საყვარელო ძმებო, არასოდეს ყოფილა ადამიანი ისე დაცლილი ღვთისაგან, როგორც დღეს. არასოდეს ყოფილა ადამიანში ასე მცირედი ღმერთი. დღეს მთელი ბოროტება შევიდა. დღეს ადამიანში ეშმაკი დამკვიდრდა, რათა ადამიანთა შორის მოსული ღმერთი მოეკლა. ადამიანის სხეულში, რათა სხეულიდან განედევნა ღმერთი. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოვიდა. ვისღა ახსოვს, რომ დედამიწა ოდესღაც სამოთხე იყო?
ადამიანის დღევანდელი დაცემა განუზომლად აღემატება ადამის პირველდამნაშავეობრივ დაცემას. მაშინ ადამიანი განუდგა ღმერთს, დღეს კი — ჯვარს აცვა ღმერთი, მოკლა ღმერთი. ადამიანო, სხვა რა დაგარქვა, თუ არა ეშმაკი? მაგრამ ესეც კი შეურაცხყოფაა ეშმაკისათვის. ეშმაკი არასოდეს ყოფილა ისეთი ბოროტი, ისეთი ვერაგულად ბოროტი, როგორც ადამიანი. უფალი ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქაც კი არავის უცვამს იგი ჯვარს. ჩვენ კი — ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არ არიან? განა დედამიწა ჯოჯოხეთზე უარესი ქვესკნელი არ არის? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არავის განუდევნია, ადამიანებმა კი დღეს იგი განდევნეს დედამიწიდან, განდევნეს საკუთარი სხეულიდან, სულიდან, ქალაქებიდან…
ჩემი სულის სიღრმეში, ძმებო, გველივით ჩაიკლაკნა ერთი ბოროტი კითხვა და ნიშნის მოგებით მეკითხება: იყო კი ოდესმე ადამიანი კეთილი, თუკი მან ქრისტეს ჯვარცმა შეძლო?
შენ [ჰუმანისტი] გწამს ადამიანის, ამაყობ მისით და დიდ ღირებულებას ანიჭებ მას? ოჰ, შეხედე ადამიანს! შეხედე მას წითელ პარასკევს! შეხედე, როგორ კლავს იგი ღმერთკაცს და მითხარი: კვლავაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მას? განა არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? განა ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია?
დაივიწყეთ ყველა დღე წითელ პარასკევამდე და მის შემდეგ; შეხედეთ ადამიანს წითელი პარასკევის ჭრილში. განა არ გეჩვენებათ, რომ ადამიანი არის ყოველივე ბოროტის, ყოველივე საცდურისა და სისაძაგლის კრებული? განა დღეს არ დაამტკიცა ადამიანმა, რომ დედამიწა შეიშალა? განა არ დაადასტურა მან, რომ ღმერთკაცის მკვლელობით იგი დედამიწის ნამდვილი სიგიჟეა?
და არც საშინელი სამსჯავრო იქნება, ძმებო, წითელ პარასკევზე უფრო ძრწოლისმომგვრელი. უეჭველად, ის ნაკლებად საშინელი იქნება, რადგან მაშინ ღმერთი განსჯის ადამიანს, დღეს კი — ადამიანი განსჯის ღმერთს. დღეს არის ღვთის საშინელი დასჯა — მას ადამიანი სჯის. დღეს ადამიანმა დაადგინა, რომ ღმერთი ოცდაათი ვერცხლი ღირს. ქრისტე — ოცდაათი ვერცხლი! განა ეს უკანასკნელი შემთხვევაა? განა იუდა ჩვენს შორის უკანასკნელია, ვინც ქრისტე ოცდაათ ვერცხლად შეაფასა?
დღეს ადამიანმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ეს არის უდიდესი ამბოხი ცასა და ქვეყანაზე, უდიდესი ცოდვა სამყაროში. ეს დაცემულ ანგელოზებსაც კი არ ჩაუდენიათ. დღეს დასრულდა ღვთის წინააღმდეგ აღძრული საშინელი სამართალი. არასოდეს ყოფილა უფრო უდანაშაულო მსჯავრდებული და არასოდეს უნახავს სამყაროს უფრო უგუნური მოსამართლე.
დღეს ღმერთს ისე დასცინიან, როგორც არასდროს. „ყოვლადსასაცილო ჯოჯოხეთი“ დღეს ადამიანში შევიდა და დასცინა ღმერთს და ყოველივე საღვთოს. დღეს მას დასცინიან, ვისაც არასოდეს გაუცინია. ამბობენ, რომ უფალს არასოდეს გაუცინია, მტირალი კი ხშირად უნახავთ. დღეს შეურაცხყოფენ მას, ვინც ჩვენს განსადიდებლად მოვიდა; დღეს ტანჯავენ მას, ვინც ჩვენს სატანჯველთაგან გამოსახსნელად მოვიდა; დღეს სიკვდილს გადასცემენ მას, ვინც საუკუნო სიცოცხლე მოგვიტანა. ადამიანო! აქვს კი ზღვარი შენს უგუნურებას? აქვს კი ფსკერი შენს დაცემას?
მან, ვინც საუკუნო დიდება მოგვანიჭა, ჩვენგან პასუხად ჯვარი მიიღო — ყველაზე საზარელი სამაგიერო. შენ, კეთროვანო, ამისთვის აძლევ მას ჯვარს, რომ კეთრისგან განგწმინდა? შენ, ბრმაო, ამისთვის აგიხილა თვალები, რომ ჯვრის გამოსაჭედი იარაღი დაგენახა და მასზე იგი მიგელურსმა? შენ, მკვდარო, ამისთვის აღგადგინა მკვდრეთით, რომ სამარეში ჩაგეშვა? სიხარულის სახარებით დაუტკბო უტკბესმა იესომ ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო, ძმებო, ჩვენ კი სანაცვლოდ ასეთი სიმწარე მივაგეთ?
„ერო ჩემო, რა გიყავ შენ და რაი მომაგე მე?“
წითელი პარასკევი ჩვენი სირცხვილია, ძმებო, ჩვენი შეურაცხყოფა და მარცხი. გარკვეულწილად, იუდა ისკარიოტელის ხვედრში ყველას სულს უდევს წილი. ასე რომ არ იყოს, უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას მეშვეობით ყველანი დავეცით, ყველამ გავყიდეთ ქრისტე, ყველამ მივატოვეთ იგი და მივიღეთ ეშმაკი, ჩავეხუტეთ სატანას. დიახ, სატანას! რამეთუ წმინდა სახარებაში წერია: „და შემდგომად პურისა მის მაშინ შევიდა მას [იუდას] ზედა სატანა“ (იოანე 13:27). რომელი პურის შემდეგ? იმის შემდეგ, რომელიც ქრისტემ მისცა; მას შემდეგ, რაც ეზიარა; მას შემდეგ, რაც ქრისტე მიიღო. ოჰ, არსებობს ამაზე დიდი დაცემა, ამაზე დიდი საშინელება?
ჰოი, ვერცხლისმოყვარეობავ, შენ გაყიდე ქრისტე! შენ დღესაც ჰყიდი მას. იუდა, რომელიც ქრისტეს მოწაფე იყო, სამი წელი მასთან იმყოფებოდა, ყველა სასწაულის მომსწრე იყო, იესოს სახელით განწმენდდა კეთროვნებს, კურნავდა სნეულებს, აღადგენდა მკვდრებს და დევნიდა ბოროტ სულებს — აი, ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ გამცემად და ღვთისმკვლელად აქცია. როგორღა არ მაქცევს გამცემად მე ან შენ, ვისაც სამი წელი ხორცით მოსული ღმერთი არ გვიხილავს, ვისაც არც კეთროვანი განგვიკურნავს იესოს სახელით და არც მკვდარი აღგვიდგენია? იუდა ამდენი ხანი იყო მასთან, ვისაც თავის მისადრეკიც კი არ გააჩნდა, ვინც საქმითა და სიტყვით ასწავლიდა, რომ არ უნდა გვქონოდა არც ოქრო და არც ვერცხლი. მე კი? შენ კი? არ იცი სიღარიბით ხარება, ძმაო? არ იცი გლახაკობით სიხარული? მაშ, იცოდე, რომ იუდას კანდიდატი ხარ. ნუ კითხულობ: „ნუთუ მე ვარ, უფალო?“, რადგან უეჭველად მოისმენ პასუხს: „დიახ, შენ სთქვი“. გწყურია სიმდიდრე? აგენთო ფულის სურვილი? იცოდე, რომ შენში იუდა ისახება. მეგობარო და ძმაო ჩემო, ნუ დაივიწყებ მთელი ცხოვრება: ვერცხლისმოყვარეობამ აცვა ჯვარს ქრისტე, ვერცხლისმოყვარეობამ მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ აქცია ქრისტეს მოწაფე მის მტრად და მკვლელად. და არა მხოლოდ ეს: მან თავად იუდაც მოკლა. ვერცხლისმოყვარეობას ის წყეული თვისება აქვს, რომ ადამიანს არა მხოლოდ ღვთისმკვლელად, არამედ თვითმკვლელადაც აქცევს. იგი ჯერ ადამიანის სულში კლავს ღმერთს, შემდეგ კი — თავად ადამიანს.
სიკვდილი საშინელი საიდუმლოა, ძმებო. მაგრამ უფრო საშინელია, როცა ადამიანები ღმერთს გადასცემენ სიკვდილს და მისი სრულიად განადგურება სურთ. დღეს ადამიანები ღვთისთვის საზარელნი გახდნენ, რადგან ტანჯავენ ღმერთს ისე, როგორც არავის უტანჯავს; აფურთხებენ მას ისე, როგორც არავის მიუფურთხებია; კლავენ მას ისე, როგორც არავის მოუკლავს. „დადუმნინ ყოველი ხორციელი!“ ნურავინ იამაყებს ადამიანით, ნურავინ იამაყებს კაცობრიობით, რადგან აჰა! კაცობრიობამ ვერ აიტანა ღმერთი თავის შორის და სიკვდილს მისცა იგი. რითიღა უნდა იამაყო ასეთი კაცობრიობით? ნურავინ იამაყებს ჰუმანიზმით, რადგან ეს მხოლოდ სატანიზმია, სატანიზმი და კიდევ ერთხელ სატანიზმი…
დღეს არა დემონებმა, არა მხეცებმა, არა ტურებმა, არამედ ადამიანებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და დაადგეს ქრისტეს. ეკლის გვიგვინით ამკობენ მას, ვინც ადამიანი უკვდავებით შემოსა. ეკლის გვირგვინს წნავს კაცობრიობა მის გარშემო, ვინც დედამიწას ვარსკვლავთა გვირგვინი შემოავლო! ეკლის გვირგვინს ვწნავთ ქრისტესთვის მეც და შენც, მეგობარო, თუ ვარ ვერცხლისმოყვარე, თუ ვარ მემრუშე, თუ ვარ მკაცრი, თუ ვარ ცილისმწამებელი, თუ ვარ ლოთი, თუ ვარ უწყალო, თუ ვარ მრისხანე, თუ მაქვს ცოდვილი ფიქრები და უწმინდური გრძნობები, თუ არ მაქვს რწმენა და არ მაქვს სიყვარული. ყოველი ჩემი ცოდვა, ყოველი ჩვენი ცოდვა არის ეკალი იმ დაწყევლილ გვირგვინში, რომელსაც გაგიჟებული კაცობრიობა დაუცხრომლად წნავს ქრისტეს თავზე.
ადამიანი ღმერთს ეშმაკზე უფრო უწყალოდ ტანჯავს. არ გჯერათ? მოუსმინეთ თვითმხილველს: „მაშინ ჰნერწყუეს პირსა მისსა“ (მათე 26:67) — მის ბრწყინვალე და უმშვენიერეს პირს… უფალო, როგორ არ დაეფარათ მათ ბაგეები კეთრითა და წყლულებით? ცხადია, იმისათვის, რომ ჩვენ გვესწავლა მოთმინება და სიმშვიდე. მიაფურთხეს იმ საოცარ, უტკბეს პირს, რომელიც უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა გალაქტიკა და ყველა ნეტარება. რას ვამბობ! დიახ, ყველა ნეტარებაზე მეტად, რადგან ამ მშვიდ პირისახეშია მთელი მარადიული ღვთაებრიობა, მთელი მარადიული სიხარული… მიაფურთხეს იმ ნათელ პირს, რომლის წინაშეც ზღვა დაწყნარდა; იმ პირს, რომელმაც დაამშვიდა აღშფოთებული სულები და ყველას განსვენება მიანიჭა.
და თქვენ კვლავ ხოტბას ასხამთ ადამიანს? ოჰ, ხმა ჩაიკმინეთ, არარაობებო… მატლებო! არავის და არაფერს არ უნდა რცხვენოდეს ისე, როგორც ადამიანს — არც დემონებს, არც მხეცებს, არც პირუტყვს… ადამიანები აფურთხებენ ღმერთს! არსებობს ამაზე საშინელი რამ? ადამიანები კლავენ ღმერთს. არსებობს ამაზე სატანური რამ? ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ არსებობდეს, იგი სპეციალურად ადამიანებისთვის უნდა გამოგვეგონებინა…
მას, შემოქმედსა და მაცხოვარს, აფურთხებენ და კლავენ, ის კი ყოველივეს მორჩილად და მდუმარედ ითმენს. შენ რა გამართლება გაქვს, როცა ყოველ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, ყოველ ბოროტებას — ბოროტებით, სიძულვილს — სიძულვილით? როცა ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, შენ მეუფე ქრისტეს აფურთხებ; როცა გძულს ისინი, ვისაც სძულხარ, შენ ქრისტეს კლავ და ტანჯავ; როცა ლანძღავ მათ, ვინც გლანძღავს, შენ ქრისტეს ამცირებ, რადგან მას ასე არ გაუკეთებია.
პილატემ გადასცა მშვიდი უფალი ჯვარზე საცმელად. ადამიანებს იგი ერთი სატანჯველიდან მეორეში გადაჰყავთ, ერთი დაცინვიდან — მეორეში. და ბოლოს, აბუჩად აგდებულ ღმერთს ჯვარს აცვამენ, ჯვარზე აჭედებენ.
ლურსმნებს აჭედებთ ქრისტეს ხელებში — იმ ხელებში, რომლებმაც ამდენი სნეული განკურნეს, ამდენი კეთროვანი განწმინდეს, ამდენი მკვდარი აღადგინეს? როგორ უნდა დადუმდეს ბაგეები, რომლებიც ისე მეტყველებდნენ, როგორც სხვა არცერთი ადამიანი? იაიროს, სად ხარ? ლაზარე, სად ხარ? ნაინელო ქვრივო, სად ხარ, რომ დაიცვა შენი და ჩემი უფალი? ჯვარს აცვამთ [ადამიანები] მას — სასოწარკვეთილთა სასოებას, ნუგეშისმცემელთა ნუგეშს, ბრმათა თვალს, ყრუთა ყურს, მკვდართა აღდგომას? ლურსმნებს აჭედებთ იმ წმინდა ფეხებში, რომლებსაც მოჰქონდათ მშვიდობა, მოჰქონდათ სახარება, რომლებიც ზღვაზე დააბიჯებდნენ, როგორც ხმელეთზე, და მიეჩქარებოდნენ ყველა სნეულთან, მკვდარ ლაზარესთან, გადარინელ ეშმაკეულთან?
ჯვარცმული ღმერთი. დაკმაყოფილდით, ღვთისმბრძოლნო? გაიხარეთ, ღვთისმკვლელნო? ვინ გგონიათ ქრისტე ჯვარზე? მატყუარა? უძლური? საცდური? „რომელმან დაარღვიო ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღაშენო, იხსენ თავი შენი, უკეთუ ხარ ძე ღმრთისაი, და გარდამოჴედ ჯვარისა მაგისგან“ (მათე 27:40).
მაგრამ რას ფიქრობს უფალი ჯვარზე იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯვრის ქვეშ დგანან? მხოლოდ იმას, რისი ფიქრიც სიყვარულისა და სიმშვიდის ღმერთს შეუძლია: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“ (ლუკა 23:34).
წყარო: https://agiosminas.gr