wm. luka yirimeli mkurnali 2

წმინდა ლუკა ყირიმელი (მკურნალი) – ლოცვა ქრისტიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა

ლოცვა მთლიანად გარდაქმნის ადამიანთა გულებს. წმინდანებისა და მოწამეების გულები ძალიან განსხვავდება, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ლოცვას აქვს ის საღვთო ძალა, რომელიც თქვენს გულებში სასწაულს ახდენს. ლოცვა ქრისტიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომელთან შედარებითაც ყველა სხვა საქმე წვრილმანია.

როგორც ხმება წყლის გარეშე ყველა მცენარე, ასევე იმ ადამიანის სულიც იფიტება, რომელიც ლოცვით არ იკვებება. სულსაც სჭირდება ”საკვები” და ”წყალი”. აქ იმ წყალზეა საუბარი, რომლის მიცემაც ქრისტემ სამარიელ დედაკაცს აღუთქვა, წყალი, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება.

როცა ლოცვაზე ვსაუბრობ ხოლმე, ხშირად მეუბნებიან: არ ვიცი ლოცვა, მასწავლეთ!

მე ვპასუხობ, რომ ლოცვა არის უდიდესი და ურთულესი საქმე, ყველა სხვა საქმესთან შედარებით. ჩვენ ვიცით, რომ არცერთი რთული საქმე ადვილად არ ისწავლება. საჭიროა ხანგრძლივი შრომა ნებისმიერი ხელობის შესასწავლად და დასახვეწად.

ღირსი სერაფიმე საროველი და სერგი რადონეჟელი ჯერ კიდევ თავიანთ ცხოვრებაში დაემსგავსნენ ანგელოზებს, მათი სულები სავსე იყო ღრმა რწმენით, ღვთისა და მოყვასის უწმინდესი სიყვარულით. ისინი უბრალოდ ბრწყინავდნენ.

როგორ მიაღწიეს მათ ამ ყველაფერს?

პირველ რიგში – ლოცვით, შემდეგ კი მარხვითა და ღამისთევებით. იცით, რომ ღირსი სერაფიმე საროველი ათასი დღე და ათასი ღამე იდგა ქვაზე და ლოცულობდა? სწორედ ამ ლოცვამ აქცია ის ანგელოზის მსგავსად, ამ ლოცვის წყალობით, ღვთაებრივი სიყვარული დამკვირდა მის გულში და ყველა შემხვედრს ამ სიყვარულით სავსე სიტყვებს ეუბნებოდა: ”ჩემო სიხარულო!”

ხედავთ? ლოცვამ სასწაული მოახდინა წმინდა სერაფიმეს სულში. ლოცვა სასწაულებრივ მოთმინებას ანიჭებდა მოწამეებს, რაც აოცებდა მათი წამების შემყურეებს და არცთუ ისე იშვიათად ჯალათებიც კი ქრისტეს იღებდნენ.

ასე, რომ როგორც ხედავთ, ლოცვა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომლად და გარეგნულად კი არა, არამედ შინაგანად, ადამიანების გულებში ახდენს სასწაულებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ