ჯვარი 1

ჯვარი ქრისტესი – წყარო სიხარულისა – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

როდესაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხდება, მისთვის ამქვეყნიური ტკივილები სულაც არ ქრება, არამედ ისინი ფერს იცვლიან და ადამიანისთვის საერთოდ ახალ ღირსებას იძენენ. ჩვენი სიმამაცით, მოთმინებით, მოუკლებელი იესუს ლოცვითა და ქრისტეს ხსოვნით, ეს ნაღვლიანი სასმისი მარადიული სიცოცხლის უტკბეს სასმისად გარდაიქმნება. ამის შემდეგ, ქრისტიანისთვის ტკივილი შიშისა და საშინელების წყარო კი არ იქნება, არამედ სულიერი ომისა და ღვაწლის ფართო ასპარეზი გახდება. მაგალითისთვის სპორტსმენი ავიღოთ, რომელმაც სირბილის შეჯიბრებაში გაიმარჯვა: როდესაც ჯილდოს იღებს, სიხარულისგან სულ ავიწყდება ის მტანჯველი და დამღლელი შრომა, რომელიც ამ შეჯიბრებაში მომზადებისთვის გასწია. ასევეა ქრისტეს მეომარი, რომელიც ჭვრეტს ქრისტეს და მის მომავალ, მარადიულ სამეფოს, ავიწყდება ტკივილების ეს სიმწარეც და თავად სიკვდილიც.

მეუფე ათანასე1
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

აქედან გამომდინარე, ჩვენ სულგრძელად უნდა გადავიტანოთ ჩვენს გზაზე შემხვედრი განსაცდელები, მწუხარებები და ტკივილები. მოუკლებლად უნდა შევღაღდოთ ჩვენს მხსნელს, ქრისტეს, რომ განგვამტკიცოს, გვანუგეშოს და მუდამ ჩვენთან იყოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ‘’ ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა’’(ებრ. 12:2)

ჩვენს ცხოვრებაში არსებული ტკივილები, სინამდვილეში ქრისტესგან გამოწვდენილი ხელია და თუკი ამ ტკივილებს სწორად მივიღებთ, ისინი ჩვენთვის ღმრთის კურთხევისა და სიხარულის წყარო გახდებიან. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რაც არ უნდა გადავიტანოთ, სულ მცირედითაც კი ვერ შეედრება იმას, თუ რა გველოდება მარადიულ სიცოცხლეში ქრისტესთან ერთად. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ‘’ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ’’(რომ.8:18) თუკი ვინმე მოისურვებს, რომ პასუხები მიიღოს იმ კითხვებზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ესა თუ ის მოვლენა მის ცხოვრებაში, ამ ადამიანის გონება აუცილებლად ათასობით კითხვით ‘’რატომ?’’ აღივსება. თუკი ის ეცდება, რომ თავის ტკივილებს შეხედოს, როგორც ქრისტესგან დაშვებულს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის განწმენდას, სრულყოფასა და მარადიულ სიცოცხლეში გვირგვინის მინიჭებას ემსახურება, მაშინ ის მწუხარების ამ სასმისებს მიიღებს, როგორც ქრისტეს ხელიდან მიცემულს.

აი ასეთი პასუხი აქვს ქრისტეს ჩვენს კითხვებზე. ის არ აძლევს ადამიანებს იმის ცრუ დაპირებებს, რომ ტკივილები განქარდება, არამედ ის აღგვითქვამს, რომ გარდაქმნის, ფერს უცვლის მათ და ნუგეშის წყაროდ აქცევს.

არავინ იფიქროს, რომ წმინდანებმა უმტკივნეულოდ იცხოვრეს. ამ ყველაფრის მტკიცებულება წმინდა ისააკ ასურის სიტყვებია, რომელიც ამბობს: ‘’ხედავ ჩვენი ეკლესიის წმინდანთა ამ ურიცხვ მხედრობას? მათგან არავინ ასულა ზეცად უდარდელობითა და სიამოვნებებით, არამედ მრავალი შრომითა და ტკივილებით’’. ისინი ქრისტესგან მიცემულ ჯვარს მოთმინებით ტვირთულობდნენ.
თითოეული ჩვენგანი თავის ჯვარს ზიდავს. აბსოლუტურად ყველანი, ვინც არ უნდა ვიყოთ და საზოგადოებაში რა ადგილიც არ უნდა გვეკავოს, სადაც არ უნდა ვცხოვროდბეთ, ყველანი ჩვენ ჩვენს ჯვარს ვატარებთ. თუკი ვინმეს სნეულებები არ აწუხებს, მაშინ მას აუცილებლად სხვა მწუხარებები აქვს, ის ზიდავს საკუთარი ცოდვების ჯვარს და ებრძვის თავის შინაგან მტერს ‘’ძველ ადამიანს’’, რომელიც მუდამ აწამებს მას.

ამ წყვდიადით მოცულ და უსაზღვრო ბრძოლის ველზე, მხოლოდ ერთს შეუძლია ჩვენს გზაზე ნათლის მოფენა და ეს ერთადერთი, რა თქმა უნდა, უფალი ჩვენი, იესუ ქრისტეა, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ჯვარს ეცვა, რომელიც იმ ადამიანების ნათელი და ნუგეშია, რომლებიც თავიანთი ჯვრით მის გზას მიჰყვებიან. ეს ის ერთადერთია, რომელიც სახარებაში ყველა ტანჯულს, მწუხარესა და სნეულს მიმართავს: ‘’მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ’’.(მთ.11:28)

წყარო: https://www.pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©