Untitled Artwork 1 1

წმინდა სოფრონ ესექსელისა (სახაროვი) და მისი მონასტრის შესახებ – ინტერვიუ მღვდელმონაზონ ნიკოლოზ სახაროვთან (ნაწილი 1)

მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტ სოფრონის ძმის შვილია, რომელიც ამ დიდი ბერის ცხოვრების უკანასკნელ წლებში მის მონასტერში იმყოფებოდა. მამა ნიკოლოზმა მამა სოფრონის ბიოგრაფიით დაიწყო, რომელიც რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე ნაცნობია, მაგრამ არა დეტალურად. როგორ მოექცა მამა სოფრონი და როგორ დაიწყო მისი მონაზვური გზა? რამდენად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის მისი სულიერი გამოცდილება? ამის შესახებ საუბრობს მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი.

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:


– ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა. რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, ჩემთვის მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სულიერი გზაა, რომელიც ბევრ საკითხში თანამედროვე ადამიანების გზებს ეხმიანება. მამა სოფრონმა ჩვენი საუკუნის მრავალი მოვლენა და მრავალი პირადი განსაცდელი გადაიტანა. სწორედ ამ ყველაფერმა ჩამოაყალიბა მისი სულიერი ხატება, რომლის წყალობითაც მან მრავალი ადამიანის გულში  გამოძახილი ჰპოვა.

მამა სოფრონი მოსკოვში, მართლმადიდებლურ ოჯახში დაიბადა, სადაც მისი სულიერი აღზრდა და განვითარება პატარა ასაკიდანვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას ძიძა უვლიდა, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იხსენებდა. მისი სახელი ეკატერინე გახლდათ.

მამა სოფრონი (ერში სერგეი) ძიძასთან ერთად ხშირად დადიოდა ტაძარში და ამიტომაც, ლოცვა მისთვის ჩვევად იქცა. ბავშვობაში მისთვის 45 წუთის ხანგრძლივობის ლოცვა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. ვფიქრობ, რომ მის ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი სულიერი ეტაპი მისი ბავშვობა და ძიძასთან ურთიერთობა იყო. შემდგომში, როდესაც მამა სოფრონი სიჭაბუკის ასაკში შევიდა, დაიწყო დაუოკებელი ძიების პერიოდი. მას ეგონა, რომ სახარება რაღაც ფსიქოლოგიზმი იყო. არ ესმოდა მოყვასის სიყვარულის მცნება და ხშირად სვამდა კითხვას, რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული და როგორ უნდა გიყვარდესო? მას მარადისობის მიღწევა სურდა და სიყვარულის მცნებას ამ ყველაფერთან ვერ აკავშირებდა. მაშინ მისმა ძიძამ იგრძნო, რომ სერგეის ეგონა თითქოს არსებობს რაღაც ქრისტეზე აღმატებული და იმის ძიება დაიწყო. ერთხელაც, სიყვარულით უთხრა: ,,ჩემო სულელო, ადამიანი ღმერთის გარეშე ხომ უბრალოდ ძეგლია’’. სწორედ მისი ძიძის ლოცვა აკავებდა სერგეის არაქრისტიანული აღმოსავლეთის მისტიკურ სამყაროში ჩაძირვისგან. შემდგომში, ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, რათა ფერწერის კარიერა გაეგრძელებინა. იმ პერიოდში სერგეი ძალიან ბევრს ხატავდა.

საფრანგეთში ყოფნისას, მარადისობაზე ფიქრი არ ტოვებდა მას და ერთხელაც, უეცრად იგრძნო, რომ სწორედ სიყვარულია ის აბსოლუტური ყოფიერება, რომელსაც ასე ეძებდა, რომ ქრისტეა ის საღმრთო აბსოლუტი, რომელიც ყველაფერს აღემატება. მაშინ, სერგეიმ გადაწყვიტა, რომ ფერწერა მიეტოვებინა და წმინდა სერგის სასწავლებელში ჩაებარებინა.

პარიზის საღმრთისმეტყველო სასწავლებელშიც კი, სადაც ეკლესიის სწავლების, მისი ისტორიისა და თარიღების, ერესებისა და დოგმატების შესახებ ესმოდა, მაინც ვერ პოულობდა იმას, რასაც მისი მაძიებელი გული ეძებდა. მას კვლავ მთელი არსებით სწყუროდა მარადისობა და ქრისტესთან ცხოვრება. აკადემიური ღმრთისმეტყველება ოდნავადაც არ იზიდავდა. ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ 1925 წელს, 29 წლის ასაკში ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა. როგორც კი ათონზე პირველი ნაბიჯი დადგა,მუხლი მოიდრიკა და თქვა: ,, მორჩა. როგორც მამები მეტყვიან, ისე ვიცხოვრებ!’’ ასე დაიწყო მისი მონაზვნური გზა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– როგორ გაიცნო წმ. სილუანი?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

–  ძალიან საინტერესო გზით. ის მონასტერში საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა, სანამ წმინდა სილუანს გაიცნობდა და მისი სულიერი მემკვიდრე გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახურებაზე ყოველდღე ხედავდნენ ერთმანეთს, მათ შორის სულიერი საუბარი ჯერ არ გამართულიყო. თუმცა, მამა სოფრონი შინაგანად მუდამ გრძნობდა, რომ ბერი სილუანი რაღაც განსაკუთრებულ სულიერ ნიჭს ფლობდა. როგორც შემდგომში მომიყვა, როდესაც დიაკონი იყო და მსახურებაზე კმევისას წმ. სილუანს ჩაუარა, ერთი უცნაური აზრი აეკვიატა და ფიქრობდა, რომ აი ამ ბერმა ჩემზე აბსოლუტურად ყველაფერი იცისო. მათ შორის პირველი საუბარი კი მამა სოფრონის ათონზე ჩასვლიდან ხუთი ან ექვსი წლის შემდეგ შედგა.

ერთხელ, მამა სოფრონისთან ერთი რუსი მონაზონი, მამა ვლადიმერი მივიდა და ჰკითხა: ,, მამაო, მითხარით როგორ გადავრჩე?’’

მამა სოფრონიმ უპასუხა: ,, სასოწარკვეთილების ზღვართან მუდამ ახლოს იდექი და როდესაც უკვე გაუსაძლისი გახდება ამ ზღვარს განშორდი და ჩაი დალიე’’. მამა სოფრონი ამ ნათქვამით მას იმ მომენტში ჩაის სთავაზობდა. მამა ვლადიმერი დააფიქრა ამ სიტყვებმა, რომლებიც საკმაოდ ამოუცნობად ეჩვენებოდა. იმ დღესვე წმ. სილუანთან მივიდა და უთხრა: ,,მამაო, გუშინ მამა სოფრონისთან ვიყავი და ასეთი სიტყვები მითხრა. რას ნიშნავს ეს?’’

როგორც კი მისი კითხვა მოისმინა, წმ. სილუანმა მამა სოფრონიში ის ადამიანი ამოიცნო, ვინც მის სულიერ გამოცდილებას გაიგებდა. მას ხომ ქრისტე გამოეცხადა და უთხრა: ,,ამყოფე თავი შენი ჯოჯოხეთში და სასო არ წარიკვეთო’’.

როგორც ვატყობთ, მამა სოფრონის ნათქვამიც ძალიან ჰგავდა წმ. სილუანისადმი ქრისტეს ნათქვამს.

ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, ბერი სილუანი მონასტრის ბილიკს მიუყვებოდა და ზუსტად ამ დროს, მამა სოფრონიც მთავარი ტაძრის ეზოში გამოდიოდა. ბერი სილუანისადმი დიდი პატივისცემის გამო, მამა სოფრონის სურდა, რომ მისთვის გზა დაეთმო. ბერი სილუანი კი პირდაპირ მისკენ გაემართა და ჰკითხა: ,, მამაო, გუშინ თქვენთან მამა ვლადიმერი იყო?’’

მამა სოფრონიმ შიშითა და სიმდაბლით ჰკითხა: ,, მამაო, რამე შეცდომა დავუშვი? შევცდი?’’

ბერმა სილუანმა მშვიდად უპასუხა: ,, არა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ეს მისი საზომი არ არის და ვერ გაიგებდა. წამოდით, ვისაუბროთ’’.

ასე დაიწყო ბერ სილუანსა და მამა სოფრონის შორის სულიერი ურთიერთობა. ბერმა სილუანმა მას თავისი ჩანაწერები უჩვენა და ალბათ პირველად ისაუბრა ხმამაღლა იმ გამოცდილებაზე, რომელიც უფალმა მიანიჭა: ერთის მხრივ ღმრთისაგან მიტოვებულობისა და ჯოჯოხეთის გამოცდილება, ხოლო მეორეს მხრივ – ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრისა და მისი დამაბრმავებელი ნათლისა.

დიდწილად სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა მამა სოფრონის შემდგომი სულიერი გზა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– რამდენი წელი გაგრძელდა მათი სულიერი ურთიერთობა?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– წმ. სილუანი 1937 წელს მიიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად სულ რამდენიმე წელი გაატარეს, ვფიქრობ, რომ ეს სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მამა სოფრონის ის სულიერი მემკვიდრეობა გაეთავისებინა, რომელიც წმ. სილუანმა გადასცა მას. საინტერესოა, რომ წმ. სილუანის გარდაცვალების შემდეგ, მამა სოფრონი მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. იმ წლებში მონასტერში არც ისე მარტივი მდგომარეობა იყო. ხედავდა რა ამ ყველაფერს, სიკვდილის წინ, ბერმა სილუანმა მამა სოფრონის უთხრა: ,, მამაო, შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იყოს, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ უდაბნოში განაგრძოთ სულიერი ცხოვრება’’.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მამების რაოდენობის მიხედვით, მონასტერი დიდი იყო იმ პერიოდში?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– დიახ. როდესაც მამა სოფრონი მონასტერში მივიდა, იქ დაახლოებით ორი ათასამდე მონაზონი მოღვაწეობდა. მანამდე კი, მათი რიცხვი 5 ათასამდეც კი აღწევდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მონასტერი ერთი დიდი მონაზვნური ქალაქი გახლდათ.

ვფიქრობ, რომ წმ. სილუანმა მასში მთელი მსოფლიოსთვის ლოცვის ნიჭი განჭვრიტა, რომლის რეალიზებაც მონასტერში ცხოვრებისას გაუჭირდებოდა და ამიტომაც, მისთვის უმჯობესი უდაბნოში დაყუდება იქნებოდა. მან კარულის უდაბნოში მრავალი წელი გაატარა მთელი სამყაროსთვის ლოცვაში.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ათონზე არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებს, ათონის პირობებში უდაბნოდ რა ითვლება? ეს რაღაც სკიტია თუ როგორ გამოიყურება?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ათონის წმინდა მთაზე, უდაბნო როგორც გეოგრაფიული, ისე სულიერი ცნებაა. მამა სოფრონიმ რამდენიმე წელი კარულში გაატარა. ეს ადგილი მართლაც უდაბურია და ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეიძლება შეხვდეთ.  არც ისე მოშორებით, იქ სხვა მეუდაბნოეებიც ცხოვრობენ, მაგრამ ისე ახლოსაც არა, რომ ყოველდღე ხედავდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წელი წმინდა პავლეს მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გაატარა, რომლამდე მისასვლელი გზა ძალიან რთული იყო: იქ საკმაოდ ციცაბო ბილიკი ადიოდა. იქამდე რომ ასულიყავით ძალიან სწრაფად უნდა გემოძრავათ, რადგან შეიძლება ქვებზე დაგორებულიყავით. მამა სოფრონიმ მრავალი წელი ურთულეს პირობებში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ის სრულ უპოვარებაში ცხოვრობდა, სადაც კონსერვის ქილაც კი უდიდეს ფუფუნებად ითვლებოდა, რადგან იმით წყლის დალევა შეიძლებოდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საბერძნეთში არსებული პოლიტიკური ვითარებების გამო, ის იძულებული გახდა, რომ ათონი დაეტოვებინა. ნაწილობრივ იმისთვისაც, რომ ოპერაცია გაეკეთებინა: უკიდურესად მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესის გამო კუჭის წყლული დაემართა. ამასთან ერთად, მას წმ. სილუანის კურთხევა ჰქონდა, რომ მისი ჩანაწერები გამოექვეყნებინა.

ამ ყველაფრის გამო, მამა სოფრონიმ გადაწყვიტა, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ესე იგი, ათონის შემდეგ კვლავ საფრანგეთში აღმოჩნდა. რომელი წელი იყო?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ეს იყო იმის შემდეგ. 1947 წელი.

დეკანოზი ალექსანდრე:

– როგორ აეწყო მისი მოღვაწეობა საფრანეთში?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

–  მამა სოფრონიმ პარიზში ერთ ძველ რუსულ სასაფლაოსთან მდებარე პატარა ტაძარში დაიწყო მსახურება. რამდენიმე წლის შემდეგ, მან წმ. სილუანის ჩანაწერები გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობაც დაურთო, რადგანაც ზოგს ეს ნაწერები ერთი ჩვეულებრივი მონაზვნის ჩანაწერები ეგონა და საჭირო იყო განმარტება.

როდესაც მან ეს ჩანაწერები ვლადიმერ ლოსკის მიუტანა, მან უთხრა: ,, მამაო, იცით მე ამ ჩანაწერებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არ ჩანს არანაირი განსაკუთრებული დოგმატური ხედვა, რომელიც საღვთისმეტყველო ყურადღებას მიიპყრობდა’’.

მან მაინც დაწერა წინასიტყვაობა წიგნისთვის ,,ბერი სილუანი’’, რომლის წყალობითაც და რა თქმა უნდა, თავისთავად წმ. სილუანის სიტყვის ძალით, ეს უკანასკნელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. მამა სოფრონისთან კი სულიერი რჩევისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო მისვლა. წმ. სილუანის კურთხევით, მან ვერ გაბედა, რომ ვინმესთვის უარი ეთქვა. იმ ადამიანებს კი, ვისაც მონაზვნობა სურდა, იტოვებდა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ალბათ, მხოლოდ რუსები არ იქნებოდნენ მსურველები? წიგნი რუსულ ენაზე გამოიცა?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– დიახ. თანდათანობით ითარგმნა ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე. რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპის სიტუაცია განსხვავდებოდა რომელიმე სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის, მაგალითად საბერძნეთისა და რუსეთის სიტუაციისგან. აი, სწორედ ასეთი მრავალეროვანი საძმო შემოიკრიბა მამა სოფრონის ირგვლივ.

დეკანოზი ალექსანდრე:

– საფრანგეთში?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– დიახ, საფრანგეთში. წარმოიდგინეთ, იმ დროს საფრანგეთის კანონმდებლობა არ უშვებდა ქვეყანაში მონასტრების არსებობას, თუკი ის რაღაცის მაწარმოებელი ერთეული არ იქნებოდა. უნდა ყოფილიყო ან ფერმა, ან რაიმე სხვა სახის საწარმო. მამა სოფრონის კი ისეთი მონასტრის დაარსება სურდა, რომელიც ლოცვისთვის იქნებოდა მიძღვნილი. ინგლისის კანონები უფრო მეტად მისაღები აღმოჩნდა მისთვის.

დეკანოზი ალექსანდრე:

– როგორ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ლოცვა და შრომა?  საძმოს სულიერ განვითარებაში რა ადგილი ეკავა შრომას?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– როგორც ვთქვი, მონასტერში მონაზვნების უმთავრეს საქმედ ლოცვა იყო დადგენილი. შრომას კი, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდნენ, რადგან როგორღაც ხომ უნდა ეარსებათ. მონასტერში ყველანაირი შრომა და მორჩილება მჭირდო კავშირში იყო იესუს ლოცვასთან. ამიტომაც მონასტრის სულიერი ბირთვი იესუს ლოცვა და ღმრთისმსახურება გახლდათ. მამა სოფრონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საძმოსთან საუბარი და მათთვის სულიერი სიტყვის გადაცემა.

ხშირად, როდესაც ტრაპეზის დროს მკითხველი წმინდა მამების ნაშრომებს კითხულობდა, მამა სოფრონი აჩერებდა მას და საძმოს აღმოკითხულ სიტყვებს განუმარტავდა. ისინიც ისეთი ყურადღებით უსმენდნენ, რომ ვერც ამჩნევდნენ, თუ როგორ გადიოდა დრო. ყოფილა ისეც, რომ მამა სოფრონის შუა დღის ტრაპეზზე დაუწყია საუბარი და იქამდე გაგრძელებულა, რომ უკვე საღამოს ტრაპეზი უწევდა. სწორედ ასეთი ცოცხალი სულიერი სიტყვა იყო მონასტრული ცხოვრების საფუძველი.

დეკანოზი ალექსანდრე:

– თქვენ ახსენეთ, რომ ამ საძმოს საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, მაგრამ ინგლისური კანონმდებლობა მათი ისიქასტური ცხოვრებისთვის ბევრად ხელსაყრელი აღმოჩნდა. როგორ გადავიდნენ ინგლისში და როგორ განვითარდა იქ ამ საძმოს ცხოვრება?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– სანამ ინგლისში საბოლოოდ გადავიდოდნენ, მამა სოფრონი იქ ადრეც ყოფილა და მას ინგლისელი ერის ცხოვრების რამდენიმე მახასიათებელი ძალიან მოეწონა, რაც მას ხელს შეუწყობდა იმაში, რომ ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, როგორიც თავად სურდა. მას უნდოდა, რომ მართლმადიდებელი მონაზონი ყოფილიყო, რომელიც საკუთარ თავს სრულად მიუძღვნიდა ლოცვით ქრისტესთან საუბარს და მონასტერში იცხოვრებდა. ინგლისელებს კი, როგორც ძალიან შემწყნარებელ ერს, არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონიათ.

მამა სოფრონის გადასვლა ერთ საოცარ მოვლენას უკავშირდება. სანამ ის ინგლისში გადასვლისთვის დოკუმენტებს შეიტანდა, ბრიტანეთის პარლამენტში ემიგრანტების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და დებატები იმართებოდა. კონსერვატიული პარტია ცდილობდა, რომ ინგლისში ემიგრანტთა შემოსვლა შეეჩერებინა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ჭარბად შემოსული ღარიბი ხალხი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას დააზიანებდა. შედეგად, ერთ-ერთმა კონსერვატორმა ისეთი კანონის იდეა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც ინგლისში შესვლა მხოლოდ მდიდრებს შეეძლებოდათ და ღარბიბების ნაკადი შეწყდებოდა.

დებატებისას, ერთი ლეიბორისტი ასეთი განცხადებით გამოვიდა: ახლა ჩვენს ქვეყანაში 12 მოციქული რომ მოდიოდეს, ჩვენ მხოლოდ იუდა ისკარიოტელს შემოვუშვებდით, რადგან მას 30 ვერცხლი ექნებოდა. ისიც ამ თანხით სამსახურსაც იშოვიდა, საცხოვრებელსაც და მშვენივრად მოეწყობოდა ჩვენს ქვეყანაშიო.

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მაგიდაზე მამა სოფრონის თხოვნის წერილი აღმოჩნდა და იმ დღეებში გამართული დებატების ფონზე, მან გადაწყვიტა, რომ მამა სოფრონისთვის ყველაფერი მიეცათ, რასაც ითხოვდა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– საოცარი ისტორიაა

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მამა სოფრონიმ ესექსის საგრაფოში ერთი სახლი ნახა, სადაც თავის მცირე საძმოსთან ერთად დასახლდა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– დაახლოებით რამდენი ადამიანი იყო მაშინ მის საძმოში?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მგონი 7 ან 8.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ეს სახლი სასოფლო დასახლებაში მდებარეობდა თუ ქალაქში?

– მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ეს სახლი სასოფლო დასახლებაში მდებარეობდა. ახლა კი, რამდენადაც ინგლისი ვითარდება, ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი სახლი გაჩნდა და სიტუაციაც შეიცვალა. მაგრამ მაშინ, მამა სოფრონიმ ჩათვალა, რომ ეს სახლი ლოცვისთვის საკმაოდ მყუდრო ადგილი იყო. იმ წლებში, ეს იყო ინგლისის შორეული პროვინცია, სადაც თითქმის არაფერი იცოდნენ მართლმადიდებლობის შესახებ.

მამა სოფრონის მოსვლამ ადგილობრივი პასტორი ძალიან დააინტერესა და ფიქრობდა, ვინ არიან ეს მართლმადიდებლები, აქ რა ხდებაო? ეპისკოპოსისთვისაც უკითხავს:  ეს რაღაც სექტაა? წმინდა სამების მაინც სწამთო?. მანაც უპასუხა: Don ‘ t worry . They are orthodox. They are the ones who invented it « ანუ მან თქვა, რომ მართლმადიდებლები ისინი არიან, ვინც მოიგონეს წმინდა სამება. მან ხუმრობით ის იგულისხმა, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია უძველესია და ასე დაამშვიდა ეს პასტორი.

დეკანოზი ალექსანდრე:

– საინტერესოა როგორ განვითარდა მისი ურთიერთობა ადგილობრივ ეკლესიასთან?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მგონია, რომ მამა სოფრონის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ის, რომ ის იქ მხოლოდ ლოცვისთვის იმყოფებოდა. მას ქრისტესთან ურთიერთობა სურდა და ეკუმენისტურ დიალოგებში ჩართვის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. თუ მიდიოდნენ და ჰკითხავდნენ რამეს, ის მზად იყო, რომ ნებისმიერისთვის სიმდაბლით ეპასუხა და სულიერი რჩევა მიეცა. ის გაურბოდა ისეთ კონტაქტებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ დააყენებდა მონასტრის სულიერ მდგომარეობას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ღრმად პირადული და დაფარული იყო. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რათა მათი მყუდრო ცხოვრება გარეგნული აქტიური მოქმედებებით არ დარღვეულიყო. სწორედ ამაში ხედავდა მამა სოფრონი მონასტრის მსახურების არსს: ისიქასტურ ლოცვაში და ევქარისტიაში.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ტაძარი როგორ აშენდა?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– თავდაპირველად ეს იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა სახლის ტაძარი. რამდენიმე წლის შემდეგ, მონასტერმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტაძრის აშენების ნებართვა მიიღო. რა თქმა უნდა, ის ინგლისური კანონების მიხედვით უნდა აშენებულუყო, რადგან იქ არქიტექტურა მკაცრად კონტროლდებოდა და ტრადიციულ მართლმადიდებლურ ტაძარს გუმბათითა და სამრეკლოთი ვერ ააშენებდი. მათ გამოსავლის ძიება დაიწყეს, რათა ისეთი არქიტექტურული პროექტი შეერჩიათ, რომელიც ინგლისურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საბოლოოდ, ჩვენს ტაძარს ჩვეულებრივი ოთხკედლიანი სახლის ფორმა მიეცა. მამა სოფრონიმ კი თავისი ლოცვითა და ძალისხმევით შეძლო და ეს ჩვეულებრივი სახლი ტაძრად აქცია. როდესაც აღწერაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლები მოვიდნენ, ისე მოეწონათ, რომ ,,1989 წლის ესექსის ქალაქის საუკეთესო დიზაინის’’ ჯილდო გადასცეს. ეს ტაძარი ძალიან მყუდროა ლოცვისთვის. მსახურებები კი სხვადასხვა ენაზე აღესრულება. რაც შეეხება ტიპიკონს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მონასტერში ის რაღაც კუთხით განსაკუთრებულია. მამა სოფრონიმ ტიპიკონი ათონური სკიტებიდან გადმოიღო, სადაც სადაგ დღეებში მწუხრი და ცისკარი იესუს ლოცვით ნაცვდება. ეს არის ათონელ მეუდაბნოეთა წესი, რომელსაც წმ. პაისი ველიჩკოვსკიც იცნობდა. მამა სოფრონი ცდილობდა, რომ მონასტერში მრაველეროვანი მართლმადიდებლური საძმო შეეკრა. იქ ამჟამადაც მრავალი ერის წარმომადენლები არიან და მამა სოფრონიმ სწორედ იესუს ლოცვით გამონახა გამოსავალი, რომ მსახურება ყველასთვის გასაგებ ენაზე აღსრულებულიყო. იესუს ლოცვა ხომ სხვადასხვა ენაზეც გასაგებია.

დეკანოზი ალექსანდრე:

– რაც შეეხება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. ისინი უკვე საფრანგეთში გამოჩნდნენ, თუ იქ მონაზვნობის მსურველები მხოლოდ რუსები იყვნენ? და კიდევ, ვინ მოდიოდნენ, უკვე მართლმადიდებლები, რომლებსაც მონაზვნობა უნდოდათ, თუ მართლმადიდებლობით დაინტერესებულები?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ვფიქრობ რომ მონასტერში თითოეული ადამიანის მისვლა ღმრთის განგებულებით ხდება. ჩემი აზრით, მამა სოფრონის მრავალეროვანი საძმოს ჩამოყალიბება წმ. სილუანს უკავშირდება, რომელსაც ქრისტე გამოეცხადა და ამ გამოცდილების შემდეგ, მან ყველა ადამიანისთვის ლოცვა დაიწყო, რათა სულიწმიდის მიერ ყველას შეეცნო ცოცხალი ღმერთი. სწორედ ეს იყო წმ. სილუანის მემკვიდრეობის მთავარი არსი, რომელიც მამა სოფრონიმ გაითავისა და თავის მონასტერშიც გააცოცხლა. ეს არის მართლმადიდებლობა, როგორც საყოველთაო ჭეშმარიტება, რომლისთვისაც არ არსებობს ნაციონალური საზღვრები. ჯერ კიდევ საფრანგეთში ყოფნისას, მამა სოფრონისთან მიდიოდნენ ფრანგებიც, რუსებიც, ბერძნებიც და სხვა ეროვნების ადამიანებიც. მამა სოფრონიც, რა თქმა უნდა, ყველას იღებდა და მისი ცოცხალი სიტყვის წყალობით, მრავალმა მიიღო მართლმადიდებლობა.  ამრიგად, ის საძმო, რომელიც მამა სოფრონიმ შემოიკრიბა, თავიდანვე მრავალეროვანი იყო. როდესაც მამა სოფრონი ინგლისში ჩავიდა და მონასტერი დააარსა, ის ღია იყო ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის. ჩვენთან არიან მონაზვნები შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან. ასე რომ, მონასტერი მრავალეროვანია და წმ. სილუანის სულსა და მამა სოფრონის სწავლებას შეესაბამება.

დეკანოზი ალექსანდრე:

– როგორია ღმრთისმსახურების ტრადიცია?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– რა თქმა უნდა, ლიტურგიას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. მამა სოფრონი მუდამ ცდილობდა, რომ ჩვენს მონასტერში ევქარისტიული სული შეენარჩუნებინა და გვამცნებდა, რომ ლიტურგია ყოველთვის მონასტრის ცხოვრების ცენტრალური მოვლენა ყოფილიყო. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ვიმსახუროთ აუჩქარებლა,. ისე, რომ ადამიანებმა შეძლონ ქრისტეს ძიება, ლიტურგიის თითოეული სიტყვისა და გოლგოთის კოლოსალური მსხვერპლის შეგრძნება.

ამჟამად მონასტერში ცხოვრება ჰარმონიულად მიედინება. მამა სოფრონი თვლიდა, რომ თუ ადამიანები სულიერად იკვებებიან, მაშინ მათ გულში ცოდვისთვის ადგილი აღარ რჩება. თუკი ადამიანი ეცდება, რომ საკუთარ თავს არა იმდენად გარეგნული საზღვრები აღუმართოს, რამდენადაც შინაგანი, მაშინ ცოდვას მასზე ნაკლები ძალაუფლება ექნება. შეიძლება მონასტერი კედლებით შემოსაზღვრო, მაგრამ ეს ადამიანის გულს ცოდვისაგან ვერ დაიცავს. თუკი მონასტრის კედლებს საკუთარ გულში აღვმართავთ, მაშინ განსაცდელების გადატანა გაგვიადვილდება.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მამა ნიკოლოზ, ბევრი მომლოცველი მოდის თქვენთან? არიან თუ არა მრევლის წევრები ადგილობრივი დასახლებებიდან? როგორ თავსდება ერთმანეთთან ასეთი ისიქასტური ლოცვითი ცხოვრება, უამრავი ადამიანის მასპინძლობასთან?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– როდესაც მამა სოფრონი პირველ სატრაპეზოს აშენებდა, ძალიან დიდად მოგეჩვენებოდათ. მაგრამ როდესაც შენება დასრულდა და უამრავი ადამიანი მოვიდა, უკვე ესეც არ ყოფნიდა. შემდეგ კვლავ ახალი სატრაპეზო ააშენეს და ფიქრობდნენ, ეხლა მაინც ეყოფაო. მაგრამ კვლავ არ იყო ყველასთვის საკმარისი. ახლა კიდევ ერთი სატრაპეზო ავაშენეთ, რომელიც ორასზე მეტ ადამიანს იტევს, მაგრამ მალე ალბათ ისიც არ იქნება საკმარისი, რადგან რაც დრო გადის, მონასტერში მომსვლელთა რაოდენობა თანდათანობით იზრდება. ისინი სრულად იზიარებენ ჩვენს ცხოვრებას: ჩვენთან ერთად ჭამენ, საძმოს საცხოვრებელში ცხოვრობენ და ჩვენთან ერთად ლოცულობენ. სწორედ ეს იყო მამა სოფრონის ერთ-ერთი უმთავრესი სულისკვეთება, რომ სტუმრებს მოვმსახურებოდით და რაც გვქონდა, ყველაფერი გაგვეზიარებინა მათთვის.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ალბათ ეს მამებისთვის დამატებითი ტვირთია?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– რასაკვირველია. ყოველგვარი მსახურება ტვირთი და დიდი ძალისხმევა, მაგრამ ეს ის ტვირთია, რომელიც ქრისტეს მიერ მსუბუქდება.

დეკანოზი ალექსანდრე:

– დიდი მადლობა, მამა ნიკოლოზ, ჩვენთან საუბრისთვის. ვფიქრობ ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენს მონასტერს ესტუმროს.

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩვენი მონასტრითა და მამა სოფრონის პიროვნებით.

წყარო: http://pravmir.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©