ioseb isixasti 1

ღირსი მამა იოსებ ისიქასტი – შვილო, თუკი ქრისტიანი არ მოიხვეჭს იესუს ლოცვას, მაშინ…

არ დაივიწყო იესუს ლოცვა. მისი დახმარებით დიდ მადლს მოიხვეჭ და შენი სული სამოთხედ იქცევა. როდესაც იესუს ლოცვას ხმამაღლა, მოუკლებლად წარმოთქვამ, გონება თანდათანობით ეჩვევა მას და შინაგანი მეტყველებით იწყებს მის წარმოთქმას. გონება რასაც ითვისებს, ყველაფერს გულსაც გადასცემს, ის ყველა აზრობრივი მოძრაობის, კეთილის თუ ბოროტის მკვებავია. თუკი გულში ჩაშვებული ბოროტი, მზაკვრული და ბილწია, მაშინ გული, როგორც მთელი არსების ცენტრი ამ ყველაფერს ელექტროობის მსგავსად მთელს არსებას გადასცემს. ამგვარად, ადამიანის ყველა უჯრედი მიიდრიკება ცოდვისმიერი ტკბობისა და ყოველგვარი ბოროტებისკენ.

საპირისპირო ხდება მაშინ, თუკი იესუს ლოცვას მოუკლებლად წარმოთქვამ. გონება მას გულში უშვებს. შენ კი საკუთარი თავის იძულებით ყურადღება ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე და არანაირი წარმოსახვა არ მიიღო. მხოლოდ ლოცვის სიტყვებში გქონდეს ყურადღება! და მაშინ გონება თანდათანობით განიწმინდება და დიდი სიამოვნებით მხოლოდ ლოცვით დაკავდება.

ასე, ამგვარად, ქრისტეს სახელის მოუკლებელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით გონება გულისკენ გზას იკაფავს და საბოლოოდ გული, სიტყვა და გონება ერთი ხდება და ადამიანის შინაგანი სამყარო სამოთხედ იქცევა. აქამდე შრომა იყო საჭირო და შემდეგი ეტაპი უკვე ჭვრეტაა. როდესაც მიაღწევ ამ მდგომარეობას და ტკბილი იესუ ამოქმედდება შენში, მაშინ კიდევ უფრო მეტს და ამაღლებულს გეტყვი. შენ მხოლოდ იშრომე და აიძულე საკუთარ თავს. იცოდე, რომ ყველაფრის თავი და ბოლო ქრისტეა! მის გარეშე არაფერი არ ხდება. გახდი მისი სიყვარულის ღირსი, შეიყვარე და მოგანიჭებს თავის მადლს. ახლა კეთილი დასაწყისი გაქვს და იღვაწე რომ, არ მიატოვო ბრძოლა. სადაც ცხოვრობ ეს სხვებსაც ასწავლე. რამდენადაც მეტ ადამიანს ვასწავლით ამ კურთხეულ საქმიანობას უფალიც მეტად შეგვიყვარებს.

დასაწყისსში შრომაა საჭირო, მაგრამ როდესაც გავა წლები, ლოცვა მოუკლებლად აჟღერდება შენს გულში და განგწმენდს ყოველგვარი ვნებისგან.

შვილო, თუკი მონაზონი არ მოიხვეჭს იესუს ლოცვას და მისი მეშვეობით საღმრთო მადლი არ ამოქმედდება მასში, შეუძლებელია, რომ ძველი ვნებები არ დაუბრუნდნენ. მაშინ ის უარესი გახდება ვიდრე ერში იყო. იმისთვის, რომ ლოცვაში ჰპოვის ნუგეში, უნდა იშრომოს, იღვაწოს, ტკივილით ითხოვოს და იგლოვოს, როგორც პატარა ბავშვმა თხოვოს ქრისტეს და მის ტკბილ დედას რათა შინაგანი თვალი აუხილოს.

გამოკრებილია წიგნიდან: Старец Иосиф Исихаст – Полное собрание творений

(ამონარიდში გამოყენებული ფოტომასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)