ნიკოდიმოს მთაწმინდელი 2

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – უფლის სახელის მოხმობით დაიწყე მტერთან ბრძოლა

დილით, როგორც კი გაიღვიძებ და ილოცებ: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! – მაშინვე საკუთარ გულში შეიკეტე. ამ მდგომარეობაში მყოფმა გაიცნობიერე, რომ მარცხნივ გიდგას მტერი და ის ვნება, რომელსაც ებრძვი. ისინი მზად არიან თავდასხმისათვის. შენც მოემზადე და არ დანებდე, გადაწყვიტე – გამარჯვება ან სიკვდილი. ისიც იცოდე, მარჯვნივ უხილავად გიდგას ძლევამოსილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელთან ერთად და ანგელოსთა დასი მთავარანგელოზ მიქაელთან ერთად. ისინი მზად არიან დახმარებისათვის. ყოველივე ამის შემდეგ იმედით უნდა გამხნევდე.

ყოველ დილით უფლის სახელის მოხმობით დაიწყე მტერთან ბრძოლა. საკუთარი თავის უნდობლობითა და ღმრთის შემწეობის იმედით შეიარაღდი. ლოცვითა და დაუღალავი შრომით აიძულე თავს ამგვარი სულიერი ღვაწლი. უპირატესად შინაგანი ლოცვა მოიმარჯვე: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! ეს სახელი აშინებს და ორლესული მახვილივით მოწყლავს და განაგდებს დემონებსა და ვნებებს. ამიტომ ამბობს იოანე კიბისაღმწერელი: უფალ იესოს სახელით გაამათრახე მტრები.

ალბათ, გსმენია: სიტყვიერი ლოცვა, გონიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა. თითოეულ მათგანზე გარკვეული აზრიც გამოუთქვამთ. საიდან მომდინარეობს ლოცვის ნაწილებად დაყოფა? ჩვენი დაუდევრობის მიზეზით ხანდახან ენა ლოცვის წმიდა სიტყვებს წარმოთქვამს, გონება კი სად არ დახეტიალობს. ანდა გონებას ესმის სიტყვები, გული კი მათ მიმართ უგრძნობელი რჩება. პირველ შემთხვევაში ლოცვა მხოლოდ სიტყვიერია და სულაც არაა ლოცვა; მეორეში – სიტყვიერს გონებრივი ლოცვაც უერთდება, მაგრამ ეს არასრულყოფილი ლოცვაა; ჭეშმარიტად სრულყოფილია მაშინ, როდესაც ლოცვით სიტყვას და ლოცვით აზრს ლოცვითი გრძნობაც ეთანხმება.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ