საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზები
წმინდა ანას მცირე სკიტის გამოქვაბულებში ცხოვრების პირობები მეტად მკაცრი იყო და ამიტომ, რაც დრო გადიოდა, დიდი ბერის ძალები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. მისი სხეული მთლიანად დასნეულდა და უკვე აშკარა გახდა, რომ ის მოღვაწეობისგან გადაღლილი იყო. იმ დროისთვის წირვა მათ ყოველდღიურად ჰქონდათ, რადგამ ძმობას უკვე თავისი მღვდელი, მამა ხარლამპი ჰყავდა. ბერისთვის ეს ფიზიკურად დამღლელი იყო, რადგან სურდა წირვაზე ყოველთვის ყოფილიყო.
ყოველდღიურად შუაღამემდე ლოცულობდნენ, შემდეგ კი წირვას იწყებდნენ. ზაფხულში ამ პროფრამის დაცვა ძალიან დამღლელი იყო, რადგან ღამის საშუალო(შუაღამე) არ ფიქსირდებოდა მისი ხანგრძლივობის მიხედვით, ხოლო წირვა ყოველთვის ღამის მეექვსე ჟამზე, ანუ სამოქალაქო დროით 03:00-ზე უნდა დაწყებულიყო. ჩვენი მოძღვარი გვიამბობდა: ,,ზაფხულობით ძალიან რთული განრიგი გვქონდა. ღამისთევას მღვიძარებითა და სიცხით ძალაგამოცლილები ვამთავრებდით. ხოლო, რადგანაც მალე თენდებოდა, დასვენების დრო აღარ გვქონდა. ამგვარად, მორჩებოდა თუ არა წირვა, აუცილებელი მძიმე სამუშაოები უნდა დაგვეწყო (მე, ყოველშემთხვევაში). ამას მრავალი საჭირო ნივთისა და პირობების დეფიციტი ემატებოდა, რამაც, საბოლოოდ, ჩემი ჯანმრთელობაც შეარყია, მიუხედავად იმისა, რომ, სოფელში გაზრდილს, მკაცრი ყოფა არ მეუცხოებოდა. გულმკერდის არეში მუდმივ ტკივილს ვგრძნობდი, სისხლს ვიღებდი, კუჭიდანაც სისხლდენა მქონდა, სულ შეუძლოდ ვიყავი. ჩვენი უმცროსი ძმა – ეფრემი – უფრო სუსტი იყო და ,,ჩამოწერილების’’ სიაში შედიოდა. ამ ყველაფერმა დიდ ბერს აფიქრებინა საცხოვრებელი ადგილი შეგვეცვალა’’.
წმინდა ანას მცირე სკიტში ჩვენმა მოძღვარმა ექვსი წელი იცხოვრა (1947-1953). იქაური ცხოვრების პირობები სასტიკი იყო, დღის განრიგი კი – ძალიან მკაცრი. მის ჯანმრთელობას საშიშროება ელოდა, სისხლდენა იმის ნიშანი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, რწმენით აღჭურვილი ახალგაზრდა მონაზონი უკან არ იხევდა, რითაც ჰბაძავდა თავის მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის განიხილავდა არა ლოგიკის, არამედ რწმენის საფუძველზე და საკუთარ ჯანმრთელობას ღმერთის მამობრივ მზრუნველობას მიანდობდა.
როდესაც ჩვენს მოძღვარს სისხლდენა დაეწყო, წმინდა იოსებმა თავის განუყრელ თანამოღვაწეს უთხრა: ,,არსენი, მორჩა. უნდა გადავიდეთ. იოსებიც თუ ავად გახდა, რაღა გვეშველება? ‘’. მამა ხარლამპი მღვდელი იყო, მამა ეფრემი კი სუსტი, ხოლო მამა არსენი უკვე ასაკში შედიოდა. ყოველდღიურ სამუშაოებს ახალგაზრდა მამა იოსები ასრულებდა, რომლის ჯანმრთელობაც უარესდებოდა.
ბერი იოაკიმე სპეციერი და მისი მორჩილი მამა თეოფილაქტე
ნეა სკიტი წმინდა პავლეს მონასტერს ეკუთვნის და წმინდა ანას სკიტის დაბლა მდებარეობს. იქაურ წმინდა უვეცხლოთა კალივაში ბერი იოაკიმე სპეციერი(1858-1943) და მისი მორჩილი მონაზონი თეოფილაქტე (1897 -1986) მოღვაწეობდნენ.
მღვდელმონაზონი იოაკიმე, რომელიც სულიერებით გამოირჩეოდა, ღმრთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. წმინდა ნექტარი ეგინელის მოწაფე იყო რიზარიოს სკოლაში. ამ წმინდანისგან ბევრი სულიერი რჩევა მიუღა, რაც თავის მოწაფეს, მამა თეოფილაქტეს გადასცა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი მისგან ჩვენმა მოძღვარმაც შეითვისა, რადგან 8 წელი ნეა სკიტში ერთად იცხოვრეს. ბერი იოაკიმე კეფალონიის კუნძულზე დაიბადა და გაიზარდა. 1877 წელს, 19 წლის ასაკში ბერ ქრისტეფორეს დაემორჩილა ნეა სკიტში, წმინდა უვეცხლოთა კალივაში. 1885-1925 წლებში იერუსალიმის საპატრიარქოში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. აგრეთვე საბერძნეთის ეკლესიის მრავალ ეპარქიაში იყო მქადაგებელი. ბევრ სათნოებებით შემოსილ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. 1890 წელს იორდანეს უდაბნოში ღირს ფოტინე მეუდაბნოეს შეხვდა, რომლის საოცარი ცხოვრებაც წიგნად გამოსცა.
მამა არსენმა, წმინდა იოსებ ისიქასტის თანამოღვაწემ, ღირსი ფოტინე არაჩვეულბრივი გზით გაიცნო. 1915 წელს იორდანეს უდაბნო სამხედრო ნაწილებით გაივსო და ფოტინეც იძულებული გახდა, თავისი სამოღვაწეო ადგილი დაეტოვებინა. ამ პერიოდში მ. არსენი უფლის წმინდა საფლავს ემსახურებოდა (1910-1918). აი რას გვიამბობს ის ამის შესახებ: ,,იმხანად წმინდა საფლავის ღამის მსახურებებზე ერთი უცნაური, უწვერული მონაზონი გამოჩნდებოდა ხოლმე. ისეთი ყურადღებითა და კრძალვით იდგა მსახურებაზე, რომ ღმრთისმოშიში მომლოცველების ინტერესის ობიექტი გახდა. თანაც, მაშინ, როდესაც სხვები მას ცნობისმოყვარეობით ადევნებდნენ თვალს, ის, პირიქით, თითქოს ზეცად იყო აღტაცებული და თვალდახუჭული,თავის გულში ღმერთს განუწყვეტლად ადიდებდა. ჩემდა გასაოცრად, რამდენჯერაც ჩამივლიდა, ანაზდად პირდაპირ სახეში შემომხედავდა ხოლმე. რა გითხრათ! რას მივამსგავსო ეს გამოხედვა?! წყნარი, მშვიდი, თავმდაბალი, სიტკბოებითა და სიყვარულით სავსე. ისეთი სიყვარული კი არა, ერის ხალხს რომ ჰგონია, არა; ისეთი, რომ დედამიწისგან მოგწყვეტს; ისეთი, რომ გათქმევინებს: ,,ქრისტე ღმერთო, ეს შენ ხომ არ ხარ და ხომ არ გამომცდი? შენი ზეციური ანგელოზი ხომ არ არის? იქნებ რომელიმე წმინდანია? მარტო მე და თანაც ასეთი თანაგრძნობით რატომ მიყურებს?’’. სწორედ ეს გულისსიტყვები მაწუხებდა, როდესაც ლოცვის დროს ჩემში გაისმა: ,,კაცი არ გეგონოს, ქალია. ფოტინე ჰქვია’’. ასეთმა უწყებამ დამაკმაყოფილა, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალი ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა: ვინაა ეს ფოტინე-მეთქი. მოგვიანებით, როდესაც არქიმანდრიტ იოაკიმე სპეციერის წიგნი ,,მეუდაბნოე ფოტინე’’ გამოვიდა, ყველა კითხვის პასუხი ვიპოვე, მაგრამ… უკვე გვიან იყო. მე მთაწმინდაზე ვიყავი, ის კი – ალბათ უკვე ზეცაში’’.
ის, რომ მამა თეოფილაქტე მოგვიანებით ბერ იოსებ ისიქასტის საძმოს წევრი გახდა, გვიხსნის იმას, თუ რატომ უყურებდა წმინდა ფოტინე მამა არსენს: ამგვარად ბერ იოაკიმე სპეციერისა და წმინდა იოსების საძმოს შორის სულიერი კავშირი დამყარდა, რაც ღირსმა დედამ ,,შორიდან დაინახა’’. მამა იოაკიმეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ღირსი არსენი კაბადოკიელიც ჰყავდა ნანახი, რომელმაც წმინდა პაისი მონათლა. მას წმინდანებისა და ღმრთისმშობლის შეწევნა ბევრჯერ გამოუცდია. 1925 წლის 7 ივლისს ნეა სკიტში, წმინდა უვეცხლოთა კალივაში დაბრუნდა, სადაც ასკეტური ცხოვრებით მადლი მოიხვეჭა და 1943 წლის 29 სექტემბერს სული უფალს მიაბარა.
მამა თეოფილაქტე 1897 წლის 4 ივლისს დაიბადა სათნოებებით შემკული და ღმრთისმოშიში მშობლების ოჯახში. 1925 წელს, როცა ბერი იოაკიმე ათონის მთაზე დაბრუნდა, ის მისი მორჩილი გახდა და 1943 წლამდე, ანუ ბერის გარდაცვალებამდე, სულიერ ცხოვრებას მისგან სწავლობდა. ანაფორის კურთხევის ლოცვა მამა თეოფილაქტეს 1926 წელს წაუკითხეს და თეოფანეს მაგივრად, რაც მისი ნათლობის სახელი იყო, თეოფილაქტე დაარქვეს. მამა თეოფილაქტე გამოირჩეოდა ღმრთისმოშიშებით, დუმილით, მუდმივი ლოცვითი განწყობილებით, მდუმარების სიყვარულითა და უპოვარებით. მან უპოვარებაში დაუჯერებელ სიმაღლეებს მიაღწია; ხშირად გამოცხადებით ხედავდა წმინდა უვეცხლოთა დასს, რომელსაც სათავეში წმინდა პანტელეიმონ მკურნალი ედგა. მ. თეოფილაქტე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაბრმავდა და ერთ-ერთი გამოცხადების დროს წმ. პანტელეიმონმა უთხრა: ,,შემიძლია უმალ განგკურნო, მაგრამ ეს შენთვის სასარგებლო არ იქნება’’. მის შესახებ ჩვენი მოძღვარი წერდა: ,,როდესაც მისი სულიერი მამა, ბერი იოაკიმე გარდაიცვალა, მარტო დარჩა. რადგანაც არანაირი ხელსაქმე არ იცოდა, ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. თუმცა ეს სიღატაკე არა მარტო შემოსავლის უქონლობით, არამედ უზრუნველობისა და მცირედით დაკმაყოფილების სურვილითაც იყო გამოწვეული. ზოგჯერ მეზობელ კალივებში გადავიდოდა ხოლმე და რამე საქმის გასამრჯელოდ მამები ცოტაოდენ საჭმელს აძლევდნენ… როდესაც ჯერ კიდევ წმ. ანას მცირე სკიტის გამოქვაბულებში ვცხოვრობდით, მამა თეოფილაქტე სტუმრად გვეწვია. ჩვენმა მოძღვარმა იგი დიდი სიხარულითა და მოწიწებით მიიღ. ჰკითხა, როგორ ცხოვრობთ, როგორ მოღვაწეობთ, სკიტში ცხოვრებით რამდენად კმაყოფილი ხართო. მ. თეოფილაქტემ, როცა ზოგადი პასუხი გასცა და ჩვენი გეგმებიც გაიგო, ბერს სთხოვა, საძმოში მიეღო, რადგან მარტოდ ცხოვრება აღარ სურდა(ანუ უნდოდა, მორჩილების საფარველქვეშ ყოფილიყო)’’.
ღმერთს მამა თეოფილაქტეს საძმოში მიღების შესახებ თავისი ნება რომ ეუწყებინა, დიდმა ბერმა ილოცა. მაშინ მან ზეციური ნათელი იხილა, რომელიც წმინდა უვეცხლოთა ეკლესიას ადგა თავს და მიხვდა, რომ მ. თეოფილაქტეს წმინდა ანას მცირე სკიტში გადმოსვლა ღმერთს არ უნდოდა. ამიტომ ურჩია, რომ კალივა არ დაეტოვებინა, მაგრამ დროდადრო მათთან დარჩენილიყო და მერე ისევ ნეა სკიტში დაბრუნებულიყო. მოგვიანებით, 1952 წელს, მამა თეოფილაქტე ჩვენს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში დიდი სქემით შეიმოსა, ხოლო მისი მიმრქმელი წმინდა იოსები გახდა.
,,შესაბამისად, ჩვენი კავშირიც უფრო მეტად განმტკიცდა’’, – წერს ჩვენი მოძღვარი, – ,,როდესაც ნეა სკიტში რამე საქმეზე მივდიოდით, მის კალივას მოვინახულებდით ხოლმე. გაქტობრივად, უკვე ერთ საძმოს წარმოვადგენდით’’. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მამა თეოფილაქტეს საკუთარ კალივაში დარჩენა მართლაც ღმერთის განგებულებით მოხდა, რადგან დიდი ბერის საძმოს სწორედ იქ უნდა განეგრძო მოღვაწეობა.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru