WhatsApp Image 2026 03 30 at 09.49.46

დიდი შაბათი: სიკვდილის სიკვდილი – ფლორინის, პრესპისა და ეორდეის მიტროპოლიტი ირინეოსი

დუმილი, რომელიც შობს სიცოცხლეს

დიდი შაბათი არის წმინდა დუმილის დღე. ეს არის დღე, როდესაც ეკლესია მოკრძალებით დგას ერთი მხრივ განსვენებული უფლის, ხოლო მეორე მხრივ — ჯოჯოხეთში მისი მისტიკური შთასვლის საიდუმლოს წინაშე. ეს ის დღეა, როცა ადამიანურ ლოგიკას ჰგონია, რომ გაიმარჯვა; როცა წუთისოფელს ჰგონია, რომ იესო ნაზარეველის ისტორია დასრულდა. თუმცა, სინამდვილეში არაფერი დასრულებულა — პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება!

ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ქრისტე საფლავში მხოლოდ არ განისვენებდა, არამედ ჩავიდოდა ქვესკნელის უფსკრულებში, რათა შეემუსრა სიკვდილის ბორკილები და აღედგინა კაცთა მოდგმა. ხატი, სადაც ქრისტეს ადამისა და ევასთვის ხელი ჩაუჭიდია და დაცემისაგან აღადგენს მათ, არის ამ დღის ყველაზე ღრმა არსი. სიკვდილი დამარცხდა არა ძალის დემონსტრირებით, არამედ უფლის სრული სიმდაბლით — მან ინება, თავად გამხდარიყო მკვდარი, რათა მოეკლა სიკვდილი.

ჯოჯოხეთში შთასვლის ამბავს პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში ასე აღწერს: „რამეთუ ქრისტე ერთგზის ცოდვათა ჩვენთათვის მოკუდა, მართალი უმართლოთათვის, რაითა ჩვენ მიგვაახლოს ღმერთსა; მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა“ (1 პეტ. 3:18).

სიკვდილს არ შეეძლო დაეკავებინა ქრისტე, რამეთუ როგორც დავითი წინასწარმეტყველებდა ფსალმუნში: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა იხილვად გახრწნისა“ (ფსალმ. 15:10).

დუმილი, რომელიც აღდგომას გვამცნობს

დიდი შაბათი გამორჩეულია წმინდა დუმილით. სამყარო მოლოდინშია. მოციქულები, ჯვარცმის მოვლენებით შეძრწუნებულნი, რწმენის გამოცდას გადიან. ღვთისმშობელი გლოვობს, თუმცა იმ იმედით, რომ მისი ძე გახრწნილებას არ მიეცემა. ჩვენ კი, როგორც ეკლესია, ვდგავართ გარდამოხსნის წინაშე და ვგალობთ: „დადუმნინ ყოველი ხორციელი“.

თუმცა, ეს დუმილი არ არის სიცარიელე, მასში სასწაულის მოლოდინია. როგორც მიწაში ჩავარდნილი თესლი კვდება, რათა ნაყოფი გამოიღოს, ასევე ქრისტე, ხორცით მკვდარი, აღდგომის გამარჯვებას ამზადებს. ესაია წინასწარმეტყველი უფლის დაკრძალვაზე ამბობდა: „მიეცა სამარე ბოროტებთან ერთად და მდიდართან — სიკვდილისას, თუმცა სიავე არ ჩაუდენია და მის პირში სიყალბე არ ყოფილა“ (ეს. 53:9).

სულის მომზადება აღდგომისათვის

დიდი შაბათი ჩვენც შინაგან განმარტოებისა და ფიქრისკენ მოგვიწოდებს. ეს ის დღეა, როცა ჩვენი სულები აღდგომის ნათლის მისაღებად უნდა მოვამზადოთ. იქნებ ჩვენც ისე ვცხოვრობთ, თითქოს ჩვენი ყოველდღიურობა ერთი დიდი საფლავია, სავსე იმედგაცრუებითა და მწუხარებით? ქრისტე მოგვიწოდებს, გამოვიდეთ ჩვენი პირადი „ჯოჯოხეთის“ სიბნელიდან და აღდგომის ნათელი მივიღოთ არა როგორც უბრალო ჩვეულება, არამედ როგორც ცოცხალი რეალობა.

თავად უფალმა წინასწარმეტყველურად მიუთითა თავის აღდგომაზე იონა წინასწარმეტყველის სახით: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქვეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (მათე 12:40).

იგი გვარწმუნებს, რომ სიცოცხლე საფლავთან არ მთავრდება, არამედ მარადიულობაში გრძელდება: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს უკუნისამდე“ (იოანე 11:25-26).

ამიტომ, დღეს დავდგეთ მდუმარებითა და იმედით. განვიცადოთ დიდი შაბათი არა როგორც დასასრული, არამედ როგორც ბრწყინვალე აღდგომის დასაწყისი. მოვამზადოთ ჩვენი გულები, რათა სიხარულით ვიგალობოთ „ქრისტე აღდგა“ — არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ მთელი ჩვენი არსებით. დაე, აღდგომის ნათელი მოეფინოს ყოველი ჩვენგანის გულს, რათა შევხვდეთ ამ დღეს ღმერთთან შერიგებულნი და ადამიანებთან მიტევებულნი!

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

წყარო: https://www.pemptousia.gr

Share