წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი e1617390555906

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი – განვიბანები ცრემლით, განვიწმინდები ცოდვების აღსარებით

დაიხურა გრძნობათა კარები – ენა დუმს, თვალები დახუჭულია, ყურს არაფერი ესმის, რაც ჩემს გარეთაა. ლოცვაში ჩაფლული გონება იხსნის ამქვეყნიური ფიქრების უღელს და გულის სენაკში ჩადის. სენაკის კარები დაკეტილია, ირგვლივ სიბნელეა, უკუნეთი წყვდიადი. შეცბუნებული გონება ლოცვით აკაკუნებს გულის კარებზე, მოთმინებით დგას, აკაკუნებს, ელოდება, კვლავ აკაკუნებს, კვლავ ელოდება და კვლავ ლოცულობს. პასუხი არ არის, არავითარი ხმა არ ისმის, მას მხოლოდ მდუმარება და წყვდიადი პასუხობს სამარისებული სიჩუმით. დამწუხრებული გონება შორდება გულის კარებს და მწარე გოდებაში ეძიებს შვებას. მას ნება არ მისცეს მეფეთა-მეფის წინაშე წარმდგარიყო შინაგანი სენაკის წმინდათა-წმინდაში.

რატომ, რისთვის უარგყვეს?
ჩემზე ცოდვის ბეჭედია. ამქვეყნიურზე ფიქრის ჩვევა განმაბნევს. ძალა არ მყოფნის, რადგან ყოვლადწმინდა, ყოვლადსახიერი სული არ მოდის ჩემს დასახმარებლად. მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის საშინელი დაცემით გაწყვეტილი გონების, გულის და სხეულის კავშირის აღდგენა. ამ ყოვლისშმეძლე შემოქმედის შეწევნის გარეშე, ამაოა ჩემი ძალისხმევა! იგი უსაზღვროდ კაცთმოყვარე და მრავალმოწყალეა, მაგრამ ჩემი უწმინდურება ხელს უშლის მას ჩემთან მოსვლაში. განვიბანები ცრემლით, განვიწმინდები ცოდვების აღსარებით, არ მივცემ სხეულს ძილისა და ჭამის საშუალებას, სინანულის გლოვით აღვსილი მივალ გულის კარებთან, იქ დავდგები ან დავჯდები, სახარებისეული ბრმის მსგავსად, მოვითმენ სიბნელეში ყოფნას, სიმძიმესა და მოწყინებას და შევევედრები მოწყალე უფალს: ,,შემიწყალე მე” (მკ. 10. 48).

ჩავიდა გონება, დადგა კარებთან და დაიწყო გოდება. იგი საკუთარ თავს ბრმად მიიჩნევს, რომელსაც არ შეუძლია ჭეშმარიტი, დაუღამებელი ნათლის ჭვრეტა, იგი ყრუ და მუნჯია, რომელსაც არც სულიერი სმენა აქვს და არც ლაპარაკი შეუძლია. ის მართლა გრძნობს რომ არის ბრმა, ყრუ და მუნჯი, დგას იერიქონის კარიბჭესთან, ანუ ცოდვებით დასახლებულ გულთან და ელოდება ხსნას მაცხოვრისგან, რომელსაც ვერც ხედავს, რომლისაც არ ესმის და რომელსაც მხოლოდ თავისი უბადრუკი მდგომარეობით ეხმიანება. მან მაცხოვრის სახელიც კი არ იცის და ღმრთის ძეს დავითის ძეს უწოდებს, რადგან სისხლს და ხორცს არ შეუძლია ღმერთს ღმრთაებრივი პატივი მიაგოს.

მასწავლეთ გზა, რომ მაცხოვართან მივიდე!

ეს გზა ლოცვაა, როგორც წინასწარმეტყველი ეუბნება ადამიანს ღმრთის სახელით და ღმრთის სულით: ,,მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი” (ფს. 49, 23).
მაშინ ქალაქგარეთ გავალ და იერიქონის კარიბჭესთან დავდგები ან დავჯდები, როგორც წმინდა პავლე მირჩევს: ,,აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაი იგი მისი მოვიღოთ” (ებრ. 13, 13).
წარმავალია სოფელი. მასში არაფერი არ არის მუდმივი. იგი ქალაქადაც კი ვერ იწოდება, არამედ ბანაკად. მოვიშორებ ამ ქონების სიყვარულს, რომლის დატოვება ჩემი ნების გარეშე მაინც მომიხდება სიკვდილის ჟამს, ან ამაზე უფრო ადრეც, დავტოვებ ხრწნად ღირსებას და პატივს, დავტოვებ გრძნობებს, რომელნიც ღვაწლის და სულიერი საქმიანობის უნარს მართმევენ, ,,რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ” (ებრ. 13, 14). ეს ქალაქი წინასწარ უნდა განცხადდეს ჩემს გულში მაცხოვრისა და ღმერთის წყალობით და მადლით.

ვინც მიწიერი ცხოვრების ჟამს არ შევა სულით საიდუმლო იერუსალიმში, მას სულის სხეულიდან ამოსვლის შემდეგ, არ ექნება ზეციურ იერუსალიმში შესვლის ნებართვა, რადგან პირველი, მეორის წინდს წარმოადგენს. ამინ.

მთავარი ფოტო: წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)