სიტყვა ჯვართამაღლების დღესასწაულზე
ეხლახანს მოვისმინეთ წმინდა გრიგოლ პალამას უმშვენიერესი სწავლება, რომელიც ვფიქრობ, რომ ეკლესიის სხვა მამებთან არ გვხვდება. მისი სიტყვა ეხება ჯვრის საიდუმლოებას, რომელიც მისი თქმით, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში მოქმედებდა. მისი შეცნობის ღირსნი ისინი იყვნენ, ვინც ძველი აღთქმის ეპოქაში ცოცხალი ღმერთის მეგობრები გახდნენ.
წმინდა გრიგოლ პალამას თანახმად, ქრისტეს ჯვრის საიდუმლოება გულისხმობს ქმედით და მჭვრეტელობით( გონიერი ლოცვის მდგომარეობა) ღვაწლს. ქმედითი ღვაწლის არსი ამასოფლის სულისგან განშორებასა და ვნებებისგან განწმენდის მცდელობაში მდგომარეობს. მჭვრეტელობითი ღვაწლი კი იმ ადამიანის მდგომარეობაა, რომელიც საღმრთო ნათლითაა განათლებული და საკუთარ თავში ცოცხალ ღმერთს ჭვრეტს. როდესაც ადამიანი ღვაწლის ამ ორივე სახეს ეზიარება, ანუ შრომობს, რათა ვნებებისგან განიწმინდოს და ქრისტე იხილოს, მაშინ მასში ჯვრის საიდუმლოება ამოქმედდება.
როდესაც ვამბობთ, რომ ქმედითი ღვაწლის ასპარეზზე ქრისტეს ჯვრის საიდუმლოება მოქმედებს ამის გაგება რთული არ არის. ის ვინც შრომობს, რათა ვნებებისგან განიწმინდოს გული, ჯვარს აცვას საკუთარი ბოროტი სურვილები, ცოდვისმიერი ნება და ბრძნობა, აშკარაა რომ ჯვრის საიდუმლოებას ეზიარება.
ეს გასაგებია, მაგრამ მჭვრეტელობის მდგომარეობა როგორღაა ქრისტეს ჯვრის საიდუმლოების თანაზიარი? მჭვრეტელობა იმ მიზეზითაა ქრისტს ჯვრის საიდუმლოების თანაზიარი, რომ ამ მდგომარეობის მიღწევა ქმედითი ღვაწლის გარეშე შეუძლებელია. არავის შეუძლია საკუთარ გულში ქრისტეს ხილვა, თუკი არ გაიარა ქმედითი ღვაწლი, თუ არ იშრომა გულის განწმენდისთვის და საკუთარი ,,ძველი კაცის’’ ჯვარცმისთვის. იმისათვის, რომ ქრისტე დავინახოთ და საკუთარ თავში მუდამ მას ვჭვრეტდეთ, კიდევ ერთი სახის ჯვარცმაა საჭირო, რომელზეც წმინდა გრიგოლს პირდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ ვფიქრობ რომ მისი სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებელია ადამიანური ლოგიკის ჯვარცმაც. წმინდა გრიგოლს აბრაამის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მამბრეს მუხასთან მან სამი ანგელოზის სახით ღმერთი იხილა: ეს იყო სამი ანგელოზი, მაგრამ ერთი ღმერთი, სამი ჰიპოსტასი ყოვლადწმიდა სამებისა. აბრაამი მათ მხოლობით რიცხვში ესაუბრება, ანუ მიმართავს სამს როგორც ერთს. წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ იქაც ქრისტეს ჯვრის საიდუმლოება მოქმედებდა. როგორ? როგორ და აბრაამი ადამიანურ ლოგიკაზე რომ არ ამაღლებულიყო და ჯვარს არ ეცვა თვითკმაყოფილება და ეგოიზმი, ვერც ღმერთს იხილავდა და ვერც ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოებას შეიცნობდა.
ეს დღემდე ასე ხდება. ვერავინ შეიცნობს სამების საიდუმლოებას, თუკი პირველ რიგში ადამიანურ ლოგიკას არ აცვამს ჯვარს. განა ლოგიკას უარვყოფთ და ვემიჯნებით. სულაც არა, ის ძალიანაც საჭიროა ჩვენს ყოფიერებაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და ქიმიაში, მაგრამ საღმრთო საიდუმლოებების შემეცნებისთვის ის სრულიად არასაკმარისია. ამიტომაც, ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოება, რომელიც ადამიანურ ლოგიკას უსასრულოდ აღემატება, მხოლოდ სიმდაბლით შეიმეცნება. სიმდაბლე ჯვარია ადამიანური ლოგიკისთვის და ამავდროულად, ის არის საკუთარ თავში ცოცხალი ღმერთის აღმოჩენის გზა.
ასე რომ, თუკი ჯვრის საიდუმლოება ისეთი ძალით მოქმედებდა ძველ აღთქმაში, რომ მის მიერ ძველი აღთქმის წმინდანები ღმერთის მეგობრები ხდებოდნენ და ზებუნებრივ მოვლენებს ხედავდნენ, მაშინ წარმოგიდგენიათ დღეს როგორი შემაძრწუნებელი ძალა აქვს ქრისტეს ჯვარს მათთვის, ვისაც მისი სწამს? მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უფლის ჯვარი გოლგოთაზე აღიმართა, სამყაროს გამოხსნისთვის ძე ღმერთის დიდებული მსხვერპლშეწირვა აღსრულდა და მისი ყოვლადწმიდა სისხლი დაიღვარა. ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე დღევანდელ სამოციქულოში: ,, სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს’’(1.კორ. 1:18).
დღეს მთელი ეკლესია გალობით მოგვიწოდებს, რათა შიშითა და სიხარულით თაყვანი ვცეთ ქრისტეს პატიოსან ჯვარს. სწორედ ეს ორი მდგომარეობა იჩენს თავს ჩვენში, როდესაც ქრისტეს ჯვარს მივეახლებით. ამიტომაც, შეუძლებელია ქრისტეს ჯვართან მიახლება შიშისა და სიხარულის გარეშე. შიშით იმიტომ, რომ განვიცდით საკუთარ ცოდვებს, რამაც ღმერთი ,,აიძულა’’ რომ ჯვარცმულიყო. ეს ყველაფერი ჩემში შიშს აღძრავს. თუმცა, კიდევ ერთი რამ განიჭვრიტება. ქრისტეს ჯვარში ღმერთის უსასრულო სიყვარულს ვხედავ. ვხედავ, რომ ის ღმერთი, რომელიც საკუთარი ცოდვებით ჯვარს ვაცვით, ჩემს მიმართ უსასრულო სიყვარულის გამო კვდება და ამის გაცნობიერება ჩემში უსაზღვრო სიხარულს, მისი მამობრივი სიყვარულისადმი ნდობას და საკუთარი ცხოვრების მთლიანად მასზე მინდობის სურვილს ბადებს, რადგანაც მე მყავს ღმერთი, რომლიც ჩემთვის მოკვდა! როგორ არ მიყვარდეს ის? როგორ არ ვენდო მის განგებულებასა და სიყვარულს? ამ საზარელ წყვდიადში მყოფს, როგორ არ მოვისურვო ნათლის ხილვა, რათა ჩემი სული საღმრთო სიყვარულის ნათლით განათლდეს?
ო, ჩემო ძმებო, ეს წმინდა აზრები და შეგრძნებები, რომლებიც ამ ღამის მსახურებაზე უფალმა უხვად მოგვანიჭა, ის სულიერი საჩუქრებია, რომლებსაც ღმერთი მხოლოდ გულით მდაბალ ადამიანებს აძლევს. რადგანაც ეს კეთილი გულისსიტყვები და საღმრთისმეტყველო აზრები ჩვენი საკუთრება კი არ არის, არამედ საღმრთო მადლისა. ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქრებია მათთვის, ვინც ეკლესიის წიაღში სიმდაბლით ცხოვრობს. რამდენადაც ქრისტიანი ცდილობს, რომ ეკლესიაში სიმდაბლით იცხოვროს, საკუთარი გული ვნებებისგან განიწმინდოს, სინანული შეიძინოს, ქრისტე შეიყვაროს და საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, იმდენად მეტად შეეწევა უფალი, რათა უფრო მეტად ჩაუღრმავდეს ქრისტეს ჯვრისა და აღდგომის საიდუმლოებებს.
წმინდა გრიგოლ პალამამაც ეს სიღრმისეული აზრები სხვა მამებისგან კი არ აიღო, არამედ სულიწმიდისგან. ეს კი იმის ნაყოფი იყო, რომ ის ვნებებისგან განიწმინდა და ცოცხალი ღმერთის უწვდომელ საიდუმლოებებს უფრო და უფრო უღრმავდებოდა.
ასე რომ, ვიშრომოთ, რათა ჩვენც ეკლესიის ცოცხალი წევრნი ვიყოთ, ვიცხოვროთ მის წიაღში მოთმინებითა და სიმდაბლით და შედეგად, უფალი უფრო და უფრო მეტ მადლს მოგვანიჭებს, რათა კიდევ უფრო მეტად ჩავწვდეთ ღმერთის საიდუმლობებს, ჩვენი სარწმუნოების სიღრმეებსა და ეკლესიის მამათა ღმრთისმეტყველებას. ეკლესიის ღმრთისმეტყველება იმისთვის კი არ არსებობს, რომ ჩვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ, არამედ ჩვენი სულის ცხონებისთვის, რათა გული განვიწმინდოთ, საღმრთო ნათელი მივიღოთ და ქრისტეს შევუერთდეთ, რათა ჩვენში ჯვრის საიდუმლოება მოქმედებდეს.
მოდით ვევედროთ უფალს, რათა მოგვანიჭოს მადლი იმისა, რომ ჩვენში ქრისტეს ჯვრის საიდუმლოება განსაკუთრებული ძალით ამოქმედდეს და დაირღვეს ჩვენს გულში ცოდვის ხელმწიფება, ბოროტი ჩვეულებები და ვნებისმიერი გულისსიტყვები. დაე განვიცადოთ სულიერი აღდგომა და თავისუფლება, რათა საკუთარი გამოცდილებით შევიგრძნოთ ის, რასაც ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები გრძნობდნენ. ეს იყო ქრისტეს ჯვრის შემაძრწუნებელი საიდუმლოება!
ჩვენ დღეს გვაქვს სიხარულის მიზეზი. მიუხედავად ჩვენი ცოდვილობისა, სისუსტისა და სულიერი სიკვდილისა, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რათა ქრისტეს ჯვრისა და მისი ბრწყინვალე აღდგომის თანაზიარნი გავხდეთ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დღესასწაულის არსი ისტორიული მოვლენების გახსენებაში კი არ მდგომარეობს, არამედ პირველ რიგში, დღესასწაულის სულიერ არსთან ცოცხალ თანაზიარებაში.
ჩვენ ამას ყოველთვის ვგრძნობთ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ღამე განსაკუთრებით ვიგრძენით ის, რომ ქრისტეს ჯვარი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველია. შეუძლებელია ვინმე გახდეს ნამდვილი ქრისტიანი, თუკი საკუთარ თავში ქრისტეს ჯვრის გამოცდილებას არ ატარებს. მართლმადიდებლობაში კი ქრისტეს ჯვარი აღდგომის პერსპექტივით განიცდება.
ჩვენ ცოდვისმიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ და აღსავსე ვართ ეგოიზმით, ვნებებით, საკუთარი თავის არაჯანსაღი სიყვარულით, რაც ქრისტეს ჯვრის სრულიად საპირისპირო მდგომარეობებია. თანდათანობით ვიშრომოთ, რათა განვიძარცვოთ ძველი კაცისგან, თვითნებობისგან, ეგოიზმისგან, ჩვენზე გაბატონებული ვნებებისგან, მოწყენილობისგან, გულგრილობისგან, მოუკლებელი სიმდაბლის მდგომარეობაში ყოფნის, ღმერთთან ერთობის, საკუთარ გულში მოუკლებელი ლოცვის შენარჩუნების, ქრისტეს ხსოვის უუნარობისგან და შევიმოსოთ ღმერთის ნება, სიყვარული, სიმდაბლე, თავგანწირვა, საკუთარი ნების უარყოფა, მოთმინება და თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.
ამიტომაც, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე სულიერი პასუხისმგებლობის აღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ მოისურვებს, რომ მწარე რეალობას თვალი გაუსწოროს და რადაც არ უნდა დაუჯდეს დაითმინოს ყველაფერი რაც შეემთხვევა, ის ვერ იტვირთავს ქრისტეს ჯვარს. ქრისტეს ჯვარი ადამიანში პასუხისმგებლობის შეგრძნებას ბადებს. ღმერთს გარკვეული მოთხოვნები აქვს ადამიანის მიმართ და ამ მოთხოვნას ის თავისი ჯვრით გამოხატავს. თუკი ვერ მიიღებს ქრისტეს ჯვარს და ვერც მის არსს გააცნობიერებს, მაშინ მისი ცხოვრება იქნება საზრისისგან დაცლილი, უპასუხისმგებლო, უსიხარულო, მადლისგან განძარცვული და უცხო აღდგომის გამოცდილებისა.
ვფიქრობ, რომ თანამედროვე ადამიანის ტრაგედია ის არის, რომ მას არ აქვს სიხარული. ის ვერ შეიგრძნობს ქრისტეს აღდგომის სიხარულს. ამ ყველაფერს კი იმიტომ არის მოკლებული, რომ ქრისტეს ჯვრის საიდუმლოება უცხოა მისთვის. იმიტომაა უცხო, რომ არ სურს პასუხისმგებლობის აღება.
არ არსებობს ქრისტიანი ჯვრისა და ღვაწლის გარეშე. არ შეიძლება ქრისტიანად იწოდებოდეს ის, ვინც ღვაწლის გარეშე, კომფორტში ცხოვრობს. ზოგიერთი თვლის, რომ ქრისტიანია ის, ვინც გარკვეულ ზნეობრივ მცნებებს იცავს და ამავდროულად საკუთარი სიამოვნებების მიხედვით ცხოვრობს, კარგ დროს ატარებს და კეთილი ხვედრიც გარანტირებული აქვს. მაგრამ არა, ქრისტიანი ასეთი არ არის! ქრისტიანია ის, ვინც ყოველდღიურად იღწვის, შრომობს და საკუთარ თავს ებრძვის. ის იღწვის, რათა ქრისტე შეიყვაროს! შრომობს, რათა მოყვასი შეიყვაროს ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა. რამდენადაც იცის, რომ ეგოიზმი ხელს უშლის ქრისტესა და მოყვასის შეყვარბაში, მთელი არსებით იბრძვის, რათა საკუთარი გულიდან ფესვიანად აღმოფხვრას ის. ის საკუთარ გულზე მუშაობს, რათა ამოძირკვოს ვნებები, რომლებიც გონებას აბნელებენ და გულს ატყვევებენ. ის იღწვის, რათა ქრისტეს სათნოეყოს. მან იცის ქრისტეს მცნებები და ცდილობს, რომ ზედმიწევნით აღასრულოს ისინი. არა იმისთვის, რომ ეგოისტურად გაიმართლოს თავი ქრისტეს წინაშე, არამედ მისი სიყვარულიდან გამომდინარე. ქრისტიანი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ ღმერთს უთხრას, მე ყველაფრი წესრიგში ვარ და ცხონების უფლებაც მაქვსო, არამედ რათა სიმდაბლით წარსდგეს ქრისტეს წინაშე და უთხრას: ,,უფალო, ცოდვილი ვარ, მაგრამ მიყვარხარ. შენი სიყვარულის გამო ვცდილობ, რომ შენი მცნებები და შენი ნება აღვასრულო. შენი გადასაწყვტია გადამარჩენ თუ არა. თუ გნებავს უფალო, მაცხოვნე და თუ გნებავს მომეცი მადლი შენი!’’.
ჩემო ძმებო, მინდა გთხოვოთ, რომ მთელი თქვენი ყურადღება სულიერ ღვაწლზე გაამახვილოთ. რადგან მართლმადიდებლური გარდამოცემისა და ქრისტეს სახარების მიხედვით, ქრისტიანად არ იწოდება ის, ვისაც არ აქვს ღვაწლი. ამიტომაც, ჩვენი ეკლესია გვთავაზობს კურთხეული ასკეზის გზას. ეს გზა არ ეკუთვნის მხოლოდ მონაზვნებს, არამედ ერში მცხოვრებ ქრისტიანებსაც, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან, რათა საკუთარი ვნებები მოიკვეთონ და ქრისტეს მოსაწონად იცხოვრონ.
ჩვენი წინაპრები კიდევ უფრო სიღრმისეული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და უყვარდათ მოღვაწეობა, მარხვა, მსახურებებზე დგომა და ღამე ლოცვა. დღეს კი ამასოფლის სულით ვართ დაინფიცირებულნი, რაც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა კომფორტული ცხოვრებისკენ სწრაფვას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაამოთ საკუთარ ვნებებსა, ხორცს და ეგოიზმს. ასე დავკარგეთ მოღვაწეობრივი სული. აღარ მოგვწონს არც მარხვა, არც ღამისთევები, არც ლოცვა და არც თავშეკავება. თქვენ, ვინც ათონზე ხართ ჩამოსულები და ხედავთ, რომ ეს არის ადგილი სულიერი ღვაწლისა, ახლა კიდევ უფრო მეტად ეცადეთ, რომ ყოველდღიურად იშრომოთ ქრისტეს სიყვარულისა და საკუთარი სულის ცხონებისთვის. ლოცვას მეტი დრო დაუთმეთ. განა შეიძლება ერქვას ქრისტიანი მას, ვინც დღეს ლოცვით არ იწყებს? მოდით მცირედით მოვიკლოთ ძილი და ცოტა ადრე გავიღვიძოთ, რათა ქრისტეს წინაშე წარვსდგეთ და მას ვესაუბროთ ან ათი წუთი, თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი და ამის შემდეგ შევუდგეთ ჩვენს საქმიანობებს. უბრალოდ ერთხელ ჯვრის გამოსახვა არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, სულ არაფერს ჯობია მხოლოდ ჯვარი გამოისახო და ისე შეუდგე შენს საქმეებს, მაგრამ ქრისტე ჩვენგან მეტს მოითხოვს, მას უნდა, რომ ვესაუბროთ და ვიშრომოთ ლოცვაში. საღამოს, როდესაც სამსახურიდან სახლში დაღლილები დავბრუნდებით, თუნდაც ძილი გვერეოდეს და გამოფიტულები ვიყოთ, მცირედი დრო მაინც დავუთმოთ ქრისტესთან საუბარს. ცოტათი მაინც ვიშრომოთ ქრისტეს სიყვარულისთვის!
შვილებო, მოდით ჩავიკეტოთ ჩვენი გულის სენაკში და იქ ტკივილითა და ცრემლებით მოვუხმოთ ქრისტეს, რათა ჩვენი ცხოვრება მისთვის მოსაწონი გახდესს. არა თვალთმაქცური და მზაკვრული, არამედ პასუხისმგებლობის სრული გაცნობირებით, რათა მივეახლოთ საღმრთო სიყვარულის დიდებულ საიდუმლოს – ქრისტეს პატიოსან და ცხოველსმყოფელ ჯვარს.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©