სიმდაბლე გვიხსნის შინაგანი გულის კარს. იესუს ლოცვას კი შიგნით შევყავართ. სიმდაბლე საჭეა, რომელსაც ლოცვა სწორი მიმართულებით მიჰყავს. ქრისტეს სახელის მოხმობა ჩვენში სიმდაბლეს აღზრდის, თუკი მას მუვუხმობ, როგორც ცოდვილი, ვნებებით დამძიმებული, თავიდან ფეხებამდე ჭრილობებში მყოფი, ავაზაკი და სულით უწმინდური; მე ბრმა ვარ, რომელიც მოუხმობს ქრისტეს, რათა მან ამიხილოს თვალები, განმიკურნოს ჭრილობები და სნეულებაში მყოფი საბოლოოდ გამოვჯანმრთელდე და განვიწმინდო. აი ამიტომ მოვუხმობ ქრისტეს და არა იმიტომ, რომ თითქოს რამეს წარმოვადგენდე.
დაე იმეფოს ჩვენში ქრისტეს სახელმა! დაე ეს კურთხეული და ყოვლადმადლმოსილი სახელი გახდეს ჩვენი საკვები, სასმელი, სამოსელი, ჰაერი, სიცოცხლე, გული, გონება, ყველაფერი! რადგანაც თუ ის ჩვენთვის ყველაფერი გახდება, მაშინ ჩვენში ყველაფრისა და ყოველივეს შემოქმედს შემოვუშვებთ. როდესაც ქრისტე გამეფდება ჩვენს გულში მისი უწმიდესი სახელის მიერ, მაშინ იქ ყველაფერზე აღმატებული და ენითგამოუთქმელი სიმშვიდე დაისადგურებს. ქრისტე გამეფდება და ყველაფერი მას დაემორჩილება – ვნებები, უძლურებები. ესაა სრულყოფილება, დაუსრულებელი სრულყოფილება! გავიხაროთ თუნდაც იმის გამო, რომ ქრისტეს სახელი გვიპყრია, ვხედავთ საკუთარ დაცემულობას და თან საღმრთო სიმშვიდეს განვიცდით!
ვიშრომოთ მთელი სულით! თუ ქრისტე იქნება ჩვენი ცხოვრების ცენტრი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება: აზრები, საქმეები, სიტყვა, ადამიანებთან ურთიერთობები – ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა. თუ ის არ გაგვინათებს გზას, მაშინ ყველაფერი ჩამოიშლება. ქრისტე ან ქაოსი, ნათელი ან ბნელი – მესამე გზა არ არსებობს.