ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, გარეგნულ მოღვაწეობას ეხებოდა. ამ ყველაფრის მიზანი კი იყო საღმრთო მადლის ძიება და მოპოვება, რასაც შესაბამისი შრომა და ბრძოლა სჭირდება. ჩვენი მოძღვარი დაიბადა და გაიზარდა ძალიან უბრალო და ტრადიციულ გარემოში, ანუ სრული სხეულებრივი უბიწოებით. ოჯახში იგი ქრისტიანულად აღიზარდა სანამ მონაზონი გახდებოდა, არანაირი ხორციელი გულისთქმის მიერ არ დამარცხებულა, ოდნავაც კი არ დაუთმია. როდესაც წმიდათა ცხოვრებებში კითხულობდა, რომ მავანს ხორციელი ბრძოლა ან განსაცდელი ჰქონდა, უკვირდა, როგორ შეიძლებოდა კაცი ამას შეეწუხებინა მაშინ, როდესაც არც თვალწინ ჰყავდა გამომწვევი მიზეზი, არც წარსულის მოგონება არსებობდა.
როდესაც საღმრთო მადლი ვინმეს განსაკუთრებით მოიხილავს, რათა მომავალში სხვების განსამტკიცებლადაც გამოიყენოს, მას განსაკუთრებული გამოცდილებით აღჭურავს; ხშირად არაჩვეულებრივი გზით მოუწოდებს. აშკარად უჩვენებს, რომ მასთან ერთადაა და ეხმარება; გამოუცხადებს უხილავ მტერზე გამარჯვების მეთოდებს; ხასიათის და პოტენციალის შესაბამისად, ანახებს მომავალ ჯილდოს, როდესაც ასეთნი სასტიკი ბრძოლის ასპარეზზე იღლებიან საღმრთო გამოცხადებებით ანუგეშებს. ეს, რასაც ახლა აღვწერთ, საყვარელო მკითხველო, ძალიან შორსაა ჩვენი სულიერი მდგომარეობიდან, მაგრამ იცოდეთ, რომ საკუთარ გამოცდილებას კი არ ვწერთ, არამედ იმას, რაც ჩვენმა ბერებმა გაგვიზიარეს. ისინი კი სარწმუნო მოწამეები და მუშაკები არიან იმისა, რაც საღმრთო მადლმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ასწავლა.
ღმერთის წყალობის ძიება და საღმრთო მადლის ჩარევა მიღწევადი და აუცილებელია ჩვენი ქრისტესმიერი სრულყოფილებისთვის. ამიტომაცაა, რომ უფალი სხვადასხვა იგავის სახით და პირდაპირაც მოგვიწოდებს, ვითხოვოთ, ვეძიოთ, ვაკაკუნოთ. როდის მოვა ეს მადლისმიერი შეწევნა და დახმარება, საიდან და რამდენი იქნება და რამდენ ხანს გასტანს – ეს არაა ადამიანზე დამოკიდებული, არც მისი გეგმის მიხედვით ხდება. ადამიანის საქმეა დაჟინებით მოუხმოს უფალს. ასეთ დაჟინებულ და მტკივნეულ მოხმობაში გაატარა ჩვენმა კურთხეულმა მოძღვარმა მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრება, განსაკუთრებით კი, ათონზე მოღვაწეობის პირველი ოციოდე წელი.
როდესაც საღმრთო მადლი, თავისი უცვლელი თვისებებით, ადამიანში მოქმედებას იწყებს, არასდროს ტოვებს მოღვაწეს ერთ მდგომარეობაში, არამედ მუდმივად უმატებს ნიჭებს, რამეთუ მთავარი მიზანი არის წინსვლა მანამ, სანამ იგი არ გახდება სრულყოფილი კაცი და მიაღწევს – ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას1. მაგრამ, რაც უფრო მეტად საგრძნობია საღმრთო მადლის მოქმედება ადამიანში, განსაცდელებიც შესაბამისად იმატებს. ამ სასტიკ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი მტერი და მისი შესაძლებლობები აღემატება ჩვენს ბუნებას, შიშით ვაღიარებ, რომ კაცს მართლაც რკინის ნებისყოფა და ნამდვილი მოღვაწის ვაჟკაცობა სჭირდება. ამ ორთაბრძოლაში თითოეული მხარე ცდილობს გადაძალოს მოღვაწის ნებისყოფა. მაშასადამე “ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე, და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი?”2.
საღმრთო მადლის ფაქიზი ჩარევა და მოქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. კაცი მადლის მოქმდებას გრძნობს იმდენად, რამდენადაც თავად მადლი უჩვენებს მას. ბოროტის თანყოფნა და მოქმედება ასეთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდამ იმალება, იტყუება, თავს კეთილად მოაჩვენებს, აცდენს და ატყუებს იმათ ვისაც საკმაო გამოცდილება არ აქვთ. ბოროტი სულის თანყოფნა ადამიანის სულში შიშსა და შფოთს გამოიწვევს, მისი დანახვა კი საზარელი და აუტანელია, ამიტომაც იშვიათად უშვებს ამას ღმერთი. ბოროტი სულის მოქმედება ხშირად ჭეშმარიტებას ჰგავს, რამეთუ იგი საგრძნობლებსა და გონებას ეფარება და თავს წარმოაჩენს როგორც საღმრთო მადლის მოქმედება. ამიტომაც ამბობს პავლე: „ეშმაკი იცვალისვე3 ანგელოზად ნათლისა“4. ამ უფაქიზეს და იმავდროულად უსასტიკეს პოზიციაზე, მადლსა და საცდურს შორის, დგას მონაზონი უდრეკი და მტკიცე ნებისყოფით უკანას დაივიწყებს და წინას მისწვდება, ხოლო ყველაზე ეფექტურ და ძლიერ იარაღად ცრემლები და სულიერ გლოვა აქვს – ერთადერთი, რისგანაც ძრწის უხილავი მტერი, სატანა.
ჩვენი ცხონებული მოძღვარი გვიყვებოდა, რომ, როდესაც წმიდა ბასილის სკიტში ცხოვრობდნენ, გულმოდგინედ იღვწოდა მდუმარებასა და იესოს ლოცვაში. რაღაც მომენტში, როდესაც ლოცვის სიტკბოებით განსცხრებოდა, ისევ იმატა ნათელმა, გონებისმიერი ჭვრეტა გულის სიღრმეში შეწყდა და უკიდეგანო ზებუნებრივ ნათელზე გადაინაცვლა. უეცრად მის წინაშე მონაზონთა დიდი რაზმი გამოჩნდა, რომლებიც თითქოს საომრად ემზადებოდნენ, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, მცირე მანძილზე – ასევე საბრძოლად შემართული მრავალი მძვინვარე შავი არსება, რომელთაც სახეცა და განწყობაც საზარელი ჰქონდათ. ბერი გვიამბობდა:
— მაშინ ერთი მაღალი და დიდებული მთავარსარდალი მომიახლოვდა და მითხრა: „გსურს პირველ ხაზზე გახვიდე და იბრძოლო?“ მეც ეს არ მინდოდა?! გამიხარდა და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა, იქ ჩავერიცხე, რამეთუ სულში უდიდეს სიძულვილსა და რისხვას ვგრძნობდი მტრების მიმართ, რომლებიც, როგორც მივხვდი, დემონები იყვნენ. მართლაც, მხედართმთავარმა გამომიყვანა სხვა მამების მწყობრიდან. სადაც მანამდე ვიდექი, და, ჩავუარეთ რა სამი-ოთხი ბატალიონის ხაზს, წინა ხაზზე დამაყენა, სადაც ჩემ გარდა მხოლოდ ერთი თუ ორი კაცი იყო. წინამძღოლმა გამიღიმა და მითხრა: „ვინც ამ ქაჯებს მხნედ შეებრძოლება, არა თუ არ ვაბრკოლებ, არამედ ვეხმარები კიდეც“. როდესაც ამ ხილვიდან გამოვედი, მალევე მივხვდი, რასაც ნიშნავდა და ჩემს თავს ვუთხარი: „მდაბალო იოსებ, მოემზადე, რომ დანაპირები აღასრულო". მართლაც, დიდი დრო არ გასულა, რომ განსაცდელებმა იმატა.
შენიშვნები