2357962 900

ჩვენი ტკივილები და ღმერთის მდუმარება – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

,,ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი’’(ფს.118:126)

,,ჟამი არს მსახურებად უფლისა’’, შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოვიდა ჟამი, რათა ქრისტესთვის რაღაც გავაკეთოთ. უფრო ზუსტი განმარტება ასეთია: ,,დროა შენი მოქმედებისა, უფალო’’. ისევე როგორც ეს ფსალმუნი, ადამიანური ყოველდღიური გამოცდილებაც ადასტურებს იმას, რომ თავის ცხოვრებაში ყოველი ადამიანი მიეახლება ღმერთის მდუმარების დიდებულ საიდუმლოებას.

ხშირად გვეჩვენება, რომ ღმერთი დუმს, ან სულაც მიგვატოვა. ხშირად ვეძებთ მას და გვსურს, რომ რაღაც მაინც მოიმოქმედოს, მაგრამ ის არ ერევა და მოვლენებს განვითარების საშუალებას აძლევს. ეს განვითარება შეიძლება ჩვენთვის დრამატული და ტრაგიკული იყოს, სულს გვიხუთავდეს მწუხარება და უსამართლობა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღმერთი მაინც დუმს. ის არ ერევა და არაფერს ცვლის.

ბუნებრივია, რომ ადამიანში პროტესტი ღვივდება და თითქოს უნდა, რომ უფალს უთხრას: ,,რატომ არაფერს აკეთებ?! რატომ არ ცვლი არაფერს?! რატომ არ ერევი და აჩერებ ამ უსამართლობას, ხომ ხედავ, რომ რაც ხდება ყველაფერი შენი საწინააღმდეგოა?’’ თუმცა უფალი მაინც დუმს.

ის ყოველთვის ასე მოქმედებს. ღმერთი მდუმარებაში აღასრულებს თავის საქმეებს. ის ადამიანად მოვიდა, მაგრამ თითქოს არ ერევა ამ სამყაროს მოვლენებში, ადამიანის პირად ცხოვრებაში და ეკლესიაშიც კი.

როდესაც წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობთ, განსაკუთრებით კი პირველი საუკუნეების მოწამეებისას, ვხედავთ, რომ ქრისტიანებს დევნიდნენ, მოწამეობრივად იტანჯებოდნენ და ქრისტეს რწმენისთვის სისხლს ღვრიდნენ. ყოფილა პერიოდები, რომ გეგონებოდათ სულ ცოტაც და ეკლესია სრულად განადგურდებოდა, რომ მისმა მტრებმა აპოგეას მიაღწიეს თავიანთი ძალისა, ხოლო ეკლესია თითქოს უძლურებისა და დამცირების უკიდურეს ზღვრამდე დაეცა. ვიღაც იტყოდა ალბათ, ღმერთი რატომ არ ერევა და რატომ ზეიმობენ ერეტიკოსებიო? პავლე მოციქული ამბობს: ,,ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა’’.

ღმერთი ასე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ, რომ მას ჩვენი აზროვნების წესის შეცვლა სურს, მას უნდა, რომ გარდავიქმნათ, დავიწყოთ სინანული, ჩვენი გონება შეიცვალოს და ამქვეყნიური აზროვნების ნაცვლად, ქრისტესმიერი აზროვნება შევიძინოთ, რომელიც გულისხმობს თავგანწირვას, სიყვარულსა და სხვა ადამიანისთვის კენოზისს, ანუ თვითდამცრობას.

დაფიქრდით და ნახავთ, რომ თავისი მიწიერი ცხოვრება სწორედ ასე გაატარა ქრისტემ. სწორდ ასე იქცეოდა მაშინაც, როდესაც დაიჭირეს და ყველაზე დამამცირებელ სიკვდილზე წავიდა. იმ წუთებში, წმინდა მოციქულ პეტრეს, რომელიც ადამიანური კრიტერიუმებით მოქმედებდა, სიმამაცის გამოვლენა უნდოდა და შესაპყრობად მოსულ მსახურს ყური მოაჭრა. მაგრამ ქრისტემ გაკიცხა და თითქოს უთხრა:

შეჩერდი, რა გგონია, საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლია? რომ მინდოდეს თავს დავიცავდი და მყისვე გაჩნდებოდა აქ 12 ათასი ანგელოზი. მაგრამ მე არ მსურს ადამიანური მფარველობა. მე საკუთარი ნებით მივდივარ სიკვდილზე და მოვლენებს არ ვეწინააღმდეგები.
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სულში იბადება განცდა, რომ უკვე აღარ შეიძლება ღმერთი დუმდეს: ,,ღმერთო, გაიღვიძე, აღდექი! გთხოვ, ახლა მაინც შეცვალე რამე!’’
მახსენდება, როდესაც ახალგაზრდა დიაკონი ვიყავი, რაღაც მოხდა და მეც შესაბამისად აღვშფოთდი:

რა არის ეს?! ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს და თავისი ადგილი მიეჩინოს!
მამა იოსები მისმენდა, მისმენდა, თავსაც მიქნევდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მეც იმ სიტყვებს ვამბობდი, რომლებსაც ჩვეულებრივ მაშინ წარმოვთქვამთ, როდესაც უსამართლობის განცდა მოგვიცავს ხოლმე.
მეორე დღეს, ლიტურგიაზე, სახარება წავიკითხეთ, რომელშიც ის მონაკვეთია მოთხრობილი, როდესაც ქრისტე ერთ ქალაქში არ შეუშვეს და მოწაფეები ეუბნებოდნენ:

უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?
იმ დროს უკვე ისინიც აღასრულებდნენ სასწაულებს და ეგონათ, რახან ქრისტე არ აკეთებს, ჩვენ ვილოცოთ, რათა ცეცხლი გადმოვიდეს და ამ ქალაქის მცხოვრებნი მთლიანად ამოიბუგონო. ისინი ,,სამართლიანობის’’ განცდით აღძრულნი ფიქრობდნენ, რომ ისინი ცოდვილები იყვნენ და იმსახურებდნენ ამას.
,,მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად’’.
როგორც კი სახარების წაკითხვა დავასრულე, მამა იოსებმა ყველას თანდასწრებით გამაჩერა და მითხრა:

კიდევ ორჯერ-სამჯერ წაიკითხე, ჯერ შენ რომ გაიგო მაგ სიტყვების არსი და მერე სხვებმა!
ნამდვილად დიდებული საქმეა აზროვნების წესის შეცვლა. ამქვეყნიური ,,სამართლიანობისგან’’ განშორება და საღმრთო ,,სამართლიანობის’’ შეცნობა, როდესაც ღმერთი მოქმედებს, როგორც მამა, რომელსაც ადამიანების გადარჩენა სურს. ჩვენ კი საკუთარი სამართლიანობის დამყარება გვსურს და ისე ვმოქმედებთ:

შეხედე უფალო, როგორ მაწამებს და მემუქრება. საკმარისია! მეტს ვეღარ ვუძლებ და დაადუმე!

კიდევ კარგი არ ვითხოვთ მის მოკვდინებას, მაგრამ თუ მართლა მოკვდება, არც დავმწუხრდებით.
წმინდა მოციქული

კარპოსის(სამოცდაათთაგანი) ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ რომში მისი მოღვაწეობის პერიოდში, ერთი ერეტიკოსი-თაღლითი გამოჩნდა, რომელიც თავს ქრისტიანად ასაღებდა და იმდენად მოხერხებული იყო და კარგად საუბარი შეეძლო, რომ მოციქულებს მუდამ დაბრკოლებას უქმნიდა. ქრისტიანებს სურდათ რაღაც გაეკეთებინათ, ემისიონერათ, ის კი ყველაფერში ხელს უშლიდა მათ. ბოლოს ყელში ამოუვიდათ და როგორც ადამიანები, ძლიერად აღშფოთდნენ.

ლოცვისას წმინდა მოციქულს ხილვა ჰქონდა. მან დაინახა უფსკრული, რომელზეც ეს ერეტიკოსი ეკიდა. ის შიშისგან კანკალებდა და უფსკრულიც თითქოს ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ გადაეყლაპა.

მოციქულმა გაიფიქრა: – ბოლოს და ბოლოს ჩავარდეს და დავისვენოთ იქნებ! კიდევ რამდენი ხანი უნდა გვტანჯოს!
როგორც კი ეს გაიფიქრა, მის წინაშე ჯვარცმული ქრისტე იხილა, რომელმაც უთხრა:

მე მზად ვარ, რომ ამ ადამიანისთვის კიდევ ერთხელ ვეცვა ჯვარს. თუ ასე გააგრძელებ და ვერ შეიცნობ ჩემს სულს, შენ აღმოჩნდები მაგ უფსკრულში!

ეს პროცესი მართლაც რთულია, თუმცა ეკლესია თავისი მაკურნებელი მოქმედებით აღასრულებს ამ გარდაქმნას. ზოგჯერ მრავალი წელი გადის ისე, რომ ღმერთი საერთოდ არაფერში ერევა და უშვებს, რომ ადამიანმა იწვალოს მანამ, სანამ ის არ შეცვლის საკუთარი ცხოვრების წესს. ამ დროს, ჩვენც შუაზე გვხლეჩს ეს განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს რაიმე შეცვალოს უფალმა და დაასრულოს ჩვენი წვალება.

ჩემს წინ ახლა, ჯერაც გამოუქვეყნებელი ტექსტი დევს. ერთხელ, ერთი ოჯახი წმინდა სოფრონ სახაროვთან, ესექსში ჩავიდა. ეს იყო დიდი ათონელი მამა და თანამედროვე წმინდანი, რომელმაც წმინდა სილუან ათონელის ცხოვრება აღწერა. ამ ოჯახში დიდი განსაცდელი იყო. მათი შვილი უკურნებელი დაავადებით იყო დაავადებული და ნამდვილად ძალიან მძიმე ცხოვრებისეულ ჯვარს ზიდავდნენ ისინი. ის ერთადერთი შვილი იყო და მათი ცხოვრება ერთი დიდ წამებად ქცეულიყო.

მივიდნენ მამა სოფრონისთან, ატირდნენ, თავიანთი მწუხარება გაუზიარეს და თხოვეს, რომ რამდენიმე სიტყვა ეთქვა მათთვის. ამ დიდმა მამამ უდიდესი თანაგრძნობით დაიწყო ლოცვა და საკუთარი გამოცდილებიდან რაღაც მოუყვა. მათაც ჩაიწერეს ეს საუბარი და მამა სოფრონის უჩვენეს. ამ უკანასკნელმაც ქვემოთ წააწერა: ,,ზუსტად ასე ვთქვი ყველაფერი’’ და დაადასტურა ამ ჩანაწერის ნამდვილობა.
ის რუსი იყო და ბერძნულად იდეალურად საუბრობდა. ამ მცირე ტექსტში ის თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს. წაგიკითხავთ ახლა, რათა გაიგოთ, თუ რამდენად დრამატულად განიცდიდნენ წმინდანები ღმერთის მდუმარებას თავიანთ ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში სწორედ ეს იყო ის გასაღები, რამაც მათთვის სიწმინდის კარები გახსნა. მამა სოფრონიმ დაიწყო საუბარი:

,,უკვე 57 წელია, რაც მონაზონი ვარ. თითქოს ვცდილობდი, რომ არ მეზარმაცა და საკუთარი სულის ცხონების საკითხში გულგრილი არ ვყოფილიყავი. დიდი შიშითა და ცრემლებით, მოუკლებლად ვევედრებოდი უფალს, რათა ის ჩემთვის მზე გამხდარიყო, ჩემი ყველა ცოდვა ეპატიებინა და არ განვეგდე მისგან.

მთელი ძალებით ვცდილობდი, რომ გული არავისთვის მეტკინა. უფლისგან სიმამაცეს გამოვითხოვდი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის მსახურება შემძლებოდა, თუნდაც ისე, რომ მათგან არც მატერიალური და არც სულიერი საზღაური მიმეღო და მხოლოდ ქრისტეს მადლით დავმტკბარიყავი და ცოდვათა მიტევების ღირსი გავმხდარიყავი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აგერ უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა და მთელი ამხნის განმავლობაში არც მოსვენება მქონია, არც უსაფრთხოება და არც მშვიდობა. პირიქით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი საფრთხეს და ჩემს მიმართ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას ადამიანების მხრიდან’’.
მართლაც ამ ადამიანის ცხოვრება აღსავსე იყო ადამიანების მხრიდან მუდმივი უარყოფითა და ამავდროულად ქრისტესაგან უდიდესი ნიჭებითაც.

,,სულ უმცირესი საქმეც რომ დამეწყო, მუდამ გადაულახავ წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი. ამქვეყნად თითქმის ყველა კარი დახშული იყო ჩემთვის’’.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 57 წელი ქრისტეს საქმის კეთებას ცდილობს და მისთვის ყველა კარი დახშულია! რისი კეთებაც არ უნდა დაეწყო, უდიდეს დაბრკოლებებს აწყდებოდა.
,,დავბერდი და ჯერაც ვერ ჩავწვდი ამ განსაცდელების არსს. ჯერ ვერ შემიცვნია, ჩემი ცოდვების გამო დაეშვა ისინი, თუ რაღაც სხვა მიზეზია? მართალი გითხრათ, ვერ ვხვდებოდი ამას. მრავალგზის ვევედრე უფალს, რათა ამ ყველაფრის მიზეზი განეცხადებინა ჩემთვის, თუმცა ის მუდამ მდუმარებით მპასუხობდა’’.
ეს დიდი მამა, რომელიც ქრისტეს პირისპირ ესაუბრებოდა, როგორც მეგობარი მეგობარს, რომელმაც უდიდესი, უნიკალური და იშვიათი მადლისმიერი მდგომარეობები განიცადა, ევედრებოდა უფალს, რათა გაეგო, თუ რატომ ხდებოდა მის ცხოვრებაში ასე ყველაფერი, რატომ უწევდა ამდენი სირთულისა და დაბრკოლების გადალახვა. თუმცა, ღმერთი მაინც მდუმარებით პასუხობდა. ქრისტე არასდროს აძლევდა ამ ყველაფრის პირდაპირ განმარტებას. ამიტომაც, მამა სოფრონიმ მათ უთხრა:

,,ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, ალბათ გამიგებთ, რომ მე არ მაქვს ახსნა იმ მიზეზისა, თუ რატომ გადიხართ ასეთ დრამატულ განსაცდელებს. თუმცა, მუდამ სიყვარულითა და თანაგრძნობით მოგიხსენებთ ლოცვებში’’.

ასრულებს შემდეგი სიტყვებით:

,,ჩვენთვის არ არის ადვილი ღმერთის დადანაშაულება და საკუთარი თავის მართლება’’.

ძალიან რთულია თქვა, რომ ღმერთია დამნაშვე იმაში, რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დგას და მე არაფერ შუაში ვარო. ნამდვილად არ არის ადვილი ამ ყველაფრის ღმერთზე დაბრალება და საკუთარი თავის მართლება.

,,ზუსტად ასევე რთულია საპირისპიროც. იობის მეგობრების მსგავს მდგომარეობაში ყოფნაც არ არის ადვილი. მათ სურდათ საღმრთო სიმართლის დამცველები ყოფილიყვნენ და ავიწყდებოდათ, თუ რა საშინელ სატანჯველებს გადიოდა იობი’’.

მამა სოფრონი ამბობს, რომ რთულია და არ შეიძლება ვინმეს უთხრა, შენ ხარ დამნაშავე, ღმერთი რა შუაშიაო!

,,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის ორი მდგომარეობა. პირველი: ,,მე არ ვარ დამნაშავე და ყველაფერი ღმერთის ბრალია, ისაა განრისხებული ჩემზე და ამიტომ მაწამებს! ან მეორე: ,,მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და ღმერთი არაფერ შუაშია!’’ ორივე გზა რთულია. პირველ შემთხვევაში არ შეიძლება ღმერთს მიაწერო შენი სირთულეები და მეორე შემთხვევაში, ვერც მხოლოდ საკუთარ თავს აკისრებ სრულ პასუხისმგებლობას, რადგან ისედაც იტანჯები და რთულია ამის გარდა, კიდევ დამატებითი ტვირთის ზიდვა. ამიტომაც, რახან ღმერთი დუმს, ჩვენც უნდა დავდუმდეთ’’.
რადგანაც ღმერთი დუმს, ჩვენც ვდუმვართ და სხვა არაფერი შეგვიძლია, თუარა სიყვარულითა და თანაგრძნობით ერთმანეთისთვის ლოცვა.
ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ტექსტია. მამა სოფრონის ყველა სიტყვა ასეთი ძლიერია. მისი ეს სიტყვაც ცოცხალი გამოცდილებითაა ნაკვები და რადგანაც მის მონასტერში ინახებედა, ვითხოვე, რომ ასლი ჩემთვისაც გაეკეთებინათ.

მართლაც, როგორ მიესადაგება ეს ჩვენს ცხოვრებასაც! თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება წამი, როდესაც ასეთი სირთულეების გადალახვა მოგვიწევს. ავიღოთ პასუხისმგებლობის ტვირთი? ვერ გავუძლებთ. ვერ შევძლებთ მის ტვირთვას. მაგის გარდა კიდევ იმდენი განსაცდელი გვაქვს, პასუხისმგებლობის სიმძიმეს ვეღარ გავუძლებთ. ღმერთს დავაბრალოთ? ესეც არ შეიძლება. აბა მაშინ რაღა გავაკეთოთ? ის, რაც წმინდა სოფრონიმ თქვა: ,,რახან ღმერთი დუმს, ჩვენც დავდუმდეთ’’. საკუთარი სიცოცხლე სრული მორჩილებით მივანდოთ ქრისტეს. სწორედ ამას ვითხოვთ ლიტურგიაზეც: ,,თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ’’. მივენდოთ ქრისტეს, მივანდოთ საკუთარი თავი, ჩვენი საქმეები, მთელი ჩვენი სიცოცხლე ქრისტეს ხელებში გადავცეთ, რათა სიმშვიდე მოვიპოვოთ და ღმერთთან და ერთმანეთთან ბრძოლა შევწყვიტოთ.

ჩვენ გვტკივა და ვამბობთ: ,,რატომ ხდება ჩემს თავს ეს? ამდენი სირთულე, ამდენი ტკივილი, ამდენი უსამართლობა? ჩემს ცხოვრაში ყველაფერი არეული რატომაა? ყველაფერი თავდაყირაა!

მამა სოფრონიც ამბობდა:

,,ჩემს წინაშე ყველა კარი იკეტებოდა და არასდროს არც ერთი არ გაღებულა’’.

ადამიანი ამ დროს იხრჩობა, ტკივა და ეს ადამიანურად ბუნებრივიცაა. შენც სული გეხუთება და მუდამ ეს მტანჯველი კითხვა გაწუხებს: ,,რატომ მაინც და მაინც მე?!’’ კითხვას ,,რატომ?’’ პასუხი არ აქვს. ღმერთი იმისთვის გპასუხობს მდუმარებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამშვიდდე და ყველაფერი მას მიანდო. მიუხედავად ტკივილებისგან დაღლისა, როდესაც ამას შეძლებ, ყველაფერს ქრისტეს მიანდობ და მას გულში ჩაიკრავ, მაშინ მიხვდები, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. მაშინ გიპასუხებს ღმერთი.

გახსოვთ წმინდა ეფრემ კატუნაკელის მაგალითი? ის ძალიან მკაცრი და რთული ხასიათის ბერის მორჩილი იყო. 42 წელი ამ ტირანს უწევდა მორჩილებას. საკუთარ თავს ბოლომდე იცავდა, რათა არ განეკითხა და მის წინააღმდეგ არ წასულიყო.

მრავალგზის ახრჩობდა გულისსიტყვა და საკუთარ თავს ეუბნებოდა: ,,მორჩა, აღარ შემიძლია, წავალ და დავტოვებ! შეუძლებელია მასთან ცხოვრება!’’ თითოეულ ჯერზე, როგორც კი გადაწყვეტდა, რომ წასულიყო და ამბობდა, მორჩა მეტის გაძლება აღარ შეიძლებაო, მადლი საგრძნობლად ტოვებდა მას. უკეთესობისკენ არაფერი იცვლებოდა, მაგრამ მაინც ბრუნდებოდა, ტიროდა და შენდობას თხოვდა ღმერთს იმის გამო, რომ გაქცევა გადაწყვიტა.

გავიდა 42 წელი და ის მუდამ ლოცულობდა, რათა როგორმე გაეგო, თუ რა გაეკეთებინა ამ მდგომარეობაში ყოფნისას. სიცოცხლის ბოლოს, მისმა მოძღვარმა სულ მთლად აურია და სრულიად აუტანელი გახდა. მამა ეფრემის ცხოვრებაც ერთ დიდ წამებად იქცა. დადგა დღე და მისი მოძღვარიც გარდაიცვალა. დაიწყო დასაფლავება და ათონური ტრადიციის თანახმად, სანამ საფლავში ჩაასვენებდნენ, მამა ეფრემი უკანასკნელი კურთხევისთვის მიეახლა მას. იმ წამებში, როცა კურთხევის ასაღებად იხრებოდა, ღმერთმა როგორც იქნა უპასუხა: ,, ღმერთის ნება იყო ის, რომ შენ 42 წელი ამ ადამიანის მორჩილი იყავი!’’
იმ წამებში მან ქრისტესგან გულსავსება მიიღო. მანაც უპასუხა: ,,ახლა მეუბნები ამას, უფალო? როცა ჩემი მოძღვარი გარდაიცვალა და ვასაფლავებთ? ამდენი წელი რატომ არაფერს მეუბენებოდი, ასე უპასუხოდ რომ დამტოვე 42 წელი?’’

ათონზე როცა მივიდა, 20 წლის იყო, მისი მოძღვრის გარდაცვალებისას კი – 62 წლის. მთელი 42 წელი – მოწამეობრივი მორჩილება.
ღმერთმაც უპასუხა: ,,ადრე რომ წასულიყავი, დაიღუპებოდი!’’. აი, ასე უპასუხა.
მესმის, რომ რასაც ვამბობ სულაც არ შთაგვაგონებს და ფრთებს არ გვასხამს. რასაკვირველია, ჩვენ ასეთი მამების საზომისგან შორს ვართ. არ გეგონოთ, რომ წმინდა სოფრონმა, წმინდა ეფრემმა და სხვა დიდმა მამებმა უზრუნველი ცხოვრება განვლეს. პირიქით, მათი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილი იყო, ყოვლდღიური შრომა, მწუხარება, ცრემლები, ოფლი და ბრძოლა. ამ ადამიანებს განსვენება არ ღირსებიათ მთელი ცხოვრები განმავლობაში.
საბოლოოდ, ღმერთმა განადიდა ისინი. რის გამო? იმის გამო, რომ მათ განვლეს გზა უპატიობისა, მოთმინებისა, რწმენისა, უნუგეშობისა, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეზე მინდობისა. ასეთია ცოცხალი ღმერთის გზავნილი მათთვის, ვინც ამ გზაზე დგას: ,,სხვა არაფერზე დაამყარო იმედი, მხოლოდ ქრისტეზე! მხოლოდ ის იყოს შენი იმედი და მხოლოდ მასში ჰპოვებ ნუგეშსა და ბედნიერებას’’.
გავაგრძელოთ ფსალმუნის ტექსტი:

,, ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა’’(ფს.118:127)
აღმოვაჩინე, რომ შენი მცნებები, უფალო ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასია: ოქროზეც, ვერცხლზეც და ბრილიანტებზეც. ყველაზე ძვირფასი – შენ ხარ, შენი მცნებები და შენი სიტყვა. ამიტომაც, ყველაფერზე მეტად შეგიყვარე და აღმოვაჩინე, რომ შენი სიყვარული, ამ სამყაროში ყველა სხვა სიყვარულს უსასრულოდ აღემატება.
,, ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე. საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან’’(ფს. 118:128-129).
როდესაც მაღაზიაში შედიხარ და ხედავ ლამაზ ნივთებს, შენც რახან მოგწონს, იღებ, ერთი მეორის მიყოლებით, ყველას ათვალიერებ და მთელ დროს ამაში ხარჯავ. განა ასე არ არის ის ადამიანიც, ვისაც აეხილა სულის თვალები და ქრისტე და მისი საკვირველი საქმეები იხილა და შეიცნო?
ხედავთ, ძველი აღთქმაც კი აქებს იმ ადამიანს, რომელიც გამოეძიებს. არსად თქმულა, გწამდეს და არ გამოეძიებდეო! საჭიროა ღმერთის საკვირველ საქმეებში ჩაღრმავება.

,,განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა’’(ფს.118:130-131).
მოდით აქ ქრისტეს სიტყვები გავიხსენოთ: ,,დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა’’(ლკ.21:14-15). არ დაჯდე და იფიქრო, მოდი ეხლა წინასწარ მოვიფიქრებ ამა და ამ კითხვაზე როგორ ვუპასუხოო. ქრისტე ამბობს, რომ არაფერი გავაკეთოთ და მხოლოდ მასზე მინდობილნი, ყოველგვარი მომზადების წინაშე წარვდგეთ ასეთ შემთხვევებში. რატომ? იმიტომ, რომ იმ წუთებში სულიწმიდა შთაგვაგონებს რისი თქმაც იქნება საჭირო. ქრისტე თითქოს ამით გვეუბნება:

თუ დაჯდები და თავად დაიწყებ მომზადებას, ყველაფერს გააფუჭებ და არ იტყვი ისე, როგორც საჭიროა! მომენდე და სულიწმინდა განგსწავლის, რაც უნდა თქვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ადამიანურად უპასუხებ, შეიძლება რაღაც კარგიც თქვა, მაგრამ შენს ნათქვამს საღმრთო ძალმოსილება არ ექნება.

მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთი წმინდა ადამიანის სანახავად იყვნენ მისულები და მითხრეს:

მივედით და მანაც ყველას წინაშე თქვა ჩვენი აზრები და გვეწყინა.

არადა ამ ბერს აზრადაც არ მოსვლია ეს. მან უბრალოდ ბაგეები გახსნა და ის რამდენიმე სიტყვა თქვა, რაც უფალმა შთააგონა რომ ეთქვა. ეს ხუთი სიტყვა თითოეულისთვის იყო ის, რაც მათ სჭირდებოდათ და აღქვეს ის, რაც უნდა აღექვათ. ასე იყო უდაბნოში ებრაელების შემთხვევაშიც. როდესაც მანანას ჭამდნენ, თითოეულისთვის იქცეოდა იმად, რაც სჭირდებოდათ.


ასევეა წმინდა ზიარების შემთხვევაშიც. ლიტურგიისას ჩვენ უფალს ვევედრებით, რომ მის სისხლთან და ხორცთან ზიარებით, თითოეულმა ის მიიღოს, რაც სჭირდება. დაე იყოს ნათელი მათთვის, ვინც განათლებას საჭიროებს. დაე იყოს საყრდენი უძლურთათვის. დაე თითოეულიში ისე იმოქმედოს ღმერთმა, როგორც მათ სულს სჭირდება.


როგორც ბავშვი მიდის და დედის მკლავებში ეხვევა, ასე მიანდე საკუთარი თავი ქრისტეს. ასე მიეახლე მასაც. არ კრა მას ხელი, არ გააგდო შენგან. მას გულში ჰყავხარ ჩაკრული. არ გააგდო, რადგან მოისმენ იმას, რაც უთხრა უფალმა პავლეს, რომელიც ასევე გულში ჰყავდა ჩაკრული, მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანებს დევნიდა. იმ დღეს, როდესაც ქრისტე გზაზე გადაუდგა მდევნელ სავლეს, მან უთხრა: ,,საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ’’.(საქმე.9:4).
მძიმეა საღმრთო სიყვარულთან დაპირისპირება, ქრისტესთვის ხელის კვრა მაშინ, როცა მიხუტებული ჰყავხარ. შეძელი მასთან გაჩერება. როდესაც ამას გააცნობიერებ და დამდაბლდები, მაშინ მოვა განსვენება, დამშვიდდები, ღრმად ამოისუნთქავ და იმ გამოუთქმელ სიყვარულსა და სიმშვიდეს მიენდობი, რომელიც ქრისტესთან მყოფობის შეგრძნებით ეძლევა ადამიანს.


წყარო: http://Pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share