მამა იოსები

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

სიყვარული და თანაგრძნობა

მეუფე ათანასემ კიდევ ერთი იმდროინდელი ამბავი მოგვითხრო: ,,ერთხელ ბერი მონასტრის საქმეებზე ნიქოზიაში წავიდა. დედაქალაქში მრავალი ნაცნობი ჰყავდა. მათ შორის ერთი ოჯახიც იყო, რომელთანაც შორეული ნათესაობა და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. ისე დაემთხვა, რომ მოძღვრის ნიქოზიაში ყოფნის დროს ამ ნათესავმა ქალმა მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება შეიტყო. ქვრივი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მის შინაგან მდგომარეობას ისიც ამძაფრებდა, რომ ბოლო ხანებში, თურმე, ქმართან უსიამოვნო საუბარი ჰქონიათ და რამდენიმე მტკივნეული სიტყვაც უთქვამთ ერთმანეთისთვის. ამგვარად, შერიგება ვერ მოასწრეს, რადგან მეუღლეს სიკვდილი უეცრად ეწვია. ბერმა, შეიტყო თუ არა ეს ამბავი, საქმეები მიატოვა და ობლებისა და ქვრივის სანუგეშოდ გაემართა.

მეუღლე უნუგეშოდ იყო: ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ქმარი იმქვეყნად მისი სიყვარულისა და შერიგების გარეშე წავიდა. სინდისის ძლიერ ქენჯნას გრძნობდა. ისე  სულმოუთქმელად ტიროდა, რომ ბერის მოსვლამაც კი ვერ შეუმსუბუქა ტკივილი. მოძღვარი ლოცულობდა, სთხოვდა ღმერთს, საბრალო ქალი ენუგეშებინა და მისი სული დაემშვიდებინა. გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა ყველას სთხოვა ოთახიდან გასულიყვნენ და ქვრივთან მარტო დაეტოვებინათ. როდესაც ყველა გავიდა, ბერმა ტირილი დაიწყო – უბედურ ქალს მთელი გულით თანაუგრძნობდა. მაშინ მოხდა ის, რაც თავად ბერმა დიდი მოკრძალებით მიამბო, როცა ჯერ კიდევ დიაკვანი ვიყავი: მკვდარი წამოდგა, განცვიფრებული მეუღლე მოიკითხა, მშვიდობისა და სიყვარულის ამბორით გამოემშვიდობა და კვლავ მიიცვალა, ამჯერად უკვე მეუღლის ხელებზე, რომელმაც თავად დაუხუჭა თვალები. ბერმა ქვრივი მკაცრად გააფრთხილა, მომხდარი სხვებისთვის არ გაემხილა’’[1]. ეს ამბავი მოგვიანებით ოჯახის შვილებმაც შეიტყვეს და ჩვენ ბერის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, 2009 წლის 27 ივლისს/9 აგვისტოს გაგვანდეს.

ბერის ღმრთისმეტყველური სიტყვა

კვიპროსზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში ბერს განუწყვეტლივ იწვევდნენ სასაუბროდ. ის დიაკვან ათანასეს სწერდა: ,,მე ეს-ესაა მოგზაურობიდან დავბრუნდი: ლიმასოლში ვიყავი, შემდეგ ლარნაკაში და ნიქოზიის სამღვდელო სასწავლებელში. რა გითხრა?! ლიმასოლელი მეუფე პატარა ბავშვივით გვექცეოდა, მამა დიონისემ კი,  როდესაც მის სასწავლებელში ვიყავით, ისეთი პატივით მიგვიღო, შეიძლება ითქვას, რომ მარტო ფეხები არ დაუბანია ჩვენთვის, თორემ სხვა მხრივ ყველანაირად მოგვემსახურა. ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, სამონაზვნო მოშურნეობა  მიემადლათ,

განსაკუთრებით, ვასილის. კიდევ ერთი გიმნაზიელი ბიჭი გავიცანი, კარგი ბავშვია და შესაძლოა სულიერი ურთიერთობების შემწეობით განათლდეს”[2].

ბერი სხვა წერილში წერს: ,,ლიმასოლში, ლარნაკაში და იქნებ ნიქოზიაშიც, ისევ დიდი შეხვედრები მექნება ღია ცის ქვეშ. ამჯერად საუბრის თემაა: ,,ადამიანის განღმრთობა ნაცვლად ჰუმანიზმისა და მატერიალისტური თეორიებისა’’. ამ თემაზე საუბარი ახალგაზრდებმა მთხოვეს, განსაკუთრებით, ლარნაკელებმა. დღეებს ვითვლით, როდის იქნები ისევ ჩვენთან ერთად. ბიჭები კალაპოტში დგებიან და მოშურნეობით მოღვაწეობენ. ბერის რამდენიმე წიგნი გამოგვიყოლე, რათა, როგორც შენ თვითონ თქვი, შინაურ ადამიანებს დავურიგოთ. [გემშვიდობები] საუკეთესო სურვილებითა და მთელი ჩემი სიყვარულით. მდაბალი იოსები“[3].

რადგანაც ხალხს ნამდვილი სულიერი სიტყვის მოსმენა სწყუროდა, ბერი უფლის ვენახში მუხლჩაუხრელად შრომობდა. ის წერდა: ,,ლარნაკაში და მის შემოგარენში რა ხდება, ვერ აღგიწერ. ღმერთმა გაანათლოს და განამტკიცოს თავისი ერი. აქ რომ ვარ, არც ჭამის დრო მაქვს და არც ძილის“[4].

მიუხედავად ხალხისა და მიტროპოლიტთა უმეტესობის ამგვარი ინტერესისა, ისეთებიც არსებობდნენ, რომლებიც ამ ყველაფრით უკმაყოფილონი იყვნენ. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, შური მორწმუნეებსაც ებრძვის. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ შურის გამო კაცს არ შეუძლია სხვისი სათნოებებით გაიხაროს. ბერის ქება-დიდება, რასაც თავად ყველანაირად გაურბოდა, სხვებს ჩრდილში აყენებდა. ეს ადამიანები მოგვიანებით ყოველ ძალას იხმარენ იმისთვის, რომ ბერი ცილისწამებების გამოყენებით კვიპროსიდან განიდევნოს. მოძღვარი წერდა: ,,როგორც ჩანს, ლიმასოლში ღმრთისმეტყველებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. მიზეზი ისაა, რომ ისინი რელიგიური ორგანიზაციების[5] მიმდევრები არიან. აქ, პაფოსშიც არიან ამნაირები.

P.S. თუ ბერ პაისის შეხვდები, მთელი ჩემი სიყვარული და პატივისცემა გადაეცი. უთხარი, არ დაგვივიწყო-თქო“[6]. ზამთარი ახლოვდებოდა და ბერის მდუმარებისადმი სულიერი ნოსტალგიაც იზრდებოდა. ის წერდა: ,,ახლა ზამთარში თავისთავად გამოვიკეტებით. ნამდვილი მყუდროება და ყოველდღიური წირვები გვექნება – ის, რაც ასე მენატრებოდა და არ ვიცოდი როგორ მიმეღწია. ეს მართლაც რომ

პატიოსანი ჯვრის ცოცხალი სასწაულია! გამოსწორება მამა ბარნაბას სხვებზე მეტად ემჩნევა და ეს ძალიან მახარებს“[7].

მოგვიანებით წერდა: ,,მივიღე შენი წერილი, რომელსაც ველოდი და გავიგე, თუ როგორ გადაიტანე მიწისძვრები. ჩვენ აქ კარგად ვართ, სიმყუდროვეში, თუმცა მონასტერმა უკვე მთელი კვიპროსის მასშტაბით გაითქვა სახელი. ერთხელ მომიწია მონასტრიდან გასვლა, რადგან საუბრები ჩვენს ეპარქიაშიც დავიწყეთ. მეორე შეხვედრა ისეთი ხალხმრავალი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ცოცხალი და საინტერესო გამოდგა. პირველი მოხალისე ჩვენი მეუფე იყო, რომელსაც ბავშვივით უხარია.  

 შეხვედრებზე პროფესორ-მასწავლებლებიც მოდიან. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, შეხედულებები გავუზიარეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდებთან სულიერ მუშაობას უფრო სწორი ორგანიზება გაეწიოს. ასეა თუ ისე, ლიმასოლსა და ლარნაკაში გასვლა მაინც მიწევს. ლარნაკაში ნამდვილი სულიერი მობილიზაციაა. ხუთასამდე კაცი შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ სხვა მქადაგებელმა ილაპარაკა.

ბატონი ფ. უფლის ნამდვილი მუშაკია, ბატონი მ. კი მას ეჯიბრება. ჩემს სიტყვებს ასწორებს და უსასყიდლოდ გამოსცემს. ვფიქრობ, ბოლო ორი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც ის, რომელსაც ოცდაცხრისთვის ვამზადებ. ეს სიტყვა ქრისტეშობის შესახებ იქნება. ვცდილობ, ჩემო კარგო შვილო, ახალგაზრდები მონაზვნობისთვის გამოვაღვიძო, და შემიძლია ვთქვა, გამოდის კიდევაც, მაგრამ ვხედავ, რომ გოგონები ყმაწვილებს წინ უსწრებენ“[8].

1980 წელს ბერი წერდა: ,,თვის შუა რიცხვებში ლარნაკაში სულიერ განათლებაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიმიწვიეს. მათ მომავალ აღმზრდელებთან უნდა მესაუბრა. რადგანაც მონასტერში ახლა საქმე არ გვაქვს, მათთან შესახვედრად წავედი. ჯერ ხალხს ველაპარაკე პავლე მოციქულის დარბაზში, შემდეგ კი თვითონ კანდიდატებს.

შემდეგ, ვასილი კუცუს დაჟინებული თხოვნით, სამღვდელო სასწავლებელში მივედი. ცოტა გაუბედავად ვგრძნობდი თავს, რადგან ახალ დირექტორს არ ვიცნობდი, მაგრამ ის თავაზიანად და გულთბილად შეგვხვდა. ასე რომ, იქაც დიდხანს ვილაპარაკე. მეორე დღეს გაკვეთილი მეორე კლასს ჩავუტარე. საგანი დოგმატიკა იყო, მაგრამ ჩვენმა საუბარმა კითხვა-პასუხის სახე მიიღო. ახლახან მონასტერში მოვიდა ადონი, ილოცე, რომ გაძლიერდეს. იღუმენია ქრისტეფორაზე ვერაფერს გეტყვი“[9].

ბერი იოსები 1975 წელს გავიცანი, როდესაც კუტლუმუშის მონასტერში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მაშინ არ მიფიქრია, რომ მომავალში ჩემი მოძღვარი გახდებოდა. 1978 წლის ზაფხულში კი, როდესაც კვიპროსზე გამგზავრების წინ ათენში ჩემი საერთო საცხოვრებლის სტუდენტებს ელაპარაკა, მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე. სწავლის დასრულების შემდეგ ჩვენს კუნძულზე სამღვდელო სასწავლებლის ლექტორი გავხდი და დირექტორთან შეთანხმებით ბერს ლექციებზე ვიწვევდი. კვიპროსზე მის ჩამოსვლის შემდეგ თითქმის ერთ თვეში დავიწყე მასთან სისტემატურად სიარული მინთის მონასტერში.

1979 წლის დიდ ოთხშაბათს ბერი წერილში წერდა: ,,ლაზარეს შაბათიდან მოყოლებული, ჩვენთან იმყოფება მ. ბარნაბა წმინდა ნეოფიტეს მონასტრიდან. ის ჩვენთან აღდგომამდე დარჩება, მასზე ჩვენი მ. ნეოფიტი იზრუნებს, ღმერთმა გაახაროს ეს კაცი. დღეს ვასილი მოვიდა სამღვდელო სასწავლებლიდან, რათა დღესასწაულს ჩვენთან ერთად შეხვდეს, მაგრამ ჯერ არ შევხვედრილვარ და არ ვიცი, რას აპირებს“[10].

ბერი იოსები ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ჩემს სულიერ ცხოვრებას და დიაკვან ათანასესაც უზიარებდა ფიქრებს: ,,დღეს ჩვენთან ერთად ვასილი კუცუც არის, ორი-სამი დღით სურს დარჩეს. გიგზავნი დღესასწაულზე წარმოთქმულ ჩემს სიტყვას. მალე ბოლო გამოსვლაც დაიბეჭდება… მგონია, ვასილი ჩვენკენ იხრება; მას უხარია, რომ თქვენ ერთმანეთთან სულიერი კავშირი გაქვთ, რისკენაც მეც ვუბიძგე“[11]. შემდეგ წერილში ბერი იმავე თემას აგრძელებს: ,,ვასილის სიყვარულით მისწერე ხოლმე, რადგან ვხედავ, რომ ეს კარგ გავლენას ახდენს მასზე. კარგი ბიჭია, ისევე როგორც მისი უმცროსი და, რომელიც, ალბათ, მის გზას გაჰყვება“[12].

საბოლოოდ, 1980 წლის შემოდგომაზე ბერს საღმრთო უწყება ჰქონდა, რომ მისი მოწაფე გავხდებოდი. ეს 1981 წლის 1 ივლისს აღსრულდა. მოძღვარი მ. ათანასეს სწერდა: ,,ვასილი კუცუმ მომწერა, ის თავმდაბალი გვთხოვს გვერდში ამოვუდგეთ. მე რაღაც მესიზმრა ორიოდე კვირის წინ მის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ აქით იხრება“[13].

ბერმა მოგვიანებით ასეთი რამ გვიამბო: ,,ცხადად ვიხილე ანგელოზი, მოვიდა და ჩემს საწერ მაგიდაზე ჩამოჯდა. ამოიღო წიგნაკი, გახსნა და კალამი მომაწოდა: აქ მოაწერე ხელიო. რას უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი, ვკითხე. ,,ხედავ რა წერია: ვასილი კუცუ“ – მომიგო. მეც გამოვართვი კალამი, ხელი მოვაწერე და უკან დავუბრუნე. მიუხედავად იმისა, რომ [ვასილი] განათლებული, ღმთისმოშიში და სანიმუშო ყოფა-ქცევის ახალგაზრდა იყო, მონაზვნობისა არაფერი ესმოდა, დამღალა კიდევაც თავისი კითხვებით. ის-ის იყო ვფიქრობდი, ვეტყვი: შვილო, თავი დამანებე, უკვე რამდენჯერ აგიხსენი-მეთქი, სწორედ მაშინ მოვიდა ანგელოზი და ხელი მომაწერინა. მართლაც, დილით გავაღე თუ არა კარი, მოდის ვასილი, იჩოქებს და მეუბნება: ,,მამაო, მონაზონი მინდა გავხდე“. ეს ცარიელი სიტყვები არ გეგონოთ – ფაქტებია“[14].

ბერის ერთადერთი სურვილი იყო, რომ კვიპროსის ეკლესიაში ჯანსაღი და ქრისტეს მცნებების ზედმიწევნით დამცველი მონაზვნობა ეხილა. უნდოდა, რომ მათ გამოცდილებით შეეცნოთ წმინდა მამებისეული ასკეტური სული, რათა განეცადათ სინანული, განწმედა, განათლება და განღმრთობა. ბერს სურდა სხვებისთვისაც გადაეცა ის, რაც თვითონ თავის მოძღვრისგან ისწავლა.


[1] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[2] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის ლაზარეს შაბათი (14 აპრილი).

[3] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 15 ივლისი.

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 7 ივლისი.

[5] იხ. დანართი: ,,ზოი“

[6] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 7 ივლისი.

[7] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 13 ოქტომბერი.

[8] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 18 ნოემბერი.

[9] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1980 წლის 27 იანვარი.

[10] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 18 აპრილი.

[11] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 8 მაისი.

[12] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 13 მაისი.

[13] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1980 წლის 10 ოქტომბერი.

[14] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2007 წლის 1/14 იანვარი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის პორტრეტი “ათონის დარბაზიდან” (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)