O2A9342

“შინაგანი ცოდვა“ უხილავია ადამიანებისთვის, თუმცა ხედავს ღმერთი – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მოჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა,  – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლისთვის ღმერთმა, ჩემი უღირსების მიუხედავად, ისეთი კურთხევა და მადლი მომცა, რომ ეშმაკებს ეშინიათ და ადამიანებისგან განიდევნებიან“.

დაფიქრდით: ეს მამა განსაცდელს კარს მიღმა, დაკაკუნებისთანავე იშორებდა, კარს არ უღებდა. რატომ? რა ჰქონდა შიგნით, რითაც წინ აღუდგებოდა? მას ჰქონდა ღმრთის წმინდა ხსენება (მარადიული ნეტარების, სიკვდილის, საუკუნო სატანჯველის…), ამით იყო სავსე მისი გონება. ბოროტი გარედან უკაკუნებდა, რომ შიგნით შეეღწია, იქ-კი თავისუფალი ადგილი აღარ რჩებოდა ბოროტი აზრებისთვის. ბერი ეშმაკს ღმრთის ხსენებით აჩერებდა. ამ მუდმივმა გამარჯვებებმა წმინდანს მადლი მიანიჭა, რის გამოც ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ.

ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც ღმრთის მადლით მიაღწია იმას, რომ ეშმაკს თავდასხმისთანავე აჩერებს. არ არსებობს არცერთი მოკვდავი, არცერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღმრთის შემეცნებისგან შორს არიან, მაშინ მტერი შიგნით აღწევს და იმარჯვებს.

სულიერი ადამიანები იღვწიან, რომ მტერს არც კარი გაუხსნან, არც ფანჯარა, პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეთ ღია.

საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით ან საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე სცოდოს ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ცოდვის საქმით ჩადენას კი ხშირად ეშლება ხელი – ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მრავალი ხელშემწყობი პირობაა საჭირო, მეორე მხრივ – სირცხვილის გამო. ამის საპირისპიროდ, შინაგან, გონებით ცოდვას შეუძლია დაარწმუნოს ადამიანი შინაგანად ჩაიდინოს დანაშაული ისე, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს.

შინაგანი ცოდვა უხილავია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. და თუ ადამიანების არ გვეშინია და არ გვრცხვენია, რადგან ცოდვა მათთვის დაფარულია, ღმრთის მაინც უნდა გვეშინოდეს, რადგან გონებით ჩადენილი ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე აღესრულება.

ბევრი ადამიანი მოტყუებული რჩება. ამის ძირი ქედმაღლობაა, ის აკეთებს ყველაზე ცუდ საქმეს.

ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით და გარეგნულ ცოდვად იქცევა.  ამის გამო საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. უნდა გყავდეს შინაგანი მცველი, გუშაგი რომელიც გააკონტროლებს შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს, შეამოწმებს მათ ვინაობას, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და შინაომი არ გამოიწვიონ.

სულიერი თვალი ძალიან სუფთა და მახვილი უნდა იყოს, რომ მტერი შორიდანვე დაინახოს და ზომები მიიღოს.

რანაირი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! – ყოველ ვნებას თავისი აქვს. თუ სულის თვალი გამჭრიახია, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგენა წინ და როგორც კი ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემზადება, გუშაგებს აყენებს, ბარიკადებს აწყობს ამ ვნების მოსაგერიებლად.

ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები შხამით გესლავენ ყველაფერ ცოცხალს, მერე კი შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. მისგან გამოფრქვეული ტკბობის შხამი გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.

ამ დატყვევებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამტკიცებენ: „არ შემიძლია ამ დროს წინააღმდეგობის გაწევა და რაიმეს გაკეთება“. ამის პასუხი არის ეს: ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავუფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევს და გონებასა და სულს მოგვიშხამავდეს, რადგან თუ დაგვგესლა, საერთოდ დავკარგავთ მოქმედების უნარს.

როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიყუვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხოლამდი ბევჯერ ჩაძირულა და სიამოვნების მოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს, ადამიანი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.

Share