John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – ვისაც ღვთის ნების შეცნობა სწადია, საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს

ვისაც ღვთის ნების შეცნობა სწადია, საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს, რწმენით მარტივი და წრფელი გულით უნდა ილოცოს, შემდეგ სულიერ მამებს ან ძმებს დაეკითხოს და მათი ნათქვამი, თუნდაც მის აზრებს ეწინააღმდეგებოდეს, როგორც ღვთის პირიდან გამოსული, ისე მიიღოს. უფალი არ უგულებელყოფს მამათა რჩევას რწმენითა და გულწრფელად მინდობილ სულებს, თუნდაც რომ დიდად სულიერნი და მცოდნენი არ იყვნენ ისინი, ვისაც რჩევას ეკითხებიან. ვისაც კითხვით მიმართავენ, უმეცარნიც რომ იყვნენ, მათში თავად ყოვლადბრძენი და კეთილი უფალი ამეტყველდება.

ღმერთი უსამართლო არ არის და არავის უკეტავს კარს, ვინც თავმდაბლად რეკავს და ითხოვს.
ყოველი საქმის კეთებისას დავაკვირდეთ, თუ რა მიზანი გვამოძრავებს, კეთილი ბოლო ექნება ყოველ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ღვთისთვის, ყოველგვარი ხორციელი განზრახვისა და აზრის გარეშე გავაკეთებთ, თუნდაც რომ ამ საქმისგან სიკეთეს არ ველოდეთ. და თუ ხორციელი მიზნები გვამოძრავებს, არ ვიცი, რამდენად კარგი ბოლო ექნება, რადგან საეჭვოა ასეთი საქმე.

წრფელი გული ცბიერებისგან შორსაა და უსაფრთხოდ დაცურავს უმანკოების ნავით.
ზოგჯერ აღზრდაა მრავალი ბოროტების მასწავლებელი, ზოგჯერ კი — ცუდი ადამიანების საზოგადოება; მაგრამ, უმთავრესად, სულის უკეთურება და ცბიერი გონებაა წარწმედის მიზეზი.

დიდი უგუნურებაა, როცა წმინდანთა ზებუნებრივი ღვაწლის გაგების შემდგომ ცხოინების იმედს კარგავენ — პირიქით, მათ ორგვარი სარგებლის მიღება შეუძლიათ, თუ სურვილი ექნებათ: ან შურს აიღებენ და სიკეთეში მხნედ მიბაძავენ, ან საკუთარ თავს გაიცნობენ და სანატრელი სიმდაბლით თავიანთ უძლურებას შეიცნობენ, რაც, თავის მხრივ, სიკეთის მომტანია.

როცა სულიერ მამათა სათნოებების შესახებ იგებენ, ადამიანთა სულსა და გონებაში, მათი მოშურნეობის მიბაძვის სურვილი აღიძვრება; მამათა სწავლების მოსმენისას კი მათი მიბაძვის სურვილი უჩნდებათ, რის მიღწევაშიც საღმრთო შურის მქონე ადამიანებს მამათა სწავლება უწევს ხელმძღვანელობას.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ