IMG 1349

იესუ ქრისტეს დიდებით ამაღლება -არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

„ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი – საყვირის ხმაზე.”

ამაღლება ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში არის ბოლო მოვლენა. რასაკვირველია, სულთმოფენობა არის უფლის მიერ გაცემული მადლის დაგვირგვინება, ამიტომაც მას „უკანასკნელ ზეიმს“ უწოდებენ. მამა ღმერთს ესიამოვნა ადამიანის ხილვა, როგორადაც ჩაიფიქრა იგი სამყაროს შექმნამდე და სულიწმიდა გამოგზავნა, რათა კაცისა და ღმერთის შერიგება დაებეჭდა. ქრისტეს პიროვნებაში ღმერთმა მიიღო მთელი კაცობრიობა, დაინგრა „აღმართული ზღუდე“ და ყველა გაყოფილი გზა გაერთიანდა. ამ დღესასწაულის დიდებული ბრწყინვალება იმაში მდგომარეობს, რომ ზეცად ამაღლდებით ქრისტეს ღვთის დიდების ტახტზე აჰყავს ადამიანის უმწიკვლო და უბიწო ბუნება, რომელიც მას წმიდა ქალწულმა უბოძა და რომელშიც გამოვლინდა მამის შეუცნობელი და უსაწყისო სიყვარული.

ქრისტე „ჩავიდა ქვესკნელში, შემდეგ ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. სულიწმინდის მადლი დედამიწას „ნაზი წვიმასავით“ რწყავდა. ამგვარად შესრულდა უფლის დაპირება, რომ ცოცხალი წყლის მდინარეები მოედინებოდა ყველა იმ ადამიანის გულიდან, ვისაც მისი სწამდა.

აღდგომის შემდგომ პერიოდში, უფალი განუწყვეტლივ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და განსწავლიდა მათ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებებში. აღდგომის შემდგომი ორმოცი დღე ინტენსიური თეოლოგიური კურსი იყო. მოციქულებთან საუბრისას ქრისტემ უპასუხა მათ დაბნეულობას, გაუხსნა გონება წმინდა წერილების გასაგებად, გულები აუნთო მისი სამეფოსადმი ლტოლვით და გადაჭრა ყველა მათი პრობლემა. მოციქულები დარჩნენ „ერთსულოვნად ერთად“ „გამუდმებით ერთობაში, პურის განტეხვასა და ლოცვაში“. ისინი ისეთი ძლიერი ლოცვით ცხოვრობდნენ თავიანთი მკვდრეთით აღმდგარი მასწავლებლის წინაშე, რომ მისი სიტყვები მათ გულსა და მეხსიერებაში იყო აღბეჭდილი, ისევე, როდესაც ადამიანი ეძებს სიტყვას ღვთისა და წმინდანებისგან და იმყოფება ლოცვასა და კონცენტრაციაში მოჭიმული.

ორმოცი დღის განმავლობაში უფალი ეჩვენებოდა მოწაფეებს და ასწავლიდა მათ. თუმცა მოწაფეები მას ხორციელად იცნობდნენ, მალე სულითაც გაიცნობდნენ. სამი წლის განმავლობაში ჭვრეტდნენ, უსმენდნენ და შეეძლოთ ხელით შეხებოდნენ უფალს. თუმცა ხორცი უსარგებლო გახდა მათთვის. ახლა უნდა ეცნოთ იგი, როგორც უფალი საბაოთი და შეეყვარებინათ და თაყვანი ეცათ „სულითა და ჭეშმარიტებით“.

ამ პერიოდში უფალმა მათ ახალი გაკვეთილები მიაწოდა; ერთის მხრივ, ასწავლა თავისი არსებობით, რათა მისი პიროვნების სრული მოძღვრების გაგება შეძლებოდათ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დედამიწაზე გამოცხადებული მისი განსხეულებით და აღდგომის შემდეგ ახალ რეალობად წარმოჩენილი. მეორეs მხრივ, ასევე მიუთითა მის არყოფნაზე. დაპირების მიუხედავად, ყოველ ჯერზე, როდესაც უჩინარდებოდა მოწაფეების თვალსაწიერიდან დაუშვა, რომ მათ თავი ობლად ეგრძნოთ. განსაკუთრებით ამაღლებიდან სულიწმიდის მოსვლამდე, ათი დღის განმავლობაში, რათა მათი ლტოლვა და წყურვილი გაემძაფრებინა.

ეკლესიის მამები გადმოგვცემენ, რომ უფალი ელვისებურად კი არ ამაღლდა, არამედ ნელა. ქრისტე თანდათან ავიდა ზეცაში, რათა განეწმინდა ცა, როგორც განწმინდა მიწა თავისი არსებობით, წყლები იორდანეში ნათლობის გზით და დედამიწის ყველაზე უკიდეგანო მხარეები სამი დღით “ჯოჯოხეთის ჭიპში”დარჩენით. ზეცა სავსეა ბოროტი სულებით, ამიტომ უფლის მიერ განწმენდა სჭირდებოდა, რათა ჩვენი სიკვდილის ჟამს მიწიდან სასუფეველში გასვლა შეემსუბუქებინა. ამგვარად, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მოგზაურობა განსაცდელების გარეშე და დემონის ბოროტმოქმედებისგან დაცულად გავიაროთ.

ვიდრე მოწაფეები გაოცებულნი შეჰყურებდნენ უფლის ზეცად აღსვლას, გამოჩნდა ორი ანგელოზი თეთრი სამოსით და უთხრეს: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას?“. რა თქმა უნდა, ზეცის მოქალაქეებს არ გაკვირვებიათ, რომ მოწაფეები ზევით იყურებოდნენ, რადგან ასეთ მომენტში შეუძლებელია მზერის მოწყვეტა, მაგრამ მათმა სიტყვებმა დაფარა ფარული შეგონება, რადგან მოწაფეები ინერციაში ჩავარდნილი დახვდათ. ზეცისკენ მზერის მიპყრობა საკმარისი არ არის, თუ მას არ ახლავს ალმოკიდებული გული. რადგან სიხარული და შთაგონება იღვრება, როგორც მოზღვავებული ნიაღვარი, როდესაც ადამიანის სიცოცხლე „ქრისტესთან ერთად დაფარულია ღმერთში“. ანგელოზებმა თავიანთი სიტყვებით მოწაფეებს მეორედ მოსვლა შეახსენეს  და გააძლიერეს მათი მოლოდინი. ღმერთმა გაგზავნა თავისი ანგელოზები, რათა მოციქულთა აზრებისთვის ესქატოლოგიური განზომილება მიენიჭებინა, რათა აეხსნა, რომ როგორც ამაღლდა, ისევ ისე დაბრუნდება, რათა მათი გულები ავსებულიყო სიმშვიდით და ღვთის სულიდან გამომდინარე გამოუთქმელი, უხრწნელი ნუგეშით.

ამაღლების მოვლენაზე დაკვირვებისას ჩვენ ვამჩნევთ კიდევ სამ მნიშვნელოვან მომენტს. პირველი ის არის, რომ როდესაც უფალი ამაღლებისას აკურთხებდა  მოქიცულებს. მისი კურთევა არის ზეციდან მოვლენილი მადლი,  რომელიც მოდის „ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი“. ის წავიდა თავისი რჩეული მოწაფეებისგან ისე, როგორც დაბრუნდება უკანასკნელი განკითხვის დღეს. უფლის კურთხევა მიიღეს მოციქულებმა და მათი მეშვეობით გავრცელდა „ყოველ ხორციელზე“. ის [კურთხევა] რჩება ეკლესიაში, როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც გადაეცემა ეკლესიის ყველა წევრს ეპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვეობით, ვიდრე სრულყოფილებას არ მიაღწევს მეორედ მოსვლის ჟამს.

ღმერთმა სამყარო სიყვარულის გამო შექმნა და არასოდეს შეუწყვეტია ადამიანზე ზრუნვა, ამბოხის დროსაც კი. მან დღეგრძელობა უბოძა ადამიანს თავისი კეთილმოსურნე სიყვარულის გამო, ასე რომ, ახლა შეიძლება იყოს სინანულისა და ხსნის დრო, რომელიც დაამოწმებს მთელ ამ ცხოვრებას უფლის კურთხევის ნიშნით. ეს ბეჭედი გამოარჩევს მას, როგორც რჩეულს, რათა ანგელოზებმა მეორედ მოსვლის დღეს იცნონ იგი. ის ფაქტი, რომ უფალი ამაღლების ჟამს „აკურთხებდა მოციქულებს“ ბადებს დიდ იმედს, რომ იმ გასაოცარ დღეს, მისი სამსჯავრო შერეული იქნება მის სიყვარულთან და გულმოწყალებასთან.

ამაღლების მეორე მახასიათებელია ის დიდებული გზა, რომლითაც იგი ზეცაში ავიდა. თავიდან ბოლომდე წმიდა წერილი საუბრობს ღვთის დიდებაზე, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც მანათობელ ღრუბელს. ძველი აღთქმის ადამიანებმა იხილებს ეს დიდება, მაგრამ არა – უფალი. ახალი აღთქმის ეპოქაში, როდესაც უფალი ხორციელად მოვიდა, მან თავისი დიდებულება დაფარა „ჩვენს დამდაბლებულ სხეულში“, რათა დაუფარავი გამოჩენით არ შეეშინებინა თავისი დაცემული ქმნილება. ადამიანებმა დაინახეს თავმდაბალი, თვინიერი უფალი, როგორც „კრავი დასაკლავად მიყვანილი“, თუმცა მისი დიდების აღქმა ვერ შეძლეს, რის გამოც ბევრმა ქრისტე არ აღიარა მესიად. თუმცა, სწორი მისწრაფების მქონეებმა ირწმუნეს და მიიღეს მადლი ხელახლა დაბადებისთვის. მათ, ვინც მიიღეს უფლის სიტყვა და ირწმუნეს მისი სახელი, მიეცათ ძალა წოდებულიყვნენ ღვთის შვილებად და „სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდნენ“.

თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს, ქრისტე აშკარად ჩნდება, როგორც ღვთის ძე, მის დიდებაში გამჟღავნებული. დიდებული გამოცხადების დღეს უფალი კვლავ მოვა „ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით“. ამრიგად, ამაღლება წინასწარმეტყველური მოვლენაა და თავად უფალი ხდება თავისი მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველი.

უფლის დიდება, რომელიც იმ ამაღლებულ დღეს იქნება ვითარცა ელვა, მისი კურთხევის ბეჭდით დანიშნულთ დაიცავს ფსევდო-წინასწარმეტყველების მიერ გავრცელებული ყოველგვარი ილუზიური სულისაგან, რომელიც ყოველ ეპოქაში იქადაგება: „აჰა, აქ არის ქრისტე; ან, კიდევ – იქო“, რათა „აცდუნონ, თუკი შესძლეს თვითონ რჩეულნიც“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფალმა გააფრთხილა ისინი, რომ ყურადღება არ მიაქციონ უცხო, ცრუ ხმებს, რომლებიც მოუწოდებენ ეკლესიიდან ჩამოშორებას და წასვლას, ისე  როგორც ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც მზერა მიჯაჭვული აქვთ მიწისკენ და გული დამძიმებული ამასოფლის საზრუნავებით. ამის საპირისპიროდ, ისინი, რომელთაც მზერა მაღლა აქვთ აღმართული და  „ზეცისას ფიქრობენ“, არ მოტყუვდებიან, არამედ დიდი მოთმინებით დაელოდებიან უფლის  გამოცხადების ჭეშმარიტ ნიშანს.

უფალს თავისი სიტყვები ფარულად არ გადმოუცია: „რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ“. ამგვარად, მის გამოცხადებაც არ იქნება საიდუმლო ან დამალული. „ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.“ წმინდა წერილი გვაწვდის სათანადო ინფორმაციას ჟამთა ბოლოს უფლის დიდებით დაბრუნების შესახებ,  რათა, როდესაც უფალი მოვა ცოცხალთა და გარდაცვლილთა განსასჯელად, ერთგულებმა ერთის მხრივ, შეძლონ მისი ცნობა და არ იყვნენ ბნელში, მაგრამ ასევე არ დაკარგონ გული იმ განსაცდელებისა და ტანჯვის დროს, რომელიც მოხდება „ვინაიდან მათი გამოხსნა ახლოვდება“.

უფლის მოსვლა მოცული იქნება დიდებით და ჩვენთვის ლოდინის ყველაზე დიდებული გზაა ველოდოთ მას იერუსალიმში. რაც ნიშნავს, ვიყოთ ქრისტეს ეკლესიის აქტიური და ერთგული წევრები, მონაწილეობა მივიღოთ ეკლესიის საიდუმლოებებში, ვადიდოთ და მადლიერება მივაგოთ უფალს.

მესამე მახასიათებელი, რომელსაც ამაღლებისას ვაკვირდებით, არის მოვლენის უცაბედობა და მოულოდნელობა. მეორედ მოსვლა ასევე უეცარი და მოულოდნელი იქნება. არაერთხელ უფალი გვაფრთხილებდა: „ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი…ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას გეუბნებით: იფხიზლეთ“. ადამიანური გათვლებით ჩვენს გადარჩენასა და ხსნაში დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით. პეტრე მოციქული მოგვიწოდებს: „ამიტომ, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი“. ამრიგად, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის, გვქონდეს უწყვეტი სინანული და მონანული გული ღვთის წინაშე,  რათა უფალთან შეერთების სიმშვიდის ნაყოფი დასასრულამდე ვიგემოთ და ჩვენი მიწიერი ცხოვრება გადავაქციოთ უფლის სულგრძელების ჟამად.

მორწმუნეების მთელი ცხოვრება სიძის მოლოდინია, თუმცა სულიერ ცხოვრებაში კარგად არის ცნობილი, რომ ფსევდოაპოკალიფსური, ყალბი და ამაო მოლოდინის მქონენი, რომლებიც ეძებენ გამოცხადებებს და ხილვებს, ამპარტავნულ სულს ატარებენ და ადვილად ხდებიან ბოროტის ილუზიის მსხვერპლნი. ხშირად, გლოვასა და თავმდაბალ ლოცვაში ისინი არიან ჩაძირულნი,რომელნიც სულიწმიდის მადლით ღვთის მარადისობაში ატაცებას იმსახურებენ,  თავს მტვრად და ფერფლად თვლიან, „სიცოცხლის უღირსად და ყოველგვარი ჯოჯოხეთის ღირსად“, მაგრამ არასოდეს წყვეტენ უფლის მოწყალების მოხმობას „უსასოო სასოებით“. მაშინაც კი, როცა გასხივოსნებულნი არიან ღვთიური ნათლით, რომელიც მწუხრის ჟამსაც არ ქრება, მათი სინანული შეუდრეკელია.

დროთა ჟამისა და სეზონების გამოძიება უსარგებლოა, მაგრამ აუცილებელია მუდმივად გამოვიკლვიოთ ჩვენი გული, განვწმინდოთ იგი და არ მივცეთ რაიმე უცხოს შეღწევის უფლება ამ ადგილას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ღმერთს ეკუთვნის. თუ ამას მოვახერხებთ, ღირსნი გავხდებით წარვდგეთ და ვიხილოთ ყოვლისშემძლე იესუს თავდმდაბალი და თვინიერი მზერა. უფლის დაბრუნების დღე უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან ამ გზით ჩვენი გული, როგორც ცეცხლის ღუმელში, ისე გამოიცდება.

ჭეშმარიტი ესქატოლოგიური მოლოდინი გვიცავს სასოწარკვეთილების პირქუში ძილისგან, რომელიც ამ თაობის შვილებს მორევია და გონებას უბნელებს. ამასთანავე, ჩვენს წარმავალ ცხოვრებას გარდაქმნის უხრწნელი და ურყევი უფლის მხურვალე მოლოდინად; ანადგურებს ჩვენს ცდუნებას ბოლო ჟამის სამსჯავრო უარვყოთ ფიქრით: „სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან“

უფლის დაბრუნებისადმი ლტოლვა ჩვენს სიცოცხლეს ანიჭებს „შეშლილი სიყვარულის“ სულს, როგორც წმინდა მამები ამბობენ, რომელიც სძლევს ამ სამყაროს ყოველ სხვა წადილსა და ცრუ სურვილს, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.  „საჭიროა მხოლოდ ერთი რამ“ ზეცის მადლი, ნუგეშისმცემლის ალი, რომელიც წარუშლელად დაგვამოწმებს, რათა უფალმა გვიცნოს, როგორც მისნი იმ დღეს, როდესაც დაბრუნდება ყველას თავისთან წასაყვანად უკუნითი უკუნისამდე.


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა

Share