49963282173 6d053d0e7e b

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ

სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი იყო. მასთან დავრჩი და მის ფერხთით ვსწავლობდი ყველაფერს თორმეტი წლის განმავლობაში – ამდენი ხანი იცოცხლა მან ჩემი მისვლის შემდეგ. უფალმა ჩემი მოძღვრის მსახურების ღირსი გამხადა მის უკანასკნელ წმინდა ამოსუნთქვამდე. თავისი მძიმე სულიერი ღვაწლისა და იმ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, ის ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. მე ის შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდითმყოფი, თუკი მას ყველაფერში დაემორჩილებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა ვნებებისგან მათი სიმრავლისა და სიძლიერის მიუხედავად.

მამა იოსები მონაზვნებისთვის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას გამოცდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებულ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრია ნახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა:

– თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ