18538

წმინდა იოანე სინელი – უპოვარების შესახებ

უპოვარება არის ურვისგან განშორება, უზრუნველი ცხოვრება, დაუბრკოლებელი მოგზაურობა, უფლის მცნებების რწმენა და მწუხარების არცოდნა.
უპოვარი მონაზონი წუთისოფლის მეფეა. მას თავისი საზრუნავი ღმრთისთვის მიუნდია და ღმრთისადმი რწმენით ყველა მისი მონა გამხდარა; საჭიროების გამო არავის მიმართავს და ყველაფერს ღმრთის ხელიდან იღებს.
უპოვარი მონაზონი უვნებობის შვილია. რაც აქვს, იმასაც ისე მიიჩნევს, თითქოს არ აქვს. სულისთვის რამე საზიანოს თუ შენიშნავს, რაც იმ ადგილას იქნება, ყველაფერს ნაგვად შერაცხავს. ვინც რამე ხორციელ საქმეზე წუხს, ის არ არის უპოვარი.
უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა, ხოლო ქონებისმოყვარე მონაზონი ამსოფლიურ საგნებზე ლოცულობს.
მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა. ვისაც საკუთარი თავი უარუყვია, სხვას რაღას ჩათვლის თავისად?

ვისაც ზეციური სიტკბოება განუცდია, ის ადვილად უარყოფს ქონებას; ქონებით ის ხარობს, ვისაც ამ სიტკბოების გემო არ უნახავს.
ვინც უმეცრებით, უგუნურად და პირუტყვულად ხდება გლახაკი, ის ორივეს აკლდება: წარმავალსაც ღუპავს და საუკუნოსაც ვერ ეღირსება.

ზღვას არ დაელევა ღელვა, ხოლო ვერცხლისმოყვარეს – მრისხანება და მწუხარება.
ვინც სიმდიდრე უგულებელყო, ის თავის მართლებას, კამათსა და შფოთს განრიდებია; ხოლო ნივთებისმოყვარე ნემსისთვისაც სიკვდილამდე იბრძოლებს.
მტკიცე სარწმუნოებით საზრუნავზე ფიქრი ისპობა, ხოლო სიკვდილზე ფიქრით ხორცსაც უარყოფენ.
იობში ვერცხლისმოყვარეობის კვალიც არ მოიპოვებოდა და ამიტომ არც დამწუხრებულა, როცა ყოველივე დაკარგა.
“ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყვარეობაჲ” (1 ტიმ. 6, 10), და ასეცაა, რადგან მისგან არის სიძულვილი, ქურდობა, კაცისკვლა, შფოთი, მტრობა, ღვარძლი, შეუბრალებლობა და შური.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ