simonopetra

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ათონის მთაზე მონასტრების აღდგენა

ჩვენი მოძღვარი ხვდებოდა, რომ დიდი ბერის წინასწარმეტყველების თანახმად, პირველ რიგში ათონური დიდი მონასტრები უნდა აღმდგარიყო. 1972 წელს ბერმა იოსებმა სიმონპეტრას მცირე საძმოსგან მიიღო თხოვნა, რომ მათი დაცარიელებული მონასტერი შეევსო. ზუსტად იმხანად ბერი ემილიანე მეტეორებიდან წამოყვანილ თავის საძმოსთან ერთად მონასტრის ძიებაში იყო. მათ მოღვაწეობისა და ნამდვილი ათონური სულიერი ცხოვრების შესწავლის ძლიერი წადილი ჰქონდათ. ჩვენმა მოძღვარმა ძველ სიმონპეტრელებს შესთავაზა, მის მაგივრად ბერ ემილიანეს საძმო მიეღოთ.

ჩვენი მოძღვრის სულიერი ძმა, მამა ეფრემი, 1973 წელს პროვატადან ფილოთეუს მონასტრის შესავსებად მიიწვიეს. ბერმა ეფრემმა, წმინდა იოსებ ისიქასტის ჭეშმარიტმა შვილმა, მის მიერ მორჩილებასა და ლოცვაში აღზრდილმა, მონასტერს სახე უცვალა და სანიმუშო კინობიად აქცია. სულ რამდენიმე წელიწადში სავანე აყვავდა. ამ მონასტრის საძმოსგან მოგვიანებით კიდევ სამი მონასტერი აღდგა: კონსტამონიტუ, კარაკალუ და ქსიროპოტამუ.

თავად ბერი ეფრემი ამერიკაში გაემგზავრა და იქ, ღმერთის მადლით, ცხრამეტი მონასტერი ააშენა, რომელთაც გარდაცვალებამდე (2019 წლის 7 დეკემბერი) ხელმძღვანელობდა. მან ფაქტობრივად, მეორე ათონის მთა და სულიერი ოაზისები შექმნა იმ უკიდეგანო კონტინენტზე, რომელზეც ათეიზმი, მატერიალიზმი და ფუფუნება სუფევს. ეს საქმე ღმრთისმშობელმა და წმინდა იოსებ ისიქასტმა აკურთხეს.

1979 წელს ბერი ხარლამპი, ჩვენი მოძღვრის მეორე სულიერი ძმა, ცოტა ხნით ქსენოფონტში გადავიდა და შემდეგ დიონისიუს მონასტერი აღადგინა, სადაც განუწყვეტელი იესოს ლოცვა, ყოველდღიური წირვა, მორჩილება, გულისსიტყვების აღიარება და ა.შ. დანერგა და მალე მონაზვნობისკენ მრავალი ახალგაზრდა მიიზიდა.       ყველაზე დიდი გასაჭირი კი მაშინ კუტლუმუშის მონასტერს ჰქონდა: მასში 4-5 მოხუცი ბერიღა დარჩენილიყო, თანაც მონასტერი კარიესთან, ათონის დედაქალაქთან მდებარეობს და მომლოცველებიც ყოველთვის მრავლად არიან. 1973 წელს ჩვენმა მოძღვარმა კუტლუმუშის წინამძღვარ გრიგოლისგან მოწვევა მიიღო, მონასტერი შეევსო. ეს თხოვნა 1975 წელს დაკმაყოფილდა. ჩვენი ბერი ღმერთის ნებას ეძებდა. აზრადაც არ მოსდიოდა არასდროს, რომ საკუთარი ჭკუისა და თუ მოხერხების წყალობით შეძლებდა რამის გაკეთებას. ამიტომ, სანამ მოწვევას პასუხს გასცემდა, ჩვეული მორჩილებით რჩევის საკითხავად ბერი პაისი მოინახულა, რომელიც მაშინ სტავრონიკიტას მონასტრის წმინდა ჯვრის კელიაში ცხოვრობდა. წმინდა პაისიმ ურჩია დათანხმებულიყო, რადგან კუტლუმუში კარიესთან ახლოსაა და ყველა მომლოცველი იქ ივლიდა (იმხანად ათონზე შემოსვლის საშვს ათონის გარეთ კი არ იძლეოდნენ, როგორც დღეს, არამედ კარიესში გასცემდნენ). ათონის ცენტრში მდებარე მონასტრის სულიერი ცხოვრება უნდა აღმდგარიყო. წმინდა პაისიმ ისიც დაურთო: ,,შენ ოღონდ წადი, და წახვალ თუ არა, მეც მოვალ და მეკარის მორჩილებას მე ვიკისრებ“.

მღვდელმონაზონი ელპიდე

სანამ ჩვენი მოძღვარი ნეა სკიტს დატოვებდა და კუტლუმუშში გადავიდოდა, იგი მღვდელმონაზონმა ელპიდემ, მღვდელმოწამე ფილუმენის ტყუპისცალმა მოინახულა. ბერ იოსებს ბერ ელპიდესთან ურთიერთობა ყოველთვის ქონდა და დიდად მადლიერი იყო მათი, რადგან როგორც თხრობის დასაწყისში ითქვა, სანამ ათონზე გაემგზავრებოდა, პალესტინაში სწორედ ამ ძმებმა უმასპინძლეს  და იქაური სიწმინდეებიც მოალოცინეს.

თავის წიგნში ,, მოგონებები ღირსი მამების შესახებ“ ბერი იოსები წერს:  ,,მახსოვს,  1946 წელს ნაზარეთში შევხვდით. ბერმა ელპიდემ მაშინ თავისი გულის წადილი გაგვანდო: უნდოდა  უბრალო მონაზვნად ეცხოვრა სადმე, მყუდრო და უზრუნველ ადგილას. მოგვიანებით, როდესაც უკვე კვიპროსზე მოღვაწეობდა, პოულობდა დროს, რამდენიმე დღით ათონი მოელოცა, იქ გულს ითბობდა და მომავალ საცხოვრებელ ადგილს ეძებდა. მისი ერში დაყოვნების მიზეზი არა პატივის ძიება იყო, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს, არამედ ოჯახური მოვალეობები (ოჯახური პასუხისმგებლობები დაეკისრა ისე, რომ არ ელოდა).

ერთხელ,  როდესაც ნეა სკიტში წმინდა უვერცხლოთა კალივაში მომინახულა, მთხოვა მმართველი მონასტრის სიაში ჩემი საძმოს წევრად ჩამეწერა. ამგვარად შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ მოგვიანებით, ერული საქმეებისგან გათავისუფლებულს,  სამოღვაწეო ადგილი ჰქონოდა. შევპირდი, რომ უარს არ ვეტყოდი და მომავალში, როდესაც მოვიდოდა, სურვილს ავუსრულებდი. საბოლოოდ ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოხდა: სკიტის ერთ სხვა კალივაში დამკვიდრდა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ თვითონ  ავაშენეთ…

ეს კურთხეული ბერი სულმოუთქმელად ელოდა, როდის გათავისუფლდებოდა გარეგნული პასუხისმგებლობათაგან. უნდოდა მდუმარებაში მონაზვნურად ეცხოვრა. ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ასევე, სურდა ღმერთისგან შეეტყო, თუ სად უნდა ეღვაწა. თვითონ კი ათონზე ფიქრობდა და ოცნებობდა, მაგრამ უნდოდა, უპირველეს ყოვლისა, მადლისგან მიეღო უწყება. ამიტომ ჩვენს ქალბატონს, წმინდა ღმრთისმშობელს (ვის მიმართაც განსაკუთრებული კრძალულება ჰქონდა) გამუდმებით სთხოვდა, წარემართა მისი სვლა.

ერთხელ ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. იმ დროს, როდესაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობოს გამო დარდობდა, ძილში დედა ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც უთხრა: ,,ნუ გეშინია, კარგად გახდები და ჩემს ბაღში მოხვალ“. მოგვიანებით, ფიქრობდა რა იმაზე, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა ეს ჩანაფიქრი,  საღმრთო მადლმა მას ნათლის სხივი უჩვენა, რომელიც ( როგორც თვითონ უამბო სკიტელ მამებს) ათონის მთის მწვერვალიდან მოვიდა და ხარების კალივას დაადგა, სკიტის გოდოლის უკან – ანუ იმ ადგილს, სადაც იგი შემდგომში დამკვიდრდა.

სწორედ ამ კალივაში გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები წმინდა იოსებ ისიქასტმა და იქვე გარდაიცვალა. იქვე შემოიკრიბნენ პირველი ძმები ბერ ეფრემის გარშემო, რომელიც მოგვიანებით არიზონაში მოღვაწეობდა.  იქვე შეიქმნა ჩვენი მოძღვრის პირველი საძმო, რომელმაც კუტლუმუში აღადგინა. ხოლო როდესაც ძმობამ კალივა დატოვა, ღმრთისმშობელმა ამ წმინდა ადგილას სამოღვაწეოდ ბერ ელპიდეს მოუწოდა. მისი იქ ყოფნა კიდევ ერთი მიზეზით ყოფილა საჭირო: როდესაც ჩვენი ბერი კვიპროსიდან დაბრუნდა, უკვე მცირე საძმოს თანხლებით, სანამ ვატოპედის მონასტერს აღვადგენდით, გარკვეული დროის განმავლობაში იქ უნდა გვეცხოვრა. ასე ისწავლა ახალგაზრდა მამებმა, თავიანთი სულიერი წინაპრების კვალდაკვალ, სკიტური ცხოვრების წესი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com