცოთ ამ განდგომილთათვის. მათდამი, ვისაც არა სწამს ქრისტე, ჩვენ უსაზღვრო სიყვარულითა და გულისტკივილით აღსავსე დამოკიდებულება გვმართებს. ქრისტე სახარებაში გვეუბნება, რომ ჩვენი საქმენი ნათელი უნდა იყოს კაცთათვის, რათა მათ შეიმეცნონ ღმერთი (მთ.5:16). ჩვენ დამნაშავენი ვართ იმაში, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, თუ ვინ არის ქრისტე. ამიტომაც, უზარმაზარ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ ამ ადამიანთა სულებისათვის. თუკი წმინდანები გავხდებით, მაშინ ადამიანებს ქრისტესკენ მივიზიდავთ. მაგრამ, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ გვყოფნის სიწმინდე. ამგვარად, ჩვენ უსამართლოდ ვექცევით ჩვენ ძმებს, რომლებიც ჩვენში სიწმინდეს ვერ ხედავენ და ამიტომაც არ ეკარებიან, არ უახლოვდებიან სახარებას. ასე რომ, რაც დანამდვილებით გვჭირდება – ეს არის სიწმინდე და წმინდა ადამიანები ეკლესიაში.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ