წმინდა დანიელი მეოცე საუკუნის ათონური მონაზვნობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.
მომავალი ბერი დანიელი, 1846 წელს, მცირე აზიის ქალაქ სმირნაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო და ნათლობისას სახელი დიმიტრიოსი მიიღო.
ქრისტესმოყვარე ოჯახში დიმიტრიოსი და მისი და-ძმები მუდამ ქრისტეს ხსოვნასა და მისი მცნებებით იზრდებოდნენ. ის ღმრთისაგან მახვილი გონებით, საოცარი მეხსიერებითა და მტკიცე ნებისყოფით გამოირჩეოდა და სწავლაშიც საკმაოდ წარმატებული გახლდათ.
გარდა ამ თვისებებისა, მას გამოარჩევდა იშვიათი კეთილშობილება და თანაგრძნობა. ერთხელაც, როდესაც 15 წლის იყო, საერთო ოჯახურ სადილზე მისმა მამამ ასეთი რაღაც თქვა: “დედამიწაზე რამდენი ობოლი და ღარიბი ადამიანია, ვისაც საჭმელიც კი არ აქვს და აი, ჩვენ კი როგორ ვნადიმობთ!” მამის ეს სიტყვები დიმიტრიოსს მახვილივით შეერჭო გულში და იმ დღიდან მოყოლებული, ის მუდამ ცდილობდა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა.
სმირნაში დიმიტრიოსი მასზე უფროს ორ სულიერ ადამიანს დაუმეგობრდა: თავის სეხნიას – დიმიტრიოსსა და ანასტასისს, რომელიც პროფესიით საპნის მხარშავი იყო. აღსანიშნავია, რომ მას ძალიან საინტერესო დევიზი ჰქონდა: “განიწმინდე შენი სული და არა მხოლოდ სახე”. მის დახლზე საპნის გარდა ნახავდით წმინდა მამათა ნაშრომებს, სანთლებს, საკმეველს და ა.შ. ამ ადამიანის სახე ღმრთის მადლით ბრწყინავდა. სწორედ ამ ადამიანმა შემოიკრიბა ახალგაზრდები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულით განსწავლიდა მათ. ისინი პატარა ეკვდერში ხშირად იკრიბებოდნენ და ერთად კითხულობდნენ წმინდა მამათა ლიტერატურას და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დაუჯდომელს.
ამ კურთხეულ საათებში ქრისტესმოყვარე დიმიტრიოსის გული არამიწიერი და იქამდე ჯერაც განუცდელი სიხარულით ივსებოდა. მისი გული ქრისტესთან ერთად ემაუსის გზაზე მიმავალი ლუკასა და კლეოპას მსგავსად სიყვარულით განხურვებულიყო.
ანასტასისმა ახალგაზრდაში ქრისტესთან მისტიკური, შინაგანი ერთობის წყურვილი დაინახა და წასაკითხად წიგნი “სათნოებათმოყვარეობა” მისცა. ამ წიგნს მან უწოდა: “განწმენდის საუნჯე, გონების ზღუდე, საიდუმლოებრივი სწავლება გონიერი ლოცვისა, წიგნი პრაქტიკული ცოდნისა და უტყუარი გზა ჭვრეტისაკენ, მამათა სამოთხე, წიგნი, რომელიც გასწავლის ქრისტესთან მოუკლებელ შინაგან საუბარს, იმ სულიერ პრაქტიკას, რომელიც მადლს მოიზიდავს და განღმრთობისაკენ მივყავართ”. ბრძენი წმინდა დანიელი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურად ტკბებოდა ამ წიგნში აღმოკითხული წმინდა მამათა სწავლებებით, რომლებიც მისთვის, წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვების თანახმად, თაფლზე უტკბესია.
ის იმდენად სიღრმისეულად და გონივრულად შეისწავლიდა “სათნოებათმოყვარეობას”, რომ მოკლე დროში თითქმის ზეპირადაც ისწავლა. როდესაც მეგობრებთან ერთად რომელიღაც მონასტერს მოინახულებდა, მისი მხურვალე გული მოუკლებლად აღმოთქვამდა პეტრე მოციქულის სიტყვებს: “უფალო! კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა!”. ბატონი ანასტასისი კი, რომელსაც ზოგი “წმინდა მესაპნესაც” უწოდებდა, დაუფარავი ტრფიალებით იტყოდა ხოლმე: “ნეტავი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ბაღში მოგვახვედრა! ნეტავი გვანახა ათონის წმინდა მთა და დავმტკბარიყავით მისი სიწმინდითა და მშვენიერებით!”.
დიმიტრიოსისთვის ათონის წმინდა მთა აღთქმული მიწასავით და ახალი იერუსალიმივით გახდა. მასში უფრო და უფრო მტკიცდებოდა იმის წყურვილი, რომ დაეტოვებინა საერო ცხოვრება და ქრისტესთვის მწირი გამხდარიყო. წმინდა იოანე სინელისა და წმინდა ისააკ ასურის ნაშრომებით შთაგონებულმა, 18 წლის ასაკში თავისი პირველი ნაშრომი “ამასოფლის უარყოფის შესახებ” დაწერა. წმინდა იოანეს “კიბის” წყალობით მან იცოდა: “ვისაც გვსურს, ეგვიპტედან გამოვიდეთ და ფარაონის საშინელ მონობას გავექცეთ, მაშინ ღმრთის წინაშე შუამდგომელად ჩვენც გვჭირდება მოსე, რომელიც ღვაწლსა და ჭვრეტას შორის დადგება და გაიწვდენს ხელს უფლისადმი, რათა ყველამ, ვინც მას მივყვებით, ცოდვების ზღვა გადავლახოთ, ვნებათა ამალეკი დავძლიოთ, რადგან ცდება ყველა ის, ვინც საკუთარი თავი ამგვარი ბრძოლისთვის გადადო და ჰგონია, რომ წინამძღვარი არ სჭირდება”.
ღმერთმაც აღასრულა მისი გულის წადილი და გამოაჩინა მისთვისაც მასწავლებელი. სმირნაში ხილანდარის მონასტრის სამეურნეო ტერიტორიაზე ერთი ათონელი ბერი მოღვაწეობდა, რომელმაც მისი გულის დაფარული ზრახვები და მონაზვნობისადმი მისი წყურვილი დაინახა. მან განჭვრიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრიოსი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, მას უკვე ღრმა შინაგანი სულიერი ცხოვრება და ასკეტური ხასიათი ჰქონდა და ამ ყველაფერში ღმრთის მადლით განბრძნობილმა მამამ აშკარა მოწოდება დაინახა.
ამ საუბრის შემდეგ, დიმიტრიოსი სახლში გამოუთქმელი სიხარულით დაბრუნდა… რომ შესძლებოდა, მეორე დღესვე გაიქცეოდა ათონზე. მაგრამ მას აუცილებლად მოძღვრის კურთხევით უნდა ემოქმედა.
საქმე იმაშია, რომ ქრისტემ ინება დიმიტრიოსს ნელ-ნელა საკუთარი ნების მოკვეთის სწავლა დაეწყო, რადგან სწორედ ეს არის მონაზვნების ყოველდღიური უმთავრესი საქმიანობა. მოულოდნელად მამა გარდაეცვალა და ოჯახიც მატერიალური შემოსავლის გარდაუვალი საჭიროების წინაშე დადგა. ორმაგი ტკივილით დამწუხრებულმა ახალგაზრდამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მოძღვარი ეუბნებოდა: “ცოტაც მოითმინე, შვილო და უფალი აუცილებლად გიჩვენებს თავის ნებას”. ასე მოუწია მყუდროებისა და მონაზვნობის მოყვარულ დიმიტრიოსს ვაჭრობით დაკავება, რათა როგორმე დახმარებოდა თავის დაობლებულ ოჯახს.
რა თქმა უნდა, ეს შრომა მის მწყურვალ სულს არ აკმაყოფილებდა, რადგან აქამდე ის მთელ ძალისხმევას იესუს ლოცვაში და ასკეტურ ცხოვრებაში მიმართავდა. ახლა კი მისი ცხოვრების წესი გარეგნულად სრულიად შეცვლილიყო. როგორც ჩანს, ეს ღმრთის განგებულებით მოხდა: მას ეს პერიოდი ერში დარჩენა მოუწია, რათა მისი მოშურნეობა კიდევ უფრო მეტად გამოცდილიყო და გაზრდილიყო.
მონაზვნობის წყურვილი მასში კიდევ უფრო იზრდებოდა და მისი სული ზეციური მეფის მსახურებისკენ ისწრაფვოდა. დადგა დღე და მოძღვრის რჩევით მან უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა საერო ცხოვრების დატოვება და ორ მეგობართან ერთად (ორივეს მონაზვნობა უნდოდა) სახლი ფარულად დატოვა. პელოპონესის თითქმის ყველა მონასტერი მოიარეს და იქ მცხოვრები მამების პრაქტიკული რჩევებით აღფრთოვანდნენ.
ახალგაზრდა დიმიტრიოსს ძალიან უნდოდა, რომ სახელგანთქმული წმინდა მამა არსენი პაროსელი მოენახულებინა და მისგან კურთხევა აეღო. როგორც იქნა დადგა ეს დღეც, ჩავიდა პაროსზე და დარწმუნდა, რომ ამ წმინდა კაცის სათნოებები გაგონილს ბევრად აღემატებოდა. მისი ნათელი სახე, უბრალოება, სიმდაბლე და სიყვარული ყველას იპყრობდა. მას შემდეგ, ის ხშირად ესაუბრებოდა მას მონაზვნობის შესახებ და აღსარებასაც აბარებდა. წმინდა არსენიმ ამ ახალგაზრდაში სრულყოფილი სულიერი ცხოვრების წყურვილი დაინახა და არ ისურვა, რომ თავისთან შეეყოვნებინა. მხურვალედ ილოცა ქრისტეს წინაშე, რომ თავისი ნება განეცხადებინა და საბოლოოდ, დიმიტრიოსს ურჩია, რომ მისი ადგილი ათონის წმინდა მთაზეა და წმინდა პანტელეიმონის მონასტერში უნდა დამკვიდრებულიყო…
კატუნაკელი ისიქასტი
წმინდა იოანე სინელის სიტყვებით ისიქასტი მიწიერი ანგელოზია. და ასევე: ისიქასტია ის, ვინც მოუკლებლად გულის სიღრმიდან ღაღადებს: “განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო!”(ფს.57:8). მან წმინდა პანტელეიმონის მონასტრის შემდეგ, ვატოპედში 5 წლიანი შრომისა და მორჩილების პერიოდი გაიარა. მას მუდამ უნდოდა, რომ ისიქასტური ცხოვრებისთვის უდაბნოში განმარტოვებულიყო და ვატოპედის საძმოს ამის კურთხევა მიეცა მისთვის. შედეგად, 1880 წელს, ის კატუნაკებში, პატარა ისიქასტურ კალივაში გადავიდა.
სახელგანთქმული კატუნაკი ათონის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარესაა და ცნობილია, როგორც განდეგილთა ნავსაყუდელი. მამა დანიელის სენაკი ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარეობდა და მის წინაშე ათონის არამიწიერი მშვენიერება იშლებოდა. ერთი შეხედვით ეს უნაყოფო, უდაბური, ველური და ხელუხლებელი ბუნება აღმოჩნდა ის ადგილი, რომლისკენაც მუდამ ისწრაფოდა ისიქასტი მამის გული. მამები ამბობენ: “იქ ქვებიც კი გაჟღენთილნი არიან წმინდა მამათა ცრემლით და ოფლით”.
არც მონაზვობაა ყველასთვის და არც ყველა მონაზვნისთვისაა განდეგილური ცხოვრება. ჯერ საჭიროა, მონაზონმა წლების განმავლობაში იღვაწოს მორჩილებასა და საკუთარი ნების მოკვეთაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ წმინდა მოძღვრების კურთხევით განდეგილ ცხოვრებას შეუდგეს.
ვატოპედის საძმოს კურთხევით მამა დანიელი უდაბნოში დამკვიდრდა. მის პატარა და მწირ საცხოვრებელს ტაძარი არ ჰქონდა, იქ მხოლოდ ორ მომცრო სენაკს და წვიმის წყლის შესაგროვებელ კასრს ნახავდით. ამ სენაკთაგან ერთ-ერთი ისიქასტმა მამამ ტაძრად გადააკეთა, სადაც ყოველდღიურ მსახურებებს აღასრულებდა. როგორც კი დაასრულა ამ ყველაფრის გაკეთება და გამშვენება, სრულყოფილი სულიერი ცხოვრების მოშურნე მთელი გულმოდგინებით შეუდგა მოუდაბნოე ცხოვრებას, რაც მოიცავდა: ღამე ლოცვას, ყოველდღიურ მსახურებებს, პირად კანონს, მუხლდრეკებს, მოუკლებელ იესუს ლოცვას, სულიერ საკითხავსა და ხელსაქმეს. მისი სიმშვიდით აღსავსე სული უსაზღვრო სიხარულით იკვებებოდა ყოველდღიურად. განა რა არის ქრისტესთან ყოფნაზე უფრო ტკბილი და ბედნიერების მომნიჭებელი? გარეგნული ცხოვრების სივიწროვე ვერ აცხრობდა ისიქასტი მამის შემოქმედებით სულს. წმინდა ისააკ ასურის სიტყვების მიხედვით: “სულიერი ცხოვრების საწყისი – ქრისტეს საიდუმლოებებში გონებითა და გულით მოუკლებელი განსწავლაა”.
ოდესღაც წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მდივანი და ვატოპედის მონასტრის სტუმრების მიმღები, რომელმაც ეპისკოპოსობაზე უარი თქვა, ბრძენი და მდაბალი ბერი დანიელი, ახლა უკვე კატუნაკებში თავს წინდების ქსოვით ირჩენდა.
მარტო მყოფი და მოკლებული ყოველგვარ ადამიანურ შეწევნასა და ნუგეშს, ქრისტეს მადლით მტკიცდებოდა და განიბრძნობოდა. მას უკვე გათავისებული ჰქონდა წმინდა ისააკ ასურის სიტყვები: “ქრისტესთვის დათმენილი მცირე მწუხარება ნებისმიერ დიდ, უმტკივნეულოდ აღსრულებულ საქმეს აღემატება”.
უდაბნოს მყუდროებაში და უფრო მეტად კი, საკუთარი გულის მყუდროებაში, ისიქასტი მამა გონიერ ლოცვაში წარემატებოდა. მასში იზრდებოდა ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა, გულის შემუსვრილება და ამ საიდუმლოებების შეცნობასთან ერთად, ის ეშმაკის ხრიკებისა და საცდურების ამოცნობაში იწრთობოდა.
ამ ყველაფერმა მამა დანიელს გამოცდილი და სულიერად განათლებული მოძღვრის სახელი მოუხვეჭა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა სამღვდელო ხარისხი, მასთან რჩევისთვის ათონის სხვადასხვა მონასტრებიდან, სკიტებიდან და საბერძნეთიდანაც კი მოდიოდნენ. მასთან შემხვედრნი შინაგან სიმშვიდესა და ურთულეს კითხვებზე პასუხს იღებდნენ.
მან განაახლა ხატწერის საქმიანობა, რომელიც ჯერ კიდევ წმინდა პანტელეიმონის მონასტერში შეისწავლა. როგორი კრძალვითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ამ საქმეს! მისი ხელი ფუნჯით ნახაზებს აკეთებდა, ხოლო მისი მადლით განმსჭვალული გული მოუკლებლად ესაუბრებოდა იესუ ქრისტეს.
მოგვიანებით, როდესაც მან თავის კალივაში პირველი მორჩილები შემოიკრიბა და დროთა განმავლობაში საძმოც ჩამოყალიბდა, მან ეს საღმრთო საქმიანობა თავის სულიერ შვილებსაც ასწავლა. ასე ჩაეყარა საფუძველი ხატწერის სკოლას, რომლის ოსტატებიც უდიდესი კრძალვითა და გულმოდგინებით დღემდე აგრძელებენ ამ წმინდა საქმიანობას.
მისი საძმოს ტიპიკონი შემდეგნაირი იყო: ისინი შუაღამის 2 საათზე იღვიძებდნენ, ხოლო კვირას ან დიდ დღესასწაულებზე – შუაღამეს (00:00-ზე). ტრაპეზი დღეში ერთხელ ჰქონდათ. მწუხრის შემდეგ, მთელი საძმო ყოველდღიურად უხსნიდა სულიერ მოძღვარს თავის გულისსიტყვებს, რადგან წმინდა კასიანე რომაელის თანახმად, არაფერი ისე არ აზიანებს მონაზვნებს და ახარებს ეშმაკებს, როგორც სულიერი მოძღვრისაგან გულისსიტყვების დამალვა.
აღსანიშნავია, რომ მამა დანიელი ძალიან გამოცდილი სულიერი მოძღვარი იყო. მას ჰქონდა ღრმა და წმინდა გონება, ბრწყინვალედ იცნობდა წმინდა მამათა ასკეტურ ნაშრომებს, მისი უსაზღვრო სიყვარული, სიმშვიდე და სიმდაბლე მას ჭეშმარიტ მწყემსად აქცევდა, რომელიც თავის თანამოსაუბრეს მუდამ ეხმარებოდა გულის გახსნაში.
მკითხველი აუცილებლად შეიგრძნობს ამას როგორც კი მამა დანიელის წერილებს გაეცნობა. იქ ვხედავთ, თუ როგორი გასაოცარი ტაქტი და სულიერი სიბრძნე ჰქონდა მას, რომელიც იმაში ვლინდებოდა, რომ ის ჯერ შეუქებდა ხიბლში აღმოჩენილ ძმას სულიერ მოშურნეობას, რათა არ გამოეწვია მასში აღშფოთება და აგრესია, ხოლო ამის შემდეგ გასაოცარი სიმდაბლითა და ხელოვნებით მიუთითებდა და აყენებდა სწორ გზაზე. ამ ყველაფრით ვრწმუნდებით, რომ ის ჭეშმარიტად საოცარი მასწავლებელი და მწყემსი კეთილი გახლდათ.
ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ მამა დანიელის წერილები სამოძღვრო ღმრთისმეტყველების ნამდვილი ნიმუშებია და აუცილებლად სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი. სულიერ პრობლემებთან სწორი მიდგომა მხოლოდ თეორიის საფუძველზე კი არ ხდება, არამედ სათნოებათა დედოფლის – განსჯისა და მასთან ერთად, გონიერი ლოცვის მეშვეობით.
როგორც ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან, განსჯის უნარი სულიწმიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭია. ამბა კასიანე რომალი წერს, რომ ერთხელაც თებაიდაში, ანტონი დიდის კელიაში ბევრი მოღვაწე მამა შეიკრიბა და მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელი სათნოებაა ყველაზე აღმატებული და რომელი გვიცავს ყველაზე მეტად ეშმაკის საცდურებისაგან. თითოეული ერთ სათნოებას ასახელებდა. ერთმა თქვა მარხვა და მღვიძარება, მეორემ შეაქო უპოვარება და ყოველგვარი მიწიერის უარყოფა, მესამემ მოწყალება ამჯობინა. ბოლოს კი თავად ანტონი დიდმა თქვა: “ყველაფერი, რასაც თქვენ აქებთ და განადიდებთ, უდავოდ საჭირო და სასარგებლოა ყველა სულისთვის, რომელიც ქრისტეს ეძებს, მაგრამ ვერც ერთ მათგანს პირველობას ვერ მივანიჭებთ, რადგანაც მრავალი მაგალითი გვინახავს, როდესაც მოუკლებელ მღვიძარებასა და მარხვას მისცემიან, დიდი მოწყალებაც გაუციათ, მაგრამ მოულოდნელად ხიბლში აღმოჩენილან. ასე რომ, რა იყო მათი წარუმატებლობის მიზეზი? განა არა ის, რომ მათ სულიერ ცხოვრებაში განსჯის უნარი და სიბრძე აკლდათ? ეს ნიჭი სამეუფეო გზაზე სვლას გვასწავლის და ორივე უკიდურესობისგან გვიცავს. განსჯის უნარი არის სულის თვალი და მისი ნათელი”. წმინდა ანტონის მოსაზრებას ყველა ერთხმად დაეთანხმა. ამბა კასიანე აგრძელებს: “განსჯა არის წყარო და ფესვი ყველა სათნოებისა, ხოლო განსჯის წყარო კი – ჭეშმარიტი სიმდაბლეა, სიმდაბლეს კი ადამიანი მაშინ შეიძენს, როდესაც თავის მოძღვარს არა მხოლოდ იმას უმხელს თუ საქმით რას აღასრულებს, არამედ საკუთარ შინაგან სამყაროს უხსნის და გულისსიტყვებსაც აცხადებს. ის ადამიანი შეიძენს სიმდაბლეს, ვინც არასდროს ენდობა საკუთარ ზრახვებსა და გულისსიტყვებს და სულიერ ცხოვრებაში მუდამ მოძღვრის რჩევებით ხელმძღვანელობს”.
მორჩილებისა და თავგანწირვის გზაზე გამობრძმედილმა და ყველაზე მეტად კი სიმდაბლისკენ მსწრაფველმა მამა დანიელმა ქრისტესგან მიიღო ეს უმაღლესი ნიჭი – განსჯის უნარი.
წიგნიდან: ‘’ Старец Даниил Катунакский. Ангельское житие’’