Agios Neophytos Monastery 1536x1152 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

პირველი გამოცემები

ბერ იოსებს აკადემიური განათლება არ ჰქონდა, რომ წიგნები დაეწერა. ამას სავალდებულოდ არც თვლიდა, რადგან წმინდა მამებსაც, რომლებმაც ამდენი რამ დაწერეს, მხოლოდ და მხოლოდ „უდაბნოს უნივერსიტეტის“ განათლება ჰქონდათ. მაგრამ ღრმა სიმდაბლის გამო მოძღვარს წერა მაინც ერიდებოდა. ერთ-ერთ წერილში ამასთან დაკავშირე ბით წერს: „ჩემი გააზრებული მორიდების მიზეზი სხვა რამეც არის: „ხოლო ცოდვილსა მას ჰრქვა ღმერთმან: რასათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა? შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი”[1]. და უფალი აგრძელებს (რის გაგონებაზეც მე მრცხვენია და ვძრწი, რამეთუ ის ასეთი საქციელის სასჯელს ახსენებს): „გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“[2].

ეკლესიის ერთ-ერთი მამა, როდესაც ამ სიტყვებს წერდა, გაჩერდა და გულამოსკვნილი ატირდა[3]“. როგორც ხელნაწერი წერილის წაშლილი ასოებიდან ჩანს, თავად ბერიც ტიროდა ამ სიტყვების წერისას. წერილში ის ასევე სიმდაბლით დასძენს: „მართლაც, რამდენია დღეს მთქმელი და მცირედნი არიან გამკეთებლები!“[4]

თავისი მოძღვრის, წმინდა იოსებ ისიქასტის ბიოგრაფიის წერა, ფაქტობრივად, გარდაცვალების შემდეგვე დაიწყო, 1960 წელს. 1962 წელს მამა პანტელეიმონს ეპისტოლარული სახის ბიოგრაფია დაუწერა. მაგრამ მაშინ ერთობლივად გადაწყვიტეს, წიგნად ჯერ არ გამოეცათ. მამა იოსები თავის ჩანაწერებს დროთა განმავლობაში ავსებდა, ხოლო 1983 წელს უკვე წიგნად გამოსცა. ის ერთ-ერთ წერილში წერს: „ათი დღე თესალონიკში ვიყავი. უკვე მანამდეც ძალიან  დაღლილს, ერთი თვეა წერილებზე არ მიპასუხია. თესალონიკიდან საცდელად 10 წიგნი გამოვაგზავნეთ, მაგრამ შეცდომა გაიპარა… პირველი ტირაჟი თითქმის გამოილია. დამატებით შევუკვეთეთ 5000 ეგზემპლარი. რამდენსაც ისურვებთ, კიდევ გამოგიგზავნით, ოღონდ ახლა ცოტა მოითმინეთ. მოვწესრიგდებით და ჩემს მოვალეობებს შევასრულებ”[5].

ბერს განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა ნეოფიტე მარტოდმცხოვრები. ის ამ დიდ წმინდანთან სულიერ სიახლოვეს  გრძნობდა. ის სულიერად იმასაც გრძნობდა, რომ მინთის პატიოსანი ჯვრის მონასტერი რაღაც კავშირში იყო წმინდა ნეოფიტეს მონასტერთან და ეს ასეც არის: ტერიტორიულად ეს ორი მონასტერი ერთმანეთის მახლობლად მდებარეობდა, ორივე პატიოსანი ჯვრისადმი იყო მიძღვნილი. წმინდა ნეოფიტეს პრინციპი იყო, თორმეტზე მეტი მოწაფე არ მიეღო. ის ამბობდა, თორმეტი ცხვარი ორმოცდაათ თიკანს სჯობიაო. ხოლო როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, სულიერად მომწიფებულ მონაზვნებს სხვაგან გზავნიდა. ამიტომაც პაფოსის რაიონის მეორე მხარეს მარტოდმცხოვრებთა მსგავსი სამოღვაწეო ადგილი არსებობს, რომელიც მისმა მოწაფეებმა ააშენეს. ბერი იოსები ფიქრობდა, რომ მინთის მონასტერი, რომელიც აგრეთვე მეთორმეტე საუკუნისაა, წმინდა ნეოფიტეს მოწაფეების აშენებული უნდა ყოფილიყო. ღირს ნეოფიტეს უწოდებდნენ „მონაზონ ნეოფიტე ხუცესს”[6], მარტოდ მცხოვრებსა და ჯვარწმიდელს“.

ბერი ხედავდა, რომ მის ცხოვრებას ბევრი საერთო რამ ჰქონდა წმინდა  ნეოფიტეს ცხოვრებასთან. ერთხელ ზოგიერთმა ადამიანმა ეჭვი შეიტანა ღირსი მამის სულიერებაში და უთხრა: „შენ ვინ ხარ? უწიგნური კაცი როგორ ბედავ შენი სიტყვა დაწერო და ხალხს ასწავლო?“ მაშინ წმინდა ნეოფიტემ მიუგო: „კეთილი, არაფერს აღარ დავწერ, აღარც ვილაპარაკებ“. ამის თქმა იყო და მადლი მასში ცეცხლივით შემწველი გახდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ წერა არ განაგრძო. მსგავსი რამ, როგორც ვახსენეთ, ჩვენს მოძღვარსაც შეემთხვა მაშინ, როცა გადაწყვიტა, რომ აღარ ელაპარაკა: „ვინ ვარ მე და რას წარმოვადგენ? – ამბობდა ის, – მღვდელი ვარ თუ მოძღვარი – ერთი უწიგნური კაცი ვარ“. მაგრამ მადლი მასშიც ენთო, როგორც შემწველი ცეცხლი და აიძულა ის ისევ ელაპარაკა.

როდესაც ჩვენმა მოძღვარმა წმინდა ნეოფიტეს ნაშრომები მოიძია და სულიერად გამოიკვლია, მისი სიტყვების შინაარსს ღრმად ჩასწვდა. მას განსაკუთრებით ის აღაფრთოვანებდა, რომ ღირსი მამა 24 წლიდან მოყოლებული, ანუ სამოცი წელი, მარტოდმცხოვრები მოღვაწეობდა. ბერი ამბობდა: „სულ იმაზე ვფიქრობ, ეს ადამიანი რკინა რომ ყოფილიყო, იმ გამოქვაბულში დადნებოდა. რკინა რომ რკინაა, ისიც კი განილეოდა, ეს კი ოცდაოთხი წლის ბიჭი იყო, წავიდა და გამოიკეტა და ოთხმოცდაოთხ წლამდე გამოკეტილი ცხოვრობდა. არც გამოსულა, არც სადმე წასულა“. მეორე საკვირველება ის იყო, რომ წმინდა ნეოფიტე სრულიად უწიგნური გახლდათ, განათლება ღმერთისგან თვრამეტი წლის ასაკში მიეცა წმინდა იოანე ოქროპირის მონასტერში.

ამის გარდა, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი საძმოც დაუკავშირდა ამ წმინდანს. სანამ კვიპროსიდან წამოვიდოდით, მის მონასტერში საოცარი რამეები მოხდა. ღირსმა ნეოფიტემ გარდაცვალებამდე გაიმზადა კუბო, რომელიც უფლის ჯვრისადმი დიდი სიყვარულის გამო სამი ხისგან დაამზადა: ფიჭვის, კვიპაროსისა და კედარისაგან”[7]. ამას თავად. წმინდანი წერს. გარდაცვალების წინ მან დაიბარა, რომ მისი გვამი დაეკრძალათ სენაკის გვერდით მდებარე კედელში, სადაც საკუთარი საფლავი თვითონ გამოკვეთა. როდესაც მისი დანაბარები შეასრულეს, მამებმა საფლავი კედლით ამოაშენეს და მოხატეს. არავინ არ იცოდა, რომ ამ კედლის უკან მისი საფლავი იყო. ერთხელ, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, ერთმა მონაზონმა კედელზე მიაკაკუნა და მიხვდა, რომ აქ სიცარიელე იყო. ის ერთ ღამეს მივიდა, კედელი გახსნა და წმინდანის საფლავი იპოვა.

მას შემდეგ კიდობანი, რომელშიც მისი წმინდა ნეშტი ინახებოდა, არავის გაუხსნია. ბერ იოსების კვიპროსზე ყოფნის დროს, კიდობნიდან კაკუნი და ხმაური ისმოდა. ერთ-ერთი ღმრთისმოშიში მონაზონი, მ. ფილარეტი, ეკლესიაში პირველი მიდიოდა ხოლმე და კანდელებს ანთებდა. ერთხელაც მან გადაწყვიტა, ეკლესიაში აღარ წასულიყო, რადგან ამ უცნაურმა ხმებმა უკვე სერიოზულად შეაშფოთა. მონასტრის მამებმა რჩევისთვის მიმართეს ჩვენს მოძღვარს, როგორც ძველ ათონელ ბერს. მამა იოსებმა ურჩია, კიდობანი გაეხსნათ და წმინდა ნაწილები მოეწესრიგებინათ, ხოლო ჩვენს მ. ათანასეს, იმჟამად დიაკვანს, კურთხევა მისცა ამ საქმისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.

ბერი 1981 წელს თავის პირად დღიურში წერდა: „ორშაბათი, 21 სექტემბერი… დიაკვანი ათანასე ჯერ მიტროპოლიტს ეწვია, ხოლო შემდეგ წმინდა ნეოფიტეს მონასტერში დაბრუნ- და წმინდა ნეშტის მოსაწესრიგებლად“. მეორე დღეს კი ბერმა ჩაწერა: „სამშაბათი, 22 სექტემბერი… დიაკვანი ათანასე წმინდა ნეოფიტეს მონასტრიდან დაბრუნდა, სადაც წმინდა ნაწილები მოაწესრიგა. საქმის მოთავების შემდეგ, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, მას სიწმინდის პატარა ნაწილი გადასცეს“.

მოგვიანებით წმინდა ნეშტის (ხელის) პატარა ნაწილები გრიგორიუსა და დიონისიუს მონასტრებს გადასცეს. ღირსი ნეოფიტეს ნაწილების აღმოყვანების დღესასწაული 28 სექ- ტემბერს/11 ოქტომბერს აღინიშნება. ჩვენმა მოძღვარმა გამონაკლისის სახით ისიც დაუშვა, რომ ამ დღეს საძმო წმინდა ნეოფიტეს მონასტერში ჯერ ღამისთევაზე, შემდეგ კი წირვაზე გადასულიყო. ეს ისეთი რამ იყო, რასაც ბერი სხვა შემ- თხვევაში არ გააკეთებდა. აი, რას წერს ის თავის დღიურში:

„კვირა, 27 სექტემბერი. წირვის შემდეგ ცოტა დავისვენეთ, მერე კი დრო სტუმრებს დავუთმეთ, განსაკუთრებით, მოძღვარმა (წერს თავის თავზე). ვისაუბრეთ მონასტრის ეზოს შიგნითაც და გარეთაც, — სასტუმრო სახლშიც[8].  დღის ოთხი საათის შემდეგ კი წმინდა ნეოფიტეს მონასტერში ღამისთევაზე გამგზავრებისთვის დავიწყეთ მზადება, ძმებმაც და მონასტრის მომლოცველებმაც.

ორშაბათი, 28 სექტემბერი. წმინდა ნეოფიტეს დღესასწაული. გუშინ მწუხრის ლოცვა მორფუს მიტროპოლიტის თანდასწრებით აღევლინა. მწუხრის შემდეგ 21:00 საათამდე შეს- ვენება იყო. ღამისთევამ დაახლოებით ღამის ორ საათამდე გასტანა. მსახურებას არცთუ ბევრი მორწმუნე ესწრებოდა. ჩვენი მონასტრიდან ოთხი ძმა ვიყავით. მოძღვარს სიტყვა მისცეს, რათა ჩვეული საკითხავის ნაცვლად რამდენიმე სიტყვა ეთქვა წმინდანის პიროვნებასა და ცხოვრებაზე. დილის 7:30 საათზე წირვა დაიწყო და 10:30-11:00 საათამდე დამთავრდა. ტკბილეულით ტრადიციული გამასპინძლების შემდეგ სადილზე არ დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ გვთხოვდნენ. მონასტერში შუადღეს, 12:00 საათისთვის მოვბრუნდით”[9].

წმინდა ნეოფიტე ტანით დაბალი იყო და ჩვენს მოძღვარს წააგავდა. როდესაც ათონზე ვბრუნდებოდით, მისი წმინდა ნაწილების გარდა, სხვა სიწმინდეები არ გვქონდა. მას შემ- დეგ ბერმა მის ხსენებაზე ღამისთევა დააწესა. ერთადერთი, რაზეც მოძღვარი წუხდა, იყო ის, რომ წმინდა ნეოფიტეს სრულყოფილი ცხოვრება არ არსებობდა, მისი ნაშრომები მაშინ გამოცემული ჯერ კიდევ არ იყო.

როდესაც ჩვენი ბერი წიგნს წერდა, ჩვეულებრივ, სენაკში დაეყუდებოდა ხოლმე და არავის აძლევდა უფლებას შეეწუხებინა. არ მოსწონდა ის წიგნები, რომლებშიც ყველაფერი ძალიან დაწვრილებით ეწერა. მოკლე და გასაგები ენა ერჩივნა. სულიერ თემაზე დაწერილ წიგნებსაც, რომლებშიც ყველაფერი ძალიან გამოწვლილვით იყო გადმოცემული, მრავალმეტყველებად და ამაოდმეტყველებად თვლიდა.

ბერი ერთ-ერთ წერილში წერდა: „წმინდა ნეოფიტეს ნაშრომები დავამთავრე. რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც წარმომედგინა, არამედ სადამდეც ჩემი გლახაკი ძალები მეყო. ჯერ ვერ ვიპოვე კაცი, რომელიც ამიკრეფდა, გაასწორებდა და სწორი თანმიმდევრობით დაალაგებდა. თანმიმდევრობით დალაგებას, ალბათ მ. ათანასეს ჩავაბარებ, ასაკრეფად კი სხვა ვინმეს მოვძებნი და საქმეც წინ წაიწევს, ღმერთის მადლით”[10].

1984 წლის მარტში გამოსაცემად მომზადდა კვიპროსსა და სხვა ადგილებში წარმოთქმული მისი სიტყვების კრებული. ამ საუბრებისგან შემდგარ წიგნს „ნუგეშის სიტყვები“ დაარქვა[11]. ის წერდა: „რაც შეეხება საუბრებს, ახლა გამოცემის პროცესშია. მამა ათანასე თესალონიკში მიემგზავრება, რათა შესწორებული ტექსტი სტამბაში წაიღოს. იმედი მაქვს, რომ დაუყონებლივ დავიწყებთ წმინდა ნეოფიტეს ნაშრომების გამოცემასაც, რა თქმა უნდა, თუ ღმერთი ინებებს, რადგან ეს ჩვენი ადამიანური გეგმებია. დაე ჩვენმა ყოვლადსახიერმა მეუფემ, რომელმაც ცოდვილებს საცხოვნებელად სინანულზე მიუთითა, გაგვაძლიეროს ჩვენს წინამდებარე ღვაწლში, ახლაც და მომავალშიც. ამინ. მთელი ჩემი ქრისტესმიერი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით, თქვენი მდაბალი მამა“[12].1986 წლის ბოლოს მუშაობა დაიწყო ახალი წიგნზე, „აღსასრულისა და ანტიქრისტეს შესახებ“. ის წერდა: „თუ „საიდუმლო უსჯულოებისა“[13] უკვე მოქმედებს, თანაც, ასე ძლიერად, და მოახლოებული დროის ამდენი ნიშნებით[14], არ უნდა გვიკვირდეს, რომ საშინელი და სამწუხარო მოვლენები მრავლდება. აპოკალიფსის თანახმად: „ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსჱ გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც (დარჩა) მას”[15]. ახლა ქვეყნის აღსასრულსა და ანტიქრისტეზე ვწერთ და ამიტომაც, ალბათ, უნდა საქმითაც გამოგვეცადა ამ ამბების გემო… იმ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რომელზეც მამები წერდნენ, ადამიანები განსაკუთრებით გამოიცდებიანო. ჯერჯერობით ესაა ახალი. მოთმინება ვიქონიოთ აწ და მარადის და დანარჩენ დროშიც. ამინ“[16]


[1] ფს. 49,16-17.

[2] ფს. 49,21.

[3] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი. 1984 წლის 9/22 თებერვალი.

[4] იქვე.

[5] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 13/26 სექტემბერი.

[6] მღვდელი.

[7] უფლის ჯვარიც ამ მასალისგან იყო გაკეთებული.

[8] მონასტრის ტერიტორიაზე ქალების შესვლა აკრძალული იყო.

[9] 1981 წლის 27 და 28 სექტემბრის ჩანაწერები.

[10] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1985 წლის 15/28 ოქტომბერი.

[11] ბერძ. „Λόγοι παρακλήσεως “

[12] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 8/21 მარტი.

[13] იხ. 2 თეს. 2,7

[14] იხ. მათ. 16,3

[15] გამოცხ. 12,12

[16] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 6/19 დეკემბერი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: წმ. ნეოფიტეს მონასტერი, კვიპროსი; გადმოწერილია საიტიდან https://sophiasluxuryvillas.com

Share