წმინდა ეფრემ კატუნაკელის სტუმრობები ვატოპედში
ღირსი ეფრემი, როგორც ვთქვით, ლოცვისა და ზებუნებრივი ნიჭების წყალობით, ბერ იოსებისა და ჩვენი საძმოს სულიერ ცხოვრებას თვალს ადევნებდა. ორჯერ მოგვინახულა. სანამ ვატოპედი კინობიად გადაკეთდებოდა, ჩვენი მოძღვრისთვის იმ რთულ დროს თავის სულიერ ძმასთან შეხვედრა დიდი ნუგეში იყო. მისი განჭვრეტის ნიჭისა და დარიგებების მეშვეობით დიდ სარგებელს ვიღებდით. მახსოვს, როდესაც ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატ „პარამითიას” (ნუგეშს) ემთხვია, ხმამაღლა თქვა: „დედაო ღმრთისმშობელო, თუ მთელი ათონის მთა შენი ბაღნარია, აქ შენი საყდარია“.
ერთ-ერთი სტუმრობისას მ. ეფრემმა ასე დაგვარიგა: „წმინდა პახომი ამბობდა: „ლოცვითა მამისა ჩემისა პალამონისითა”[1]. მამებმა იცოდნენ, რასაც ამბობდნენ. ჩვენც ბევრი სასწაული გვინახავს, რომლებიც ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. მონაზვნისთვის მთელი სამყაროს ლოცვას არ აქვს ისეთი ძალა; როგორიც მოძღვრის ლოცვას, აიღე მოძღვრის ლოცვა-კურთხევა? მაშინ ნურაფრის გეშინია. ის, ვინც თავისი მოძღვრის მორჩილებაშია, ქრისტეს ჰბაძავს, რომელიც თავისი მამის მორჩილებაში იყო. ამიტომაც ქრისტე ვალდებული ხდება დალოცოს ის, ვინც მას ჰბაძავს… თუ რა უნდა ღმერთს თქვენგან, მოძღვრის ბაგეებიდან გაიგებთ. ის, რაც მოძღვრის ბაგეებიდან გამოდის, თქვენთვის ღმერთის ნებაა… ხშირად ჩვენც, მოძღვრებიც ვუშვებთ ხოლმე შეცდომას, მაგრამ შენ, თუ მაინც გაიგონებ და მორჩილებას გამოიჩენ, შენთვის სასარგებლო იქნება. ცუდი არაფერი მოგივა. მორჩილებიდან ცუდი არაფერი გამოვა, რადგან ქრისტეს მიბაძვაა”[2].
ბერი თავის სიტყვებს მისი წმინდა მოძღვრის სწავლებიდანაც ამოწმებდა: „ბერი იოსები გამოირჩეოდა დაყუდების იშვიათი ღვაწლით, ის გონებისმიერი ლოცვის უდიდესი მოღვაწე იყო. მიუხედავად ამისა, არც მდუმარებაზე ამახვილებდა ჩვენს ყურადღებას და არც გონებისმიერ ლოცვაზე, არამედ მორჩილებაზე. მორჩილებ? სამოთხეში წახვალ. ურჩობ? ვერც იმას გაიგებ, გონებისმიერი ლოცვა რა არის, ვერც ეზიარები, ვერც წირავ, არამედ ჯოჯოხეთისთვის ხარ გამზადებული. აი ადამი, აი წინასწარმეტყველი ელისე და აი გეეზი[3]. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ღმერთს ყველაზე იშვითად სათნოეყოფა მორჩილება. სხვა სათნოებები, რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან, მაგრამ სხვა არცერთ სათნოებას არ აქვს ისეთი ძალა, როგორიც მორჩილებას. ამიტომ ყველაზე მეტად მორჩილების შეძენაზე იზრუნეთ”.
ზოგჯერ კი, წმინდა ბერი მარტივ საუბრებში თავის სულიერ ნიჭებს ამჟღავნებდა, რათა სულიერი სარგებელი მიგვეღო. ერთ მაგალითს მოვიყვანთ:
– აბა, მითხარი, შენ, მამაო… რა ნათელია, მკერდში რომ გინათებს? – მიმართა ერთ ძმას.
– დიდი სქემაა, მამაო.
— რაო, რა არისო?
—დიდი სქემა.
– სქემას მეც ვხედავ, სხვა რამეზე გეკითხები. დიდი სქემა წითელი ფერისაა, მე კი თეთრ სინათლეზე გეკითხები. ეგ რა არის?
—არ ვიცი. რა ნათელია?
—შენ გაქვს და არ იცი?! მე გეტყვი. ეგაა წმინდა ნათლობა, ის მადლი, რომელიც წმინდა ნათლობაში მიიღე.
– ჩანს?!
– კი. მაგრამ შენ ის მითხარი, იმ ნათელში რა წერია? რა სიტყვაა შიგნით? რა წერია?
– …არ ვიცი, მამაო. ვერაფერს ვხედავ.
— შენ გაქვს, მე კი შენზე კარგად ვიცი რა არის ახლა აგიხსნი. იმ ნათელში წერია სახელი „იოსები“. როგორც ჩანს, შენი მოძღვარი გიყვარს. შესაშური საქმეა, სანატრელი კაცი ხარ, რომ წმინდა ნათლობის ამ მადლში შენი მოძღვრის სახელი ჩაგიწერია”[4].
იცით რას გეტყვით? ჩვენზეა დამოკიდებული, მადლს, რომელსაც ნათლობაში ვიღებთ, გავზრდით თუ შევამცირებთ თუ დღეს ხუთი ქულა გვაქვს, ხვალ შეგვიძლია ათი, ოცდაათი, ორმოცდაათი, ასი ქულა გავხადოთ. ასევე ჩვენზეა დამოკიდებული, ეს მადლი რვა გახდება, ხუთი, სამი, ორი თუ ერთი.
მადლი იმის მიხედვით მოგვიხილავს, თუ როგორი ნდობა, რწმენა, მოკრძალება, პატივისცემა და თავგანწირვა გვაქვს მოძღვრის მიმართ. ეს ნათელი იმდენად გაიზრდება, რამდენადაც დავემორჩილებით მოძღვარს და არა მხოლოდ მოძღვარს, არამედ თითოეულ ძმას. უფრო დიდ გასამრჯელოს, უფრო დიდ სულიერ სარგებელს იღებს ის, ვინც მორჩილებს. ვიდრე ის, ვინც ბრძანებებს გასცემს. რა თქმა უნდა, ისიც, ვისაც ბრძანების თქმა ავალია, თავის გასამრჯელოს მიიღებს, მაგრამ ვინც მორჩილებს, უფრო მეტი ექნება, რადგან მორჩილება ქრისტეს მიბაძვაა. ამ ძმას ეტყვი თუ არა „ბერი იოსები“, იმწუთას სიხარულით ივსება. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი მოძღვარი უყვარს. მოძღვარს არ ამწუხრებს – და ამის თქმაც კი არ მინდა – არ განიკითხავს. ერთი სხვა ძმაც არის აქ, რომელიც მოძღვარზე სულ ჩივის. რატომ ჩივი? ასეთი მოკრძალება გაქვს მისდამი? სულ საჩივრები და საყვედურები. რატომ? იმიტომ, რომ მოძღვარი არ გემორჩილება ისე, როგორც გინდა. ამიტომაც, როგორი მორჩილებაც გაქვს, მოკრძალებაც ისეთი გაქვს”[5].
ბერმა ეფრემმა საძმოს მოუთხრო თავისი სულიერი განცდების შესახებ. და როგორც თავადვე აღნიშნა, იმავეს გრძნობდნენ წმ. იოსებ ისიქასტის საძმოს სხვა წევრებიც: „როდესაც დიდი ბერი უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მითხრა: „მამაო, აქედან რომ წავალ, გამოგივლი და დაგემშვიდობები“. იყოს კურთხეული-მეთქი, მივუგე. მასთან სისტემატურად მივდიოდი: თხუთმეტ დღეში ან თვეში ერთხელ. როდესაც ღმრთისმშობლის მიძინება დადგა. ვიფიქრე: „ისინი, ალბათ, დღეს მცირე ღამისთევას გადაიხდის მ. ათანასეს (წმინდა იოსების ძმის) კალივაში, რომელიც ღმრთისმშობლის მიძინებისადმია მიძღვნილი. გვიან დაამთავრებენ, დაიძინებენ, დაისვენებენ”. მეც ვწირე იმ დღეს საჭმელი მოვამზადე, ვჭამეთ და ნელ-ნელა გზას გავუდექი. როდესაც წმინდა ანას სკიტის კირიაკონს მივაღწიე, ვიღაც ერის ხალხი შემხვდა და გამოვესაუბრე. მაშინ მამა ტიმოთე (ამჟამად მ. იოსები) მოვიდა და მეუბნება: „გამომყევი: ბერი წავიდა“. „წავიდა?” – ვეკითხები… წავიდა იქ, სადაც მისვლა სწყუროდა მთელი ცხოვრება, მაგრამ დაგემშვიდობებიო რომ მითხრა, ეგ სადღაა-მეთქი, ვიფიქრე, მოკლედ, წავედი. როცა მივაღწიე, უკვე შეეხვიათ, გაეკერათ[6] და ხარების კალივაში დაებრძანებინათ. მივედი და მეც ვემთხვიე.
მეორე დღეს წავედი, რათა, ასე ვთქვათ, ერთი ნიჩაბი მიწა მეც მიმეყარა. მეორე დღეს კი უკან გამოვბრუნდი. კიდევ იმას ვფიქრობდი, თუ რატომ არ დაიცვა თავისი სიტყვა, მოვალ და დაგემშვიდობებიო. ეს არ მესმოდა. გავიდა 5, 10, 30 დღე. ერთხელაც, როდესაც ვიჯექი და ხელსაქმეს ვაკეთებდი, უეცრად კეთილსურნელება ვიგრძენი. გამიკვირდა. რა სურნელებაა-მეთქი, ვიფიქრე. იქნებ, ჩემი მოძღვარი – მამა ნიკიფორე – მაღლა, მეორე სართულზე მწუხრს კითხულობს და აკმევს-მეთქი. კი მაგრამ, მწუხრის დრო არ არის. ხელსაქმეს თავი დავანებე და ეკლესიაში ავედი. ტაძარში არავინ იყო, ცარიელი დამხვდა. ისევ უკან ჩამოვედი და გულში მეუწყა: „ბერი მოვიდა, რომ დაგემშვიდობოს“, – იმ წუთში მომივიდა უწყება. დავიწყე დღეების თვლა: ოცდამეცხრამეტე დღე იყო. ჩვენი სარწმუნოებაც ხომ ამას გვასწავლის, რომ მეორმოცე დღეს სული მისთვის განჩინებულ ადგილას მიდის.
ორმოცი დღე სული სხვადასხვა ადგილებში იმყოფება, ხოლი მეორმოცე დღეს ღმერთის საყდარს სცემს თაყვანს ამ მისთვის განჩინებულ ადგილას მიდის, მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: „ბერმა, თავისი სიტყვა მართლაც დაიცვა და დასამშვიდობებლად მოვიდა“. მეორმოცე დღეს არ გვეტირებოდა – როგორც წესით უნდა მომხდარიყო – რადგან მოძღვარი გარდაგვეცვალა. მწუხარებას არ ვგრძნობდით. პირიქით, გვიხაროდა. ვეკითხები ძმებს: „იოსებ, აბა მითხარ გიხარია?” „კი, მიხარია“, მპასუხობს, „თანაც ძალიან“. „შენ, ხარლამპი? შენ, ეფრემ?” ყველას გვიხაროდა. ეს არა მარტო ცხონების, არამედ „გადაჭარბებული ცხონების“ ნიშანია: სიწმინდის ნიშანია. მეორმოცე დღემ რომ ჩაიარა, წავიდა სიხარული, კეთილსურნელება და ყველაფერი. გესმის, მამაო…? შენც ასეთი განწყობა უნდა გქონდეს მოძღვრის მიმართ, მაგრამ შენი ასეთი დამოკიდებულებით არ ვიცი, შორს წახვალ თუ არა…“.
ამის გარდა, კიდევ სხვა მრავალი სულიერი დარიგებაც მოგვცა მამა ეფრემმა. განსაკუთრებით, მწუხარებისა და ჭირის მნიშვნელობაზე მან ასე ილაპარაკა: „სასარგებლოა. ჭირი, კარგია გასაჭირი, ტანჯვა, მწუხარება. ღმერთმა იცის, ამას რატომაც გვაძლევს. რადგან ღმერთს ჭირითა და მწუხარებით უფრო ვუახლოვდებით. „ჭირსა შინა მოგისენეთ შენ“. თუ ღმერთი ცხოვრებიდან ჭირს მოგვაშორებს, მაშინ რა მოხდება? რას ამბობენ მამები? ვინც განსაცდელს გაურბის, რომელიც სასარგებლოა, ის მარადიულ ცხოვრებას გაურბისო. ასეა. ამიტომაც ადამიანმა მხნეობა არ უნდა დაკარგოს, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, როდესაც ხედავს, რომ რაღაც მიზნისთვის უნდოდა მიეღწია და ვერ მიაღწია. წარუმატებლობა წარმატებაა, რადგან არ ვიცით, ღმერთს რა უნდა. როდესაც იცი რა უნდა ღმერთს, ადვილად ითმენ, მაგრამ ღმერთის ნება ყოველთვის ტკბილი არაა, ზოგჯერ მწარეცაა. „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა იგი?” “პეტრე, არ დავლონია სასმელი, რომელიც მამამ მომცა,“ ეკითხება უფალი პეტრეს, და იქვე პასუხობს: კი, უნდა დავლიოო. თანაც, პეტრეს „სატანა” უწოდა, როდესაც მან მისი დაბრკოლება სცადა „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუა იგი?“, მწარეა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჯვარცმას მოჰყვა ალდგომა: „აჰა, ესერა მოიწია ჯვარისა მიერ სიხარული ყოვლისა სოფლისა“[7].
[1] წმინდა პალამონი ღირსი პახომის მოძღვარი და სულიერი აღ მზრდელი იყო.
[2] 1988 წლის 30 აპრილი/13 მაისი.
[3] გეეზი წინასწარმეტყველ ელისეს მსახური იყო, რომელიც მოძ ღვარს ეურჩა და ამის გამო კეთრით დაავადდა.
[4] აქ წმინდა ეფრემი თავის სეხნიას, წიგნის ავტორს ელაპარაკება.
[5] 1986 წლის 30 აპრილი/13 მაისი.
[6] მონაზვნებს მონაზვნურ სამოსში ახვევენ და კუბოს გარეშე მარხავენ.
[7] 1986 წლის 30 აპრილი/13 მაისი.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან www.orthodoxphotos.com