მონასტერსა და მოწაფეებზე ზრუნვა
ბერი მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას დაუყოვნებლივ შეუდგა. ის ამის შესახებ წერდა: ,,ახლა კი იმისთვის, რომ ვენახში (ანუ შორს) არ გავბურღოთ მიწა, მონასტრის ჩრდილოეთის მხარეს, გალავნის გარეთ ვაპირებთ გაბურღვას; წყარო რომაა იქ. წყალს თითქმის მივაგენით. ბაღის მოსარწყავად კი ელექტრონული წყალგაყვანილობის სისტემა გვექნება.
ასევე განათებასაც ვაკეთებთ და იმ შენობას ვაწესრიგებთ, რომელსაც ბევრი რამ აკლია. სხვადასხვა ნივთი შევიძინეთ -საეკლესიო წიგნებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო საგნებისა და საწოლის გადასაფარებლებით დამთავრებული“1.
,,ეზოს გარეთ მიწის ბურღვას მოვრჩით. ახლა მონასტერში წყლის განაწილებისა და მორწყვის მთელი სისტემა მოეწყობა. მ. ნეოფიტე იკონომოსთან ერთად დილით ბაზრობაზე წავალ, რათა ავეჯი და კიდევ სხვა რამეები ვიყიდო: კანისტრები და მილები ახალი წყალგაყვანილობისთვის. თურმე უწინ, წინა მეუფის – გენადის დროს, მარილიანი წყალი შემოუყვანიათ და ამიტომ ბევრი მარილი დატოვა… ყველაფერი კარგად მიდის, ღმერთის მადლითა და პატიოსანი ჯვრის ძალით“2.
მონასტრის განაწესი ასეთი იყო: ღამის 4:00 საათზე იწყებოდა შუაღამიანი, შემდეგ ცისკარი და ჟამისწირვა. ამას საუზმე მოსდევდა. შუადღემდე მორჩილების საქმეებით იყვნენ დაკავებულები. შემდეგ სადილობდნენ და ისვენებდნენ. 17:00 საათზე მწუხრი იწყებოდა, რის შემდეგაც მსუბუქად წაიხემსებდნენ და სერობას წაიკითხავდნენ. ამის შემდეგ შუაღამემდე კელიებში მღვიძარებდნენ, თითოეული ცალ-ცალკე. ლოცვის შემდეგ ძმებს შეეძლოთ მოძღვრისთვის თავისი გულისსიტყვები ეთქვათ და რჩევები მიეღოთ.
ლოცვის შემდეგ, შუაღამემდე მოწაფეებისგან გულისიტყვების მიღების პრაქტიკა ჩვენმა მოძღვარმა თავისი მასწავლებლისგან ისწავლა. ამ ტრადიციას იგი ერთგულად იცავდა, რადგან სწამდა, რომ ლოცვის შემდეგ გონება საღმრთო მადლის მიერ უფრო განათლებულია. ეს ორივესთვის აუცილებელია: მოძღვრისთვის, რომ ურჩიოს, ხოლო მორჩილისთვის-რომ რჩევა შეიწყნაროს.
ბერს სურდა, თავისი სულიერი შვილების სულებზე ემუშავა და მათთვის ასკეტური ცხოვრების საიდუმლოებები ღმრთის მადლის მოქმედებით და ქრისტესმიერი თავისუფლების სულით გადაეცა. ის წერდა: „ხარლამპი კარგად მიიწევს წინ, მადლობა ღმერთს. ის საღმრთო მადლმა მოიხილა და ღამისთევასა და ლოცვაში კარგად ირჯება“3.
მოკლე დ მარტივი შეგონებებით მოღვაწეთა სულებს გონების სიფხიზლისკენ უძღოდა, როგორც ამას წმინდა მამები გვასწავლიან. დიაკვან ათანასეს ის წერდა: ,,შენ, ჩემო საყვარელო შვილო, რა სულიერი განაწესი შეგიძლია დაიცვა იქ, სადაც იმყოფები, თანაც იმ პირობებში, რომელშიც გიწევს ცხოვრება? ძალისხმევა, ზოგადად, იესოს ლოცვისადმი მიმართე. იმას ვგულისხმობდი, რომ, რამდენადაც შეგიძლია, მეტი ილოცო და გონება ღმერთის ხსოვის ტყვეობაში მოაქციო. სიკვდილის ხსოვნა და ჩვენი დანიშნულების მიზანი ყოველთვის თან გდევდეს. სხვა ყველაფერი ამაო შრომაა. მჯერა კიდევაც და ვლოცულობ ჩემი მამების ღმერთისადმი, რომ დაგიფაროს და გაგაძლიეროს ისე, რომ იმაზე მეტს მიაღწიო, რასაც მოელი. ამინ“4.
მათთვის, ვისაც საღმრთო მადლის მუდმივი შეგრძნება არ აქვს, სიკვდილისა და წუთისოფლიდან გასვლის მუდმივი ხსოვნა აუცილებლად რთულ ფსიქიკურ მდგომარეობამდე მიიყვანს. ხოლო მათ, ვინც სულიერი მოძღვრის საფარველქვეშ სულიერად მოღვაწეობს , სიკვდილის ხსოვნა ახალ ჰორიზონტებს უხსნის. ამგვარად ადამიანი ყოველდღიურობის წარმავალ ამაოებას განეშორება და ერთადერთ რეალურ, სულიერ სამყაროში გადადის, საღმრთო ნუგეშის სივრცეში, რის შესახებაც უფალი ბრძანებს : „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი [გულითა], რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“5.
ამგვარი უმრავლესობისთვის უცნობი ნუგეში იმავდროულად ღმეთისმიერ ძალასაც წარმოადგენს. ადამიანი განახლდება, სულიერად ძლიერდება, ფსალმუნის სიტყვების თანახმად: ,,განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“6. მოძღვარს სურდა, რომ მის სულიერ შვილებსაც მიეღწიათ ამ მდგომარეობისთვის. თვითონ ეს უანგარო და თავგანწირული სულიერი მოღვაწეობის წყალობით შეიძინა.
ბერი იმავდროულად კუტლუმუშში დარჩენილი სულიერი შვილების ცხოვრებასაც ადევნებდა თვალყურს, განსაკუთრებით, მღვდელმონაზონ მაქსიმესა და მონაზონ სილუანეს. მათი სულიერი უსაფრთხოებისთვის ერჩია, რომ მის გვერდით ყოფილიყვნენ; თანაც, წმინდა ჯვრის მონასტრის აღდგენას შეუწყობდნენ ხელს.
მამა მაქსიმეს უკვე სურდა, ათონიდან წასულიყო. ბერი წერდა: ,,დღეს ტელეფონით მ. მაქსიმეს ველაპარაკე და მითხრა, რომ უკვე დაახლოებულხართ. ამან ძალინ გამახარა. იზრუნე მასზე და ორმაგი სიკეთე გამოვა. რადგანაც ათონიდან წასვლას ფიქრობს, მინდა აქ ჩამოვიყვანო. შენც დაარწმუნე, რომ ჩამოვიდეს; ფულიც ასესხე, თუ თვითონ არ აქვს. მინდა, რომ ჩვენთან ერთად დარჩეს კვიპროსზე და მონასტერშიც ოფიციალურად ჩაეწეროს… კარგი ბიჭია და ჩემს უღირსებასაც რაღაც პატივს სცემს. ბევრი ვიფიქრე ამაზე და ახლაც ვფიქრობ. მგონია, კარგი გამოსავალია, რადგან თუ [ათონის] გარეთ, დარჩება, მისთვის უარესი იქნება“7. მამა სილუანემ კი ,,თავის ძმას მოსწერა, 22 ნოემბერს წმინდა მთიდან მივდივარო. შეიძლება აქ ჩამოვიდეს“8.
ბერი მონასტრის კეთილმოწყობას დიდი გულმოდგინებით მოეკიდა. 1978 წლის 27 ნოემბერს, წმინდა იაკობ სპარსის ხსენების დღეს, წერდა: ,,ღმერთის მადლით, ძალიან კარგად ვართ. სულ რაღაც საქმეებში ვართ ჩართული. ეკლე
სიაში კარ-ფანჯარა გამოვცვალეთ. ახლა იქნებ ეზოს ნახევარში ფილები დაგვიგონ. ეპისკოპოსი შეგვპირდა.
სინათლეცა და წყალიც (რაც დენზე იქნება), ამავე კვირაში გაგვყავს. ჩემსა და კიდევ ერთ ოთახს გადავტიხრავ და ამგვარად ოთხი ოთახი გამოვა. ძველი, გაფუჭებული წყალგაყვანილობა შეკეთდა და ამიტომ ნივთები სამზარეულოში ჩავიტანეთ. ახლა უკვე სატრაპეზოც ფუნქციონირებს. ოთხმეტრიანი სატრაპეზო კარგად მოგვიწყვეს, ოცი კაცი (იქნებ მეტიც) თავისუფლად ეტევა. ძმებისთვის ექვსი ახალი საწოლი შეუკვეთეს, ძველები სტუმრებისთვის გვექნება. მამა სილუანემ მოგვწერა, ალბათ, მალე ჩამოვალო“9.
მოგვიანებით, როდესაც მ. სილუანე მართლაც ჩავიდა მინთში, ბერი დიაკვან ათანასეს სწერდა: ,,ახლა, სილუანე რომ შეგვემატა, უკეთ ვართ, რადგან ეკლესიაში უკვე თავისუფლად ვკითხულობთ ყველაფერს10. ნეა სკიტის პროგრამით ვცხოვრობთ, ყოველდღე ღამისთევა გვაქვს, თითოეული ლოცულობს თავის სენაკში. მართლაც, ასეთი განაწესი კაცს ძალიან ეხმარება იმაში, რომ თავისი თავი იპოვოს. ქრისტეშობის შესახებ გამოცემული სიტყვები უკვე გამოგიგზავნე. მოგვიანებით ნათლისღებისას გამოგიგზავნი“11.
ამასობაში წმინდა ეფრემ კატუნაკელის წინასწარმეტყველების აღსრულების დროც მოვიდა: მე მონაზონი უნდა გავმხდარიყავი და მის სულირ საგვარეულოში გავწევრიანებულიყავი.. ბერი წერდა: ,,ახლა წირვისთვის ვემზადებით, რადგან ლარნაკადან მ. იოაკიმე ჩამოვიდა თავის ნაცნობ ახალგაზრდებსა და ვასილისთან ერთად“12.
1. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 29 ოქტომბერი.
2. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 3 ნოემბერი
3. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 14 ნოემბერი.
4. იქვე
5. მათ.5,4.
6. ფს. 102,5
7. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 14 ნოემბერი.
8. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 9 დეკემბერი.
9. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი.
10. ერთი-ორი კაცისთვის მთელი სადღეღამისო ციკლის წაკითხვა რთულია.
11. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 31 დეკემბერი.
12. წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 27 ნოემბერი.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ