The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – ვინც სანატრელ ლოცვას მოიპოვებს, ის ღმერთს უახლოვდება

ძილი ბუნების განმამტკიცებელია. ის სიკვდილის სახეა და გრძნობების უმოქმედობაა.
ძილი ერთია, მაგრამ სხვადასხვაგვარია გულისთქმათა მსგავსად. მას იწვევს: ბუნება, საჭმელი, ეშმაკი, ზოგჯერ მკაცრი მარხვაც, რომლის დროსაც ხორცი უძლურდება და შემდგომ ძილით ინუგეშებს თავს.

დავუფიქრდეთ და მივხვდებით: როცა სულიერ საყვირს დასცემენ, ანუ ჟამის ლოცვას დარეკავენ, მაშინ ძმები ხილულად იკრიბებიან ლოცვისთვის, ხოლო მტრები უხილავად – ბრძოლისთვის. აი, ამიტომ ზარის დარეკვის შემდეგ ეშმაკები გარს გვეხვევიან და გვეუბნებიან: „ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველ ფსალმუნს იტყოდნენ და შემდეგ წადი ეკლესიაში!“ ასევე არსებობენ ეშმაკებიც, რომლებიც ლოცვაზე მისულებს ძილით დაგვნთქავენ; სხვებს ხორციელი საჭიროების გამო უჩვეულოდ ხშირად გავყავართ გარეთ; სხვები ეკლესიაში საუბრისკენ გვიბიძგებენ; სხვები ბილწი აზრებით წარგვტაცებენ გონებას; სხვები, როგორც უძლურებს, კედელს მიგვაყრდნობენ და ხშირ უზომო მთქნარებას იწვევენ ჩვენში; ზოგიერთი მათგანი ცდილობს, ლოცვის დროს გაგვაცინოს და ამით ღმერთი განარისხოს ჩვენზე; სხვები დავითნის სწრაფად თქმას გვაიძულებენ, სხვები ჟამნობისას სიამაყეს გვგვრიან, სხვები ჟამნობით ტკბობას აღგვიძრავენ; ასევე, სხვები ბაგეებზე გვასხდებაინ და ლოცვისთვის პირის გაღებას არ გვანებებენ.
ვინც გულში მტკიცედ გადაწყვეტს და იფიქრებს, რომ ჭეშმარიტად ღვთის წინაშე დგას ლოცვის დროს, იგი სვეტივით შეურყევლად იდგება და არანაირი ზემოთქმული ვნება არ შეემთხვევა.

ცეცხლი ოქროს ცდის, ხოლო ლოცვაზე დგომა – მონაზვნის კრძალვასა და სიყვარულს ღვთის მიმართ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინც სანატრელ ლოცვას მოიპოვებს, ის ღმერთს უახლოვდება და ეშმაკებს განერიდება.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ