ისიქასტი asceticexperience.com e1626370401256

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

ღირს იოსებ ისიქასტის გაცნობა

მამა ნიკოდიმეს საძმოს ხელსაქმე დურგლობა იყო. ღმერთის განგებით, ერთხელ ბერ იოსებ ისიქასტს თავისი ეკლესიისთვის ხის კარი დასჭირდა, რომელიც მამა ნიკოდიმეს შეუკვეთა. იმხანად ამ უკანასკნელს მამა სოფრონი სტუმრობდა.

ბერი იოსები წმინდა ანას მცირე სკიტის მიუვალ გამოქვაბულებში მდუმარებით ცხოვრობდა თავის თანამოღვაწე მ. არსენთან ერთად. ათონელი ღმრთისმოშიში მონაზვნები დიდ პატივს მიაგებდნენ მას, როგორც გონებისმიერი ლოცვის, მდუმარების და, ზოგადად, მონაზვნური ცხოვრების მასწავლებელს.

მამა ნიკოდიმემ კარის ზომების ასაღებად ახალგაზრდა სოფრონი გაიყოლა თან. როდესაც ბილიკი აიარეს და მკაცრ გამოქვაბულებს მიუახლოვდნენ, ამ უკანასკნელის ლოცვა და მოუთმენლობა გაასმაგდა: ეს-ესაა უნდა შეხვედროდა თანამედროვე გამოცდილ მოღვაწეს. მართლაც, წმინდა იოსებს ნათელი სახე და მადლიანი გარეგნობა ჰქონდა. ტანი დაბალი იყო, არც მსუქანი და არც გამხდარი; ჰქონდა დიდი, წყნარი, ლურჯი თვალები. ყავისფერი თმები განაცრისფერებოდა, რადგან მაშინ უკვე ორმოცდაათი წლისა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზერელედ და ღარიბულად იყო ჩაცმული, დიდებულად და საჩინოდ გამოიყურებოდა: შესამჩნევი იყო, რომ მასში საღმრთო მადლი მკვიდრობდა. თანაც,  სადაც გაჩერდებოდა ხოლმე, მის გარშემო კეთილსურნელება იგრძნობოდა.

ისეთი სასიამოვნო იყო მისი მხოლოდ დანახვაც კი, რომ ყველაზე აფორიაქებულ ადამიანსაც დაამშვიდებდა. მის სახეს უტკბილესი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც განღმთობილი სულის ნათელს ირეკლავდა. ანგელოზს ჰგავდა.  მისი ასკეტური ღვაწლი თანამოსაუბრეში პატივისცემას იწვევდა. ერთდროულად იყო მკაცრიც და თავაზიანიც. ტკბილად მოუბარი და ღმრთისმიერი სიყვარულით სავსე. სულიწმინდის ნამდვილ კეთილსურნელებას წარმოადგენდა. მისმა თითოეულმა სიტყვამ ელვასავით გაიბრწყინა ახლაგაზრდა მ. სოფრონის ალმოდებულ სულში. უდაბური გარემო კი მას ძველი წმინდანების, ჩვენი ეკლესიის დიდი ბურჯების სამყოფელს ახსენებდა. გულში საიდუმლოდ ეუწყა: ,,ესაა ის, ვისაც ეძებდი. მას გაუგონე“.

იმის გამო, რომ წმინდა ბერს იმხანად ახალგაზრდა მორჩილები არ ჰყავდა, სტუმრებს ტრადიციული არყითა და ლუქუმით (ტკბილეულით) თავისი ხელით გაუმასპინძლდა, ხოლო სანამ სტუმრები მიირთმევდნენ, სულიერი საუბარი დაიწყო. მამა სოფრონისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სულიერ თემებზე ელაპარაკებოდნენ: სხვაგან მხოლოდ ხელსაქმესა და მატერიალურ რეალობაზე ბჭობდნენ. სხვათა შორის, დიდმა ბერმა ერთი ისეთი მაგალითიც მოიყვანა,რომელმაც ახალგაზრდის სული ღრმად შეძრა: მონაზონი თავისი აბსოლუტური და მუდმივი მზადყოფნით იმ მონადირესა გავსო, რომელსაც თითი ჩახმახზე აქვს მომართული და როგორც კი ცუდი აზრი – გულისსიტყვა – გონებაში გაუვლის, არა თუ არ იღებს, არამედ ღრმა სიმდაბლით, ლოცვითა და თავის ბრალობით მას ანადგურებსო. ამგვარად, გონების მღვიძარებითა და სიფხიზლით თითოეულ აზრს ატყვევებს და ქრისტეს მორჩილებაში მოჰყავსო.

მამა სოფრონმა, როგორც ავღნიშნეთ, სასოფლო საქმეები კაგად იცოდა და ამიტომ ბერი ნიკოდიმე მას მოსავლის ასაღებად აგზავნიდა ხოლმე სხვადასხვა მონასტერში, რათა საძმოსთვის საარსებო სახსრები მოეპოვებინა. ეს ახალგაზრდა მონაზვნისთვის მძიმე გამოცდად იქცა, რადგან მუშებს, რომლებთან ერთადაც ატარებდა დღეს, სრულიად არ ჰქონდათ ღმერთის შიში და სულიერად გამუნტკიცებელი ადამიანისთვის მათთან ურთიერთობა მავნე იყო. ამიტომ მ. სოფრონი, დიდ ბერთან შეხვედრის მეორე დღესვე – ამჯერად უკვე საკუთარი ინიციატივით – ბერ ნიკოდიმესგან ფარულად კვლავ ავიდა მასთან. თან თავისი სტავროვუნელი ძმა, მ. ქრიზოსტომე გაიყოლა. მას უნდოდა ეთხოვა, შენთან დაგვტოვეო. ღირსმა  იოსებმა მიუგო: ,, შვილო, ჩვენ უკვე მოვხუცდით. აქ ადგილიც მიუვალია, როგორც ხედავ, და ჩვენი ცხოვრების წესიც ძალიან მძიმეა“. მაგრამ მ. სოფრონმა დაიჟნა და საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ ბერი შეჰპირდა, ვილოცებ და გიპასუხებო. როდესაც მამა სოფრონი რამდენიმე დღეში ისევ ავიდა ბერთან, ამ უკანასკნელმა გაუღიმა  და უთხრა: ,, შვილო, ღმერთს უნდა, რომ ჩვენთან ერთად დარჩე“. მ. სოფრონი   გამოემშვიდობა თავის მასპინძლებს, ამაღლების კალივის ძმებს, რომლებმაც ის სიყვარულითა და ცრემლებით გააცილეს და დიდ ბერთან გადავიდა.

მოგვიანებით ღირსმა იოსებმა გაამხილა ის, თუ რატომ მიიღო მ. სოფრონი პირველ მოწაფედ. მან ჩვენებაში იხილა, თითქოს მხარზე მტრედი დააჯდა.  როდესაც ბერმა გაკვირვებით შეხედა, ჩიტმა პირი გააღო და ჭიკჭიკის ნაცვლად ღმრთისმეტყველება დაიწყო. ამ გზით აუწყა საღმრთო მადლმა ის, რომ ახალგაზრდა მონაზონი მისი ზედამხედველობის ქვეშ სულიერად მომწიფდებიდა და ღმრთისმეტყველების ნიჭს მიიღებდა. ასეც მოხდა. ვინც  ჩვენს ბერს იცნობდა, ან მისი წიგნები წაუკითხავს, რწმუნდება იმაში, რომ მისი ღმრთივშთაგონებული თეოლოგია არა მწიგნობრობიდან, არამედ გულიდან მომდინარეობდა; იმ გულიდან, რომელმაც სულიწმინდისგან მიიღო განათლება. ამიტომაც, როდესაც დიდმა იოსებმა თავის კეთილ თანამოღვაწეს ამ ჩვენების შესახებ უამბო, დასძინა: ,,არსენ, როგორც ჩანს, ეს პატარა ბიჭი მონაზვნობაში წარემატება“.

მამა ქრიზოსტომეს კი ბერმა ურჩია, ბერ სტაქის დამორჩილებოდა, რომელიც იმხანად კატუნაკებში მოღვაწეობდა, მოხუცი იყო, დამხმარე არავინ ჰყავდა, ხოლო რადგან მ. ქრიზოსტომემ კერვა იცოდა, უძლურების ჟამს გამოადგებოდა. მამა ქრიზოსტომემ გაუგონა ბერს. შემდგომში ამბობდა: ,, მეც ბერ იოსებისა ვარ: ჩემს მოძღვარ სტაქისთან ბერ იოსების სიტყვით წავედი. მასთან გამგზავნა, რადგან ხელსაქმე ვიცოდი“.

ჩვენი მოძღვარი ასე ხსნიდა თავისი ბერის თავდაპირველ უარს მის მიღებაზე: ,,მდუმარე და უზრუნველი ცხოვრების სიყვარული და ასეთი ცხოვრების სულიერი ნაყოფები ჩვენს მამებს ხშირად ავიწყებდნენ ხოლმე ერთმანეთისადმი სიყვარულსა და დახმარების კანონს: ვერ ელეოდნენ ღმერთთან საწადელ,  ,,ერთი ერთზე“ ურთიერთობას. ასეთი მოღვაწეების გაგება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს ამის გამოცდილება. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მამებმა თავდაპირველად უარი მითხრეს: არც ადგილი გვაქვს აქ შენთვის და ჩვენი ცხოვრების წესიც მკაცრიაო. მაგრამ მე იმედი არ დამიკარგავს და ბერს პირობა მოვაცემინე, რომ ჯერ ილოცებდა და მერე მიპასუხებდა. ხოლო როდესაც ჩვენი მომდევნო შეხვედრის დროს მაუწყა, რომ თავისთან მტოვებდა (რასაც სულმოუთქმელად ველოდი), მაშინ ჩემ უღირსისთვის ცხოვრების ახალი გვერდი გადაიშალა. არანაირი ეჭვი და გაუგებრობა აღარ მაწუხებდა, არამედ რწმენის სისავსითა და გულსავსეობით ვცხოვრობდი, რადგან მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი, რასაც ველოდი და რაზედაც ვოცნებობდი“.

დიდი იყო მამა სოფრონის სიხარული კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ,,სულიერ ცხოვრებაში წარმატება აბსოლუტურადაა დამოკიდებული გამოცდილ სულიერ მოძღვარზე. არ ვიცი, ვაჭარბებ თუ არა ჩემი ასეთი დასკვნით, მაგრამ ამ აზრსი ღრმად ვიყავი დარწმუნებული და მონაზვნური ცხოვრების სხვა არანაირი გზა არ მიზიდავდა. ამიტომაც ვთქვი: ჩემი ცხოვრების ახალი გვერდი გადაიშალა-თქო.

ნეტარი ბერი იოსები მონაზვნობის ყველაზე რთული სახის – აბსოლუტური მდუმარების და უზრუნველობის წარმომადგენელი იყო. მისი ცხოვრების რამდენიმე აღწერილობა არსებობს. იგი გახლდათ წმინდა მთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღვაწე. ამიტომაც ამბობდა ბერი ემილიანე სიმონპერტელი: ,,ათონმა 200 წელიწადში ერთხელ მაინც რომ შვას ასეთი ადამიანები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის თავის მისიას საუკეთესოდ ასრულებს“.

ბერი იოსებ ისიქასტი და მისი საძმო

წმინდა იოსებ ისიქასტი (1897-1959), ერში ფრანცისკო კოტისი, მატერიალურად ღარიბი, მაგრამ სულიერად მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ. ცხრა და-ძმიდან მეხუთე იყო. როდესაც დაიბადა, დედამისს ღმერთისგან სასწაულებრივად ეუწყა, რომ მისი ძე უფალს მიუძღვნიდა თავს. ოცდასამი წლის ასაკში, ათენში მუშაობის პერიოდში, წმინდა მამების სიტყვებისა და ბიოგრაფიების კითხვა დაიწყო. მალევე, ერთი საოცარი ჩვენების მეშვეობით, საღმრთო მოწოდება მიიღო: უფალი მას იწვევდა, რომ „სამეფო სასახლეში“ ემსახურა.

ამ შემთხვევის შედეგად საღმრთო მადლისგან ამა სოფლის ამაოების შეგრძნების ნიჭი მიეცა. იგრძნო ძალა წარმავალი ცხოვრების უგულებელყოფისა. მას მერე ამქვეყნიური საქმეები მის გულს აღარ შეხებია. ქალაქის შფოთს გაურბოდა. ათენის გარეუბნებში, დაუსახლებელ ადგილებში გადიოდა და იქ დროს მარხვითა და მღვიძარებით ატარებდა. მალე დაიწყო ფიქრი უდაბნოზე, სადაც სულიერი მოღვაწეები ცხოვრობდნენ. ოცდაოთხი წლისა იყო, როდესაც 1921 წელს ათონის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა ათონის მთის მკაცრ ადგილებში დასახლებულიყო.

თავდაპირველად კატუნაკებში გაიცნო მწიგნობარი, გონიერი, სულიერი და უაღრესად გამოცდილი მოღვაწე, დანიელთა საძმოს ფუძემდებელი,ღირსი დანიელ კატუნაკელი. შემდეგ ვიგლას უკაცრიელ მიდამოებში გადავიდა, რათა უფრო მკაცრად ეღვაწა. სურდა ერთი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეერჩია, გასცნობოდა სულირ მეუდაბნოე მოღვაწეებს და მათგან მდუმარების ათონური წესები ესწავლა. ღმერთმა კი სხვანაირად, განსაკუთრებულად განაგო მისი ცხოვრება: იმას, რასაც ეძებდა, ადამიანური საშუალებით კი არ მიაღწია, არამედ თავად საღმრთო მადლმა უბოძა გონებისმიერი ლოცვის ნიჭი; თანაც, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისშივე მიეცა ის, რასაც უმეტესობა მრავალწლიანი და მძიმე მღვაწეობის შედეგად აღწევს.

1923 წლის ფერისცვალებას ათონის მწვერვალზე სხვა მამებთან ერთად ავიდა. იქ გაიცნო თავისი მომავალი განუყრელი მეგობარი და თანამოღვაწე მამა არსენი. ეს უკანასკნელი, წარმოშობით პონტოელი, უზომოდ უბრალო და უბოროტო ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე  დიდსქემოსანი მონაზონი იყო, ახალგაზრდა ფრანცისკოს მორჩილი გახდა, რადგან დარწმუნდა, რომ იგი დიდი სულიერი ძალის, გონიერებისა და საღმრთო მოშურნეობის კაცი იყო. ერთობლივად გადაწყვიტეს, რჩევის მისაღებად ბერ დანიელ კატუნაკელისთვის მიემართათ. ამ უკანასკნელმა ურჩია, მოძღვარი ეპოვათ და მას დამორჩილებოდნენ. ახალგაზრდებმა გაუგონეს და ხარების სახელობის მეზობელი კალივის ბერებს -ეფრემსა და იოსებს დაემორჩილნენ. ოთხი წლის შემდეგ, 1925 წლის 18/31 აგვისტოს, ბერმა ეფრემმა ფრანცისკო დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად იოსები დაარქვა. მსახურება წმინდა ათანასე ათონელის გამოქვაბულში შესრულდა იქაური მღვდლის, ვინმე მამა ექვთიმეს მიერ. მამა იოსები მაშინ 28 წლის იყო, ხოლო გონიერება მოხუცი კაცისა ჰქონდა.  ასეთი სულიერი გამოცდილება და საღმრთო გამოცხადებები კი თვით მეტად გამოცდილ ბერებსაც კი იშვიათად ჰქონიათ. საერთო ღამისთევებზე არ დადიოდა, მაგარამ, სამაგიეროდ, მარტოს ყოველდღე ექვსი საათის განმავლობაში შეეძლო გონებისმიერად ელოცა. დიდი სულიერი გამოცხადებების ღირსი გახდა: ამით ღმერთის მადლმა დასაწყისიდანვე გაუძლიერა საღმრთო მოშურნეობა, გონება გაუნათა, რათა მოგვიანებით ბოროტი სულების მიერ აღძრული სასტიკი განსაცდელების გადალახვა შესძლებოდა.

იმის გამო, რომ ადამიანები მდუმარე უზრუნველ ცხოვრებას უფერხებდნენ, 1928 წელს ახალგაზრდა მოღვაწეებმა წმინდა ბასილის სკიტში გადასვლა გადაწყვიტეს. იმავე მიზეზით 1938 წლიდან იქიდანაც წავიდნენ და წმინდა ანას მცირე სკიტში დასახლდნენ. განსაკუთრებით წმინდა ბასილის სკიტში გაუჭირდათ, სადაც იმხანად თავისუფალი კალივები არ მოიპოვებოდა და იძულებული გახდნენ ახალი აეშენებინათ, თანაც იმ მიუვალ ადგილებში არ მოიძებნებოდა მშენებლობისთვის საჭირო მასალა. ამ დრისთვის ორივე უხუცესი ბერი გარდაიცვალა: მ. იოსები-ჯერ კიდევ კატუნაკებში ცხოვრების დროს, ხარების კალივაში; ხოლო მ. ეფრემი-წმინდა ბასილის სკიტში (ამ უკანასკნელმა წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება). ამიტომ ახალგაზრდა მოღვაწეები დროდადრო თავიანთ სახელდახელოდ აშენებულ კალივებს ტოვებდნენ ხოლმე და სრულიად თავისუფლები ათონის მწვერვალის გარშემო ბინადრობნენ, ყოველგვარ მიწიერ საზრუნავს მოშორებულნი.

1929 წელს მამა იოსები მამა არსენისთან ერთად ათონიდან გავიდა, რათა მონაზვნად აღეკვეცა თავისი დედა, რომელიც მაშინ 62 წლის იყო. მარიამის მაგივრად აგათანგელი ეწოდა. იგი თავის ქალიშვილ ერგინას სახლში ცხოვრობდა პირეაში. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში, 1934 წელს, მეორე ასულის, მარუსოს სახლში. დედის აღკვეცის შემდეგ მამებმა კუნძულ ეგინაზე მოინახულეს ბერი იერონიმე და მონაზონი ევპრაქსია-მამა არსენის და (რომელიც ამ ბერს ემსახურებოდა). მამა იოსების საუბარი ბერ იერონიმესთან გახდა იმის მიზეზი, რომ ამ უკანასკნელმა მდუმარებით ცხოვრება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ , მამა არსენის სხვა ნათესავები მოინახულეს, რომლებიც დრამაში დასახლებულიყვნენ. მათ შორის, მამა არსენის ძმა ლეონიდე და მისი ვაჟიშვილი-მამა არსენის ნათლული ხარლამპი, შემდგომში მ. ხარლამპი.

სულიერად მამა იოსები ძალებს ბერ დანიელ დაყუდებულთან აღსარებითა და საუბრით იკრებდა. ეს მოღვაწე დიდი ლავრის წმინდა პეტრეს კათიზმაში მარტომყოფობით მოღვაწეობდა. თავისი სამყოფელიდან არასდროს გადიოდა, მუდამ მღვიძარებასა და იესოს ლოცვაში იყო. ლმობიერების ცრემლებით სავსე, მრავალი საათის განმავლობაში ყოველდღე წირავდა. დიდმარხვაშიც პირველშეწირულის ლიტურგიას ყოველდღე ასრულებდა. ჩვენმა მოზღვარმა იოსებმა, ბერ დანიელის ტიპიკონის გავლენით, ჩვენც გადმოგვცა დიდმარხვაში პირველშეწირულის ყოველდღიური წირვის ტრადიცია.

ღირსი იოსები დარწმუნდა, რომ ბერი დანიელი მართლაც წმინდა კაცი იყო და ამიტომ სთხოვა, უფლება მიეცა, რომ დროდადრო მის წირვას დასწრებოდნენ და აღსარება ეთქვათ (წმინდა ბასილის სკიტი არცთუ ისე შორს იყო მათი სამყოფელიდან). ბერი დათანხმდა. იმდენად უხვად და მუდმივად ჰქონდა საღმრთო მადლი მამა დანიელს, რომ შორეულ და უცნობ მოვლენებს დეტალურად იგებდა. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, დაუძლურებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოდნავადაც არ შეუცვლია ცხოვრების განაწესი.

მიახლოებით 1935 წელს, ოცდათვრამეტი წლის ასაკში, მონაზვნობაში გატარებული თოთხმეტი წლის შემდეგ, წმინდა იოსებს უკვე ასკეტური ცხოვრების საკმაო გამოცდილება ჰქონდა. სულიწმინდის მადლი მუდმივად სუფევდა მის სულში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველნაირად ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, დიდი მოღვაწის სახელი მაინც მალე გაითქვა. აგრეთვე, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა მონაზვნები და ერის ხალხი სთხოვდნენ, რომ ისინი მორჩილად დაეტოვებინა. ბერი თავისი ღრმა სიმდაბლისა და სიყვარულის გამო თავდაპირველად ყველას იღებდა, მაგრამ მალე იმაშიც დარწმუნდა, რომ, თუმცა ადამიანებს კეთილი განზრახვა ჰქონდათ, მისი მკაცრი განაწესის დაცვა არ შეეძლოთ. ხოლო იმის ნაცვლად, რომ წასულიყვნენ, თავად ბერს აიძულებდნენ მოღვაწეობის პრინციპები შეერბილებინა. ამან მას ისეთი დიდი სირთულეები შეუქმნა, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და იმდენად დაღალა, რომ საჭირო გახდა თავად უფალი გამოცხადებოდა და ნუგეში ეცა მისთვის: ჯვარზე გაკრულმა უფალმა შეჩივლა – „ხედავ, რა დავითმინე თქვენთვის?  თქვენ კი ასე ადვილად იღლებით“. მაშინ ბერს ცრემლები მოეძალა, ხოლო სული მადლიერებით აევსო, და კიდევ ერთხელ შეიგრძნო რა ადამიანური ბუნების უძლურება, უფალს სთხოვა: „უფალო, დაგვეხმარე ცოდვილებს და ნუ მიგვატოვებ“.

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც აღმოაჩნდათ უნარი, არა მარტო მოესმინათ მისი სწავლება, არამედ მდუმარებით ცხოვრებასაც შესდგომოდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ღირსი ეფრემ კატუნაკელი, რომელიც 1935 წელს წმინდა ბასილის სკიტში დიდი იოსებისგან ეზიარა ასკეტური ცხოვრებისა და საღმრთო მადლის საიდუმლოებებს (სხვათა შორის, ამის გამო ის მას „მასწავლებელს“ უწოდებდა). მამა ეფრემი იმხნად მორჩილი იყო. მისი ფორმალური მოძღვარი, ბერი ნიკიფორე, მონაზვნურ ცხოვრებაში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ახალგაზრდა მორჩილს ხელს არ უშლიდა სულიერ მოძღვრად წმინდა იოსები ჰყოლოდა. მოგვიანებით სწორედ ბერი ეფრემი გახდა ჩვენი თაობის სულიერი გამამხნევებელი თავისი ცხოვრების მაგალითით, სიტყვითა და საღმრთო ნიჭებით.

ბერ იოსებს, სანამ წმინდა ბასილის სკიტში გადავიდოდა, ბერ ნიკიფორეს საძმოსთან კეთილმეზობლური და თბილი უთრთიერთობა ჰქონდა. ახალგაზრდა ეფრემის მოსვლამდეც კი მამა ნიკიფორეს კალივისთვის გაუგზავნა გარკვეული ნივთები. ხოლო სანამ მ. ეფრემი მღვდელი გახდებოდა, ბერ იოსებთან წმინდა ბასილის სკიტში სწორედ მამა ნიკიფორე ადიოდა ხოლმე წირვის აღსავლენად და თან მ. ეფრემიც მიჰყავდა. ბერი იოსები პირველი მონაზონი იყო, რომელიც ახალგაზრდა ეფრემს მხოლოდ სულიერ თემებზე გამოელაპარაკა. ასე გაიცნეს ერთმანეთი.

მამა ეფრემმა ბერ იოსებს გაანდო, თუ რა სულიერი მდგომარეობა და გამოცდილება ჰქონდა. მოძღვარი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე ნამდვილი სულიერი მეომარი იდგა, რომელსაც ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ საკუთარ თავში სულიწმინდის ნიჭები აეღორძინებინა. მისი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ თვითონაც გამოუცდელი იყო და გამოცდილი სულიერი წინამძღოლიც არ ჰყავდა. ასეთ შემთხვევაში კაცი ადვილად შეიძლება დაიკარგოს მონაზვნური ასპარეზის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე. წმინდა იოსებს კი უკვე ჰქონდა სულიწმინდის მიერ განათლებული გონებაცა და მდიდარი გამოცდილებაც. იცოდა, თუ როგორ უნდა მოიხვეჭოს კაცმა სათნოებები, როგორ მიიღოს და როგორ შეინარჩუნოს სულიწმინდის მადლი. ამ ყველაფერს იგი თავის მოწაფეს ასწავლიდა.

დაიწყო თუ არა მამა ეფრემმა ბერ იოსების მიერ მიცემული ლოცვის კანონის ყოველდღიური შესრულება, მის თვალთაგან ლმობიერების ცრემლებმა მდინარესავთ იწყო დენა; გული ქრისტეს სიყვარულით აენთო. მაშინ ბერმა უფრო დიდი კანონი მისცა და ამგვარად სულ სამიოდე თვეში მამა ეფრემი სულიერი მოშურნეობითა და საღმრთო მადლით აღივსო, ცეცხლოვანი ანგელოზივით გახდა. თავდაპირველად თავის მასწავლებელთან კვირაში ერთხელ ადიოდა, მოგვიანებით კი ოთხჯერ დაიწყო სიარული: სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. ღამღამობით დაუღლელად ადი-ჩამოდიოდა – ოღონდ კი მოძღვართან ეწირა და ის ეზიარებინა. ასეთი მდგომარეობა მამა ნიკიფორესაც ხელს აძლევდა, რამეთუ ხედავდა, რომ ამ ურთიერთობის წყალობით მამა ეფრემი უფრო და უფრო გამგონე და მშვიდი ხდებოდა. ყოფით ცხოვრებაში მის მორჩილებაში იყო, საძმოს გულმოდგინედ ემსახურებოდა, იღლებოდა, უდრტვინველად შრომობდა. ამგვარი მოწამეობრივი, ძალიან რთული მორჩილების წყალობით, სიმდაბლისა და სიყვარულის დიდ საზომს მიაღწია. ასე ჩაუყარა ბერმა იოსებმა ახალგაზრდა მონაზვნის მოღვაწეობას სწორი სულიერი საფუძველი. მოგვიანებით სწორედ ამ საფუძველს დაემყარა ღმერთის საიდუმლოებების მდიდარი გამოცდილება.

ამასობაში კი წმინდა იოსებს მდუმარებისთვის შესაფერისი პირობები ისევ მოაკლდა და ამიტომ გადაწყვიტა,  კიდევ ერთხელ შეეცვალა ადგილსამყოფელი: გადავიდნენ წმინდა ანას მცირე სკიტის ვიწრო გამოქვაბულებში, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რომ მათთან ერთად ვინმე სხვაც დარჩენილიყო. ეს გამოქვაბულები ნეტარი მოძღვრის, მამა საბას სოხასტერის დაბლა მდებარეობდა. მანამდე იქ ვიღაც რუს მონაზვნებს ეცხოვრათ. მიუხედავად ამისა, როდესაც 1938 წელს ჩვენი მამები წმინდა ბასილის სკიტიდან იქ გადავიდნენ, მხოლოდ რაღაც ნანგრევები, ნახევრად დაშლილი მცირე ცისტერნები და მიწის გასამაგრებლად აგებული დაშლილი ქვის კედლები დახვდათ. სამაგიეროდ, ეს ადგილი მყუდრო, უკაცრიელი და ბევრისათვის უცნობი იყო. ერთ-ერთ გამოქვაბულში მამებმა ძლივძლიობით ააშენეს პატარა ეკლესია და იგი საძმოს საყვარელ მფარველს, იოანე ნათლისმცემელს მიუძღვნეს. ამ ეკვდერში იმდენჯერ და ისე საგრძნობლად განიცადეს მადლის მოხილვა ბერმა იოსებმა, მამა ეფრემ კატუნაკელმა და საძმოს სხვა წევრებმა, რომ მასში დღემდე კეთილსურნელება იგრძნობა.     ასეთივე მადლიანი ეკლესიაა წმინდა ბასილის სკიტშიც, ისიც იოანე წინამორბედის სახელობისა. როდესაც ბერმა ეფრემ კატუნაკელმა ეს მიტოვებული ეკვდერი უკანასკნელად მოინახულა, ცრემლები ნიაღვრად წამოუვიდა და თანამგზავრს უთხრა: „საუკუნოდ იყოს მისი ხსენება! საუკუნოდ იყოს მისი ხსენება! ამ ადგილას მადლით გავძეხით! გავძეხით მადლით! სამი წელი ბერი იოსების გვერდით ისეთი წყალი ვსვი! სამოთხის წყალი! წმინდა ბასილის სკიტის ეკლესიაში რა მადლი იყო! რა სულიერი მდგომარეობები! რა განცდები! რა საიდუმლოები! რა გამოცხადებები! გეგონებოდა, ბუჩქები, კლდეები და მთელი ბუნება ღმერთს ადიდებს და უგალობსო“.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020