arizona 4

წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერი სონორას უდაბნოში (არიზონის შტატი, აშშ) (ნაწილი 2)

ბერდიაკონი ნიკონი(გოროხოვი)

მორჩილება

ყველა მონასტერში ნებისმიერი საქმიანობა წინამძღვრის კურთხევით აღესრულება. შემთხვევითი არ არის, რომ მონასტრების საერთო საცხოვრებლებში ყველა სამუშაოს მორჩილებას უწოდებენ. ეს არა რაღაც კონკრეტული საქმე, არამედ კონკრეტული სულიერი მიზნის მქონე მოქმედებაა, რომელიც საკუთარი ნების უარყოფასა და ღვთის ნების სრულ მორჩილებას გულისხმობს.

მონასტრებში ასეთი წესია: სტუმარი ორი დღე არაფერს აკეთებს, თავის ნებაზეა, ხოლო მესამე დღეს იღუმენი მას მორჩილებას აკისრებს ანუ ის საძმოსთან ერთად შრომობს და მონაწილეობს მონასტრის სხვადასხვა საქმიანობაში. ვიცოდი რა ეს წესი, მამა სერაფიმეს ვთხოვე, რომ იღუმენი მამა პაისისთვის ეკითხა, თუ რა სახის მორჩილებას დამაკისრებდა. შემდეგ დღეს ერთ რუს მორჩილთან გამამწესეს, რომელიც სამი წლის წინ არიზონაში ომსკიდან ჩამოსულიყო და დარჩენილიყო. კონსტანტინე (რუსი მორჩილი) მონასტრის მებაღე გახლდათ და, შესაბამისად, რაც ბაღს ეხებოდა ყველაფერს ის აკეთებდა. ყვავილების მორწყვა, დარგვა, ბუჩქებისა და ბალახის შეკრეჭა, ნაგვის გადაყრა – არიზონის მწველი მზის ქვეშ, დიდ სიცხეში კეთდებოდა. კოსტას გაუხარდა, რომ დამხმარე მიუჩინეს და მალევე ამიხსნა ყველა ის საქმიანობა, რომელშიც დახმარება სჭირდებოდა. მეც მიხაროდა მისი დახმარება, თუმცა სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობდი, რადგან აკლიმატიზაციის პერიოდი ჯერ კიდევ არ მქონდა გავლილი. სექტემბრის ბოლოს არიზონაში, ჩრდილში 35 გრადუსამდეა ტემპერატურა, აგვისტოში კი სიცხე – 48-50 გრადუსამდეც კი ადის. ღამის მსახურება ოთხის ნახევარზე დამთავრდა, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვისაუზმეთ და ოთხ საათზე დასასვენებლად წავედით. მოულოდნელად, რვის თხუთმეტ წუთზე, გამოძინებულსა და ენერგიით სავსეს გამომეღვიძა. ჩაი მოვიდუღე და 07:45 წთ-ზე უკვე კოსტასთან ვიყავი. როგორც ჩანს, კოსტას უკვე კარგა ხნის გავლილი ჰქონდა აკლიმატიზაცია, რადგან იმ საშინელ სიცხეში წყალს საკმაოდ იშვიათად სვამდა. იქ, უაღრესად დაბალი ტენიანობის ადგილას, ყველას ერთი ჩვეულება აქვს: ვინც ღია ცის ქვეშ მუშაობს, 2-3 ლიტრის ტევადობის თერმოსებს ატარებს, რომლებშიც ცივი წყალი უსხია და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სვამს, რომ გაუწყლოება თავიდან აირიდოს. საბედნიეროდ, მონასტერში ცივილიზაციის ყველა სიკეთეა: კონდიციონერი, შხაპი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ელექტრო გამათბობელი, ყველაფერი გამართულად მუშაობს. ტაძრებსა და ოთახებში ცენტრალური კონდიცირებაა ჩართული, რომელიც ისე აგრილებს გარემოს, რომ ღამე თბილი გადასაფარებლით დაძინება გიწევს. მეორე დღეს, კოსტას ბუჩქების შეკრეჭაში ვეხმარებოდი. შემდეგ სირიელ მამა იოანეს, ეზოს მოსუფთავებაში დავეხმარე, იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო მისული მონასტერში. მუშაობა სადილამდე გაგრძელდა. სადილი მონასტერში ყოველთვის თორმეტის ნახევარზე იწყება. შემდეგ, შეგიძლია დაისვენო და ძალები მოიკრიბო. საძმო და ყველა სტუმარ-მომლოცველი საერთო ტრაპეზზე მონასტრის უბრალო საკვებს იღებს, რომელსაც საძმოს წევრებიდან ერთ-ერთი ამზადებს. სტუმრები კი მაგიდის გაშლასა და ალაგებაში ეხმარებიან.

arizona 2
ფოტო N1- წმინდა ანტონი დიდის მონასტრის ეზო, არიზონა, აშშ

მესამე დღეს ადგილობრივი ხეების – მერიდას პლანტაციაში ვმუშაობდით. გასაოცარი ის იყო, რომ ჩვენთან ერთად მონასტრის იღუმენი – მამა პაისიც შრომობდა. ის კანადელი ბერძენი გახლდათ, რომელიც ათონზე ჩავიდა, მამა ეფრემის სულიერი შვილი გახდა, აღიკვეცა ბერად და ფილოთეოსის მონასტერში დარჩა. როდესაც მამა ეფრემმა ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტა, მამა პაისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. მას კი უპასუხია, – “მამაო, თქვენი მორჩილი ვარ და როგორც მაკურთხებთ, ისე მოვიქცევიო’’. ასე წამოჰყოლია აშშ-ში მამა პაისი თავის სულიერ მოძღვარს.

სონორას უდაბნოში ჩამოსულმა ხუთმა მონაზონმა მამაცურად დაიწყო იქაურ სირთულეებთან შერკინება და ხუთ წელიწადში მონასტრის მშენებლობა მთლიანად დაასრულა. მამა პაისი დაახლოებით 55 წლისაა. ის ყველაფერს ასწრებს და შრომაში საძმოს არაფრით ჩამოუვარდება, რის გამოც ის ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. გარდა ამისა, მამა პაისი მამა ეფრემს უცხოელი სტუმრების მიღებაში ეხმარება.

სწორედ მამა პაისი ხელმძღვანელობდა პლანტაციაში ჩვენს მუშაობას. გულმოდგინედ ვმუშაობდი და თან გონებით “იესუს ლოცვას” ვიმეორებდი. უეცრად კოსტა მომიახლოვდა და მკითხა: – “ მამა პაისის აინტერესებს, ხმამაღლა რატომ არ ლოცულობ?” – თავიდან გამიკვირდა. დავინტერესდი, თუ რატომ იყო საჭირო ხმამაღლა ლოცვა. აქამდე მსგავსი რამ არსად მსმენია და მინახავს. ასე დავიწყე მეც ჩემს ენაზე ხმამაღლა ლოცვა. თითოეული მონაზონი თუ მორჩილი, მუშაობისას საკუთარ მშობლიურ ენაზე ხმამაღლა ლოცულობდა. მამა პაისი ბერძულად, დინჯად წარმოთქვამდა ლოცვის სიტყვებს.

At the Olives 2 876 1920 1200 100
ფოტო N2-ანტონი დიდის მონასტრის ზეთისხილის პლანტაცია, არიზონა, აშშ

კოსტამ მითხრა: “ მამა ეფრემი გვასწავლის, რომ მთავარია “იესუს ლოცვა” ხმამაღლა და რაც შეიძლება შეუჩერებლად წარმოვთქვათ. როდესაც მთელი დღე მისი თანხლებით ვშრომობთ, დიდ სულიერ სარგებელს ვიღებთ და შემდეგ უკვე ძილშიც კი თავისით წარმოითქმებაო’’. “მსგავსი რამ ჯერ არ მიცდია “, – ვიფიქრე. “ასეთი პრაქტიკა რუსეთში საერთოდ არ შემხვედრია. მოდი ისე გავაკეთებ, როგორც მამა ეფრემი ასწავლის. სრულიად ვენდობი მას. ის ხომ თავად წმინდა იოსებ ისიქასტის სულიერი შვილია-მეთქი.” რა თქმა უნდა, ლოცვაზე ჩვენთანაც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. წერენ წიგნებს და ბროშურებსაც გამოსცემენ, მაგრამ არავინ იცის პრაქტიკული მეთოდიკა, თუ როგორ ვისწავლოთ ლოცვა. ყველაზე ხშირად ამბობენ: “ილოცე, ბევრი ილოცე, ეცადე, მოუკლებლად ილოცო და ა.შ’’, მაგრამ კონკრეტულს არაფერს ასწავლიან. აქ კი კონკრეტულ მითითებებს გაძლევენ, გასწავლიან თუ რა და როგორ გააკეთო, შემდეგ კი გმეთვალყურეობენ – სწორად აღასრულებ თუ არა მამათა დარიგებებს. აქ ნებისმიერ დროს შეგიძლია იკითხო და პასუხები მიიღო ყველაზე რთულ და ისეთ პრაქტიკულ საკითხებზეც კი, რომლებიც ლოცვით ღვაწლს ეხება. ისინი ლოცვის ტრადიციის ცოცხალი მატარებლები არიან და ამ ხელოვნებათა ხელოვნებას არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად დაეუფლნენ. ამრიგად, “იესუს ლოცვის” ხმამაღლა წარმოთქმა დავიწყე და თანდათანობით ძალიან მომეწონა, ჩემ გვერდით მყოფი სირიელი მღვდელმონაზონი თავის ენაზე ლოცულობდა.
ასე, საუბრის გარეშე, “იესუს ლოცვის” თანხლებით სადილამდე ვმუშაობდით.

***

შვიდი საათისთვის უკვე სრულიად ბნელა. ძმები კელიებში ნაწილდებიან. დღე ასპარეზს ღამეს უთმობს. პეპლები და ჩიტები იმალებიან და გამოდიან უდაბნოს ღამისეული მკვიდრნი: ტურები, მელიები, გველები და ა.შ

ტრაპეზი

სატრაპეზო საკმაოდ დიდი და ვრცელი შენობაა, სადაც საძმო და სტუმრები დღეში ორჯერ ერთად იღებენ საკვებს. იქვეა სამზარეულოც, რომელიც თანამედროვე მოწყობილობებითაა დაკომპლექტებული და მოუკლებელი “იესუს ლოცვის” თანხლებით შესანიშნავ საჭმელს ამზადებენ.

ეს შენობა დაახლოებით 250-მდე ადამიანს იტევს. გრძელი მაგიდები ხუთ რიგადაა ჩაწყობილი, სამი მაგიდა კი თავში დგას, ისინი განსაკუთრებული სტუმრებისა და მღვდელმსახურებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ მაგიდაზე ორმოცდაათამდე ადამიანი ეტევა. საძმოს წევრები ერთ მაგიდაზე თავსდებიან, ხოლო დანარჩენებზე სტუმრები ნაწილდებიან ხოლმე. ტრაპეზი მანამდე არ იწყება, სანამ თითოეული ადამიანი თავის ადგილს არ დაიკავებს. დაწყებამდე იღუმენი მკითხველს ანიშნებს და ისიც “მამაო ჩვენოს” ამბობს, ასამაღლებლის შემდეგ კი ტრაპეზიც იკურთხება. ათონური მონასტრების ტრადიციით, კერძების თეფშზე გადაღება არ ხდება, აქ უკვე ყველაფერს თეფშზე გამზადებულს გიდებენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რუსული ტრაპეზი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ბერძნული.

Trapeza Work 908 1920 1200 100
ფოტო N3-ანტონი დიდის მონასტრის სატრაპეზო, არიზონა, აშშ

მაგიდაზე დაინახავთ ზეთისხილის ზეთს, მარილს, პილპილს, გრაფინით წყალსა და ხილს. სადღესასწაულო დღეებში მონასტერში დაწურულ ღვინოსაც დებენ ხოლმე. იქვეა მონასტრის საცხობში გამომცხვარი პური, კიტრი, კომბოსტო, მწვანე სალათი და სეზონის მიხედვით, სხვადახვა სახის ხილი. ყველაზე ხშირად ტრაპეზზე მოხარშული ოსპი და ლობიოა. ასევე აკეთებენ ბერძნულ ტრადიციულ, საკმაოდ გემრიელ კერძს: შეფიცხებულ პურში დებენ ბადრიჯნის ნაჭერს, ზემოდან გახეხილ ყველს აყრიან და ღუმელში აცხობენ. ასევე გვხვდება ბრინჯი კრევეტებით და კვერცხი.

ლიტურგიის შემდეგ, საუზმეზე, სტუმრებს პურით, არაქისის კარაქით, თაფლით, ხალვითა და თხილით უმასპინძლდებიან. ხსნილში კი მოხარშული კვერცხითა და რძით საუზმობენ – ეს არის და ეს. კელიაში საჭმლის შენახვა იკრძალება და ამიტომაც, მთელი საძმო ერთდროულად შედის სატრაპეზოდ. დღის განმავლობაში შეგიძლია ჩაი ან ყავა მოიდუღო. თავიდან მეგონა, რომ იქ, რუსულ მონასტრებთან შედარებით, საკვები საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. მშიერი არავინ რჩება, ყველა კმაყოფილია. საძმოდან ზოგიერთი კიდევ უფრო თავშეკავებულად იხმევს ხოლმე. ადგილობრივი განრიგის ზომიერების გამო, ყველა ენერგიულადაა და მოწყენილს ვერავის შეხვდები.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული მთავარი და ფოტო N1 შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

ფოტო N2 და ფოტო N3 გადმოწერილია საიტიდან https://www.stanthonysmonastery.org/.