W3A2570

წმინდა მამათა კითხვის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მოყვასთან ურთიერთობა და მასთან საუბარი, ძალზედ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. მეცნიერთან საუბარი და ნაცნობობა, უამრავ საინტერესო ინფორმაციას შეგძენს, პოეტთან საუბარი – უამრავ ამაღლებულ აზრსა და შეგრძნებას, მოგზაურთან საუბარი – უამრავ ცნობას სხვადასხვა ქვეყნისა და მათი ხალხების წეს-ჩვეულებათა შესახებ. თვალსაჩინოა და უდავო, რომ წმინდანთან ნაცნობობა და მასთან საუბარი, გვაცნობს და მიგვაახლებს სიწმინდეს. “წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო” (ფსალ.17:26-27).

ამიერიდან, ჩვენი ამქვეყნად ყოფნის ხანმოკლე დროის განმავლობაში, რომელსაც წმინდა წერილი სიცოცხლესაც კი არა, არამედ მოგზაურობას უწოდებს, გაეცანი წმინდანებს. გსურს, რომ ეკუთვნოდე ზეცას  და მის მოქალაქეთა საზოგადოებას, გსურს, რომ იყო მათი ნეტარების თანამონაწილე? ამიერიდან, იქონიე კავშირი მათთან. და როდესაც სხეულის ტაძრიდან გამოხვალ, – ისინი თავისთან მოგიხმობენ, როგორც თავიანთ ნაცნობს, როგორც თავიანთ მეგობარს (ლუკ.16:9).

არ არსებობს იმაზე მეტად ახლო და მჭიდრო კავშირი, როგორც აზრთა, გრძნობათა და მიზანთა ერთობაა(1კორ.1:10).

სადაც ერთაზროვნებაა, იქ, აუცილებლად ერთსულოვნებაცაა, იქვეა ერთი მიზანიც და ამ მიზნის მისაღწევად ერთნაირი წარმატებაც.

წმინდა მამათა ნაწერების კითხვის მეშვეობით, გაითავისე და შეითვისე მათი აზრები და სული. წმინდა მამებმა მიაღწიეს მიზანს: გადარჩნენ, ცხონდნენ. შენც მიაღწევს ამ მიზანს მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობის გზით და როგორც წმინდა მამათა თანამოაზრე და ერთსულოვანი მათთან, შენც გადარჩები.

ზეცამ თავის ნეტარ წიაღში მიიღო წმინდა მამები. და ამით დაამოწმა, რომ წმინდა მამათა აზრები, გრძნობები და საქმენი, სათნო იყო მისთვის. წერილებში, წმინდა მამებმა,  თავიანთი ფიქრები, გული და ღვთივსაათნო საქმეთა აღსრულების გზა ასახეს და გადმოსცეს. მაშასადამე, წმინდა მამათა წერილები, ცხადია, თუ   რაოდენ ჭეშმარიტი გზამკვლევია ზეცისაკენ, არის რა დამოწმებული თვით ზეცის მიერ.

წმინდა მამათა ყოველი ნაშრომი, სულიწმინდის შთაგონებითა და ზეგავლენით არის შექმნილი. საოცარი ჰარმონიაა მათში, საოცარი ცხებულება! ამ საქმის ხელთმპყრობელთ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, წინამძღვრობს და ხელმძღვანელობს სულიწმინდა.

დედამიწაზე არსებული წყლები ოკეანეში ჩაედინება და იქნებ, ოკეანეა საწყისი ყოველი წყლისა დედამიწაზე. წმინდა მამათა ყველა ნაშრომი სახარებაში ერთიანდება; ყველანი იმისკენ იხრებიან, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მცნებათა ზუსტი აღსულება გვასწავლონ; ყოველი მათგანის სათავეცა და სასრულიც – წმინდა სახარებაა.

წმინდა მამები გვასწავლიან, როგორ მივუდგეთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ და სწორად როგორ გავიგოთ იგი, რა გვეხმარება და რა გვაბრკოლებს მის შემეცნებაში. ამიტომაც, დასაწყისში, მეტად იღვაწე წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით და როდესაც ისინი შეგასწავლიან სახარების კითხვას: მაშინ კი, მეტწილად იკითხე სახარება.

ნუ მიიჩნევ საკმარისად მხოლოდ სახარების კითხვას, წმინდა მამათა კითხვის გარეშე! ეს – ამაყი და სახიფათო აზრია. უმჯობესია, თუკი წმინდა მამები, ისე მიგიყვანენ სახარებასთან, როგორც თავიანთ საყვარელ შვილს, რომელმაც წინასწარი აღზრდა-განათლება  მათი ნაშრმების კითხვის გზით მიიღო.

ყველამ, ვინც უგუნურად, ამპარტავნულად უარყო წმინდა მამათა კითხვა და პირდაპირ, ბრმა კადნიერებით, არაწმინდა გონებითა და გულით დაიწყო სახარების კითხვა, დამღუპველ ცდომილებაში ჩაცვივდა. სახარებამ უარყო ისინი: ის მხოლოდ მორჩილთ და მდაბალთ იხმობს თავისთან.

წმინდა მამათა კითხვა – მეფეა და მშობელი ყოველი სათნოებისა. წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით, ვსწავლობთ წმინდა წერილის ჭეშმარიტ შემეცნებას, სწორ რწმენას, სახარების მიხედვით ცხოვრებას, ღრმა პატივისცემასა და კრძალვას, რომელიც სახარებისეული მცნებების მიმართ უნდა გვქონდეს, ერთი სიტყვით – სხნასა და ქრისტეანულ სრულყოფილებას.

წმინდა მამათა კითხვა, ღვთივსულიერი მოძღვრის დარიგებისამებრ, მთავარ გზამკვლევად ქცეულა სხნისა და თვით ქრისტეანული სრულყოფილების მიღწევის მსურველთათვისაც.

წმინდა მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისვე თქმით, მსგავსია სარკის: მასში ხშირად და ყურადღებით ჩახედვის შემთხვევაში, სულს ყველა თავისი ნაკლოვანების დაინახვა შეუძლია.

კვლავაც – ეს წიგნები, მსგავსია სამკურნალო საშუალებებით მდიდარი კრებულისა: მასში სულს  ყველა თავისი დაავადებისათვის შეუძლია იპოვოს წამალი.

წმინდა ეპიფანე კვიპრელი ამბობს: “წმინდა წიგნებზე მზერის ერთი შევლებაც კი,  გიღვიძებს სურვილს ღმრთისმოსაობით ცხოვრებისაკენ სწრაფვისა ”.

წმინდა მამათა ნაშრომები უნდა იკითხებოდეს გულდასმით, ყურადღებითა და გამუდმებით: ჩვენი უხილავი მტერი, რომელსაც “სძულან ჴმანი კეთილნი”(სოლ.11:15), განსკუთრებით ვერ იტანს, როდესაც ეს ხმა, წმინდა მამათაგან გამოდის. ეს ხმა ააშკარავებს ჩვენი მტრის ხაფანგებს, მის საცდურებს, ხილულს ხდის მის ბადეებსა და მოქმედების გზებს: ამიტომაც, წმინდა მამათა კითხვის წინააღმდეგ, ჩვენი მტერი სხვადასხვა ამაყი და მკრეხელური ზრახვით შეიარაღდება ხოლმე,  ცდილობს  ამაო საზრუნავებით მოიცვას მოღვაწე, რათა წმინდა მამათა ნაშრომების გადამრჩენელ კითხვას განარიდოს და მას სასოწარკვეთილებით, მოწყენილობითა და დავიწყებით ებრძვის. წმინდა მამათა კითხვის წინააღმდეგ გამართული ბრძოლიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, თუ რაოდენ გადამრჩენელი იარაღია იგი ჩვენთვის და რაოდენ საძულველი ჩვენი მტრისათვის. ამიტომაც, მეტისმეტი ძალმომრეობით ცდილობს მტერი ჩვენს ხელთაგან მის გამოგლეჯას.

წმინდა მამათა ნაშრომთაგან, ყველამ თქვენი ცხოვრების წესის შესაბამისი საკითხავი შეარჩიეთ. განდეგილებმა იკითხონ იმ წმინდა მამათა შრომები, რომლებიც მყუდროებისა და დაყუდების შესახებ წერდნენ. მონასტერში მცხოვრებმა ბერმა, იკითხოს წმინდა მამათა ის წერილები, რომლებიც მონასტრული ცხოვრების შესახებ შეიცავენ დარიგებებს, ერში მცხოვრებმა ქრისტეანმა კი, იკითხოს წმინდა მამათა ნაწერები, რომლებიც ყოველი ქრისტეანისათვის არის დაწერილი. თითოეულმა, რა წოდებისაც არ უნდა იყოთ, მოიძიეთ და უხვად ჰპოვებთ  წმინდა მამათა წერილებში რჩევა-დარიგებებს.

ცხოვრების წესის შესაბამისი ნაშრომების კითხვა, უდავოდ აუცილებელია. სხვაგვარად, აღივსები ზრახვებით, შესაძლოა წმინდა აზრებითაც კი, თუმცა, საქმით მათ ხორცშესხმას ვერ შეძლებ. უნაყოფო საქმიანობა, მხოლოდ წარმოსახვასა და სურვილებს გააღვიძებს და ღვთივსათნო საქმენი, რომელნიც შენი ცხოვრების წესს შეჰფერის, ხელიდან გამოგეცლება. შენ არა მხოლოდ უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, – არამედ, მუდმივ წინააღმდეგობაში მყოფი შენი აზრები, მოქმედების მდგომარეობაში გადასვლისას, უცილობლად წარმოშობენ შენს გულში დაბნეულობას, ქცევაში გაურკვევლობას, მტკინეულსა და საზიანოს შენთვის და შენი მოყვასისთვისაც. წმინდა წერილისა და წმინდა მამათა არასწორად კითხვის შემთხვევაში, შეიძლება ხსნის გზიდან გადავუხვიოთ და გაუვალ ტევრსა და ღრმა ტაფობში აღმოვჩნდეთ, როგორც ეს დაემართა მრავალს. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ 

Share