ბერ დანიელ დაყუდებულის აღმოჩენა და დამოწაფება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ბერ დანიელ დაყუდებულის აღმოჩენა და დამოწაფება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი პირველი: ცხოვრება · ბერ დანიელ დაყუდებულის აღმოჩენა და დამოწაფება

ჩვენს მოძღვარს მონაზვნური ცხოვრების პირველი დღეებიდანვე სურდა სულიერი წინამძღოლი ჰყოლოდა. ეძებდა სულიერ ადამიანს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება ექნებოდა იმისთვის, რომ მასწავლებელი და წინამძღვარი გამხდარიყო შინაგანი მოღვაწეობის ფაქიზ და საიდუმლო ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძიებაში მრავალჯერ გაუცრუვდა იმედი, როგორც თვითონ ამბობდა, არ შეუწყვეტია მცდელობა. იმასაც ამბობდნენ, რომ არსებობენ უხილავი ბერები, რომლებიც ყველასგან უჩინრად მოღვაწეობენ და მხოლოდ იშვიათად ეცხადებიან ზოგიერთ მღვდელს, რათა ეზიარონ. ეს ვარაუდი ჩვენი მამებისთვის დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა და განსაცდელი იყო, რადგან განუწყვეტლად ცდილობდნენ, მიეგნოთ ამ უცნობი ასკეტებისთვის. გულმოდგინედ იკვლევდნენ თითოეულ გამოქვაბულსა და კალივას – ყველა ადგილს, სადაც კი ვინმეს ოდესმე ეღვაწა.

იმხანად წმიდა პეტრეს კათიზმაში1, დიდი ლავრის ტერიტორიაზე, მოღვაწეობდა სახელგანთქმული მღვდელმონაზონი დანიელი. იგი ჭეშმარიტი დაყუდებული და ფაქტობრივად, მარტოდმცხოვრები იყო. თავისი სენაკიდან არ გამოდიოდა, ირჯებოდა ღამისთევასა და იესოს ლოცვაში, ყოველდღიურად აღასრულებდა ჟამისწირვას. ბუნებით ჩუმი ადამიანი იყო, ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავს განშორებული, ხოლო ცხოვრების წესი განსაკუთრებული ჰქონდა. ზოგადად, რთული იყო მასთან მოხვედრა, მნახველებს ლოცვისა და მდუმარების დროს არასდროს იღებდა, განსაკუთრებით, წირვაზე, რასაც, ჩვეულებრივ, შუაღამეს აღასრულებდა. მამა იოსები დარწმუნდა, რომ ბერი დანიელი წმიდა ადამიანი იყო, ხოლო მისი ცხოვრების წესი – დიდად სულიერი. ამიტომ სთხოვა, დროდადრო მის წირვაზე დასწრებისა და აღსარების ნებართვა მიეცა, რადგან წმიდა ბასილის სკიტი იქიდან შორს არ იყო. ბერი დაეთანხმა.

ამ დიდი მოძღვრის, ბერ დანიელის შესახებ ვინმეს უფრო მეტი უნდა დაეწერა, რადგან ჩვენ ცოტა რამ ვიცით მის შესახებ. აქ მხოლოდ იმისთვის მოვიხსენებთ, რომ მისი პატიოსანი სახელი დავიწყებას არ მიეცეს, რამეთუ ათონური ბერმონაზვნობის ერთ-ერთი თანამედროვე გმირია. იგი, როგორც ითქვა, მცირედმეტყველი ადამიანი იყო, თავმდაბალი. მუდამ ცდილობდა უჩინრად ეცხოვრა – ის, რაც ჭეშმარიტ მონაზვნებს ახასიათებთ. განუწყვეტლივ მარხულობდა, ზეთს არასდროს იხმევდა, მხოლოდ მოხარშულ ლობიოს, ან სხვა პარკოსნებს, ისიც დღეში ერთხელ, ბიზანტიური ცხრა საათის*(15:00) შემდეგ. ყოველ საღამოს ლოცვით მარტო მღვიძარებდა, ხოლო შუაღამეს ეკლესიაში შედიოდა, რათა კვეთა2 დაეწყო, რომლის დროსაც ღმრთისმსახურების რაღაც ნაწილს კითხულობდნენ3, ძირითადად, ფსალმუნნის კანონებს. შუაღამის შემდეგ წირვას იწყებდნენ, ძალიან ნელა და უდიდესი ლმობიერებით. იმდენ ცრემლს ღვრიდა წირვის დროს, რომ ხშირად იძულებული იყო ლოცვები და ასამაღლებლები გაეწყვიტა. ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ წირვა ოთხ საათამდე გასტანდა ხოლმე. ჩვენი მოძღვარი გვიამბობდა:

— ბევრჯერ ვთხოვეთ დაჟინებით, რაიმე სულიერი დარიგება მოეცა, მაგრამ უარზე იყო. მხოლოდ წმიდა სინკლიტიკიას*(III-IV სს) სიტყვას გვიმეორებდა პატერიკიდან: „როდესაც ლამპარი გიზგიზებს, სხვებს უნათებს, მაგრამ თვითონ ბაგეებს იწვავს“, რითაც დიდებისმოყვარეობას გულისხმობდა.

ერთმა ღმრთისმოშიშმა ნეასკიტელმა მონაზონმა გვიამბო, რომ ოდესღაც თავის მოძღვართან ერთად ბერი დანიელი მოენახულებინა, რომელიც ამ უკანასკნელის ძველი ნაცნობი და მეგობარი ყოფილა.

— ის-ისაა ჯარიდან მოვბრუნდი და ათონზე ჩამოვედი, ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი. როდესაც ბერთან მივედით, ჩემმა მოძღვარმა მეტანია გაუკეთა და ლოცვა-კურთხევა სთხოვა, შემდეგ კი მეც მანიშნა, იგივე გამეკეთებინა. მივუახლოვდი. ბერმა ხელზე მომიჭირა და სახელით მომმართა: „გაუმარჯოს სტერგი4! კარგი ქენი, რომ ღმრთისმშობლის ბაღში მოხვედი, თანაც მამა ნეოფიტესთან. დარჩი და მოთმინება იქონიე. მალე ნიკოც ჩამოვა და ერთად იქნებით“. ნიკო ჩემი უმცროსი ძმა იყო. რადგან დიდი ხნის დაობლებულები ვიყავით, დავშორდით ერთმანეთს და იმ დროისთვის არც მე ვიცოდი, სად ცხოვრობდა, არც იმან იცოდა, მე სად ვიყავი. მე თავდაპირველად უცხო მხარეში ვმუშაობდი, შემდეგ კი ჯარში გამიწვიეს, ხოლო ნიკო ათენში გადავიდა და სხვადასხვა პურის საცხობებში მუშაობდა.

» ბერი დანიელი ჩემს მოძღვარს მიუბრუნდა და ურჩია, დავეტოვებინე. შემდეგ თავის მორჩილ ანტონს დაუძახა და უთხრა, ჩვენთვის ჩაი მოემზადებინა, ჩემთვის კი ბევრი შაქარი ჩაეყარა. მოიტანეს ჩაი, რომელიც ერთი შეხედვით გაფუჭებული მომეჩვენა, თითქოს კვამლი გარეოდა. როდესაც მოვსვი, დავიჯღანე და ჭიქა დავდგი. ბერი შემეკითხა: „ჩაი კარგია, სტერგი?“ არა-მეთქი, მივუგე, მეგონა მეხუმრებოდა. „როგორც ჩანს ბუხრიდან კვამლი გაერია და საწამლავის გემო აქვს“, – დავძინე. მაშინ ბერმა დრო იხელთა და მონაზვნური ცხოვრების არსი განგვიმარტა, რომელსაც ის-ისაა უნდა შევდგომოდი. „არა, შვილო, კვამლი არ გარევია. ეს ტყის ველური რკოა, მწარე და მწკლარტე. ის გვახსენებს, რომ ჩვენს მონაზვნურ ცხოვრებაში ბრძოლისუნარიანობაა საჭირო, რაც თავიდან მწარე გვეჩვენება, მაგრამ ამგვარად დაგვატკბობს უფალი თავის სასუფეველში“. მისი ეს სიტყვები მეხსიერებაში აღმებეჭდა, თითქოს გუშინ ეთქვას.

» ჩემს ძმას რაც შეეხება, მართლაც, ორი წლის შემდეგ ისიც ათონზე ჩამოვიდა და მთელი ცხოვრება იმავე კალივაში ერთად გავატარეთ, ჩვენი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგაც.

ლაპარაკია ძმებზე, მონაზონ კირილესა და მღვდელმონაზონ ნეოფიტეზე, ბერ ნეოფიტეს მოწაფეებზე, რომელიც ხეზე კვეთის ოსტატი იყო და ნეა სკიტის ცხოველსმყოფელი წყაროს კალივაში ცხოვრობდა.

ბერ დანიელის სულში იმდენად მდიდრად სუფევდა საღმრთო მადლი, რომ ზუსტად და ზედმიწევნით ეუწყებოდა შორეული და უცნობი მოვლენები. ჩვენი მოძღვარი გვიყვებოდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ შეუცვლია ცხოვრების თავდაპირველი წესი და განრიგი. გარდაცვალების, დღეს ითხოვა, დახმარებოდნენ, რომ ეზოში გასულიყო, როდესაც ძლივძლივობით გავიდა, მობრუნდა, გაიხედ-გამოიხედა, მსუბუქად ამოიხვნეშა და თქვა: „ამაო ქვეყანა. ყველაფერი ამაოებაა“. შემდეგ ნელ-ნელა სენაკში შებრუნდა, წამოწვა და რამდენიმე საათში ზეცად მიიცვალა, რომელიც ასე შეიყვარა და რომლისთვისაც ამდენი იშრომა. ესაა, რაც ვიცით ბერ დანიელის შესახებ.

ჩვენი მოძღვარი გვიამბობდა:

— ერთხელ ზაფხულში, იმ პერიოდში, როდესაც უზრუნველად ცხოვრებას ვცდილობდით, ძალიან გავიტანჯე. სხეულს ისე ვაიძულებდი, რომ სრულიად გამომეფიტა. ვცდილობდი, უკან არ დამეხია, რამეთუ მწამდა, რომ „თმენა*(მოთმინება) დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად“5. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მერვე წლის ბოლოსთვის ხორციელი ბრძოლა გამიმძაფრდა. რაც კი თავდაცვის ხერხი და საშუალება მქონდა, ეფექტურობას კარგავდა, რამეთუ, ღმერთის განგებით, მადლი მშორდებოდა და ლოცვაც კი დიდად აღარ მანუგეშებდა. ასეთ წუთებში ძალიან დიდი ძალა აქვს ადამიანურ ნუგეშს, რომელიც ჭეშმარიტი ძმებისა და მამებისგან მომდინარეობს, რომელთაც აქვთ განსაცდელებისა და რთული მდგომარეობების გამოცდილება. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არ იყო ადვილი: იმის გამო, რომ მდუმარების ხათრით ვცდილობდით ზედმეტი ურთიერთობებისთვის თავი აგვერიდებინა, უმრავლესობამ ვერ გაგვიგო და შეცდომილებად გვთვლიდნენ, შესაბამისად კი, ზურგს გვაქცევდნენ. და არა მარტო ეს, არამედ ისინი, რომლებმაც ნაკლები იცოდნენ ჩვენი მცდელობის შესახებ, დაგვცინოდნენ და აბუჩად გვიგდებდნენ. მაშინ განხორციელდა ჩვენზე დავითის სიტყვები: „სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს“6. ერთადერთი ჩვენი ნუგეში იყო ბერი დანიელი წმიდა პეტრეს კათიზმაში, ამიტომაც მოვუხშირეთ მასთან სიარულს და ისიც გვანუგეშებდა, რამეთუ ხედავდა, რომ ჩვენი ცხონებისთვის გულწრფელად ვირჯებოდით.

» ერთხელ, ამ სასტიკი ბრძოლის პერიოდში, ზაფხულის ერთ საღამოს წმიდა ბასილის სკიტსა და „ცივ წყლებს“7 შორის ერთ-ერთ ადგილზე ყოფნისას დამძიმებული ვიყავი და საღმრთო მადლიც არ მანუგეშებდა. იმის გამო, რომ ამოსუნთქვისა და დასვენების სხვა საშუალება არ მქონდა, გარდა მოძღვართან ურთიერთობისა, ნელ-ნელა მისკენ გა- ვეშურე. ძალებიც არ მქონდა და ამიტომ ხშირად ვჩერდებოდი, რათა სული მომეთქვა და შემეჩივლა მისთვის, რომელიც „განიკითხავს გულთა და თირკმელთა“8. ვეუბნებოდი: „ყოვლადსახიერო მეუფეო, შენ ხომ აქ ხარ და ყველაფერს ხედავ. სხვა რას ეძიებ ჩემნაირი უსუსური და სუსტი ქმნილებისგან? რა განწყობა მაქვს იცი – სხვა რა შემიძლია გავაკეთო? შენი დახმარებით უკან არ ვიხევ და მწამს შენი გულმოწყალებისა, რომ არ დამტოვებ. მაგრამ, რატომ უშვებ ასეთ ძალადობას ჩემზე? გინდა, რომ შემართება დავკარგო? ნუ მიმატოვებ, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, მეძიებელთა შენთა სასოებაო“.

» განვაგრძე თუ არა სიარული, ჩიტის ჭიკჭიკი მომესმა და შინაგანადაც ცვლილება ვიგრძენი. ის უსაშველო სიმძიმე თითქოს განმშორდა და ჩვეულებრივი ნუგეშის ნიშნები მომეცა. მადლმა იმატა ჩემში, ძალები განმიახლდა და ჩემმა გონებამ შეძლო განეგრძო ღმერთის მადლობა და დიდებისმეტყველება ისე, როგორც ამას საღმრთო მადლი შთააგონებდა. ეს არაერთხელ მომხდარა და ჩვეულებრივი რამ არის მოღვაწეებისთვის, მაგრამ თუ მადლი იმატებს, მაშინ გონებაცა და საგრძნობლებიც წყვეტენ ფუნქციონირებას და რჩება მხოლოდ ღმერთის ხედვა, ჭვრეტა და სწორედ ის წარმართავს ადამიანის მდგომარეობას. უეცრად ხელახლა მომესმა ჭიკჭიკი, პირველზე გაცილებით უფრო ტკბილი და მომეჩვენა, რომ ჩიტი ჩემ წინ, თანაც ახლოს, იყო. ჩემი საგრძნობლები ჯერ კიდევ მოქმედებდა და ამიტომ ვიფიქრე, ცოტას თუ გავივლი, დავინახავ-მეთქი. მართლაც, გადავდგი ნაბიჯი და სულმოუთქმელად ველოდი, დამენახა ის ჩიტი. ისევ გაისმა ის საიდუმლო ხმა, მაშინ კი საგრძნობლები გამიჩერდა, გონება აღიტაცა და სხეულიდან გავედი სხვა, უკიდეგანო და განუზომელი ნათლის განზომილებაში. სანამ ეს მოხდებოდა, მგონია, მოვასწარი, გავჩერებულიყავი და რაღაცას დავყრდნობოდი. შემდეგ კი… როგორც პავლე ამბობს: „გინა თუ ჴორცითა, გინა თუ თჳნიერ გარეშე ჴორცთასა – არა ვიცი, ღმერთმან იცის“9. მეჩვენებოდა, რომ აღმართზე ავდიოდი, მაგრამ ამგვარი შეფასება პირობითია ვცდილობთ, ამქვეყნიურ საზომებით, ელემენტებითა და კატეგორიებით გამოვხატოთ იქაური ზებუნებრივი რეალობა, რაც, მეათასედითაც კი არ შეედრება აქაურობას.

როდესაც დაჟინებით ვთხოვეთ, უფრო დაწვრილებით აღეწერა ის სამყარო, ასე გვიპასუხა:

— თითქოს ერთ დიდ მთაზე ავდიოდი, რადგან რაღაც მაუწყებდა, რომ მწვერვალისთვის უნდა მიმეღწია. ჩემს მსვლელობას ის ტკბილი და მუსიკალური ჭიკჭიკი წარმართავდა – ჩემ წინ მესმოდა და მიმიწვევდა, გავყოლოდი. არ ვიღლებოდი, არც სხეულის სიმძიმეს ვგრძნობდი, ჩემი მოძრაობები დროის განზომილებაში არ ხდებოდა. ამგვარად, ვერც კი გავიგე, როგორ მივაღწიე მწვერვალს. იქ კი… განმაცვიფრა ღმერთის დიდებულებამ!

» თვალწინ უკიდეგანო ველი გადამეშალა, რომელსაც არც საზღვარი ჰქონდა, არც დასასრული, არამედ ზღვასავით იყო. იმდენად ბრწყინვალე იყო ნათელი, რომ გაკვირვებული დავრჩი. გაუცნობიერებლად სიარული დავიწყე, თითქოს აღმოსავლეთისკენ მივდიოდი. მაინტერესებდა, რა იყო ეს ყველაფერი და რა იქნებოდა იმ სივრცის ბოლოში, სადაც, იმედი მქონდა, რომ მივაღწევდი, რამეთუ ის ტკბილი ხმა იქიდან მოისმოდა. ისე ჩქარა მივდიოდი, რომ ვერც კი მივხვდი, როდის გადავლახე ის უკიდეგანო ველი, რომლის განაპირას დიდი ქალაქის გალავანი მოჩანდა.

» როდესაც მივუახლოვდი, უზარმაზარი კარიბჭის წინაშე აღმოვჩნდი, თანაც ისეთი ლამაზის, რომ გავჩერდი და მისი ყურებით ვტკბებოდი. ვფიქრობდი, რომელმა ადამიანმა ააშენა ასეთი რამ-მეთქი. იქ არაფერი ისმოდა, არამედ უსასრულო მდუმარება და საღმრთო სიწყნარე სუფევდა. მხოლოდ ის მელოდიური ჭიკჭიკის ხმა მოისმოდა სადღაც გალავნიდან. ცოტა ხნით დავტკბი იმ ზებუნებრივი ფენომენების სილამაზითა და წესრიგით, მაგრამ გული შიგნით მიმიწევდა – მინდოდა გამეგო, იქ რა ხდებოდა და რა ზეციერი ჩიტი იყო ის, რომელიც ასე სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდა. რადგან არავინ იყო, რომ ნებართვა ამეღო და მეკითხა რამე, პირჯვარი გადავიწერე და კარი შევაღე.

» შევაბიჯე თუ არა და თვალი შევავლე იქაურ დიდებულებასა და დიდებას, გავჩერდი… „ვითარ საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენნი შენნი და არა არს სიტყვა, კმა ქებად საკვირველებათა შენთა!" უძრავად ვიდექი, ვფიქრობდი, მხოლოდ იქაური საღმრთო დიდებით ვიყავი მოხიბლული. აზრი აღმებეჭდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო უფლის ქალაქი. იატაკს რომ დავხედე, დამატყვევა მისმა დიდებულმა წყობამ და სიფაქიზემ – ადამიანის გონებას ამის გააზრებაც კი არ შეუძლია. თანაც ის დიდება იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ერთ რამეს თვალს ვერ მოსწყვეტდი მანამ, სანამ სხვა რამ მოძრაობა არ მიიპყრობდა შენს ყურადღებას. ამ საღმრთო ქალაქის გალავანი საიდუმლო აგებულებისა იყო, უკიდეგანო და მიუწვდომელი სიმაღლის. რაც უფრო მაღლა ასწევდი მზერას, რათა ბოლო დაგენახა, მით უფრო მაღლა იწეოდა.

» მაგრამ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ ზენიტს მაშინ მიაღწია, როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ულამაზესი ჩიტი დავინახე, რომელიც ანგელოზებრივი ხმით ჭიკჭიკებდა: საიდუმლო ადგილის ცენტრში – არ ვიცი ტაძარი იყო თუ ქალაქი, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, რომელმაც ის ააგო – ეკიდა ან ჰაერზე იდგა (ესეც არ ვიცი, ღმერთმა იცის) უზარმაზარი ქოროსი10, ისეთი, ათონური მონასტრების მთავარ ტაძრებში რომ ჰკიდია. თანაც არ იყო ლითონისგან ან სხვა უსულო მასალისგან დამზადებული, არამედ შედგებოდა უამრავი მგალობელი ჩიტისგან, რომლებიც გამოუთქმელად ლამაზები იყვნენ, ნაირნაირი ფერებისა და სახეობის. მათი ჭიკჭიკი გალობის ხმას წააგავდა, ჩემთვის მიუწვდომელ საგალობელს, მაგრამ ისეთ მელოდიურს, რომ მთელი ჩემი არსება საღმრთო მადლით აღავსო. ამ ჩიტების ზუსტად ცენტრში დიდებულად იდგა ის ჩიტი, რომლის ხმაც გავიგონე დასაწყისში. იგი თავისი სტაბილური ხმით, თითქოს ისოკრატი11 ყოფილიყო, წარმართავდა იმ არაჩვეულებრივ მელოდიას.

» რამდენი ხანი დავყავი იქ, მხოლოდ ღმერთმა უწყის – მან, რომელმაც იცის, ვინ და როგორ ანუგეშოს. ღმერთის ამ დიდებულების განცდაში ვიყავი, როდესაც კარიბჭის მიღმიდან ფეხის ხმა მომესმა, თითქოს ვიღაც დადიოდა იქ. მინდოდა, ვინმე მეპოვა და მეკითხა, თუ რა იყო იქაურობა და ამიტომ გარეთ გავედი, მაგრამ ვერავის მოვუსწარი. მომეჩვენა, რომ ჩრდილოეთისკენ დავიწყე დაბლა სვლა, ისევე, როგორც მოვედი, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილი იყო.

» იქ სხვა საკვირველი რამ ვიხილე: თითქოს ზეთისხილის ბაღები იყო გაშენებული და საცხოვრებელი ადგილები, მაგრამ ყველაფერი ზებუნებრივი. როდესაც დაღმართის ბოლოს მივაღწიე, იმ საოცარი მთის ძირში უკიდეგანო მწვანე მინდორი ვიხილე, რომელიც ბავშვებით იყო სავსე, ზოგი დიდი იყო და ზოგი პატარა, რომლებიც დიდი სიხარულით თამაშობდნენ. მას მერე, რაც დავტკბი მათი სიხარულითა და წესრიგით, თითქოს მოვუხვიე, რადგან გზა იმ ადგილის შესასვლელისკენ მიმიძღვოდა, სადაც ძალიან მაღალი და ფოთლებით სავსე ხეები იდგა.

» როდესაც შესასვლელს მივუახლოვდი, რაც აგრეთვე საღმრთო შედევრს წარმოადგენდა, დავინახე სავარძელში მჯდომარე მშვიდი სახის მოხუცი, გასაოცრად დიდებული, თავაზიანი და სიყვარულით სავსე. დიდი მოწიწებით მივუახლოვდი და მეტანია გავუკეთე. მანაც ძალიან თბილად გამომიწოდა ხელი და მამობრივად გამიღიმა. ამასთან ერთად, მგონია, ხელში თეთრი პურის სამი პატარა ნაჭერი ჩამიდო, ისეთი, სეფისკვერს რომ ჭრიან წირვის ბოლოს. მუჭა შევკარი, რომ არ დამვარდნოდა, მოვბრუნდი, რომ წამოვსულიყავი და ამ დროს გონს მოვეგე.

» თურმე ისევ იქ ვიდექი, ქვაზე დაყრდნობილი, სადაც ბილიკზე პირველად ის გასაოცარი ჭიკჭიკი მომესმა, როდესაც მოძღვართან მივდიოდი. სულიერი სიხარულით სავსე და ღმერთის სახიერების დიდებულებით გაოგნებული, უკან გავბრუნდი. მამა არსენთან მივდიოდი და ჩემთვის ვამბობდი: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“12, რამეთუ, მართლაც, „თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჭდა, რომელი*(ის, რაც) განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა“13. როდესაც გონს მოვეგე, მუჭა შეკრული მქონდა და მაშინ გამახსენდა, რატომ. გავხსენი ხელი, მაგრამ არაფერი მეჭირა. როგორც ჩანს, საჩუქარი სულიერი იყო, რამეთუ ვგრძნობდი უზომო სიხარულს, ხოლო მომდევნო დღე-ღამე არანაირ სხეულებრივ მოთხოვნილებას არ შევუწუხებივარ, არამედ განუწყვეტლივ ვტიროდი სიხარულისა და უფლისადმი მადლიერების ცრემლებით, მისი გამოუთქმელი მოწყალების გამო მდაბალი ადამიანის მიმართ.

შენიშვნები

  1. კათიზმა (ბერძ. katroua) — პატარა მონაზვნური საცხოვრებელი, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს და მონასტრის ხარჯით არსებობს. ↩
  2. კვეთა (ბერძ. apoleon) – წირვის მოსამზადებელი ნაწილი (დღეს შეცდომით პროსკომიდიას უწოდებენ). ↩
  3. ბერ დანიელს ერთი მორჩილი ჰყავდა ↩
  4. სტერგი – კაცის სახელი. ↩
  5. ფსალმ. 9,19. ↩
  6. ფსალმ. 68,27: „ჩემი იარის ტკივილზე ტკივილი დამიმატეს“. ↩
  7. „ცივი წყლები“ (ბერძ. Kpúa Nepá) – ადგილმდებარეობა ათანასეს ლავრის ტერიტორიაზე. ↩
  8. , იხ. ფსალმ. 7,10. ↩
  9. კორ. 12,2: „სხეულში [ვიყავი] თუ სხეულის გარეთ – არ ვიცი, [მხოლოდ] ღმერთმა იცის“. ↩
  10. ქოროსი (ბერძ. xopos) – ქორ(ა)კანდელი, წრიული ჭაღი, რომელსაც სასანთლეები აქვს და მცირე ზომის ხატებითაა გამშვენებული. მასზე დამაგრებულ სანთლებს მხოლოდ ღამისთევებზე და დიდ დღესასწაულებზე ანთებენ ღმრთისმსახურების ყველაზე საზეიმო მომენტებში (იხ. სურ. 42-43). ↩
  11. ისოკრატი (ბერძ. iookpárns) – თანამედროვე ბიზანტიურ გალობა- ში დამხმარე მგალობელი, რომელსაც საწყისი, ბანისმაგვარი ბგერა „უჭირავს“. ↩
  12. რომ. 8,18: „აწინდელი ვნებანი (გასაჭირი, მწუხარება) არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოგვეცხადება (გამოვლინდება ჩვენ მიმართ)“. ↩
  13. კორ. 2,9. ↩
Share