უფლის აღდგომის შემდეგ მოციქულთა და ქრისტეს ახლადდაარსებული ეკლესიის მხარდაჭერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იტვირთა. იგი იყო ის, ვინც ახლადმოქცეულ ქრისტიანებს უძღვებოდა და მწუხარების ჟამს ანუგეშებდა. მის ცხოვრების ვრცელ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ მიძინებამდე სამი დღით ადრე მსგავსად ხარებისა, მას მთავარანგელოზი გაბრიელი ეწვია, და აუწყა მისი დიდებულ გადასვლა სიკვდილისაგან სიცოცხლეში. შემდეგ სულიწმინდამ სასწაულებრივად შეკრიბა ყველა მოციქული გეთსიმანიაში, ღვთისმშობლის სახლში, რათა მისგან კურთხევა აეღოთ და მის წმინდა დაკრძალვას დასწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ყოვლადწმინდას დიდება აღუვლინეს, ისინი შეევედრენ მისგან უკანასკნელი სწავლება მიეღოთ. ჩვენმა დედოფალმა პასუხად მათ იგავი მოუთხრო, რომელშიც ეს სამყარო სავაჭრო ბაზრობად იყო წარმოდგენილი, სადაც ის, ვინც ყველაზე უკეთ ივაჭრებდა, ანუ საუკეთესო შესყიდვებს განახორციელებდა, მოგებასაც იგი მიიღებდა. შემდეგ მან განუმარტა, რომ სულიერ ცხოვრებაშიც ასე ხდება. ვინც ქრისტეს მცნებებს ყველაზე მეტი გულმოდგინებითა და სიზუსტით იცავს, ის მიიღებს ყველაზე დიდ სარგებელს, დიდებას ცათა სასუფეველში. მან ასევე მოუწოდა განეგრძოთ „კეთილი ღვაწლი“.
მართლაც, როგორ სიამოვნებს ღვთისმშობელს, როდესაც ცხონებისათვის მებრძოლებს გვხედავს! როგორ განისვენებს! თავადაც რამდენს იბრძოდა დედამიწაზე ყონფისას. ასკეტიზმის სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უცოდველობიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მიძინების შემდეგ, გეთსიმანიაში, სადაც იგი ცხოვრობდა, იატაკის ფილებზე მუხლმოდრეკისგან დატოვებული ღრმულები და ნაჭდევები აღმოაჩინეს.ჩვენ უნდა მივბაძოთ მის უშუალო მორჩილებას, გულთბილობას, სიმდაბლეს, მის დაფარულ სულიერ ღვაწლს, ცეცხლოვან ლოცვას, მოუკლებელ მღვიძარებას, ღვთიურ, მწველ სიყვარულსა და სულიერ ტკივილს, რომელმაც შვილის ჯვარცმის შემხედვარეს ხანჯალივით განუგმირა გული.სულიერ ბრძოლაში ჩართულთათვის იგი “ძლევამოსილი მეოხია“, იმისდა მიუხედავად უწინ ცოდვილნი იყვნენ თუ – არა. გავიხსენოთ, რომ წმინდა მარიამ ეგვიპტელისთვის ღვთისმშობელი მონანიების ერთგვარი „გარანტი“ გახდა. როდესაც წმინდა მარიამი უდაბნოში განმარტოვდა, სადაც დაუღალავ ღვაწლს შეუდგა, დიდებული დედოფალი თავად ეცხადებოდა და ანუგეშებდა მას. როგორც ბერების მფარველი, იგი მათთვის ღვთაებრივ ძღვენთა მიმნიჭებელია, განსაკუთრებით ათონელთათვის. ის იყო, ვინც გულისმიერი ლოცვა უწყალობა ღირს მაქსიმე კავსოკალიველს, წმინდა გრიგოლ პალამას, სილუან ათონელსა და ღირს იოსებ ისიხასტს, რომელიც ჩვენს საძმოსთანაა დაკავშირებული. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ აქვს ამ დღეს ჩვენთვის, მისი სულიერი შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა: ამ დღეს, 1959 წელს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ღირსმა მამამ ღვთივ განისვენა. მას ისე უყვარდა ღვთისმშობელი, რომ ტკბილ დედიკოდ მოიხსენიებდა და მისგან მრავალი გამოცხადება, საღვთო ჩვენება და ძღვენი მიეღო. მართლაც, ათონელი წმინდა მამებისთვის ღვთისმშობლისადმი მსგავსი სიყვარული განსაკუთრებულად დამახასიათებელია. მისი სახელის გაგონებისას ცრემლებს ვერ იკავებდნენ, მათი ღვთსმოყვარე სული მადლიერებით ღმერთს ადიდებდა. ასე რომ, გონებით ღვთისმშობელზე ფიქრიც განწმენდს ადამიანს. ნეტარი მამა ათანასე ივერიის მონასტრიდან, ამბობდა, რომ ღვთისმშობლის სიყვარული ადამიანებს იხსნის, თუნდაც საქმით ვერ გამოირჩეოდნენ ისინი. დღეს ადამიანებმა საკუთარი ხსნისათვის მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ ღვთისმშობლის შუამდგომლობით. ყოველ მწუხარებასა და განსაცდელში, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს მწუხარეთა მეოხი, მფარველი და სასოწარკვეთილთა ნუგეში, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ვიპოვოთ სიმშვიდე, გამოსავალი და პასუხი ყველა ვითარებაში. ვლოცულობთ, რომ ჩვენმა დედოფალმა, რომელიც „სიცოცხლეში გადავიდა“ ყოველთვის გვაკურთხოს, რათა ეს ცხოვრება განვლიოთ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით, ბოროტის ცდუნებებისგან და მახეებისგან დაცულად, გაგვხადოს თავისი ძის ზეციური სამეფოს ღირსი. ამინ.
წყარო: http://Pemptousia.gr
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©