E2533A2E 7A5E 4E7A BD78 892811D12206

წმინდა ალექსი შუშანია – გონიერი ლოცვის შესახებ

თქვენი საკუთარი მოვალეობა და საიდუმლოება საუკუნო ცხოვრების მომნიჭებელად და ღვთისადმი შემაერთებელი არის წირვა და ლოცვა. არ იფიქროთ, რომ მარტო ბერ-მონაზონთა და ეკლესიის მსახურთათვის იყოს საჭირო ლოცვა, არამედ ვითარცა მზე ზეცით-გამო ყოველთათვის ნათლის მოფენითა საჭიროა ცხოვრებისათვის, ეგრეთვე ლოცვა, ზეგარდამო მადლის მომფენი, ყოველი ადამიანისთვის არის საჭირო. თვინიერ ლოცვისა ღმერთს ვერ მიეახლები და ვერც გაიცნობ მისს საიდუმლოებას და ვერც შეიტყობს გული თქვენი მისს სიყვარულს, თუ რომ ლოცვას არ შეიყვარებ.

ლოცვა გინა ვედრება სახეა სიგლახაკისა და სისაწყლისა, რამეთუ არა გვაქვს იგი, რასაცა ითხოვ და ყოველი მთხოვნელი საწყალია, რომლითა მომცემელსა ევედრების. მაშ სიმდაბლით და სისაწყლით წარსდეგ, ვითარცა მეზვერე, თორემ სილაღით და დაუმდაბლებელის გულით ვერ მიიღებ სათხოვარსა, რომლისათვის უნდა მოიძო შენი შინაგანი საუნჯე, სადაცა ურიცხვნი ვნებანი ბუდობენ, რომლითა ტყვე-სული შენი მუნ ტანჯულ არს და მუნით გამო სიღრმითა გულისათა აღმოიოხრე და ღაღადჰყავ მხსნელისადმი, რათა აღმოიყვანოს სული შენი ვნებათა საპყრობილით და მაშინ შეიწირვის ლოცვა შენი ზენასა მას სამსხვერპლოსა, რამეთუ მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი.

თვინიერ ამისა არა სთნდეს მეუფესა გარეგანი მსხვერპლი შენი, რამეთუ იტყვის: ”უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს”, ესე იგი შინაგანის სულის და გულის უმისოდ გარეგანი არა სთნავს; და უკეთუ გსურის ლოცვა შესწირო, ღვთისა გლოვითა იხსენებდი ცოდვათა შენთა, რამეთუ გლოვა ბოქლომი არს გულისა, რომელი დახშავს კარსა გულისასა ამაოებითის სურვილისაგან, ხლო ამისგან ნაშობი სულთქმა კლიტე არს ანუ გასაღები, რომელიც გააღებს კარსა გულისასა და აღმოიოხრებს ვნებათა მიერ წყლულების ტკენასა და ღვთიურად უოხებს გულსა და ესე სულთქმა შეგვამებულ არს ლოცვასა და არს იგი მისთანა ერთ-არსებითი, რამეთუ არცა სულთქმა იპოების ჭეშმარიტი ლოცვის უმისოდ და არცა ჭეშმარიტი ლოცვადარჩენის სულთქმის უმისოდ, არამედ ხსენება ოდენ საყვარელისა იესუსი წამსა შინა ორთა ამათ წარმოშობს და ესე ბეჭედი არს იესუს ლოცვისა აღუხოცელად დასმული სულსა შინა გულის სიღრმეში სამარადისოდ მოძრავი და ესე არს ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვა.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა ალექსი შუშანიას პორტრეტი