7A9E7731 9B93 4393 ABC6 8B79B951BC1D

წმინდა ანტონი დიდის შესახებ – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

1981 წლის 18 იანვარი

დღეს ჩვენ ეგვიპტის უდაბნოში მონაზვნური ცხოვრების დამაარსებლის, წმ. ანტონი დიდის, ხსენებას აღვნიშნავთ.

მინდა, თქვენი ყურადღება მისი ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო. ის უდაბნოში იმისთვის განმარტოვდა, რათა საკუთარ გულში დაბუდებულ ბოროტებას შებრძოლებოდა. წმ. მამა ამასოფლისგან კი არ გაქცეულა, პირიქით, იქ საბრძოლველად გავიდა, რათა პირისპირ შებრძოლებოდა იმაზე გაცილებით რთულ, საშინელ და გამანადგურებელ ბოროტებას, ვიდრე გარესამყაროში ვხვდებით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასზე განსაცდელებისა და ბრძოლების საზარელი ქარიშხალი მოიწია. ისიც უკანდაუხევლად, მთელი არსებით იბრძოდა. ბოლოს სულიერი და ფიზიკური ძალები იმდენად ამოეწურა, რომ ღონემიხდილი მიწაზე დაწვა და გრძნობდა, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. ზუსტად იმ საზარელ წამს მის წინაშე თავად ცოცხალი ქრისტე წარდგა. მაცხოვრის გამოცხადებით წყვდიადი მყისვე განათლდა და მთელი ეს საშინელებაც მიიმალა. სრულიად უძლურ ანტონის მის წინაშე თაყვანისცემაც კი არ შეეძლო და სულის სიღრმიდან აღმოთქვა: უფალო, სად იყავი, როდესაც ასეთ საშინელ მტერთან ვიბრძოდი? განა არ შეგეძლო ჩემი დახმარება?! – ქრისტემ უპასუხა: “მე უხილავად შენ გვერდით ვიყავი, შენს სიმამაცეს ვუმზერდი და მზად ვიყავი, ნებისემიერ წამს დაგხმარებოდი, როგორც კი შენი რწმენა შესუსტდებოდა”.

ქრისტეს ეს სიტყვები თითოეულ ჩვენგანს მიემართება. თითოეული ჩვენგანი შინაგან ბრძოლაშია ჩართული: ბრძოლაში წყვიადთან, ბოროტებასთან, შიშთან, გაურკვევლობასა და ჩვენი დაცემული ბუნების ყველა მანკიერ გამოვლინებასთან. თითოეული ჩვენგანი მუდამ ლოცულობს: “მოდი, უფალო! უფალო, ამაცილე ეს ტვირთი! უფალო, გამათავისუფლე”!..

ხშირად შემომჩივლებთ ხოლმე, რომ თითქოს უფალი სულის ამ ამოძახილზე არ გპასუხობთ. სინამდვილეში კი ქრისტე მუდამ ჩვენთანაა და სიხარულით გვიმზერს, როდესაც სიმამაცით, რწმენითა და ერთგულებით ვიბრძვით საკუთარ გულში მისი წმინდა სახელის მოხმობით (იესუს ლოცვით). ამ დროს ვემსგავსებთ იმ მეომრებს, რომლებიც თავიანთი მეფისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და მზად არიან, მისთვის დაიჭრან, დაიხოცონ.

ეს არის სწორედ ჩვენი ადამიანური მოწოდება, რომ, თუ ქრისტესნი ვართ, მაშინ ამ სოფელში ქრისტეს მიერ ვართ წარმოგზავნილნი, რათა მისი წმინდა სახელით ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ეს გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როცა განსაცდელის მძლავრების ქვეშ აღმოვჩნდებით. როდესაც ჩვენი გული აღივსება მწუხარებით, ბოროტებით, შიშით, სიძულვილით და სხვა ნებისმიერი ვნებით, უნდა ვიბრძოლოთ! დიახ, ეს ღვთისგან მოცემული ღირსება, პატივი და დიდებაა, რომ ქრისტე ჩვენ, უძლურ არსებებს, ამ სამყაროში ბოროტებასთან ბრძოლას გვანდობს. ეს ბრძოლა ჩვენ გარეთ კი არ იწყება და სხვა ადამიანთან დაპირისპირებით კი არ გამოიხატება, არა… იგი ჩვენში მიმდინარეობს, საკუთარ თავთან, რათა ქრისტეს მადლით ყველაფერი გადავლახოთ, საკუთარი სულის, სხეულის, გონების, გულის, ნებისა და საკუთარი სიცოცხლის მფლობელები გავხდეთ და ეს ყველაფერი ქრისტეს გადავცეთ, რათა მას ვემსახუროთ მთელი გულით, სულით, გონებით, ნებით და მთელი არსებით, ამინ.

წყარო: https://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ანტონი დიდის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)