პროგრამა და ცოდვის მიზეზები
სამოთხეში პირველმშობლების დაცემისა და მათგან საღმრთო მადლის განშორების შემდეგ ადამიანი ძალიან ადვილად მიიდრიკება ცხოველური გულისთქმებისკენ, რომელთაც ძალუძთ აცდუნონ სულიერი მოღვაწეები არ იმიტომ, რომ მათ სურთ გულისთქმას დაემორჩილონ, არამედ, რადგან ადამიანური ბუნებაა უძლური. კაცი ძალიან ყურადღებიანი და ფხიზელი უნდა იყოს, როდესაც ცოდვის გამომწვევ საგნებთან თუ პირებთან აქვს საქმე. ბერი გვასწავლიდა, რომ „ბრძოლა მარტო სატანისგან კი არ მომდინარეობს, არამედ ცოდვის მიზეზებისგანაც. ბუნებირივია, რომ მარხვის დროს გვშია. ამ დროს თუ ხეხილის ბაღში ხარ, იმწუთასვე გაიგონებ: „უწინ არ გქონდა და არ ჭამდი, მაგრამ ახლა რატომ არ ჭამ?“ პირისპირ ბრძოლა ცოდვასთან, როდესაც მისი გამომწვევი მიზეზი თვალწინაა, უფრო ძნელია, ვიდრე ის, რომ სატანა წარმოსახვის საშუალებით გვებრძვის და ცოდვის გამომწვევ მიზეზებს ვერ ვხედავთ. ამიტომ მაქსიმალურად გაექეცით ცოდვის მიზეზებს და ამგვარად უფრო მწვავე ბრძოლას აარიდებთ თავს. ერთხელ ამბა ნისთერო ერთ მონაზონთან ერთად ველურ ცხოველს გადაეყარა. როდესაც სხვებმა ის გაქცეული დაინახეს, ჰკითხეს, შენც გეშინიაო? წმინდანმა მიუგო: „დიდებისმოყვარების გულისსიტყვას მინდა გავექცე“. პავლეც ამას ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ხორცთა – ანგელოზ სატან, რათა დამქენჯნიდეს მე, რათა არა აღვიმაღლო“. ვნებებისგან თავისუფალ ადამიანებსაც კი აქვთ თავიანთი ბრძოლები, განსაკუთრებით, დიდებისმოყვარების. თუ ცოდვის მიზეზებს გაურბიხართ, ამით ბრძოლასაც თავიდან იშორებთ. ხშირად სატანა იმაზე ზრუნავს, რომ ან ცოდვის მიზეზების მახლობლად აღმოჩნდე, ან შენს მახლობლად დაცემისთვის ხელსაყრელი ვითარება შექმნას. ასე ბრძოლა უფრო სასტიკი ხდება, თუმცა, ასეთი ბრძოლა არც სხვა დროს გვაკლია“[1]
შინაგანი მოღვაწეობა, რომლის საფუძველიც სინანულია, სულიერი მეცადინეობა, სენაკში მრავალსაათიანი ლოცვა და საერთო ღმრთისმსახურებები – ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ადამიანს ხელს უწყობს, გაიგოს და შეიგრძნოს მონაზვნური ცხოვრება, რომლის ჭეშმარიტი არსიც არის ჯვარცმა და აღდგომა. ამგვარი მოღვაწეობით საგრძნობი ხდება სულიწმიდის საოცარი მოქმედება, რომელიც მოღვაწეებს თავისი მადლით ანუგეშებს, მეფსალმუნის სიტყვის თანახმად: „მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა”.
სამუშაოები და ახალი შენობები
ბერ იოსებს სურდა კალივა შეეკეთებინა და აღედგინა. ამის შესახებ თავის სულიერ შვილებს ასე სწერდა: „ახალ შენობებს რაც შეეხება, ჯერ სამოქალაქო ინსტანციებში უნდა გაიარონ პროცედურები, შემდეგ ინჟინრებმა დაამტკიცონ და ა.შ. საქმეს ალბათ მომავალ წელს შევუდგებით… დაბლა რომ საწყობი გვაქვს, ის სულ ჩვენი ხელით ავაშენეთ, რადგან საჭირო მასალა უკვე გვქონდა. ხრეშით და საყალიბე ფიცრებით სკიტის მამებმა მოგვამარაგეს“[2].
მოგვიანებით კალივის ყველაზე მაღალ დონეზე კიდევ სამი საცხოვრებელი სენაკი აშენდა. წმინდა იოსებ ისიქასტის საფლავი ისე გაფართოვდა, რომ შიგნით შესაძლებელი გახდა წირვის ჩატარება. ყველა ფიზიკურ სამუშაოზე ჩვენი მოძღვარი ახალგაზრდასავით ირჯებოდა. საქმეებს თვითონ ხელმძღვანელობდა და არაფრად აგდებდა ავადმყოფობით გამოწვეულ ტკივილებს. გაფართოვდა სამზარეულო, პურის საცხობი, სასტუმრო. ეს აუცილებელი იყო, რადგან საძმო რიცხობრივად იზრდებოდა და სტუმრების რაოდენობაც მატულობდა. ბერმა მაშინ დიდი მოთმინება გამოიჩინა. ჩვენს შორის, მონაზვნობაშიც და პრაქტიკულ სამუშაოებშიც, მხოლოდ ის იყო გამოცდილი, თანაც სურდა, ჩვენთვის ყველაფერში სწორი მაგალითი მოეცა.
ბერი გამუდმებით გვარიგებდა და მის ნათქვამს ცეცხლოვანი ძალა ჰქონდა. მოუთმენლად ველოდით მის სიტყვას. ქრისტეს მიერ მოწოდებული ადამიანი მხოლოდ მას ეძებს და მის შესახებ სიტყვა სწყურია. სამწუხაროდ, გამოუცდელობისა და უცოდინრობის გამო სამუშაოებზე ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით. სწორედ მაშინ მჟღავნდებოდა ხოლმე ის დიდი სათნოებები, რომლებიც ბერმა წლების განმავლობაში პირადი ასკეტური ღვაწლითა და მორჩილებით შეიძინა. მისი სახე შინაგან უმანკოებას ირეკლავდა. სავსე იყო სიმშვიდით, სიმდაბლით, სიყვარულით, გონიერებითა და ენით აღუწერელი თავაზიანობით. უნდა გამოიყოს მისი უსაზღვრო მამობრივი სიყვარული, რომელიც გარეგანი გამოვლინების ყველანაირ სახეს აჭარბებდა.
ბერი, თავდაპირველად როგორც მორჩილი, ხოლო მოგვიანებით, როგორც მოძღვარი, ყოველთვის სულიერი თავისუფლებით ცხოვრობდა. იმ დროისთვის 63 წლის იყო და უკვე 47-წლიანი მდიდარი მონაზვნური გამოცდილება ჰქონდა. ამის წყალობით შეეძლო ქრისტესმიერი თავისუფლებით წარემართა საკუთარიცა და სულიერი შვილების ცხოვრებაც. ამ აბსოლუტურ სულიერ თავისუფლებას ოდნავადაც არ ბღალავდა თავხედობა ან დაუსჯელობის შეგრძნება. ზრდილობიანი იყო, არა ამ სიტყვის ერული გაგებით, არამედ სულიერი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი თავაზიანობა ჰქონდა, ანუ როგორც წმინდა სილუანე ათონელი უწოდებს – ქრისტესმიერი ზრდილობა. მოწაფეებსაც ასე ზრდიდა. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ძმებს შორის სიყვარულს არღვევდა, მის სულში ტკივილსა და სულიერ მწუხარებას იწვევდა, თუნდაც ეს ქმედება ჩვეულებრივი ადამიანის თვალში ძალიან უმნიშვნელო ყოფილიყო. ამგვარ საქციელს არ გვპატიობდა, არამედ მკაცრად განგვიკითხავდა, რათა აღარ გაგვემეორებინა და გამოვსწორებულიყავით.
საძმოს კრებებზე ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითები მოჰყავდა: „ამდენი ხანი გავიდა და ისევ ყოფაქცევის უბრალო წესებზე გვიწევს ლაპარაკი. ერთმა ძმამ ცეცხლზე წყალი დადგა, მეორე კი მივიდა და დაუკითხავად წაიღო. მოვიდა პირველი და რადგან წყალი აღარ დახვდა, თავისი საქმე ვერ გააკეთა. რა საქციელია ეს? რატომ არ კითხულობთ, წყალი ვისია? ან, შეიძლება თუ არა, რომ ცოტა მეც ავიღო? ღმერთის სული როგორ დაიმკვიდრებს ჩვენში? ღმერთის სული ისეთი ძვირფასი რამაა, რომ თავგანწირვით უნდა დაღვარო სისხლი, არა თუ მის შესაძენად, არამედ უბრალოდ თვალი რომ გაუსწორო, ამისთვის. აქ კი ასეთ უდებებას ვიჩენთ! მერე კი გიკვირთ: „მამაო, განსაცდელი მაქვს. მამაო, გონება დაბნელებული მაქვს“. ნელ-ნელა მღლით უკვე… მაგრამ რა ვქნა? – ამ საქმისთვის ვარ აქ. საქმე ის არის, რომ უფრო სერიოზული რამეები უნდა ისწავლოთ: დრო გადის, თქვენ კი ჯერ ანბანს ვერ გასცილებიხართ. როგორ დააღწევთ თავს ამ განსაცდელებს? თანაც ამათ ჯერ განსაცდელებიც კი არ ეწოდება – განსაცდელების აჩრდილებია, თქვენ კი უკვე გეშინიათ. რატომ არ იშველიებთ თავის ბრალობას, რომ ცოტა გონს მოგიყვანოთ? „ოჰ, მამაო, განსაცდელი შემემთხვა, რა ვქნა ახლა?! უჰ, ავად გავხდი, მეტი აღარ შემიძლია!“ – ასეთი უნდა იყოს მონაზონი?! იცით რა არის მონაზონი? თავგანწირვა, თავდადება, ცეცხლის ალი, შრომა, გარჯა! „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით“ მამების სიტყვები რატომ გავიწყდებათ? რას ამბობს წმინდა მარკოზ მმარხველი: „ზარმაცი კაცი ცხენის მათრახითა და ვირის დეზით იიძულება [გამოსწორებისკენ]”. ამიტომაც მიუშვებს ხოლმე ღმერთი ეშმაკს, რომ გეკვეთოთ და გამოგაღვიძოთ, თქვენი ვნებები შეიმუსროს. ასე აღესრულება წმინდა წერილის სიტყვები: „შვილო, ნუ სულმოკლე იქნები სწავლასა უფლისასა“ და „ჭიმითა (ლაგმით) და აღრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს“. ყველაფერი დაგავიწყდათ? პირველად გესმით ეს სიტყვები? თქვენი თმის ღერიც კი დათვლილიაო, რომ ამბობს უფალი, თმას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ გულისსიტყვებს. საქმეებიც გულისსიტყვების შესაბამისი გვაქვს და ამიტომაცაა, რომ, რაც შეგვემთხვევა, ყველაფერი სამართლიანად შეგვემთხვევა. თქვენ მოსვლისთანავე დაგხვდათ სამონაზვნო განაწესი და დიდი მოშურნეობით შეუდექით მის აღსრულებას. მე კი არ მქონდა ამის საშუალება. მოძღვრის გვერდით მხოლოდ ერთი კვირა ვიცხოვრე. ყოველ საღამოს სამონაზვნო ცხოვრების თითო საკითხს მიხსნი და, შემდეგ კი გარე სამუშაოებზე წავედი. კაცი არ ვიყავი? მაგრამ ხორციელი განსაცდელები არ მქონია, რადგან, რაც გამაჩნდა, ღმერთს მივუძღვენი და ისიც მიფარავდა“
ერთხელ სკიტში ასეთი რამ მოხდა. პურის საცხობს ვაშენებდით. სამუშაოებს ცხონებული მ. ქრიზოსტომე ხელმძღვანელობდა. მოძღვარი მაღლიდან ადევნებდა თვალს ისე, რომ მამები, რომლებიც ცემენტს ზელდნენ, მას ვერ ხედავდნენ. მუშაობისას მ. ქრიზოსტომემ უთხრა ძმას, რომელიც მას ეხმარებოდა: „საკმარისია, მეტი ცემენტი აღაარაა საჭირო”. ძმა შეეპასუხა: „კი მაგრამ უკვე ნიჩაბზე მაქვს, უკან ხომ არ გადავყრი?!” „არა-მეთქი, აღარაა საჭირო, არ ჩაყარო”. „უკან ვეღარ ჩავყრი, ხომ არ გადავყრი?” „ნუ გადაყრი, უკან ჩაყარე“. მამა ქრიზოსტომეც ზედმეტად მომთხოვნი იყო. როგორც კი მიბრუნდა ძმამ დრო იხელთა, ურჩება გამოიჩინა და ცემენტი მაინც მიაყარა. მამა ქრიზოსტომე ვერც კი მიხვდა რა მოხდა. სამაგიეროდ ბერმა ყველაფერი დაინახა: „უყურე ერთი ამას… შეხედე რას აკეთებს!” თითქოს, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთმა ძმამ კიდეც უთხრა მოძღვარს, არა უშავსო. ბერმა იმ წუთას არაფერი მიუგო, მაგრამ სერობის შემდეგ, ჩვეული საუბრის დროს, მთელი სიტყვა ამ მოვლენას მიუძღვნა. განგვიმარტა, თუ რას ნიშნავს ძმების მორჩილება, როგორ შეიძინება სიმდაბლე და სიყვარული. ხოლო როდესაც ძმამ თავის გამართლება დაიწყო, ძალიან მკაცრად მოეპყრო. თითქმის გაგდებით დაემუქრა: „გითხრეს არ ჩაყაროო და შენ მაინც ჩაყარე?!.“ და აუხსნა, რომ ეს ყველაფერი ეგოიზმის, ულმობელობის და თავისმოყვარების გამოხატულებაა, ხოლო ეს თვისებები მონაზვნისთვის სრულიად მიუღებელია.
ბერი ადამიანის უძლურებას ითვალისწინებდა. შეეძლო შეღავათების გაწევა მარხვის საკითხში, სნეულების შემთხვევაში. ასევე ძალის შესაბამისად ითხოვდა თითოეულისგან ღამისთევასა და ფიზიკურ შრომას. ფორმალური მხარე მას არასდროს ბოჭავდა. აბსოლუტურად თავისუფალი იყო. როდესაც იძულებული ხდებოდა ათონის გარეთ გასულიყო, აუცილებლად უნდა დაეტვირთა ნახევარი მანქანა, რათა იმ ხალხისთვისაც გამოეხატა მადლიერება, ვინც გასაჭირში გვეხმარებოდა, და იმათაც გვერდში ამოსდგომოდა, ვისაც თავად უჭირდა. ძალიან კეთილშობილი და მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება გახლდათ. ყველა მისი მოქმედება მის მაღალ სულიერებაზე მეტყველებდა.
[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1983 წლის 20 ნოემბერი/3 დეკემბერი.
[2] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 24 ოქტომბერი/6 ნოემბერი.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com