განსაცდელების ბუნება და სახეობები – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

განსაცდელების ბუნება და სახეობები – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი პირველი: ცხოვრება · განსაცდელების ბუნება და სახეობები

„განსაცდელი“ იმიტომ დაერქვათ, რომ გამოცდილებას შობენ მასში, ვინც განიცდება. განსაცდელში მოიაზრება ჩვენი ცხოვრების ყველა სამწუხარო მოვლენა, დაწყებული უმცირესი ფიზიკური ტკივილით, დამთავრებული უდიდესით – სიკვდილით. სხვაგვარად „ჯვარიც“ ეწოდება. ისევე, როგორც ჯვარი ტანჯვისა და სიკვდილის საშუალება იყო, ასევე ნებისმიერი ჭირი ადამიანს სტანჯავს და ანადგურებს. მწუხარება არ არსებობდა მაშინ, როდესაც შეიქმნა ადამი, არამედ არის დაცემის შედეგად აღმოცენებული პარაზიტი და სიმპტომი. მწუხარება ღმერთის მცნების დარღვევისა და ცოდვის ნაშობია, ამიტომაცაა, რომ ადამიანისთვის ის მიუღებელი და საძულველია, როგორც ხრწნისა და სიკვდილის მიზეზი და ელემენტი. ამგვარად გადაიქცა ჩვენი ცხოვრება დაუსრულებელ მწუხარებად და სიმწარედ, ტკივილად და შრომად, უბედურებად და შფოთად – ერთ დიდ კვნესად.

მაგრამ კურთხეულია ჩვენი დიდი ღმერთი და მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენი ბუნების ეს საშინელი მაჭირვებელი მარგებლად და ქველისმოქმედად აქცია. როდესაც სიკვდილი განქარდა და სიცოცხლით შეიცვალა, სიკვდილის იარაღები და ინსტრუმენტები უკვე უნებურად ჩვენს ცხონებას ემსახურება. უფლის ცხოვრება და სწავლება, მისი ჯვარზე წამება, ყველა განსაცდელი და სამწუხარო მოვლენა ცხონებისკენ მიგვიძღვის. ქრისტეს ტანჯვისა და აღდგომის შემდეგ მართალთა ყველა დასი, უამრავი მოწამე, ცხონებულთა მწყობრი და ყველა, ვისაც ცხონება სურს, მადლიერებით არიან განწყობილნი განსაცდელების მიმართ, როგორც ცხონებისკენ წინამძღოლი ყველაზე ეფექტური საშუალებისადმი. მართალი უთქვამთ წმიდა მამებს: განსაცდელის გარეშე არავინ ცხონდებაო. ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემაც ეს მემკვიდრეობა შემდეგი სიტყვებით გადმოგვილოცა: „თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა“.1

როგორც ვთქვით, განსაცდელის ბუნება ისეთია, რომ, ჩვეულებრივ, მრავალმხრივ ტკივილს გამოიწვევს ადამიანში მაგრამ, ამასთანავე, მისი მრავალი სახესხვაობა არსებობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სარგებელი უნდა მოიტანოს ვითარებისდა მიხედვით ისე, როგორც ამას ღმერთი დაუშვებს. აქ არ აღვწერთ თითოეულ მათგანს – რატომ, სად, რამდენი, როდის და საიდან წარმოიშობა, რამეთუ „აღვრაცხნე იგინი და უფროს ქვშისა განმრავლდენ“2, თანაც, წმიდა მამებმა თავიანთ ნაშრომებში დაწვრილებით და უცდომელად განგვიმარტეს ყველა ეს საკითხი. ჩვენ მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა, სწორი რეაგირება მოვახდინოთ განსაცდელზე, ანუ სწორედ მაშინ გამოვამჟღავნოთ ჩვენი რწმენა. განსაცდელის დროს ადამიანი არჩევანის წინაშე დგება: ან ღმერთის მცნების ერთგული დარჩეს, ანუ აღმსარებლობა გასწიოს, ან უკან დაიხიოს და უარყოს უფლის მცნება – ის, რისკენაც გვიბიძგებს ბოროტი. მცნების დარღვევას დაცემა მოსდევს, მის დაცვასა და აღმსარებლობას – აღდგომა. სიამოვნების სიყვარული ცოდვისა და დარღვევისკენ გვიბიძგებს, კეთილშობილური შრომისმოყვარეობა – აღმსარებლობისა და სათნოებისკენ. დიდება ღმერთს, რომელმაც თავისი ჯვარის მეშვეობით გამარჯვების გზა გაგვიხსნა. მაგრამ ახლა ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ.

ახალგაზრდა მამა იოსებს ბრძოლა და განსაცდელი სისტემატურად დაეწყო მას მერე, რაც მოწინავე ხაზზე გაწვევის გამოცხადება ჰქონდა ბერ ეფრემის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ბასილის სკიტში. როდესაც უფრო მკაცრი და მდუმარებისთვის ხელსაყრელი განრიგის განხორციელება დაიწყეს, თავი წამოყო ხორციელმა ბრძოლამ. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ თავდაპირველი შერკინება მონაზონს სწორედ მასთან უწევს.

გამრავლების ინსტინქტი, როგორც ჩვენში დანერგილი ბუნებრივი მისწრაფება, მუდამ ახსენებს თავს ადამიანს განსაკუთრებით, სრულ ასაკში და მაშინ, როდესაც გამომწვევი მიზეზი თვალწინაა. თუ ადამიანის აღნაგობა, გენეტიკა უფრო მხურვალეა, შესაბამისად, ეს მოთხოვნილებაც იზრდება. აგრეთვე, ხშირად ამინდი და საჭმელიც ხელს უწყობს მის გამძაფრებას. როდესაც ვნების აღმძვრელი მიზეზიცა და მოქმედებებიც ბუნებრივ კანონს მიჰყვება, მაშინ ადამიანს გონებისა და ნებისყოფის მეშვეობით შედარებით იოლად შეუძლია იგი ზნეობის კანონებს დაუმორჩილოს. მაგრამ თუ ფიზიკურ სწრაფვას ბოროტი დემონების ტირანული და უაზრო მოქმედება ემატება, მაშინ საკითხი სულ სხვა განზომილებებში გადადის, ხოლო ბრძოლა სასტიკი დ უთანასწორო ხდება.

ჩვენი მოძღვარი, როგორც აღვნიშნეთ, მკაცრი ზნეობრივი კანონებით აღიზარდა. ამ საკითხში უმცირესი უკან დახევაც კი არ გაუწევია ცხოვრებაში, ხორციელ ვნებას მინიმალურადაც კი არ დაუმდაბლებია იგი ოდესმე. ერთი სიტყვით, სხეულებრივი ვნება არც კი იცოდა, რა იყო. „ქალწული"3 იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თვითონაც ასე გვეუბნებოდა და მისმა ახლო ნათესავებმაც დაგვიდასტურეს4.

მისი გონება სრულიად სუფთა იყო, რამეთუ წარსულში არც რამე ჩაუდენია, არც რამე უნახავს ან გაუგონია ისეთი, რაც მოგონებების ძალით აღძრავდა; ცხოვრობდა ათონზე. სადაც არანაირი გამომწვევი მიზეზი ან ადამიანი არ არსებობს; მისი მარხვისა და ცხოვრების წესი იყო წარმოუდგენლად მკაცრი; შიმშილისა და წყურვილის ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც კი მინიმალურად იკმაყოფილებდა, რის გამოც სხეული სრულიად გამომშრალი და გამომხმარი ჰქონდა. ამ ყველაფრის ფონზე, ის ფაქტი, რომ ხორციელი გულისთქმის ასეთი მძაფრი მოთხოვნილება ჩნდება, გონებით ვერ აიხსნება და მხოლოდ წმიდა მამების ცხოვრებებში ვხდებით მსგავს რამეს. ხორციელი ბრძოლა! სიძვის ბრძოლა! ეს განსაცდელი, ჩვეულებრივ, დასაწყის ეტაპზე აწუხებთ მოღვაწეებს, ძირითადად, ახალგაზრდობაში. თავიდანვე ბერი იოსები მხნედ აღუდგა წინ ამ ბრძოლას: მხურვალე მოშურნეობით, მოწამეობრივი თავგანწირვით, საღმრთო შეწევნის გამოცდილებით, განწმედილ გარემოში, რითაც უწმიდესი ათონი თავის შვილებს ეხმარება.

როდესაც ბრძოლა მძაფრდებოდა, ჩვენი მოძღვარიც შესაბამისი იარაღით აღიჭურვებოდა ხოლმე და სხვადასხვა პრაქტიკულ მეთოდებს მიმართავდა: მრავალსაათიან მღვიძარებასა და ძილის მოკლებას, მეტ მწყურვალებას, დიდხნიან ფეხზე დგომას, განსაკუთრებით კი, „მაკურნებელ ჯოხს“ – თავად ასე უწოდებდა ჯოხით ცემას. იმის გამო, რომ ამ ვნების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებაა. გამრავლების თემა ხომ დაუოჯახებელი ადამიანებისა და მონაზვნებისთვის აქტუალური არ არის. სამართლიანად ისჯება ანალოგიური ტკივილით, თანახმად ფილოსოფოსთა გამონათქვამისა: „სოლი სოლით ამოიგდება"5 .

მოწინავე ხაზზე ბრძოლის არჩევა, ეშმაკების დაუოკებელი სიძულვილი და უფლის მიერ გამზადებული გასამრჯელო – ამ სამ რამეზე იყო დამოკიდებული ბრძოლის სიმძაფრე და ხანგრძლივობა. ბერი გვიამბობდა:

— სრულად ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა და ამიტომაც მეც უკანდაუხევლად ვიღვწოდი. როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებოდი, საღმრთო მადლიც იმატებდა ხოლმე და ბრძოლის გაგრძელების ძალა შემწევდა. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბრძოლაც უფრო დაუნდობელი, ფაქტობრივად კი, განუწყვეტელი ხდებოდა.

ამ პერიოდში საწოლზე უარი თქვა და ხის სკამი დაამზადა, რათა ხელებით დაყრდნობოდა. ამ სკამზე იჯდა და ამ სკამზე ეძინა მთელი რვა წელი – იმდენი ხანი, რამდენიც გასტანა ამ ბრძოლამ. ამ დროის განმავლობაში არასდროს წამოწოლილა.

— რადგან ბრძოლა არ ნელდებოდა, არც მე ვუთმობდი და ვეწინააღმდეგებოდი მრავალგვარი ჭირთათმენით, განსაკუთრებით კი, უძილობითა და ჯოხით. ვტიროდი, ვკვნესდი, ვთხოვდი დედა ღმრთისმშობელს, რომელმაც მრავალჯერ მანუგეშა, მაგრამ გამოსავალი არსაიდან ჩანდა. ცოტათი თითქოს ცხრებოდა ბრძოლა, მაგრამ მალევე იმავე სიმძაფრით განახლდებოდა ხოლმე. ნელ-ნელა სხეული მომიუძლურდა და ამგვარად, მხნეობაც შემერყა, რამეთუ ფიზიკური ასკეზა იმხანად ჩემი ძირითადი იარაღი იყო. მხოლოდ ლოცვის დროს ვისვენებდი, მხოლოდ ლოცვა მანუგეშებდა.

შენიშვნები

  1. ლუკ. 22,28. ↩
  2. ფსალმ. 138,18. ↩
  3. სიტყვა „ქალწული" მამაკაცს არ მიესადაგება, მაგრამ სასულიერო ლიტერატურაში ბერძნული სიტყვა tapliveç ასე ითარგმნება. ↩
  4. თუმცა ახალგაზრდობაში დაწინდული იყო გოგონაზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა, მისთვის არც კი უკოცნია. ↩
  5. ეს გამონათქვამი, რომელიც ჩვენში რუსულიდან დამკვიდრდა, ფილოსოფოს ლუკიანე სამოსატელს ეკუთვნის (125-180 წწ). ↩
Share