ღმრთისმშობლის ხატი ,,პანტანასა“
(,,ყოველთა დედოფალი“)
დიდი ბერის სიცოცხლეში ჩვენს მოძღვარს ღმრთისმშობლის ერთი სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. მისმა სულიერმა ძმამ, მამა ეფრემმა, ერთხელ სთხოვა ხატი მისთვის ეჩუქებინა. მოძღვარმა სიხარულით დაუთმო, რადგან ყველას მიმართ სიყვარულით იყო სავსე, თუმცა, იმის გამო, რომ წმინდა დედოფლის ასეთ ნუგეშს მოაკლდა, ცოტა სევდაც შეეპარა. ხოლო ყოვლადწმინდას არ დაუგვიანებია, დაეჯილდოებინა ის ახალი დიდი კურთხევით. 1960 წლის მაისში ბერი წერდა: ,,ჩემდა დიდად გასახარად ღმრთისმშობლის პატარა ხატი ჩამივარდა ხელში, ძველი, დიდი ისტორიითა და სასწაულებით. სიხარულს ვერ ვიტევ. ვინც ნახა, ყველას შეუყვარდა. სხვა ნიჭების გარდა (თითქმის ცოცხალი ხატია), ისიც აქვს, რომ ბუნებრივად კეთილსურნელოვანია, არომატის დამატების გარეშე“.
ნეა სკიტის წმინდა უვეცხლოთა კალივა, სადაც ჩვენი მოძღვარი ცხოვრობდა, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის კალივის მეზობლადაა, რომელშიც ბერები – პართენი და სვიმეონი ცხოვრობდნენ (იხ. სურ. 25). როდესაც მათ შენიშნეს, რომ ჩვენი მოძღვარი ღმრთისმოშიში და მოღვაწე მონაზონი იყო, გადაწყვიტეს მისთვის მიენდოთ ის ხატი, რომელიც თავის დროზე თავიანთი მცირეაზიელი მოძღვრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ხატზე გამოსახულია ღმრთისმშობელი, საყდარზე მჯდომი ანგელოზთა შორის.
ჩვენი ბერი პანტანასას პირველი სასწაულის შესახებ ასე წერდა: ,,ახლა დაწვრილებითი თხრობის დრო არაა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ალბათ ამ სასწაულის წყალობით მოხდა, რომ ის კაცი შეიცვალა. მანამდე ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო… ვერ დავივიწყებ ამ სასწაულს – ჩემს თვალწინ მოხდა და მთლიანად შემძრა. სურნელება კი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო საგრძნობი ხდება“.
მოძღვარი გვიამბობდა: როდესაც ერთი ახალგაზრდა მის კალივას ეწვია და სურდა ეკლესიაში პანტანასას მთხვეოდა, მას ხატამდე ორი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა, მის მკერდს მზესავით ძლიერი ნათელი შეეხო და ძირს დასცა. ამან ახალგაზრდა შინაგანად შეძრა. ბერის რჩევით, თავისი ძველი ცხოვრება შეინანა (ჯადოქრობით იყო დაკავებული) და გამოსწორების გზას დაადგა.
სხვა დროს ბერმა მ. პანტელეიმონს სხვა სასწაულის შესახებაც უამბო: ,,აღდგომას ინგლისში მცხოვრები ერთი კვიპროსელი მეწვია, კარგი და ღმრთისმოშიში კაცი. ის მ. სოფრონს იცნობს და მის მიერ ესექსის საგრაფოში დაარსებულ მონასტერში ოჯახთან ერთად ხშირად დადის. ეს ადამიანი სახიერმა უფალმა თავისკენ ერთი დიდი სასწაულით მოაბრუნა. ადრე სულიერი უმეცრებითა და ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისი ინგლისელი მეუღლე მოინათლა. ისიც რჩეული ჭურია – ერთმანეთს ეჯიბრებიან ღმრთისმოშიშებასა და გულმოდგინებაში. არ მეგონა თუ ჩვენს დროში და ასეთ ადგილებში ღმერთის ამგვარ წყალობას წავაწყდებოდი. მართლაც, ,,ტკბილ არს უფალი ყოველთათვის, რომელნი ხადიან მას“.
ერთი სიტყვით, წმინდა უვეცხლოთა ეკლესიაში შევიყვანე და იქ დავტოვე: მოილოცოს-მეთქი და ილოცოს. ისიც ვუთხარი: ,,ჩვენთვის, ათონელებისთვის, ღმრთისმშობელი განსაკუთრებული მფარველია“. ცოტა ხანში დაბლა, სახელოსნოში ჩამოვიდა, სადაც იმჟამად ჩემს სტუმარ მამა იოასაფთან ერთად ვიყავი. ცოტა შემცბარი მეჩვენა და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. ოდისევსი ჰქვია.
აი რა მითხრა: ,,მინდოდა ღმრთისმშობლის კანდელიდან ცოტა ზეთი ამეღო თითით და შუბლზე მეცხო. მაგრამ სანამ ვიცხებდი, ვიფიქრე, დედოფლის წინაშე მუხლი რამდენჯერმე მომედრიკა. და აი, როცა წამოვდექი და ხატის პირისპირ დავდექი, კანდელი თავისით აინთო, თუმცა მანამდე ნამდვილად ჩამქრალინ იყო. ამიტომ ვჩანვარ შემცბარი, თორემ გული სიხარულით მაქვს სავსე“. ამის მერე დიდი მოკრძალებით ფერადი და შავ-თეთრი სურათები გადაუღო და შემპირდა, თუ კარგი ფოტოები გამოვიდა, გამოგიგზავნითო“.
ერთ სხვა კაცს, რომელსაც უკანასკნელი სტადიის კიბო ჰქონდა და ადამიანურად არანაირი იმედი აღარ დარჩენოდა, სრულიად მოაშორა კიბო. იგი სხვებმა ძლივძლივობით მოიყვანეს ბერის კალივაში. როდესაც ეკლესიაში შევიდა, დიდი მოწიწებითა და ცრემლებით ჩაიხუტა ხატი და მის წინაშე ილოცა. ეს ის პირველი სასწაულები იყო, რომელთა მოწმეც ბერი თავად გახდა და ამგვარად მოხუცი ბერების სიტყვებში დარწმუნდა, რომლებმაც ხატი ძვირფას და სასწაულმოქმედ სიწმინდედ გადასცეს. ამ ხატის, რომელსაც მოგვიანებით ,,პანტანასა“ უწოდა, სასწაულები დღემდე გრძელდება მათ მიმართ, ვინც სიყვარულითა და სასოებით ითხოვს მის შემწეობას. დაბრძანებულია ვატოპედის მონასტრის მთავარ ტაძარში.
ახალი საძმოები და ათონის აღორძინების ახალი პერიოდი
1963 წელს, ათონის მთის ათასწლეულის დღესასწაულზე ჩამოსულმა მსოფლიო პატრიარქმა ათინაგორამ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ,,წმინდა მთის ათასწლეულთან ერთად მის გამოსამშვიდობებელ ზეიმსაც აღვნიშნავთ“. იმ პერიოდში ათონზე მონაზონთა რიცხვი ძალიან მცირე იყო. ის, რომ იგი ახალგაზრდა მონაზვნებით გაივსო, ათონის მთის წინამძღვრის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულია. ამ კურთხეულ მოვლენას რამდენიმე ფაქტორმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი: წმინდა სოფრონის წიგნმა ღირსი სილუანე ათონელის შესახებ, ღირსი პაისი ათონელის მადლმოსილმა პიროვნებამ და, უმთავრესად, წმინდა იოსებ ისიქასტმა და მისმა მოწაფეებმა.
მამა ეფრემისა და მამა ხარლამპის გარშემო საძმოებმა 1963 წელს დაიწყო ჩამოყალიბება. დიდი ბერის წინასწარმეტყველების თანახმად, ეს საძმოები ათონის აღორძინების წინაპირობა გახდა.
ამის შესახებ ჩვენი მოძღვარი ასე წერდა: ,,მ. ეფრემთან კიდევ ერთი ახალგაზრდა მოვიდა. ვფიქრობ, სხვებიც მოვლენ, რომელთაც მონაზვნობის სურვილი უკვე გამოთქვეს“. მოგვიანებით კი ამას ახსენებს: ,,მ. ეფრემი დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა: მის ერთ მოწაფეს, რომელიც თესალონიკის ერთ-ერთი მიმდებარე სოფლიდანაა, მშობლებმა წასაყვანად მოაკითხეს და რადგან არ გაჰყვა, სცადეს ბოროტმოქმედთა დახმარებით ძალით გაეყვანათ. პოლიცია, აქაური მმართველობა და სხვებიც ჩაერივნენ. დიდი ხმაური ატყდა. მამა ხარლამპიც ელოდება რამდენიმე მორჩილს“. და სხვაგან: ,,ეს-ესაა მამა ეფრემთან აღვნიშნეთ დღესასწაული. შენი პატარა იოსებიც იყო. აღკვეცა გვქონდა: აპოსტოლი დიდსქემოსანი გახდა და ეფრემი დაერქვა. მამა ხარლამპისთანაც ერთი კარგი ახალგაზრდა მივიდა. წმინდა უვეცხლოთაში მ. თეოფილაქტესთან ერთად ერთი კეთილი მონაზონი დავასახლედა ამიტომ ამ კალივაზე აღარ ვდარდობ. გავმრავლდით: ახლა თორმეტნი ვართ და ძმების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, რომ ყველაფერი მისთვის სათნოდ წარემართოს. საკვირველია ისიც, თუ როგორ კარგად გვეპყრობა მმართველი მონასტერი“.
სულიერ წინსვლასთან ერთად განსაცდელებიც მატულობდა, მაგრამ მათი სულიერი ერთობა თითოეულისთვის დიდი ნუგეში და მტკიცე საყრდენი იყო. ჩვენი მოძღვარი წერდა: ,,ყველანი ერთად ვართ. ამიტომაა რომ ეშმაკი ასე მძვინვარედ გვებრძვის. ცდილობს სულიერ სარგებელს მოგვაკლოს და ჩვენი წინსვლა შეაფერხოს. ამჟამად, მონაზონ ,,დედიკოებთან“ ერთად, ოცდაათზე მეტნი ვართ და მომავალიც ნათელი ჩანს. ეშმაკიც სწორედ ამას ებრძვის. მაგრამ თუ ღმერთი ჩვენკენაა, ვინაა ჩვენ წინააღმდეგ? ამინ. მოძღვარიც და თითოეული ჩვენგანიც დიდი სიყვარულით ვლოცულობთ შენთვის“.
წმინდა მამების სულიერი ტრადიციის აღდგენასთან ერთად, საძმო ცდილობდა საეკლესიო ხელოვნებაც თავის ბიზანტიურ ფესვებს დაჰბრუნებოდა. მოძღვარი წერდა: ,,წმინდა უვეცხლოებში ერთი კარგი ახალგაზრდა დავასახლე, რათა საზრუნავისგან გავთავისუფლდე. მონაზონია, ანანია ჰქვია. წმინდა ანას სკიტის ანანიელების საძმოდანაა. კარგი ხატმწერია. ვცდილობ ხატწერისთვის საჭირო ნივთებით უზრუნველვყო, რადგან ნიჭი აქვს და მალე ისწავლის. მინდა, რომ ბიზანტიურ ხელოვნებას დაუბრუნდეს“.
სულიერ მოღვაწეობასა და მდუმარებას წმინდა მთის გარეთ მსახურებაც დაემატა. სულითა და გულით გაერთიანებული ძმები, ადამიანური მეწვრილმანეობისგან თავისუფლები, ყოველნაირად ცდილობდნენ მართლმადიდებლური მონაზვნობის აღორძინებას წმინდა მამათა გადმოცემის მიხედვით: ,,ახლა გწერ ინუსედან, სადაც მამა ეფრემთან ერთად ორი დღით ჩამოვედი. ხვალ დილით ისევ უკან დავბრუნდებით. სკიტიდან წამოგვიყვანეს. მ. ეფრემი უნდა წამოსულიყო, მე უბრალოდ გამოვყევი. აქაურ მონასტერში ვოლოსელი მონაზონი დედები უნდა გადმოიყვანოს. მოგვიანებით ყველაფერს გაიგებ, მაშინ, როდესაც შეთანხმდებიან და საკითხი დადებითად ან უარყოფითად გადაწყდება“.
მოგვიანებით წერდა: ,,მამა ხარლამპისთან მეორე მორჩილი მოვიდა. მე ისევ კალივის მშენებლობას ვაგრძელებ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სადაცაა დავამთავრებ. ერთ კვიპროსელს ველოდები, უნდა ჩამოვიდეს და ჩვენთან ერთად დარჩეს“.
ჩვენი მოძღვარი წმინდა სილუანე ათონელის მოწაფეს და მისი ცხოვრების შემდგენელს – მამა სოფრონს იცნობდა, რომელიც იმ დროს ინგლისში მონასტერს აშენებდა. იგი ბერ იოსებ ისიქასტს წმინდა ანას მცირე სკიტშიც და ნეა სკიტშიც სტუმრობდა ხოლმე. ამ შეხვედრებს ყოველთვის კეთილად იგონებდა. მამა სოფრონი ესექსის საგრაფოში, თავის დაარსებულ მონასტერში ყველანაირად ცდილობდა, სწორი სულიერი ცხოვრება დაენერგა. მისი სამოღვაწეო ცხოვრების მაგალითმა და სიტყვის ძალამ მრავალი დასავლელი ადამიანი მოიზიდა ეკლესიაში. ბევრმა ღმრთისმოშიშმა ქრისტიანმა ათონის შესახებ სწორედ მისგან გაიგო, მისი სიტყვებით შთაგონებული ადამიანები ნეა სკიტის ღარიბული კალივების მოსალოცადაც კი მოდიოდნენ.
ბერ სოფრონის ქადაგებებით მოქცეული ადამიანები მონაზვნობაში ეძებდნენ მართლმადიდებლობის ცხოველსმყოფელ წყაროს. ერთ-ერთ წერილში ბერი იოსები ამის შესახებაც წერს: ,,ერთი ბიჭია, იოანე ჰქვია, დაწყებითი კლასები არ აქვს ჯერ დამთავრებული და უკვე უნდა, ყოველ წელს არდადეგებზე ჩამოვიდეს და ჩვენთან ერთად იცხოვროს. ბერძნულის სწავლაც სურს. დედა ინგლისელი ჰყავს, ღმრთისმოშიში ქალი, მონათლული, მამამისი კი კვიპროსელია, ისიც მორწმუნე… ოღონდ, სამწუხაროდ, [იქ] არ აქვთ საშუალება სასულიერო წიგნები იკითხონ მოშურნეობის გასაღვივებლად, არც მისაბაძი მაგალითი აქვთ. მხოლოდ მ. სოფრონი ანუგეშებს სულიერად. სულ მასთან დადიან, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან, ის ამხნევებს და შთააგონებს. თავიანთ წრეში საკმაოდ გაისარჯნენ და მათი წყალობით ბევრმა ჩვენიანმა, კვიპროსელმა, შეცვალა ცხოვრების წესი… ქალბატონ კატინგოს მონასტერში მ. ეფრემი იქნება მოძღვარი, მაგრამ მხოლოდ მაშინ წავა იქ, როდესაც თავისი მონაზონი დედების მოსანახულებლად გავა ათონიდან. მატრონა იღუმენია გახდა, ხოლო მარიამი მონაზვნად აღკვეცეს და ირინე დაარქვეს. კიდევ ერთი-ორი მორჩილიც ჰყავდათ. რამდენიმე გოგონა თესალონიკიდანაც გამოაგზავნეს. ვოლოსში მონასტერი წინ მიიწევს, რიცხობრივადაც და სულიერადაც. ჩვენთანაც მოდიან ახალგაზრდები, ძირითადად განათლებულები, რომელთაც წუთისოფელმა იმედი გაუცრუა, რადგან ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ. ჩვენს მამებს სხვადასხვა მონასტრებში სულიერ მოძღვრებად ითხოვენ: წმინდა პავლეში, დიონისიუში, გრიგორიუში. კარგ მოძღვარს ძნელად იპოვი და ამიტომ ხალხი ნუგეშს ვერ პოულობს“.
მოძღვარს ამგვარ საქმიანობაში სულიერი ცოდნა და გამოცდილება აძლიერებდა, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა განსაცდელები ელოდა მას, ისევე, როგორც ყოველ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და შესწევს უნარი, რომ მოყვასს სარგებელი მოუტანოს. ასე წერდა: ,,თუ გვწამს (და სინამდვილეში ასეა), რომ ყოველი ჩვენი მოქმედება და განზრახვა შეგნებულად სრულდება თანახმად ღმერთის ნებისა და ღმერთისა და ადამიანისადმი სიყვარულის გამო, მაშინ წინააღმდეგობასაც უნდა ველოდეთ. ამ შემთხვევაში [სამი რამე ხდება:] ყოველმხრივ სრულყოფილი, საღმრთო სამართლის მიერ ჩვენ მიერ აღსრულებულ საქმეს კანონიერების ბეჭედი ედება; სულს წინსვლისა და ზრდის მადლი ეძლევა; ხოლო რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, გამოცდილებას ვიძენთ.
სწორედ აქაა საჭირო, ჩემო საყვარელო ძმაო, სიბრძნე და გონიერება. ისეთი რთული არ არის, კაცმა აღასრულოს რამე მცნება, ნაწილობრივი თუ ზოგადი, ან, თუ გნებავს, უბრალოდ, დაგეგმოს მაინც, როგორც ის, რომ ეს ყველაფერი საბოლოო მიზნამდე მიიყვანოს. მაშინ გული, გამოცდილებითა და მოთმინებით გამდიდრებული, სულიერად იხარებს. მან, ვისაც სურს სხვებს სულიერად სარგებელი მოუტანოს, უნდა იცოდეს, რომ იმათ განსაცდელებს თავის თავზე იღებს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენის ტვირთვის უნარი შესწევს.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანი სამ შემთხვევაში ხდება სხვისი განსაცდელების ზიარი: როდესაც მათ მატერიალურად თუ სულიერად აზარალებს; როდესაც ცილს სწამებს და შეურაცხყოფს; როდესაც სიყვარულის გამო სურს, ისინი ღმერთთან მიიყვანოს. მესამე შემთხვევის საჩინო მაგალითი თავად უფალი და მისი წმინდა მოწაფეები არიან, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოები იყვნენ, ჩვენი მოქცევისა და ცხონებისთვის უამრავი უბედურება დაითმინეს, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ცოდვების შედეგი იყო. ცოტა მძიმეა, რამეთუ ხილულ და გარეგნულ ზამთართან ერთად უხილავი ზამთარიც დაგვიდგა, მაგრამ ღმერთს ძალუძს იმაზე მეტი განსაცდელი არ დაუშვას, რისი გადატანაც შეგვიძლია. ზოგჯერ განსაცდელები მაშინაც მძიმდება, როდესაც წამოწყებული საქმე ღმერთს არ სურს და ამიტომ მადლიც ადამიანს არ ეხმარება. ამგვარად, კაცი იძულებული ხდება უკან დაიხიოს და ამის წყალობით, უფრო დიდ განსაცდელებს გადაურჩეს“.
ბერი სულიერადაც და ფიზიკურადაც ბევრს ირჯებოდა. სტუმრებზე ზრუნვის გარდა, თავისი სულიერი ძმების საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეც თვითონ ზრუნავდა. აგრეთვე ზრუნავდა თავისი სულიერი ძმების ახალგაზრდა მოწაფეებზეც და მათ ხელობას ასწავლიდა, რადგან მათი მოძღვრები მღვდლები იყვნენ და უფრო მეტად თავიანთი სულიერი მოვალეობებით იყვნენ დაკავებულნი. აგრეთვე ყოველთვის ზრუნავდა ბერ ეფრემ კატუნაკელზეც, რომელსაც თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, სამი მოხუცისთვის უნდა მოევლო. ჩვენი მოძღვარი წერდა: ,,მამა ეფრემი… ჯანმრთელობის მხრივ, უკვე უკეთესადაა, მაგრამ თავისი ბერის გამო იმხელა ჯვარი უტვირთავს, რომ აღწერა შეუძლებელია. რა გითხრა? ღმერთის მსჯავრი უფსკრულია“.
საკუთარი თავისთვის არასდროს არაფერს ითხოვდა. მუშაობდა სხვებისთვის: რადგანაც მისი და მისი სულიერი ძმების საძმოები რიცხობრივად იზრდებოდა, სენაკებისა და სხვა საჭირო ნაგებობების მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ამასთან დაკავშირებით წერდა: ,,მალე მამა ეფრემის მორჩილებიც ისწავლიან სეფისკვერის ბეჭდების კეთებას: უკვე ავუხსენი როგორ ამოტვიფრონ ნიშნები. დანადგარმა, მე რომ დავუდგი, საქმე გაგვიადვილა და ამიტომ ძალიან ადვილად აკეთებენ. მთელი ქარხანა მოვუწყვე, ყველაფერი მექანიკურად მუშაობს… უცხო მამებისთვის ფიცრებს უფასოდ ვჭრი, რათა მათ ჩემთვის ილოცონ და ეს მართლაც მეხმარება. ვშრომობთ, ჩემო ძმაო, საკუთარი ხელებით. დღეს ასეთი მუშაობა არავის უნდა და აღარც არავის შეუძლია, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას. ახლა დანიელთა საძმოს ასეთივე სახელოსნოს ვუმზადებ. ჩემი შრომის საფასურად მათ ვთხოვე, მამა ეფრემ კატუნაკელს ხის მასალა სეფისკვერის ბეჭდებისთვის უფასოდ დაუჭრან ხოლმე. დამთანხმდნენ. სხვა საქმეებს რაც შეეხება, მხოლოდ ღმერთი თუ დაგვიფარავს, რამეთუ დღენი მართლაც ბოროტნი არიან“.
,,მთელი ვნების შვიდეული სტუმრები მყავდა, გრძელი ღმრთისმსახურებების გამო მოკლედ მოწერაც ვერ შევძელი. ძალიან დავიღალე. ორი დღე თითქმის სულ მეძინა, რათა გონს მოვსულიყავი. აღდგომა ინგლისში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად აღვნიშნეთ. ვინმე პანაიოტისიც იყო თქვენი სკოლიდან, რომელიც უმაღლესში აქ სწავლობდა. დაამთავრა და აგვისტოში უკან ბრუნდება. კარგი ბიჭია, კარგად ვიცნობთ და ძალიან უყვარხართ… არ ვეკუთვნით ჩვენს თავს, არამედ ჩვენთვის მომკვდარ და აღდგომილ იესოს. სწორად მან დაგვიბარა, რაც მე დავითმინე, თქვენც მისი დათმენა მოგიწევთო. ახლა სწორედ ამას ვხედავთ და ამიტომ მისი სიტყვები გვანუგეშებს. ხოლო თუ ჩვენი ცოდვების გამო რამე განსაცდელი მოიწევა ჩვენზე ჩვენივე განსწავლისთვის, მაშინაც ნუგეშცემულები ვიქნებით. ,,სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად“, კი არ დამღუპა, არამედ აღმადგინა, – ამბობს ფსალმუნთმგალობელი. და კვლავ: ,,სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე“. როდესაც იმას ვიხსენებთ, თუ რა ჭირი, დევნა, თავგადასავლები, და ხშირად, სიკვდილიც კი გადაიტანეს ჩვენი მებრძოლი ეკლესიის წმინდანებმა, მაშინ დავინახავთ, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ მათგან, თანაც ასეთ გახრწნილ და ურწმუნო გარემოში. ისღა დაგვრჩენია ბოლომდე მოვითმინოთ, რამეთუ მხოლოდ მაშინ მოვიმკით ჩვენი შრომის ნაყოფს. ერთი რამ, რაც საღმრთო მადლს არ მოსწონს, არის ის, როცა კაცი ჩქარობს და მოუთმენელია. ამიტომაც ჩვენი ნეტარი ბერი ამბობდა: ,,უკიდურესი მოთმინების ბოლოს აშკარად ვხედავდი ღმერთის შეწევნას“. ორიოდე სიტყვა უმცროსებმაც მოგვწერონ, რომ გავიგოთ როგორ ხართ. ღმერთი არ დაგვტოვებს ჩვენ, რომლებიც მის ყოვლადწმინდა სახელს ვუხმობთ. წაიკითხეთ ღირსი ეფრემის უკანასკნელი თავი, ,,ევერგეტინოსის“ მეოთხე ტომის ბოლოს – ნახავთ, რამდენად მანუგეშებელია… მოდიან და მოდიან ახალგაზრდები. ამიტომაც [სხვებს] შურთ და გვებრძვიან“.
დიდი ბერის სულიერი შვილების საძმოების წინსვლამ სიხარულის ნაცვლად ზოგიერთში შური გამოიწვია. ეკლესიის ცხოვრებაში ასეთ მოვლენებს არცთუ იშვიათად ვხვდებით. ბერი ამ ტკივილს, სხვა სირთულეებთან ერთად, ვაჟკაცურად ითმენდა, რადგან შესაბამისი სულიერი ცოდნა ჰქონდა. თუმცა წუხდა, როდესაც მონაზვნებში სულიერ უმეცრებასა და გულის გასასტიკებას ხედავდა, და არა მარტო მისი ტკივილი იყო მოწამეობრივი, არამედ ლოცვაც: ლოცულობდა მდევნელთა და მაჭირვებელთათვის. ამასთან დაკავშირებით წერდა: ,,არაფერს ველოდები, განსაცდელებისა და მწუხარებების გარდა. რა ვთქვა? გამეფდა ეშმაკი მთელი თავისი ამალით. ღმრთისმოშიშთა ცხოვრება მოწამეობის ტოლფასი გახდა. არა მგონია, თქვენც მშვიდობა გქონდეთ. ის, ვისაც სურს სხვა წამოაყენოს, სატანისა და მისი იარაღების მძვინვარებას, რომელიც ყოველივე სიკეთეს ებრძვის, საკუთარ თავზე მთელი სიმძაფრით გამოცდის… აქაური მოვლენები რომ აღიწეროს, ერთი მარჯვე ისტორიკოსია საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ, სრულიად ჩაქრა ქრისტეს სული, სიყვარული, ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების კეთილშობილური არსი, არაფერი აღარ დარჩა… არ ძალმიძს, ჩემო ძამიკო, ამ უსულო ქაღალდის მაგივრად ცრემლები გამოგიგზავნო, რათა ჩემი დიდი ტკივილი და ღელვა გამოვხატო იმის გამო, თუ საით მივდივართ და რა გველის. იმას კი არ ვამბობ, მსხვერპლი გავხდი-მეთქი, არა. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ლაპარაკია იმაზე, რომ გულის გასასტიკება იმდენად სუფევს, რომ ძნელად იპოვი ისეთ კაცს, სულიერად თუ არა, ლოგიკურად მაინც რომ აზროვნებდეს. სხვა რა ნიშანიღა გვჭირდება იმისა, რომ დასასრულის მოახლოება და დროის სიმოკლე შევიგნოთ?
დიდი წვალების, მზადებისა და აწონ-დაწონის შემდეგ, ინუსეს კუნძულზე სამი გოგონა გავაგზავნეთ. დიდი ხნის მანძილზეც ვასწავლიდი მათ და ასაკიც შესაფერისი აქვთ. და როგორ ფიქრობ, რა მოხდა? გეგონება მითოლოგიური ელენე მოგვეტაცოს ტროას ომის წინ. გეგონება ქრისტიანობის პირველ წლებში ვიყოთ და ღმრთისმიერი ცხოვრება უკანონობა, ხოლო ბოროტება საზოგადოების მიერ მიღებული წესდება იყოს. მოთმინებაა საჭირო, თანაც ისეთი, როგორიც არასდროს. ასევე გონიერებაც, რამეთუ გაუფრთხილებლობა ზოგჯერ უღელს უფრო ამძიმებს. საბედნიეროდ, ერთმანეთში მშვიდობა და სიყვარული გვაქვს. ჩვენი ახალგაზრდები მოღვაწეები და სულიერად ფხიზლები არიან. ეს ცოტა შვებას გვგვრის გარეგნული სირთულეების ფონზე. ძალიან მომწონს მამა ეფრემის პოზიცია და მოქმედება… დიდი ყურადღება სჭირდება, ჩემო ძამიკო, მღვდლობასა და სულიერ მოძღვრობას. დღეს ადამიანები პირდაპირები და გულწრფელები აღარ არიან. ეს სულიერ სფეროზეც ვრცელდება: იქაც ფარული მიზნები აქვთ, ცდილობენ მოძღვრის აზრი სათავისოდ გამოიყენონ, თავისი სურვილი აისრულონ, ხოლო სინდისი დაიმშვიდონ.
შენზეც ძალიან ვღელავ, ჩემო სულის წიაღო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და სიყვარულით სავსე, რამეში არ ჩაგითრიონ და ცხოვრება არ გაგიმწარონ. ჩემი მწირი ძალების შესაბამისად ვლოცულობ, რომ შენმა მფარველმა ანგელოზმა ყოველთვის გაგინათლოს გონება სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. კაცი თვითონ რას წარმოადგენს, თუ ღმერთმა არ გაანათლა? ხელში რა უჭირავს, ისიც არ იცის წესიერად – ცაში რა ხდება, იმას გამოიძიებს? არ გეგონოს, ჩემო სულო, რომ თითქოს მე, დაბნელებული და საწყალობელი, რამეს გასწავლიდე. ღმერთმა გაუწყოს, თუ როგორ მიყვარხარ, რომ ჩემი ღელვა ნამდვილია, ყველა თქვენგანზე ვშფოთავ, მაგრამ განსაკუთრებით – შენზე, რადგან უცხოობაში გიწევს მოღვაწეობა, ყოველგვარი ადამიანური ნუგეშის გარეშე. უკანასკნელი დროის ნიშნები სულ უფრო და უფრო მატულობს და იქნებ იმიტომაცაა, რომ ეშმაკი გაორმაგებული ძალებით ცდილობს გადაგვსანსლოს.
მამა ხარლამპიმ ერთი მონაზონი აღკვეცა თავისი წმინდანის ხსენების დღეს, ხოლო მ. ეფრემი დიდმარხვაში აღკვეცს ორს. თუ შეძლებ, რამდენიმე წმინდა ბერის ცხოვრება გადაგვითარგმნე, რათა ინგლისში მონაზვნობა გავამხნევოთ. საქმე ისაა, რომ თავიანთ ენაზე სულიერად სასარგებლოს ვერაფერს პოულობენ. რაც ადრე ჩამომიტანე, გავაგზავნე და ცოტათი გამოცოცხლდნენ, ახალი შემართებით აღიჭურვნენ. მოძღვარი [მ. არსენი] კარგადაა და ლოცულობს შენზე. დიდი სიყვარულით გემთხვევი. გლახაკი იოსები“.
ღმრთისმოშიშმა მშობლებმა თავიანთი შვილები ჩვენი მოძღვრის სიბრძნეს მიანდეს და ეს უკანასკნელიც, საკუთარი პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით, შეეცადა სწორად აღესრულებინა მათი ღმერთისთვის მიძღვნის საქმე. ამიტომაც ინუსეს კუნძულზე მდებარე ხარების მონასტრის მონახულება დაიწყო, რათა წინამძღვარი და სხვა მონაზვნები სულიერად განემტკიცებინა. მანამდე ამ ახალ სავანეში მონაზვნობა არ არსებობდა.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com