იოსებ ვატოპედელი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

საუბრები და ქადაგებები – მარადიული ცხოვრების სიტყვები

ბერს განუწყვეტლივ სთხოვდნენ ელაპარაკა. იმხანად კვიპროსზე პირველად გაისმა წმინდა მამების ასკეტური სიტყვა, თანაც ასეთი გამოცდილი მონაზვნის ბაგეებიდან. წმინდა იოსებ ისიქასტს ხომ გამოუცხადა ღმერთმა, რომ მის მოწაფეს ღმრთისმეტყველების ნიჭი ექნებოდა (ჩვენება იხილა, მხარზე ზებუნებრივი ჩიტი ეჯდა, რომელიც ღმრთისმეტყველებდა და ამ ჩვენების შემდეგ მიიღო ჩვენი მოძღვარი).

დადგა დრო, რომ ღმერთის შესახებ მისი სიტყვა ხალხს კვიპროსზეც მოესმინა. დიდი     ბერის ჩვენებიდან 32 წელი იყო გასული. ჩვენი მოძღვარი უკვე 42 წელი მონაზონი იყო და ასაკით 59 წელს იყო მიღწეული.

ამ საუბრების შესახებ ბერი ასე წერდა: „იქიდან პირდაპირ სფალანგიოტისას ღმრთისმშობლის მონასტერში წავედით. ღამე იქ დავრჩით. დილით ლარნაკელ მორწმუნეებთან ერთად ვწირეთ და ლიმასოლში გავემგზავრეთ. ცოტა ხანი დიაკვან ანდრეას სახლში გავჩერდი, ხოლო შემდეგ ცოტა ხნით მიტროპოლიტთან მივედით, რომელიც შუადღეს მობრუნებულიყო. საღამოსთვის უკან დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ ეპისკოპოსმა ძალიან მთხოვა, მასთან ერთად დავრჩენილიყავი და შემდეგ რაღაც საზეიმო ღონისძიებაზე ერთად წავსულიყავით. იქ ბევრი ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით, პროფესორ-მასწავლებლები.

თუმცა თავიდან ვორჭოფობდი, შემდეგ დავთანხმდი, რადგან სხვებიც დაჟინებით მთხოვდნენ წავსულიყავი. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი იყო. მასში მიტროპოლიტის სიტყვა დომინირებდა, რომელსაც დღესასწაულის მნიშვნელობა უნდა განემარტა, მან კი სიტყვა მე გადმომცა. თავდაპირველად ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. შემდეგ მხნეობა მოვიკრიბე და მეორე დღესასწაულზე, ნათლისღებაზე ვილაპარაკე. ხაზი გავუსვი ქრისტიანული სულიერი გამოცდილების პრაქტიკულ მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, რომ მიზანს მივაღწიე. მრავალი ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა და ბევრმა მათგანმა ასეთი წარმატება მომილოცა, განსაკუთრებით, სამღვდელოებამ და ღმრთისმეტყველებმა. ნათლისღებაზე ჩემი ქადაგება დასაბეჭდად მივეცი, მაგრამ დღესასწაულისთვის ვერ მოესწრება. ასეთია ჩვენი ამბები. ჩემი გასვლის მიზანი ისიც არის, რომ ჩვენი მონასტერი და, ზოგადად, მონაზვნური იდეალები წარმოვაჩინო“[1].

პაფოსის მიტროპოლიტი ქრიზოსტომე ძალიან კმაყოფილი იყო და სურდა, მოძღვარს მონასტერი ოფიციალურად ჩაებარებინა, ანუ მისი წინამძღვარი გამხდარიყო. ამის შესახებ ბერი წერდა: „…სურს, როგორც ადრე მითხრა, დღესასწაულზე (ალბათ ჯვრის თაყვანისცემის კვირას გულისხმობს) მონასტერს ოფიციალური სტატუსი მიეცეს და წინამძღვარიც ჰყავდეს. მგონია, მართალიცაა. მკითხა, თუ როგორი განაწესი ექნება ჩვენს მონასტერს და ვუპასუხე, რომ კიდევ ორი ადამიანი იქნება ჩემთან ერთად და ჩვენს განაწესს შევადგენთ“[2].

ბერი ასე გადმოგვცემს მიტროპოლიტთან საუბრის შინაარსს: „ვუთხარი, რომ წელს მონასტრის დღესასწაული ხარებას ემთხვევა, მაგრამ მიპასუხა, არა უშავსო; მოვალ და 11:00 საათზე გადავიხადოთ სამადლობელი მსახურებაო[3], ანუ დრო გვაქვსო. ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებსაც მოიწვევს და სინოდის შესაბამის დოკუმენტსაც ოფიციალურად წაიკითხავს“[4].

ბერი თვლიდა, რომ მამათა მონასტრისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა სავანის ტერიტორიაზე ქალების არდაშვება. ათონის წმინდა მთის ასკეტური კანონებით შთაგონებულს, სურდა ეს წესები თავის მონასტერშიც გადმოეღო. ეს არა მარტო თავიანთ მონასტერში ქალების არშეშვებას ეხებოდა, არამედ ზოგადად ასკეტური პროგრამის დაცვასაც. სურდა, სტუმრების მიღება მხოლოდ შუადღემდე ყოფილიყო, შემდეგ კი კარიბჭე დაკეტილიყო. განსაკუთრებით იმაზე ზრუნავდა, რომ ახალგაზრდა მონაზვნებისთვის თავისი მოძღვრისგან ნასწავლი გადაეცა.

აგრეთვე არ უნდოდა, რომ გამოუცდელი მონაზვნები ქადაგებებისა თუ სამუშაოებისთვის მონასტრიდან გასულიყვნენ – დასაშვები იყო მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში. ბერის ამგვარი ცხოვრების წესი სხვადასხვა საეკლესიო პირის დაბრკოლების მიზეზი გახდა. სამწუხაროდ, მათ არ იცოდნენ ის ათონური სულიერი ტრადიცია, რომელსაც მ. იოსები ასე ზედმიწევნით იცავდა.

1979 წლის ჯვართაყვანისცემის კვირას იგი წინამძღვარი გახდა. მალევე დაიწყო ქალებისთვის მონასტერში შესვლის აკრძალვის ოფიციალური პროცედურები. წერდა: „..ამის შემდეგ ჩვენს გადაწყვეტილებას განვახორციელებთ და სავანეში მხოლოდ მამაკაცებს დავუშვებთ, ისიც დღის 12:00 საათამდე. გაზეთშიც გამოვაქვეყნებთ, აბრებს დავკიდებთ სოფელში და გზაჯვარედინზე. ამგვარად, ხალხი წინასწარ იქნება გაფრთხილებული. თუმცა ნიადაგი ისედაც უკვე საკმაოდ შევამზადე და მოსახლეობის უმეტესობამ ეს უკვე იცის“[5]. „ქალების შემოსვლის აკრძალვა სინოდის თანხმობით მოხდა, არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ ჩვენი ინიციატივით გადავდგით ეს ნაბიჯი“[6].

1979 წლის ჯვართამაღლება იყო უკანასკნელი დღე, როცა დაიშვებოდა ქალების მონასტერში შესვლა, ამ დღის შემდეგ კი რეფორმა მოქმედებას დაიწყებდა. მაშინ გამოჩნდა, რომ ქრისტეს სამწყსოს გარდა, რომელსაც ათონელი ბერის იქ ყოფნა ახარებდა, საწინააღმდეგო სულის ადამიანებიც არსებობდნენ. მეზობელი სოფლიდან ჟურნალისტები და ერთი ხანშიშესული ქალი გამოაგზავნეს, რათა წირვის დროს აურზაური აეტეხა და ბერისთვისაც და მონასტრისთვისაც შეურაცხყოფა მიეყენებინა.

მოძღვარმა და მამებმა არ იცოდნენ, რომ მონასტერში ჟურნალისტები იყვნენ. წირვას 40-50 ადამიანი ესწრებოდა. როდესაც დიაკვანმა ათანასემ წარმოთქვა: „კარნი, კარნი“, ქალმა ყვირილი დაიწყო. ბერმა აღუშფოთებლად თქვა, ნუ მიაქცევთ ყურადღებასო. ქალბატონი კი უფრო მეტ აურზაურს ქმნიდა და ყვიროდა: „ეს მონასტერი დედაჩემის, ბებიაჩემის, ბაბუაჩემის იყო…“ და ა.შ. მოძღვარმა ბრძანა, წირვა ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ, ის კი გამომწვევად ანთებდა სანთლებს, კანდელებში ასხამდა ზეთს და ა.შ. როდესაც წირვა დასრულდა და მღვდელი სეფისკვერს არიგებდა, ბერმა უთხრა, იმ ქალისთვის სეფისკვერი არ მიეცა.

ამის შემდეგ ამ ქალმა ისეთი რამ გააკეთა, რამაც მოძღვარს გული დასწყვიტა: მან ამოთხარა და გადაყარა ბაღში დარგული ხახვი, მწვანილი, კარტოფილი და სხვა ყველაფერი, რაც მამებისა და სტუმრებისთვის იყო დათესილი. ამასთან ერთად იმუქრებოდა, რომ ნიღბოსნებს გამოაგზავნიდა მონასტრის ბინადართა „მოსასპობად“. ბერს ამის არ ეშინოდა. მისი გული არ შეძრწუნებულა. ჟურნალისტებმა ეს მოვლენები უარყოფითად გააშუქეს.


[1] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის ქრისტეშობის შემდეგი კვირადღე.

[2] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 9 დეკემბერი.

[3] საბერძნეთში ხარება ოფიციალური დღესასწაულია. აღინიშნება თურქული ბატონობისგან თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყება 1821 წელს.

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 21 იანვარი.

[5] იქვე.

[6] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 7 ივლისი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©