The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – სიზმრების შესახებ

ვისაც სიზმრების სჯერა, იმ კაცს ჰგავს საკუთარ ჩრდილს რომ მისდევს და მისი დაჭერა მოუწადინებია.
დიდებისმოყვარეობის ეშმაკები ძილში წინასწარმეტყველებენ. ისინი მომავალს გვაუწყებენ, მაგრამ მომავალი მართლა კი არ იციან, არამედ იტყუებიან: ან რამე სხვა საშუალებით იგებენ რაც მოხდება; ან სადმე, სხვა ადგილას გაიგონებენ მის შესახებ, ან ნახავენ და რამდენადაც ხრიკები სჩვევიათ, მაშინვე მოდიან და გვიამბობენ. თუ მათის სიტყვისამებრ მოხდება – გაიხარებენ, და თუ არ მოხდება – არას ინაღვლებენ.
როდესაც ნანახი სიზმარი აგვიხდება გვიკვირს და ძლიერ ვამაყობთ, თითქოს ახლოს ვიყოთ წინასწარმეტყველების ნიჭთან.
ის ხშირადაა იმათი წინასწარმეტყველი, რომლებიც ეშმაკს უჯერებენ; და ყოველთვის მატყუარა ჩანს იმათ თვალში რომლებიც მას არაფრად აგდებენ.
იგი სულია და ხედავს, რაც ჰაერში ხდება. შეიტყობს რა ვინმეს სიკვდილს, მიდის, უგუნურებს უამბობს და უწინასწარმეტყველებს.
ეშმაკებს მომავლის წინასწარმეტყველური ცოდნა არ აქვთ, მისნებსაც შეუძლიათ წინასწარ გამოიცნონ სიკვდილი.
ისინი ხშირად იღებენ ნათლის ანგელოზებისა და მოწამეების სახეს, ძილში გვაჩვენებენ, თითქოს მათთან მივდიოდეთ და როცა ვიღვიძებთ, სიხარულითა და სიამაყით გვავსებენ.

ვისაც სიზმრების სჯერა – სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც მათი საერთოდ არ სჯერა – ბრძენთა ბრძენია.
ის სიზმრები დაიჯერე, რომლებიც სატანჯველსა და სასჯელს გაჩვენებენ; მაგრამ თუ სასოწარკვეთილებამ დაგძლია, იცოდე, რომ ისიც ეშმაკისგან არის.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”