გონებით ლოცვას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც ღმრთიური მადლი მიიღო. თუ ასე ვიფიქრებთ: ლოცვით მდგომარეობას ოდესმე დავეუფლები, მე ამას და იმას მივაღწევ! – ამით მხოლოდ საკუთარ ეგოიზმსა და სიამაყეს გამოვკვებავთ. იმისთვის, რომ ლოცვა გახდეს სუფთა და ღმრთისთვის სათნო, აუცილებელია ხანგრძლივი გამოცდილება, შინაგანი აღმაფრენა, მაგრამ ასევე – კდემამოსილება, ყურადღების კონცენტრაცია და კეთილგონიერება. წამიერი გაფიქრებაც კი – “მე წარმატებას მივაღწიე”- ყველაფერს აფუჭებს. და რა საფუძველი გვაქვს სიამაყისთვის? ჩვენ არაფერი გვაქვს ჩვენი და ეს ძალიან სათუთი თემაა.
ლოცვის დროს არ დავტოვოთ გონებაში არანაირი ოცნება და ხილვა. თვით ქრისტეს სახებაც არ წარმოვიდგინოთ. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა ვილოცოთ ყოველგვარი წარმოდგენების გარეშე. თუ რაიმე სახეს შევქმნით ლოცვის დროს, ადვილად შევალთ შეცდომაში, რამეთუ ერთ სახეს მეორე ჩაანაცვლებს, ეს უსასრულოდ გაგრძელდება, მაცდურიც ამით ისარგებლებს, შეფარულად თავის სახებას შემოგვაპარებს და ასე დავკარგავთ მადლს. ლოცვა აღევლინება გონებით და არა ბაგეებით. გონება არ უნდა გაგვეფანტოს და არაფერს მიედ-მოედოს. როცა გულის სიღრმეში ვამბობთ: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!”, ამით ქრისტეს ჩვენს გონებაში მშვიდად ვათავსებთ. არაფერზე იფიქროთ ამ დროს, სრულიად არაფერზე, გარდა ამ სიტყვებისა: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე”.
ნუ მიეკედლებით ერთსა და იმავე ადგილს. სადაც არ უნდა იყოთ: ეზოში, სახლში დივანზე, მანქანის სავარძელში, გზაში, სკოლაში, ოფისში, სამსახურში, ძალიან მშვიდად, ყოველგვარი თვითდაძალებისა და დაძაბულობის გარეშე შეგიძლიათ ამ ლოცვის აღვლენა: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!”. თუკი თქვენი სული სიყვარულით იმეორებს ამ ხუთ სიტყვას, მაშინ მას ისინი არასოდეს მოყირჭდება. ეს მოუბეზრებელი სიტყვებია! მთელი ცხოვრება იმეორეთ ისინი! მათში ულევი სიცოცხლის წყაროა!
ნუ გვექცევა წარმატება თვითმიზნად. ნუ და ვიქადნით: ”დავიწყებ მოსაგრეობას, რომ სამოთხე დავიმსახურო.” ნუ ვიოცნებებთ ზეციურ ჯილდოზე, ვილოცოთ ყოველგვარი ფარული ანგარების, ყოველგვარი ანაზღაურების მოლოდინის გარეშე. ლოცვაში ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სინაზე, სიყვარული, გულანთებული სურვილი და მაშინ ის არ მოგვეჩვენება დამთრგუნველად, სრულ სიმშვიდეს მოგვანიჭებს, როგორც სიტყვები: “დედა” “მამა”. ასე, რომ არ არის დიდი ძალისხმევა საჭირო, რათა ლოცვის მადლი მოვიპოვოთ.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი