ქრისტე

წმინდა მარიამ ეგვიპტელი – ქრისტეს მიერ გარდაქმნილი ადამიანი – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

დიდი მარხვის საზეიმო კვირიაკეებს შორის, მეხუთე კვირას ჩვენ წმინდა მარიამ ეგვიპტელს ვიხსენებთ. რატომ დაადგინა ქრისტეს ეკლესიამ დიდმარხვის კვირეულებს შორის მისი ხსენება? განა არა იმიტომ, რომ მასში ჩვენ ქრისტეს ძალის და მის სიყვარულზე ადამიანის საპასუხო სიყვარულის ზეიმს ვხედავთ? ან იქნებ ჩვენ იმ ადამიანის სასოწარკვეთილი ღაღადისისს ვხედავთ, რომელიც ხსნას ეძებდა და რომელიც მხოლოდ ქრისტეთი, მისი სიყვარულით, მისი ძალითა და სიმტკიცით მოიპოვება?

митрополит антоний сурожский проповеди и d pmMFUBiW1 ExSOnUyBw0T.1400x1400
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

წმინდა მარიამ ეგვიპტელის ისტორიის შესახებ მოკლედ შეიძლება ითქვას: ის იყო ალექსანდრიის მაცხოვრებელი, სირცხვილი და საცდური თავისი თანამოქალაქეებისა. ერთ დღეს, მან მოისურვა, რომ ერთ-ერთ ტაძარში ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილისთვის თაყვანი ეცა. ის არც დაფიქრებულა საკუთარ ცოდვილობაზე და არც ის უფიქრია, რომ მისი ცხოვრების წესით, მას საერთო არაფერი აქვს სიწმინდისა და სიყვარულის ღმერთთან – იესუ ქრისტესთან. როდესაც ტაძარში შესვლა უნდოდა, რაღაც უხილავი ძალა არ უშვებდა. რამდენჯერაც არ უნდა მოესურვებინა, ეს ძალა იმდენჯერ განაგდებდა. ამ ყველაფრით შეძრწუნებულმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მოუხმო და მისი მოწყალებით მან მოახერხა ტაძარში შესვლა. ტაძრიდან გამოსული ის ძველ გარყვნილ და სამარცხვინო ცხოვრებას კი არ დაბრუნებია, არამედ უდაბნოში, სრულ მარტოობაში, ენითაღუწერელ ღვაწლს მიეცა და ასე ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. მისი სული სინანულითა და ღმრთის მადლით გაცოცხლდა და გარდაიქმნა.

მისი ცხოვრებიდან რა შეიძლება, რომ ვისწავლოთ? მარიამ ეგვიპტელი მეძავი იყო. მაგრამ მეძავობა მხოლოდ ხორციელი ცოდვა როდია. მეძავობაა ისიც, როდესაც ადამიანის სიყვარულის მთლიანობა ირღვევა, ქვრება და მას უკვე აღარ შეუძლია, რომ მთელი გულით, მთელი გონებით და მთელი სულით შეიყვაროს ქრისტე და ადამიანი. წმინდა წერილის მნიშვნელობით, ეს არის კერპთაყვანისმცემლური მიჯაჭვულობა ამ ხილული სამყაროსადმი. ჩვენ დაბრმავებულნი ვართ იმით, რასაც ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ უხილავს, რადგანაც ჩვენი ყურადღება და შინაგანი მზერა მხოლოდ ხილულისადმია მიპყრობილი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენს გულს უთმობ იმას, რაც არ არის სიყვარულის ღირსი, როდესაც შენს ნებას, ქრიტეს სიყვარულისკენ კი არ მიმართავ, არამედ ანარქიულად განაბნევ ყველა მიმართულებით ისე, რომ ის იწყებს კერპებისა და დაცემული სურვილების მსახურებას. განა ჩვენ ყველანი არ ვართ ამით დასნეულებულნი? განა ჩვენი გული და გონება გაერთიანებულია ქრისტეში? განა ჩვენი ნება მყარია ქრისტეს მორჩილებაში?

ასე თუ ჩავუღრმავდით, ჩვენ შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი წმინდა მარიამის ადგილას წარმოვიდგინოთ. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა მისი ძველი ცხოვრების მსგავსია. როგორც მას ოდესღაც უნდოდა, ჩვენც გვინდა, რომ ცოცხალ ღმერთს მივეახლოთ და თაყვანი ვცეთ, მაგრამ არ შეგვიძლია! ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი! ხშირად გვინდა, რომ ვილოცოთ, მაგრამ ლოცვა არ მოქმედებს ჩვენში და ქრისტეს ვერ ვგრძნობთ. გვინდა, რომ გვიყვარდეს ქრისტე და ადამიანი, მაგრამ ჩვენი გული გაქვავებულია, გვინდა, რომ ლოცვისას გონება მოვიკრიბოთ, მაგრამ აზრები მუდამ გაგვირბიან. მთელი ძალისხმევით გვინდა ხოლმე, რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ, მაგრამ ჩვენი ნება სუსტია და მიმართულია სხვადასხვა სურვილებზე, ოცნებებსა და მისწრაფებებზე… წამიერად ვჩერდებით, გული აგვტკივდება ხოლმე და ვკითხულობთ: ნუთუ ქრისტესკენ მავალი გზა დახშულია ჩემთვის? მაგრამ ეს წამიერი ჩაფიქრებაც ქრება, გვავიწყდება და კვლავ ჭაობში ჩაძირვას ვიწყებთ. მარიამ ეგვიპტელის შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მისი გული შეძრწუნებამ მოიცვა და მთელი არსებით დაიწყო მხსნელის ძიება…

ჩვენც უნდა ვისწავლოთ ეს. უნდა ვისწავლოთ, რომ არასდროს ვინუგეშოთ თავი იმით, რასაც ქრისტესკენ არ მივყავართ. ჩვენშიც უნდა აღიძრას მისი ძიების წყურვილი და მოთხოვნილება, რომ როგორმე ჩვენს სასოწარკვეთილ ღაღადისს გამოეხმაუროს, ჩვენში შემოვიდეს და გონებისთვის მიუწვდომელი იმედით აღგვავსოს. როდესაც ეს გამოცდილება გვეძლევა, ხშირად მხოლოდ ვხარობთ და ნუგეშინისცემულნი ვართ, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს ჩვენი მიღწევა კი არ არის, არამედ ქრისტეს საჩუქარია. მარიამ ეგვიპტელმა სწორედ ეს გააცნობიერა და მისი მთელი ცხოვრება ერთ დიდ მადლიერებად გადაიქცა. მან გააცნობიერა, რომ ამ გამოცდილების მიღების შემდეგ უკვე აღარ შეიძლებოდა ისეთი ცხოვრება, როგორც იქამდე ცხოვრობდა. ასე მან მთელი ცხოვრება მხიარულ და მწუხარე მადლიერებაში გაატარა! მან ყველაფერი მიატოვა, რაც მას ტყვედ აქცევდა და აცდუნებდა და ზეციურ ცხოვრებას შეუდგა…

ჩვენ არ ძალგვიძს მისი მსგავსი ღვაწლის ტვირთვა. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ საკუთარი ძალების შესაბამისად იღვაწოს. უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ყველაფერი ძაგვიძს ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მიერ და რომ ‘’ძალი ღმრთისა უძლურებასა შინა სრულ იქმნების’’. არა ისეთ ზარმაცულ და უნაყოფო უძლურებაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით და რომელიც გვღუპავს, არამედ ისეთ უძლურებაში, რომელიც ადამიანში უკანდაუხეველი, მთელი ძალებით ბრძოლისას იბადება, როდესაც ის ვერ აღწევს იმას, რაც მთელი არსებით სწყურია. ის საბოლოოდ აცნობიერებს, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ამის მიღწევა, არამედ მხოლოდ ცოცხალი ღმერთის ძალით. როდესაც ამ მდგომარეობას მოვიპოვებთ, მაშინ ქრისტეს ძალა ჩვენს უძლურებას აღავსებს, როგორც ნიავი სუსტ იალქანს, რომელსაც გემი ნავსაყუდელთან მიჰყავს… ეს ის უძლურებაა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავს აღარ ვენდობით და ჩვენს თავს მორჩილებით და სიმშვიდით ვანდობთ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, მისივე ძალით ვცდილობთ მისი ნების აღსრულებას და მაშინ უკვე ყველაფერი შესაძლებელია, რაგდან ‘’ძალი ღმრთისა უძლურებასა შინა სრულ იქმნების’’.

დიდი მარხვის კვირიაკეების სახარებისეული საკითხავები ვნების შვიდეულისკენ მიგვიძღვებიან, როდესაც უკვე აღარ იქნება დრო რწმენისა და იმედისა, არამედ მხოლოდ საღმრთო სიყვარულის ჭვრეტისა. განგვამტკიცოს წმინდა მარიამ ეგვიპტელმა თავისი მაგალითით ჩვენს სულიერ ცხოვრებაში! ამინ.

წყარო: http://www.mitras.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©