ieroteos vlaxosi 133

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – ლოცვა მხოლოდ მონაზვნების საქმე არაა

ქრისტესთან შეერთება მისი სახელის მოხმობით ხდება, იესუს ლოცვის დროს. ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. იესუს ლოცვა მჭიდროდაა დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიასთან. ამ მცირე ლოცვაში წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ღმრთისმეტყველებაა მოთავსებული. სწორედ ამიტომაც უნდა გვახსოვდეს იესუს უტკბესი და სიხარულის მომნიჭებელი სახელი. ლოცვა მხოლოდ მონაზვნების საქმე არაა. მათ აქვთ შესაძლებლობა მუდამ ლოცვაში იმყოფებოდნენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია. გამოვუყოთ ამ მიზანს გარკვეული დრო. დილა-საღამოს ათი წუთი დავუთმოთ იესუს ლოცვის უწყვეტ გამეორებას. რამდენიმე წუთი მაინც უნდა გამოვნახოთ, როდესაც ხელს არავინ შეგვიშლის. დროთა განმავლობაში ეს წუთები გაიზრდება და დაატკბობს სულს და ბაგეებს. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავთ, ან გზაში, ან სანამ ჩაგვეძინება, ყოველთვის მივმართოთ იესუს ლოცვას. მეუღლეებმა მთელ ოჯახთან ერთად დილა-საღამოს ცოტა დრო მაინც დაუთმონ მას. ერთმა ჩუმად და კრძალვით წარმოთქვას ლოცვა, ხოლო დანარჩენებმა მოუსმინონ და ის ბევრ სიხარულს მოიტანს ოჯახში. მრავალი ოჯახი ვიცი, რომელიც ასე აკეთებდა და ბევრი სასწაულის მომსწრე გახდა. ყველას, ვისაც იესუს ლოცვის სიღრმისეულად დაუფლება სურს, გამოცდილი მოძღვარი სჭირდება. და ამის პარალელურად ჩვენი ცხოვრება ქრისტეს მცნებებით წარვმართოთ, რადგან ქრისტეს პიროვნება მის სწავლებასთანაა დაკავშირებული და მათი შესრულებით საღმრთო მადლს მივიღებთ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ