კვიპროსიდან ათონის მთაზე დაბრუნება
სტავროვუნის მონასტრიდან ათონზე გამგზავრებამდე ორი დღით პანტანასას ხატმა ძლიერი კეთილსურნელება გამოსცა, რაც მთელი მოგზაურობის მანძილზე გრძელდებოდა, განსაკუთრებით კი ლიმასოლის ნავსადგურში იგრძნობოდა. კი გემზე მოვეწყვეთ, მწუხრი წავიკითხეთ. მოგზაურობის განმავლობაში არცერთი ლოცვა არ გამოგვიტოვებია: მწუხრი, ცისკარი, სერობა… ყველა ჩვენგანი მთელი მოგზაურობის მანძილზე რაღაც უჩვეულო, ენით გამოუთქმელ სიხარულს გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულს განდევნილები ვტოვებდით და არც ის ვიცოდით რა გველოდა ათონზე, ყველანი სიხარულით სავსენი და დამშვიდებულები ვიყავით. ვგრძნობდით, რომ ღმერთი იყო ჩვენთან.
ბერი ისეთი გახარებული იყო და იმდენად მშვიდად იყო, რომ გეგონებოდა, არაფერი მომხდარა და დასასვენებლად მიდისო. ამის მიზეზი იყო ის, რომ მას ღმრთისადმი უდრეკი რწმენა ჰქონდა და ყოველთვის ყველაფერს მას მიანდობდა. ყველაზე დიდი სირთულეების დროსაც კი არ ღელავდა. სწამდა, რომ „ღმრთისმშობელი გზას გამოაჩენს”. რამდენი შრომა გასწია, რათა მინთის ჯვრის მონასტერი აღედგინა. წინამძღვარი იყო და ცილი დასწამეს, ბოროტმოქმედივით გამოაგდეს… ბერს კი მწუხარების ნატამალიც არ ემჩნეოდა. პირიქით, მხიარული იყო, რამეთუ ყოველთვის ცდილობდა ღმერთის ნება აღესრულებინა და არა პირადი სურვილები (რაც ჩვენს თაობაში იშვიათად მოიძებნება).
კვიპროსზე საკმაოდ დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ადამიანების სულებში ღმერთის სიტყვა დაეთესა. ამ მოღვაწეობის შედეგები მოგვიანებით გამოჩნდა, როდესაც კვიპროსსა და ათონის წმინდა მთაზე მრავალი ახალგაზრდა გახდა მონაზონი, დიაკვანი, მღვდელი და მღვდელმთავარი. ამის გარდა, კვიპროსზევე ჩაისახა ჩვენი ახალი საძმო. როდესაც უკვე წასასვლელად ვემზადებოდით, მონასტერში მოვიდა ახალგაზრდა პარასკევასი (ამჟამად მონაზონი გერმანე), რომელსაც ჩვენთან დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი და როცა გაიგო, რომ მივემგზავრებოდით, ათონზეც გამოგვყვა(1). ამგვარად, მაშინდელ ძმობას შევადგენდით: დიაკვანი ათანასე (ლიმასოლელი მიტროპოლიტი), მე – მდაბალი, მ. ქრიზოსტომე და მორჩილი პარასკევასი.
ათენში მღვდელმა გიორგი კალანძიმ გვიმასპინძლა, რომელიც ათონის დიდი მოყვარული იყო. ჩვენი მოძღვარი ერთ-ერთ ტაძარში მიიწვიეს სასაუბროდ. მისი სიტყვა განსაცდელების შესახებ მართლაც ცეცხლოვანი გამოვიდა. ეს ქადაგება ტაძარში მყოფმა სტუდენტებმაც მოისმინეს, რომელთაგანაც რამდენიმე მოგვიანებით ბერის მოწაფე გახდა.
თესალონიკში მანქანით გავემგზავრეთ. იქ მცირედი საჭმელ-სასმელი ვიყიდეთ და მეორე დღეს უკვე ათონზე ვიყავით. გზად, ურანოპოლში(2), წმინდა პავლეს მონასტრის წინამძღვარ – ცხონებულ ანდრეას შევხვდით. ბერი მას დიდ პატივს სცემდა, მას კი ჩვენი მოძღვარი ძალიან უყვარდა, როგორც დიდი ბერის, იოსებ ისიქასტის მოწაფე. მამა იოსებმა მამა ანდრეას აუხსნა, თუ რა განსაცდელი შეემთხვა და რა იყო მისი ათონზე მობრუნების მიზეზი. მ. ანდრიას გაუხარდა ბერის ათონზე დაბრუნება, რადგან ახლა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდა ხოლმე და დასძინა: „დიდება ღმერთს, რომ გიხილეთ“.
ბერი იოსები და დიაკვანი ათანასე თავდაპირველად სიმონპეტრაში წავიდნენ, რათა ლოცვა-კურთხევა და კელიის გასაღები აეღოთ. დანარჩენები კუტლუმუშში დავრჩით, სადაც გულთბილად მიგვიღეს.
მამა ემილიანემ და მამა იოსებმა იმ სირთულეების შესახებ ისაუბრეს, რისი გადატანაც მოუხდა თითოეულს: მ. ემილიანეს მეტეორებზე, ხოლო ბერ იოსებს კვიპროსზე ყოფნისას. მამა ემილიანე მიხვდა, რომ ბერის საძმოს იმჟამად უჭირდა და ამიტომ მოძღვარს ფული არ გამოართვა, თუმცა მთაწმინდაზე მიღებული წესის თანახმად, რაღაც გადასახადი უნდა აეღო. „არავითარ შემთხვევაში“. მიუგო მ. იოსებს, „იქ მხოლოდ თქვენი ყოფნაც კი ჩვენთვის დიდი ლოცვა-კურთხევაა”.
თანაც, არათუ ფული არ გამოართვა, არამედ ყოველგვარი დახმარებაც აღუთქვა: „დიდი სირთულეები გადაგიტანიათ, მამაო, ძალიან დიდი სირთულეები. ჩვენი ამბები გამახსენეთ მეტეორაში. ჩვენც ძალიან გვიჭირდა, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თქვენ გვერდით გვიგულეთ და რაც უნდა დაგჭირდეთ, მოგვმართეთ“.
მამა ემილიანემ თავის მონაზვნებს დაავალა, ჩვენთვის ხარების დაკეტილი კელია გაეხსნათ, ზამთრისთვის შეშა გამოგვიგზავნა, ხოლო მოგვიანებით მისმა სულიერმა შვილმა, იოანე მაკრიმ, პირველადი აუცილებლობის საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე ერთი დიდი ამანათი გამოგვიგზავნა.
სანამ კელია საცხოვრებლად მოწესრიგდებოდა, ბერი იოსები საძმოსთან ერთად კუტლუმუშის მონასტერში ცხოვრობდა. წინამძღვარმა ქრისტოდულემ ძალიან თბილად მიგვიღო და სურდა, რომ ბერი სამუდამოდ იქ დარჩენილიყო. მაგრამ მოძღვარი ორჭოფობდა, რადგან სურდა თავისი ძმობისთვის სკიტური ცხოვრების ის ტიპიკონი გადაეცა, რაც თავისი მასწავლებლისგან მიიღო. 1981 წლის წმინდა დიმიტრის ღამისთევის შემდეგ ხარების კელიაში გადავედით. აქ ღმერთის მადლის თანამყოფობა ჩვენთვის იმდენად საგრძნობი იყო, რომ, მიუხედავად უამრავი გასაჭირისა, იქაურობა სამოთხედ გვეჩვენებოდა. – მამა ემილიანემ ჩვენს ბერს ლოცვა-კურთხევა მისცა.
ძმები მაშინ აღეკვეცა, როცა თვითონ მოისურვებდა, მონასტერთან ფორმალური შეთანხმების გარეშე. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რა დიდი ნდობა და სულიერი ნათესაო აბა ჰქონდა ბერს ჩვენი მოძღვრის მიმართ, რასაც, თავის მხრივ, დიდი ბერის, იოსებ ისიქასტისადმი მისი დიდი სიყვარული და პატივისცემა განაპირობებდა. მამა ემილიანეს მჭიდრო სულიერი კავშირი ჰქონდა წმინდა ეფრემ კატუნაკელთანაც, რომელსაც ჩვენი ბერი განსაკუთრებულად უყვარდა და დიდი ყურადღებითა და სულიერი ინტერესით ადევნებდა თვალს ჩვენს ძმობასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას.
კაფსალას ხარების სახელობის კელიაში
თავდაპირველად ხარების კელიაში დიდი შეჭირვებით ვცხოვრობდით. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, ფანჯრების უმეტესობას შუშა არ ჰქონდა და იძულებულები ვიყავით ცელოფანი აგვეკრა. არც საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ჭურჭელი გვქონდა. საწოლებად ძველ, ნახევრად დაშლილ ტახტებს ვიყენებდით. ჩვენთან ერთად კელიაში ვირთხები ბინადრობდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მოძღვრის უპირველესი საზრუნავი, ყურადღების უმთავრესი საგანი იყო ღმრთისმსახურების (მწუხრი, ცისკარი, სერობა) ჩატარება, იესოს ლოცვის თქმა განუწყვეტლივ და ჩვენი პირადი ლოცვის კანონი. მან, როგორც გამოცდილმა ათონელმა ბერმა, მალე მოაწესრიგა ყოფითი საკითხები: გვასწავლა შეშის ჭრა, პურის ცხობა, ბაღის მოვლა და სხვა მრავალი, რაც იქ ცხოვრებისთვის იყო საჭირო. პირველი, ვინც კაფსალაში მოგვინახულა, იყო მ. თეოკლიტე დიონისიელი. იმხანად იგი წმინდა კინოტში თავისი მონასტრის წარმომადგენელი იყო. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ათონის მთა მონაზვნებით სავსე, ხოლო იდიორითმული მონასტრები კინობიებად გადაკეთებული ეხილა, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებდა. როცა მწიგნობრულ მოღვაწეობას ეწეოდა ან ათონის პროტოეპისტატის მოვალეობას აღასრულებდა. მამა თეოკლიტე პირადად იცნობდა წმინდა იოსებ ისიქასტსა და მის სულიერ შვილებს, ამიტომაც ჩვენი მოძღვრის კვიპროსიდან ათონზე დაბრუნება ძალიან გაუხარდა, სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში დასახლდნენ ჩვენი ბერის სულიერი ძმები, მამა ხარლამპი – დიონისიუში, ხოლო მამა ეფრემი – ფილოთეუს მონასტერში.
ბერი თეოკლიტე დაინტერესდა, თუ როგორ ვირჩენდით თავს, რადგან არანაირი ხელსაქმე არ ვიცოდით. ერში ხომ ყველანი უნივერსიტეტის სტუდენტები ვიყავით და მარტო გონებრივი საქმიანობით ვიყავით დაკავებულნი. მაშინ მ. თეოკლიტემ თქვა: „აქ როგორ უნდა იცხოვროთ“? თუმცა, იმწუთასვე დაამატა: „მფრინველნი ცისანი არცა სთესვენ, არცა მკიან და მამა ზეცათა ზრდის მათ“, ამ სიტყვებში იგი გულისხმობდა, რომ ღმერთი იზრუნებს ჩვენზე, და ასეც ხდებოდა თანახმად ფსალმუნის სიტყვებისა: „მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა“.
შემდეგი სასიხარულო სტუმარი წმინდა პაისი გახლდათ, რომელიც მაშინ პანაგუდას კელიაში ცხოვრობდა. მან გვაცადა პირველი ათი დღე, სანამ ცოტა მოვწესრიგდებოდით და შემდეგ გვეწვია. ჩვეული თავაზიანობით ერთი ყუთი ლუქუმი მოგვიტანა. როგორც კი შემოვიდა, მოძღვარს მიესალმა: „რაო, მამა იოსებ, როგორაა საქმეები?“ მოძღვარი ფურნეში პურს აცხობდა და სტუმარს იმწუთას გამომცხვარი პური მიართვა. იმხანად ღირსი პაისი მუშაობდა თავის წიგნზე „მთაწმინდელი მამები და მთაწმინდური ისტორიები“. სურდა ჩვენი ბერისგან ზოგიერთი მოღვაწის ცხოვრებასთან დაკავშირებული ამბები შეეტყო, რადგან მოძღვარი ათონზე მასზე ადრე იყო მისული. საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვევალება მივბაძოთ იმ წმინდანებს, რომლებიც კაფსალას ხარების ამ კელიაში ჩვენს მოსვლამდე ცხოვრობდნენ. მან თქვა: ამ ადგილს, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, რუსები „წმინდა კაფსალას“ უწოდებდნენო.
ბერმა იოსებმა მზარეულობა დიაკვან ათანასეს ასწავლა. მე შეშას ვჩეხავდი და მ. ქრიზოსტომეს სხვადასხვა გარე სამუშაოებში ვეხმარებოდი. მორჩილი პარასკევასი მოძღვრისგან მებაღეობას სწავლობდა. მალე პანტოკრატორის მონასტრიდან ბერის ძველი მოწაფე, მღვდელმონაზონი მაქსიმე მოვიდა. სწორედ მან იტვირთა ყველა სამღვდელო მოვალოება. კვიპროსიდან კიდევ ორი მორჩილი ჩამოვიდა და ამგვარად საძმო უკვე შვიდ წევრს ითვლიდა.
დღის განრიგი ასეთი იყო: ღამის ოთხ საათზე ცისკარი და წირვა, მსუბუქი საუზმე, სამუშაო შუადღემდე, ტრაპეზი, დასვენების დრო მწუხრამდე, როცა ძილიც შეიძლება და წიგნის კითხვაც. მწუხრის შემდეგ ვსვამდით ჩაის, რომ პირადი ლოცვისთვის მოვძლიერებულიყავით. სწორედ პირად ლოცვას ეკავა დიდი ბერის ტიპიკონში უმნიშვნელოვანესი ადგილი, მზის ჩასვლის შემდეგ ლოცვისთვის მრავალი საათი იყო განკუთვნილი. როცა ჩაის ვსვამდით, მოძღვარი გვარიგებდა, ცდილობდა ჩვენთვის მონაზვნური ცხოვრების სული გადმოეცა, რაც თავისი ბერისგან ისწავლა.
მოძღვარს სურდა, უფრო მეტი დრო გვქონოდა პირადი ლოცვისა და სულიერი კითხვისთვის და ამიტომ ღმრთის მსახურება ცოტა შეამოკლა. ამის გარდა, სერობის შემდეგ უფლება არ გვქონდა ერთმანეთთან გვესაუბრა, რათა დუმილისა და მყუდროებისგან მიღებული სარგებელი არ დაგვეკარგა. შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე ბერი აღსარების მსურველებს იღებდა, მათ გულისსიტყვებს ისმენდა და თითოეულს შესაბამის რჩევა-დარიგებას აძლევდა.
ბერის უბრალოება, სიკეთე და შინაგანი მშვიდობა, რომელიც სულიწმიდის მადლით მის გულში მკვიდრობდა, ჩვენთვის, ახალგაზრდა მონაზვნებისთვის, ცოცხალი მაგალითი იყო. ეს მშვიდობა ისე ღრმად იყო მასში ფესვგადგმული, რომ ცხოვრების ურთულეს მომენტებშიც ინარჩუნებდა. პირიქით, განსაცდელების გადატანაში აძლიერებდა. ხშირად ვხედავდით, თუ როგორ უნათდებოდა სახე, განსაკუთრებით, წმინდა ზიარების შემდეგ, რომელსაც ყოველთვის დიდი შემუსვრილებითა და ცრემლებით მიეახლებოდა. მისი შინაგანი ნათელი ხშირად სულიერი საუბრების დროს გარეგნულადაც შესამჩნევი ხდებოდა.
ბერს ახასიათებდა კეთილშობილური, სიყვარულითა და თავგანწირვით სავსე ქცევა. ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევდა, უნებურად პატივისცემით განეწყობოდა მისდამი. იმავდროულად, თავად ბერს მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანზე უკანასკნელი იყო.
ბერი თავის სიმართლეს არასდროს არავის უმტკიცებდა, არასდროს მოუთხოვია ცილისწამებით შებღალული სახელის აღდგენა. ამიტომაც მათ, ვინც ბერს პირადად არ იცნობდა, მის წინააღმდეგ წარმოთქმული ცრუ ბრალდებებისა მართლაც სჯეროდა. ბერი ლანძღვას, როგორც ქებას, ისე იღებდა. სხვაგვარ მოპყრობას არც ელოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ყველა მასზე უკეთესი იყო. ისიც უთქვამს: მინდა ხალხმრავალ მოედანზე აღმოვჩნდე და თითოეულმა იქ მყოფმა შეურაცხყოფა მომაყენოსო. ასეთი რამ უმრავლესობისთვის მიუღებელი და აუტანელია. მაგრამ ბერს სხვანაირი ხედვა ჰქონდა: ცილისმწამებლებსა და შეურაცხმყოფელებს თავის უდიდეს კეთილისმყოფელებად თვლიდა.
ღმერთისადმი რწმენა მისთვის საღმრთო ძალის მომნიჭებელი წყარო იყო. მას საკუთარ გულში დამკვიდრებული საღმრთო მადლი აგრძნობინებდა, რომ ცხოვრების ყოველ წვრილმანში უფალი მასთან ერთად იყო. ასეთი რწმენა თავგანწირული და უანგარო მორჩილების, ანუ საკუთარი ნების მოკვეთის შედეგია: ასეთი მორჩილება გამოიჩინა მან ჯერ სტავროვუნის მონასტერში, შემდეგ – დიდ ბერთან და ბოლოს – წმინდა პაისისა და ეფრემ კატუნაკელის წინაშე… ადამიანებისადმი დამახასიათებელი სევდა მისთვის არ არსებობდა. გულში მუდმივი სულიერი სიხარული ჰქონდა. არ იცოდა, რას ნიშნავდა სასოწარკვეთილება ან წყენა. ცხოვ რებისეულ საშიშ სიტუაციებშიც კი სრულიად აუღელვებელი რჩებოდა.
1982 წლის ნათლისღებას ათონის მთაზე დიდი მიწის ძვრა მოხდა. ასეთი ძლიერი მიწისძვრა მე პირადად არ მახსოვს. შიშისგან მხოლოდ ერთი „უფალო, შეგვიწყალენის” დაძახება მოვასწარი. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები და სულიერად ჩვილები ვიყავით. მეუფე ათანასე გვიამბობს: „დიაკვნად ვმსახურებდი და რაღაც კვერექსს ვამბობდი, როცა ის საშინელი მიწისძვრა მოხდა. თანაც ჩვენი სახლი ძველი და მინგრეულ-მონგრეული იყო. შიშისგან ფეხები მოგვეკვეთა. გავჩერდი. ბერი თავის სტასიდაში იდგა აუღელვებლად. ვეკითხები, ხომ არ შევჩერდეთ და პარაკლი სი ხომ არ გადავიხადოთ-მეთქი. სრულიად აუღელვებლად და მშვიდად მომიგო: „აბა ახლა რას ვაკეთებთ? იქიდან განაგრძე, სადაც გაჩერდი“.
იმხანად ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში თევზი მხოლოდ ერთხელ ვჭამეთ (ისიც, როდესაც საჩუქრად მოგვიტანეს). მიუხედავად იმისა, რომ ფული ფაქტიურად არ გვქონდა, თუ ვინმეს სულიერი სარგებლის მიღება სურდა, სტუმრობაზე არასდროს არ ვეუბნებოდით უარს. როცა პირველად აღვნიშნეთ შობის დღესასწაული, 12 სტუმარი მივიღეთ, ჩვენ კი დასაძინებელი ადგილი არ დაგვრჩა. ბერი ძალიან სტუმართმოყვარე იყო და ამას მოითხოვდა ჩვენგან ყოველთვის.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ