ბერი იოსების სიყვარული მოყვასისადმი გამოიხატებოდა მის მუდმივ მზაობაში, სულიერი სარგებელი მოეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას რჩევისთვის მიმართავდნენ. შემონახულია ცნობილი მართლმადიდებელი ამერიკელი მწერლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე კავარნოსის მონათხრობი, რომელიც 1958 წელს ესტუმრა ბერ იოსებს.
«მამა იოსებმა სულიერ ცხოვრებაზე სასაუბროდ თავის კალივაში შემიპატიჟა, იატაკზე დაჯდა და მანიშნა მეც მის მარჯვნივ დავმჯდარიყავი. საუბრის პირველი თემა იყო აღსარება. შემდეგ მკითხა ვკითხულობდი თუ არა სახარებას.
– კარგი იქნება თუ სახარებას ყოველდღე წაიკითხავთ – მითხრა მან. – ძველი აღთქმაც იკითხე, განსაკუთრებით ფსალმუნები. ასევე გირჩევ წმინდანთა ცხოვრებას. საღამო საუკეთესო დროა ასეთი წიგნების კითხვისთვის. ლოცვა არ დაივიწყო, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე გონიერ და გულისმიერ ლოცვას “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” სულიერ საქმიანობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა.
– კი, მაგრამ როგორაა შესაძლებელი ერში მცხოვრები ადამიანისთვის იესუს ლოცვის გამოყენება როდესაც გარშემო ამდენი პრობლემა და საზრუნავია?
– ყოველდღე ერთი საათი დაუთმე მას, უმჯობესია საღამოს ძილის წინ. ამ ერთი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მოუხმე იესუს. გირჩევ წაიკითხო ”მწირის გულახდილი საუბრები” ეს წიგნი იესუს ლოცვის მნიშვნელობას და მისი დაუფლების ხერხებს წარმოგიჩენს.
– ზოგი ამბობს, რომ ამ ლოცვას შეუძლია ადამიანი ხიბლამდე მიიყვანოს – აღვნიშნე მე.
– ყველა სახის ლოცვასთან შედარებით – განაგრძო მამა იოსებმა, – იესუს ლოცვა ყველაზე უსაფრთხოა. აუცილებელია მისი სიფხიზლით, ყურადღებით და გონებაგაუფანტავად წარმოთქმა. ასევე ამასთან ერთად, აუცილებელია გამოცდილი სულიერი მოძღვრის რჩევებით იხელმძღვანელოთ. დასაწყისისთვის ეს ლოცვა ხმამაღლა უნდა წარმოვთქვათ, შემდეგში უკვე – გონებით. მისი ხმამაღლა წარმოთქმა მაშინაც შეიძლება, როდესაც სიტყვებზე ყურადღებას სათანადოდ ვერ იკრებთ.
ამ ყველაფერს დიდი სარგებელი მოაქვს. არ არის აუცილებელი, ირწმუნო რასაც ახლა ისმენ, გამოცდილება ყველაფერს დაგიდასტურებს. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ იესუს ლოცვა უაღრესად ნაყოფისმომცემი საშუალებაა გონების და გულის განწმენდისთვის. ის გონებას ბინდს აცლის და მის წინ განუზომელ და გამოულეველ საგანძურს გადაუშლის. ადამიანის მთავარი მიზანი – ღმერთის პოვნაა. ღმერთის შეძენითა დამიანი ჭეშმარიტ სიხარულს და ბედნიერებას იძენს. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ სათანადო მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომელიც საკუთარ თავს გვიცხადებს, ასევე ვერასდროს შევწირავთ სათანადო მადლობას იმ არაამქვეყნიური სიკეთეებისთვის რასაც ის ასე უხვად გვანიჭებს. ღმერთს არ სჭირდებოდა ადამიანის შექმნა, მას უკვე ჰყავდა ზეციურ ანგელოზთა მხედრობა, მაგრამ მან შეგვქმნა ჩვენ და უსაზღვრო სიკეთენი მოგვმადლა.”
”მამა იოსებმა ჩემზე ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც ჭეშმარიტად იცნობს სულიერ საიდუმლოებებს. ის ნამდვილად წმინდანია”
ნაწყვეტი წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება იოსებ ისიქასტთან”
მთავარი ფოტო – ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ