John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – უვნებობის შესახებ

არსებობს უვნებელი ადამიანი, და არსებობს უვნებელზე უფრო უვნებელიც. პირველს ძლიერ სძულს ბოროტება, ხოლო მეორე მეტად მდიდარია სათნოებებით.
ქალწულობის დაცვასაც უვნებობას უწოდებენ, და სამართლიანადაც, რადგან ის არის საყოველთაო აღდგომისა და ამ ხრძნადი ბუნების უხრწნელების წინამსრბოლი.
უვნებობა აჩვენა იმან [პავლე მოციქულმა], ვინც თქვა: „გონებაჲ ქრისტესი გუაქუს“ (1 კორ. 2; 16).

უვნებობაში იმყოფება ის სული, რომელსაც ისევე მხურვალედ სწადია სათნოებები, როგორც ვნებულს — გულისთქმები.

ვინ შეძლებს უვნებობაზე ვრცლად საუბარს? არათუ იგი, არამედ ქრისტე ცოცხლობს მასში (შედ. გალატ. 2; 20), როგორც ამას ამბობს ის, რომელსაც „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“ ( 2 ტიმ. 4; 7).
როგორც მეფის გვირგვინი მხოლოდ ერთი პატიოსანი ქვისგან არ მზადდება, ისე უვნებობა არ მიიღწევა, თუ რომელიმე ერთი სათნოების მიმართ დაუდევრობას გამოიჩენენ.

ჰოი, საყვარელნო, დავანგრიოთ გალავნის შუა კედელი, რომელიც ურჩობის შედეგად აგვიშენებია და აქვე ვეცადოთ, გვაპატიონ ვალები, რადგან ჯოჯოხეთში არც შვებაა და არც სინანული. მოვიცილოთ და გავაცნობიეროთ, რომ თავს ვერ ვიმართლებთ ვერც ცოდვათა სიმრავლით, ვერც ტვირთის სიმძიმით, ვერც დრო-ჟამის მუხანათობით, ვერაფრით; რადგან ვინც მეორედ შობის საბანელით უფალი შეიწყნარა, „მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოანე 1; 12), და თქვა: „მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფსალ. 45; 11), უვნებობა და სიწმინდე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სანატრელი უვნებობა გლახაკთა გონებას ვნებათა მწვირისგან აღადგენს და მიწიდან ზეცად აამაღლებს (შედ. იონა 1; 12), ხოლო ყოვლადქებულმა სიყვარულმა „დასუას იგი მთავართა თანა (ანგელოზთა), მთავართა თანა ერისა“ უფლისათა (შედ. ფსალ. 45; 11).

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ