სხვადასხვა განსაცდელი და ღმრთისმშობლის ხილული დახმარება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

სხვადასხვა განსაცდელი და ღმრთისმშობლის ხილული დახმარება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი პირველი: ცხოვრება · სხვადასხვა განსაცდელი და ღმრთისმშობლის ხილული დახმარება

პავლე მოციქული წერს, რომ მძაფრ განსაცდელებსა და მწუხარებას იგი მიჰყავდა „წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა“, თანაც ხაზს უსვამს: „გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა“1. წმიდა მამათა ცხოვრებებსა და ნაშრომებშიც უხვადაა მსგავსი ადგილები, სადაც იმ განსაცდელების სიმრავლე და სირთულეა აღწერილი, რომლებსაც ცხონების მსურველნი აწყდებიან გზად. წმიდა წერილში უამრავი ადგილი მიგვითითებს იმაზე, რომ ცხონების უმთავრესი წინაპირობა სწორედ მრავალი ჭირის მოთმენაა, მაგრამ ჭირთათმენის საიდუმლოსა და აზრს ყველაზე უკეთ მაინც წმიდათა შორის უდიდესი, ეკლესიის ბუმბერაზი, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმბაძველი პავლე მოციქული განგვიმარტავს. თუკი პავლე, რომელიც გვირჩევს მუდამ მას მივბაძოთ2 და რომელმაც „ყოველივე ბრძანებული ჩუენდა“ აღასრულა3, ამბობს, რომ ცხონებისა და სრულყოფილებისთვის აუცილებელმა განსაცდელებმა შესაძლოა სასოწარკვეთილების პირამდეც კი მიგვიყვანოს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ცეცხლი გაიარეს იმ ძველმა თუ გვიანდელმა მამებმა, რომლებმაც იმავე გზით იარეს4. 

თუ ოდესმე სულმოკლეობას ვიჩენდით გაწეული ფიზიკური შრომისა თუ რამე სხვა უმნიშვნელო მიზეზის გამო, რაც მაშინ მძიმედ და აუტანლად გვეჩვენებოდა, ჩვენი მოძღვარი თავს გააქნევდა ხოლმე და მარიამ ეგვიპტელის სიტყვას იმეორებდა: „ღმერთმა, მამაო, გვიხსნას ბოროტისაგან და მისი მახეებისგან“5. ეს კი იმის საბაბს გვაძლევდა, გვეთხოვა, თავისი ცხოვრებიდან ან გამოცდილებიდან მოეყოლა რამე.

— ადამიანის ცხოვრება სამი რამისგან შედგება: სულის, სხეულისა და გარემოსგან, სხვა სიტყვებით კი – შიდა, გარე და გარშემოსგან. სამივეგან ჩასაფრებულია ეშმაკი, სრული მზადყოფნითა და სრული აღჭურვილობით. რა [სიკეთე]ც არ უნდა მოიფიქროს ან გადაწყვიტოს კაცმა, სატანაც ცდილობს გასაქანი არ მისცეს და მისი რწმენა გამოსცადოს. დემონს არ ერიდება არც ადგილის, არც სხეულის ნაწილის, არც რამე მდგომარეობის, არამედ ვითარებისდა მიხედვით, ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას. მისი უმთავრესი მიზანია ადამიანს რწმენა შეურყიოს და ამგვარად, გამყიდველად და უარმყოფელად წარმოაჩინოს. თუ ამას მიაღწია, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი ჭრილობა მიაყენა, რამეთუ ასე შემართებასა და მოშურნეობას უკვეთს კაცს, ანუ თავს აჭრის, და შესაბამისად, მთელ სხეულს ეუფლება. ყველაფერი რწმენის გულისთვის ხდება, მეორე მხრივ კი, რწმენაა ის, რასაც ყველაფერი უჭირავს. თუ რწმენა შეირყევა, მთელი მოწინავე ფრონტი ირყევა.

როდესაც ვთხოვეთ, აეხსნა ჩვენთვის, რატომ ამახვილებდა ყურადღებას რწმენაზე და რატომაა ყველაფერი მასზე დამოკიდებული, გვიპასუხა:

— სანამ ჩემსას გეტყოდეთ, წმიდა წერილის სიტყვას შეგახსენებთ: „აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ“6. კი მაგრამ, სხვა არაფერი გაუკეთებია აბრაამს, რომ სიმართლედ შერაცხოდა? ცხოვრებაში იმდენი განსაცდელი გადაიტანა, როგორც ამას შესაქმის წიგნი მოგვითხრობს, რომ წარმოუდგენელი ეჩვენება კაცს, და ნუთუ სხვა არაფრით სათნო-ეყო ღმერთს ისე, როგორც რწმენით? ირწმუნაო, – ხაზს უსვამს პავლე, როგორც გახსოვთ. რა თქმა უნდა, ყველა განსაცდელი მის რწმენას სდევდა თან. მან კი, იმისთვის, რომ რწმენა აბსოლუტურად შეენარჩუნებინა, ყველაფერი უარყო და გაწირა. სწორედ რწმენა იყო მისი მოქმედებების საფუძველი. ჩვენ ქრისტე გვწამს: არა მარტო მისი ღმრთაებრივი დიდებულება ან ჩვენი სარწმუნოების დოგმატები, არამედ მისი საღმრთო მცნებებიც. მაგრამ მცნებებს თავისთავად ფასი არ აქვს, თუ არ აღესრულება იმის გულისთვის, ვინც ისინი გვიბრძანა. ნუთუ წარსულშიც და აწმყოშიც არ ვხვდებით ერში აღსრულებულ სათნოებებსა და კეთილ საქმეებს? ვის რა არგო ამან, თუ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სახელით არ აღესრულა? მაშასადამე, ფასი და გასამრჯელო აქვს მცნებების არა აბსტრაქტულ დაცვას, არამედ ღმერთისადმი რწმენას, რომლის გულისთვისაც ადამიანი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და აღასრულებს მას. თუ ღმერთს ჩვენი სიკეთეები არ სჭირდება7, ხოლო ცხონება არა აღებ-მიცემობის ან დამსახურების შედეგია, არამედ ძღვენი, საჩუქარი, მადლია8, მაშინ ადამიანის მოქმედებაში რას აქვს ფასი, თუ არა რწმენას? შესაბამისად, სამართლიანად ითქვა, რომ რწმენით განმართლდნენ წმიდანები9 და არა საქმეებით, რომლებსაც სწორედ რწმენა სრულყოფს. თავდაპირველად, ვიწამებთ რა, სულიერ გზას შევუდგებით ქრისტეს ნებისადმი მორჩილებით, შემდეგ კი მისდამი მორჩილების გულისთვის „ვიცავთ გზათა ფიცხელთა“10, როგორც დავითი ამბობს. მიუხედავად ამისა, უფალი გვეუბნება: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უკმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავით“11. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხონების მიზეზი გახდება არა აღსრულებული საქმეების რაოდენობა ან ხარისხი, რაც ჩვენი ელემენტარული მოვალეობაა, არამედ ჩვენი რწმენა, რომელსაც უფალი აქებს სიტყვებით: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო!“12 წმიდა მარკოზ მმარხველი წერს, რომ უფალი თითოეულს მიაგებს მისი რწმენისა თუ ურწმუნოებისდა მიხედვით13. 

» როგორც ვთქვი, სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ რწმენით. ეშმაკი გვებრძვის და გვეწინააღმდეგება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს ურწმუნო ადამიანებად წარმოგვაჩინოს; რათა სარწმუნო მონების ქებას დავაკლდეთ; რათა იმათთან ერთად დაგვაწესოს, რომლებიც ურწმუნოებად შეირაცხნენ14. სულიერი საიდუმლოების გასაღები არის რწმენა. სწორედ რწმენას ითხოვდა სანაცვლოდ იესო მათგან, რომელნიც მისგან რამეს ითხოვდნენ. როდესაც ადამიანებს მოუწოდა, მათგან რწმენა ითხოვა, რწმენას კი მოსდევს დაწესებული კანონების მორჩილება. როდესაც ზოგიერთმა სასწაულებრივი ჩარევა სთხოვა, უფალმა მიუგო: „უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“15. თუ ვინმეს თხოვნას უსრულებდა და გასაჭირიდან გამოჰყავდა, აქებდა და ეუბნებოდა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“16. მისი ღმრთაებრივი დიდებულებისადმი მხურვალე რწმენას გაოცებით გამოაცხადებდა ხოლმე ყველას წინაშე: „არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე!“17  სხვაგან კი: „იხილა სარწმუნოებაი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას…“18. ზოგადად, მთელი საღმრთო გამოცხადება მოწმობს იმას, რომ სწორედ რწმენა არის ის საშუალება, რომლითაც გადმოგვეცემა საღმრთო ნიჭები და განიმარტება საიდუმლოები. 

» წმიდა მამები გვასწავლიან, რომ, როდესაც საღმრთო მადლი და შეწევნა იმატებს, განსაცდელებიც მძაფრდება. აქაა საჭირო ანტონი დიდის ბრძნული გამონათქვამი: „ბრალი შენს თავზე აიღე და განსაცდელს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდი“. ამ ბრძოლის ველზე მყოფთა ცხოვრებას ახასიათებს „გარეშე – ბრძოლანი, შინაგან – შიში“19. ჩემთვის ყველაფერი ჯვარად იქცეოდა ხოლმე: გატანჯული და შემუსრვილი სხეული ადვილად სნეულდებოდა და იღლებოდა; სხვადასხვა ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთს თითქოს ჩვენთან ერთად დარჩენა სურდა, თავიანთი აზროვნებითა და მოთხოვნებით გვღლიდნენ, რამეთუ განრიგის შეცვლას გვაიძულებდნენ და მდუმარებასა და ლოცვას მაშორებდნენ. მე, რა თქმა უნდა, ამ საკითხებში უკან არ ვიხევდი, მაგრამ ბრძოლა მძიმე იყო. ერთადერთ ნუგეშად რწმენა და ლოცვა დამრჩა, მაგრამ ესენიც, უსიამოვნო ცვლილებების დროს, ღმერთის მიუწვდომელი განგების მიხედვით, სუსტდება. სწორედ მაშინ უახლოვდება ადამიანი პავლეს მიერ აღწერილ მდგომარეობას: „წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა“. 

» ერთხელ, მსგავსი მწუხარებით დამძიმებული სენაკში გამოვიკეტე, ჩემს დაბალ სკამზე დავჯექი და ვცდილობდი, გონება ლოცვაზე მომეკრიბა, რათა ცოტა ამომესუნთქა სულიერად. არ ვიცი, რამდენი ხანი გრძელდებოდა ჩემი ეს მცდელობა. ღმერთის წყალობას დიდი სიმდაბლით მოვუხმობდი. მოულოდნელად ჩემ შიგნით ნუგეში ვიგრძენი, ნათლით აღვივსე (როგორც მსგავს მდგომარეობებში ხდება ხოლმე), გული ღმერთისადმი სიყვარულით განიმსჭვალა და საკუთარი თავიდან გავედი. რაღაც განუზომელ ნათელში მოვხვდი, ჩემ წინ უკიდეგანო ველი გადაიშალა, რომელიც ზღვას წააგავდა, მაგრამ ჰორიზონტის ხაზის გარეშე. თითქოს აღმოსავლეთისკენ მივაბიჯებდი, მაგრამ ისე, რომ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი, არც ფიზიკურ სიმძიმეს ვგრძნობდი, არც რამენაირ შეზღუდვას. ერთადერთი ის იყო, რომ საკუთარ თავს ჩვეულებრივ ღარიბულ სამოსში ვხედავდი. დიდი სიჩქარით ვლახავდი მანძილს, თანაც მიკვირდა, თითის გაუნძრევლად ასე სწრაფად როგორ მივიწევდი წინ, ან ზოგადად, საით მივდიოდი. ისიც კი ვიფიქრე, უკან როგორ გავბრუნდებოდი, როდესაც არც გზა ვიცოდი და არც ის, სად მოვხვდი. შევჩერდი და დავიწყე გარემოს თვალიერება, მაგრამ შიში არ მქონდა. შორიახლოს თითქოს საუბრის ხმა მომესმა. ჩქარი ნაბიჯით იქით გავეშურე, რათა მათთვის მეკითხა, რა ხდებოდა. აღმოვჩნდი ერთი ჩაღრმავებული ადგილის წინაშე, რომელსაც ჩასასვლელი ჰქონდა ისეთი, დიდ ქალაქებში მიწისქვეშა გადასასვლელებს რომ აქვთ. როდესაც მივუახლოვდი და ჩასასვლელი უფრო გამოკვეთილად გამოჩნდა, იქიდან ვიღაც მთავარსარდალი ამოვიდა, რომელსაც, როგორც ჩანდა, დიდი ძალაუფლება ჰქონდა. შინაურულად შემომხედა და ისე გამომელაპარაკა, თითქოს ძველი მეგობრები ვყოფილიყავით.

— გაუმარჯოს მამა იოსებს! შემოდი, თაყვანი ეცი, შენ გელოდით.  

» მომერიდა, მრცხვენოდა, რომ დაძონძილი და გაურეცხავი ანაფორა მეცვა. მაგრამ ის მომიახლოვდა, ხელი ჩამჭიდა და მდიდრულ კიბეს ჩავუყევით, რომელიც მრგვალად მეჩვენებოდა. დაბლიდან გალობის ხმა ისმოდა. როდესაც ჩავედით, თანაც ძალიან მალე, დიდ დარბაზში ამოვყავი თავი. ტაძრის სტოვას*(უკანა ნაწილს) უფრო წააგავდა. იქ ძალიან ლამაზი სტასიდები20 იყო, რომლებშიც ნათელმოსილი ახალგაზრდები იდგნენ, თანაც ყველა ერთმანეთს ჰგავდა ასაკითა და ნაკვთებით. თურმე ისინი გალობდნენ იმ მელოდიას, რომელიც მანამდე მომესმა. ეს ყველაფერი რომ ვიხილე, გავჩერდი და ვეღარაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ განცვიფრებული შევყურებდი იქაურ დიდებულებას და ვტკბებოდი იმ ულამაზესი მუსიკით. ჩავედით თუ არა, ჩემმა წინამძღოლმა დამტოვა და თვითონ უფრო ღრმად შევიდა, როგორც ჩანს, ტაძრის მთავარ ნაწილში. ახალგაზრდები მთავაზობდნენ დავმჯდარიყავი რომელიმე მათ სტასიდაში, თანაც ისე უშუალოდ მეპყრობოდნენ, რომ მეგონა, დიდი ხნის გულითადი მეგობრები ვიყავით. შიგნიდან, ტაძრის მთავარი ნაწილიდან, სხვა საგალობელი ისმოდა, აშკარა იყო, რომ დედა ღმრთისმშობლისადმი იყო მიძღვნილი. ერთადერთი ის მინდოდა, რომ ნებართვა მოეცათ იატაკზე დავმჯდარიყავი და იქაური დიდებულებით დავმტკბარიყავი. 

» მაშინ კარი გაიღო და ისევ ის მხედართმთავარი გამოჩნდა, რომელმაც შიგნით შემიყვანა. „მოდი, მამა იოსებ, შემოდი. მოდი, თაყვანი ეცი“. მორიდების გამო ადგილიდან ვერ დავიძარი, ამიტომ მან ისევ ჩამჭიდა ხელი, იმ ნათელმოსილ ახალგაზრდებს ჩავუარეთ და შესასვლელს მივუახლოვდით. როდესაც კარი გაიღო, შიგნით შემიძღვა. ჩემ წინ გონებით მიუწვდომელი დიდებულება გადაიშალა, უსასრულო დიდება – არ ვიცი, ტაძარი იყო, ზეცა თუ ღმერთის საყდარი. უძრავად ვიდექი. ყველა ჩემი საგრძნობელი, მთელი ჩემი აზრები, მთელი ჩემი არსება იქაურმა დიდებამ და ნათელმა დაატყვევა – იქაურმა, მართლაც, შეუქმნელმა ნათელმა, ყველა ნათელსა და თეთრზე ნათელმა და ქათქათამ, თანაც უაღრესად ფაქიზმა. 

» მაშინ ჩემ წინ დავინახე იმ მშვენიერი ტაძრის ულამაზესი კანკელი, რომლიდანაც, როგორც მზე აფრქვევს ნათელს, ისე მოეფინებოდა დიდება და საღმრთო დიდებულება. კანკელზე, აღსავლის კარის აქეთ-იქით, ორი დიდი ხატი იყო: ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი და მისი ყოვლადუხრწნელი დედის, რომელიც საყდარზე ბრძანდებოდა, ხოლო მუხლებზე საუკუნეებამდე არსებული ჩვილი, ჩვენი უფალი ესვა. ძლივს გავუსწორე თვალი, რადგან სრულიად დამატყვევა ამ სანახაობამ. ხატები კი უკვე ხატები კი აღარ იყო, არამედ ნამდვილი, ცოცხალი უფალი და ღმრთისმშობელი, ღმერთი ჩვილი ისე გაბრწყინდა, რომ ყველა იქაური წარჩინებული, რომლებიც მანამდე გალობდნენ, დადუმდნენ.

» ჩემმა წინამძღოლმა მანიშნა მივახლოებოდი და თაყვანი მეცა. მიმაბრუნა ჩვენი წმიდა ქალბატონისადმი, დედოფლისა და ქრისტიანთა მანუგეშებლისადმი. არ ვიცი, გავინძერი თუ არა, ან როგორ, მაგრამ ის მახსოვს, რომ სანამ ვიდექი და მის დიდებას შევცქეროდი, ჩემმა წინამძღოლმა, რომელსაც, როგორც ჩანს, დიდი კადნიერება ჰქონდა მისდამი, თხოვნის კილოთი და ძალიან სუფთა ხმით, რომელიც დღემდე ჩამესმის, უთხრა წმიდა ქალწულს:

— სამყაროს დედოფალო, უჩვენე შენს მონას დიდება შენი, რათა მწუხარებამ არ გადაძალოს! 

» მაშინ… რა მეთქმის მე, არარაობასა და ყველა ადამიანზე უღირსს… ღმრთისმშობლის წმიდა სახე მზესავით გაბრწყინდა და მას ვხედავდი უკვე არა როგორც ხატს, არამედ ცოცხალს, რამდენადაც ეს მოკვდავ ადამიანს შეუძლია. ხელში სამყაროს მაცხოვარი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე ეპყრა, სავსე მადლითა და დიდებულებით. როდესაც ღმრთისმშობლის ღმრთივშვენიერ ნათებას ოდნავ თვალი გავუსწორე, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, იატაკზე დავეშვი და ცრემლმორეული ვჩურჩულებდი: „დედოფალო, ჩემო დედოფალო, ნუ დამტოვებ!“ მაშინ მომესმა მისი ნეტარი, თაფლზე უტკბესი და ყველა ადამიანურ ნუგეშზე აღმატებული სიტყვები: „ახლა დააბრუნე თავის სამოღვაწეო ადგილას და [უთხარი, რომ] ჩემი იმედი ჰქონდეს“. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაცამ მსუბუქად მიბიძგა მხარზე და, შევეცადე რა წამოდგომას, გავაცნობიერე, რომ ისევ იქ ვიყავი, სადაც პირველად დავჯექი. ცრემლებით სავსე ვლოცულობდი. მას მერე ისეთ სიყვარულსა და კრძალულებას ვგრძნობ ღმრთისმშობლის მიმართ, რომ მისი სახელის ოდენ გაგონებაც კი სულიერი სიხარულით მავსებს. ჩემი იმედი ჰქონდესო, – იმ დღიდან ეს სიტყვები ჩემს მუდმივ ნუგეშად იქცა. 

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს დროს უკვე თავიანთ კალივაში ატარებდნენ, ზაფხულობით სხვადასხვა მყუდრო და მდუმარებისთვის შესაფერის ადგილებში მოღვაწეობდნენ. ოდესღაც წმიდა გრიგოლ პალამას კათიზმა შეარჩიეს, რომელიც ათანასეს ლავრის მაღლაა, სადაც, გადმოცემის თანახმად, თავის დროზე ეს დიდი მამა ცხოვრობდა. იქ საღამო ხანს მივიდნენ და სურდათ, ერთი კვირა დარჩენილიყვნენ, რადგან ჩვენს მოძღვარს ძალიან მოსწონდა იქაურობა. დაისვენეს, შემდეგ კი ცალ-ცალკე ღამისთევა დაიწყეს. ჩვეულებისამებრ, ეშმაკები აწრიალდნენ და ყვირილ-წივილი მორთეს:

— ოჰ, დაგვწვი, დაგვწვი! წაეთრიეთ აქედან, წაეთრიეთ! თან უხამს და ბოროტ სიტყვებს გაიძახოდნენ.  

ამჯერად მათი ხმა მამა არსენიმაც გაიგო და შეეშინდა. გაიქცა მოძღვართან და ჰკითხა:

— მამაო, ვინ არიან ისინი, ასე რომ გაჰკივიან? ვინ არიან, რა უნდათ?

ბერმა დაამშვიდა და მიუგო:

— განსაცდელებია21. მე არა მარტო მესმის მათი ხმა, არამედ ვხედავ კიდეც. დაწყნარდი და წავლენ. არ მოსწონთ, რასაც ვაკეთებთ. 

მეორე დღეს მონასტერმა ტყის ზედამხედველი გააგზავნა და ჩვენს მამებს შეუთვალა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. მამა არსენიმ, თავისი ჩვეული უბრალოებით გაიკვირვა:

— კი მაგრამ, ან საიდან გაიგო ლავრამ, რომ აქ ვართ, ან რატომ გვაგდებენ, ჩვენ ხომ არავის ვუშლით ხელს?!  

ბერმა მიუგო:

— არსენი, ლავრას კი არ ვაწუხებთ, არამედ იმათ, ვინც გუშინ ღამე ყვიროდნენ. როდესაც წივილ-კივილს მორჩნენ, დავინახე, რომ ლავრაში ჩავიდნენ და შფოთი შეიტანეს. ამიტომაც ვეჭვობდი, რომ რაღაც განსაცდელს მოგვიწყობდნენ. საბედნიეროდ, მხოლოდ ასეთი მცირე რამაა. 

ამგვარად, ისევ თავის კალივაში დაბრუნდნენ და ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად, საზრუნავები არ ჰქონოდათ და ლოცვაში ეღვაწათ. იმხანად ჩვენმა მოძღვარმა ერთგვარ სრულ განმარტოებით ცხოვრებას მიჰყო ხელი, ხოლო მ. არსენი მას ემსახურებოდა. არსებობისთვის აუცილებელ წყალს ძლივძლივობით კლდიდან ერთ პატარა ცისტერნაში აგროვებდნენ, მაგრამ საკმარისი არ იყო. ამის გამო მ. არსენი იძულებული ხდებოდა წყალი შორიდან მოეტანა. ერთ დღეს, როდესაც აუტანელი სიცხე იდგა, ხოლო მ. არსენი წყალს ეზიდებოდა, ბერს შეეცოდა თავისი თანამოღვაწე და ღმრთისმშობელს სთხოვა:

— გთხოვ, ჩვენო დედოფალო, მოაგვარე წყლის საქმე. ცოდოა მამა არსენი, ძალიან იღლება. მართლაც, მისი თხოვნა უმალვე შეისმინა წმიდა ღმრთისმშობელმა, რომელიც დაჰპირდა, მუდამ მისი იმედი ჰქონოდა: მეზობელი მაღალი კლდიდან რაღაც ხმაური მოესმა. მივიდა და იხილა, რომ კლდიდან წყალი წვეთავდა. რაღაც ჭურჭელი შეუდგეს შესაგროვებლად და ამგვარად მ. არსენიმ თავი დააღწია მძიმე შრომას. 

ბერი იოსები, როგორც ვთქვით, სენაკს, ფაქტობრივად, არ ტოვებდა და შესაბამისად, არც წირვებზე დადიოდა, მამა არსენი კი დიდ დღესასწაულებზე მარტო გადავიდოდა ხოლმე იქ, სადაც სხვა მამები იკრიბებოდნენ საერთო ღმრთისმსახურებაზე. 

ერთხელ, რაღაც დღესასწაული იყო და მამა არსენი, ჩვეულებისაებრ, რომელიღაც კალივაში წავიდა საზიარებლად, ხოლო მოძღვარი სენაკში დარჩა. 

— მთელი ის საღამო, — როგორც თავად გვიამბობდა, ამეკვიატა გულისსიტყვა, რომ სხვა მამები ეზიარებოდნენ, მე კი, როგორც უღირსი ასეთი წყალობისა, ჩემი ცოდვების გამო დავაკლდებოდი ზიარებას. ვიჯექი, ვლოცულობდი და ვცდილობდი ლოცვაზე მომეკრება გონება. ისევ ის აზრი მეძალებოდა და ძალიან მინდოდა ცხოვრების პურს ვზიარებოდი. იესოს ლოცვა მოთქმასავით, ჩივილივით დავიწყე, რაც ალბათ, თავის ბრალობა უფრო იყო. უეცრად ვიღაცის თანყოფნა ვიგრძენი. თვალები გავახილე (მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სიბნელე იყო ჩემს სენაკში, თვალებს მაინც ვხუჭავდი) და ჩემ წინ ნათლითმოსილი ანგელოზი დავინახე – ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენი ეკლესია გამოსახავს მათ. იქაურობა ნათლით აღივსო, არაამქვეყნიური ნათლით. ანგელოზს ხელში ერთი კოხტა და ბრწყინვალე ჭურჭელი ეჭირა, რომელიც ხელისგულში ეტეოდა. ფრთხილად გახსნა, მომიახლოვდა და კრძალულებითა და ყურადღებით საუფლო ხორცის ნაწილი ჩამიდო პირში. შემდეგ შემომხედა, თავაზიანად გამიღიმა, ჭურჭელი დაბურა და ჭერიდან წავიდა ისევ იქ, საიდანაც მოვიდა. მთელი ის დღე ჩემი გონება ამ ხილვით იყო დატყვევებული, გული ქრისტესადმი სიყვარულით გამევსო და არაფერი ამქვეყნიური აღარ მახსოვდა.

როგორც ვთქვით, შეამცირეს მიმოსვლა და უმეტეს დროს თავიანთ კალივაში ატარებდნენ, მაგრამ საყვარელი მთა ათონი არასდროს ავიწყდებოდათ, განსაკუთრებით, ზამთრის დაყუდების შემდგომ. აღდგომის შემდეგ პირველად ავიდნენ მწვერვალზე, მათ საყვარელ ღმრთისმშობლის ტაძარში, სადაც თავდაპირველად უფრო მეტ ხანს ცხოვრობდნენ.

არ ჩამინიშნია, ზუსტად რომელ წელს იყო, რომ უშუალოდ აღდგომის შემდეგ ავიდნენ მწვერვალზე. ერთი მახსოვს, ჩვენი მამები ამბობდნენ, რომ თოვლი ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ იდო, ხოლო ჩრდილოეთ ხეობა – სავსე იყო. დორვაში პატარა სპილენძის ქვაბი ჰქონდათ, ხოლო რუსული ქურქები ანაფორის ფუნქციასაც ასრულებდნენ და ლეიბ-გადასაფარებლისაც. ამგვარად შეეძლოთ ღამე იქ გაეთენებინათ, სადაც ამას ვითარება მოითხოვდა. თუ წყალი შემოაკლდებოდათ ხოლმე, თოვლს ქვაბში ადუღებდნენ და სვამდნენ. ზოგჯერ იმ ბალახეულსა თუ ბოლქვებს ხარშავდნენ, რომლებსაც მთის მიდამოებში პოულობდნენ. იქ თითქმის ყოველთვის ქარი უბერავს, რადგან ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. ჩვენი მამები ისეთ ადგილებს აფარებდნენ თავს, სადაც ქარი მეტ-ნაკლებად ასატანი იყო. ზოგჯერ მწვერვალის ეკვდერში ათევდნენ ღამეს, თუ მეხის გამო, რაც იქ ხშირად ეცემა, დაზიანებული არ იყო (ჩვეულებრივ, დიდ ლავრას აკისრია ტაძრის შეკეთება). იმ წელს, ბერის თქმით, როდესაც მწვერვალზე ასულან, ამინდი შესაფერისი ყოფილა. ტაძარი კარგ მდგომარეობაში იყო, მის გარეთ კი მცირე ზომის ცისტერნა იდგა. 

— როდესაც ეკლესიაში შევედით და მოვილოცეთ, საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზზე სამი ლამაზი ვაშლი ვიპოვეთ, თანაც ახლად დაკრეფილი და ღაჟღაჟა წითელი ფერის. ავიღეთ ვაშლები და შევჭამეთ. მაშინ მამა არსენიმ ჩვეული უბრალოებით მკითხა: „კი მაგრამ, მამაო, ამ დროს ვაშლები აქ ვინ ამოიტანა? ვაშლის ხეები ხომ ჯერ არ აყვავებულა?!“ მე კი იმ ვაშლის გემო დღემდე მახსოვს და ვერც დავივიწყებ, რამეთუ ასეთი გემრიელი ვაშლი არასდროს მიჭამია. 

არ დაგვავიწყდეს, რომ იმხანად, 1935 წლამდე, არ არსებობდა ხილისა და სხვა ნაყოფების შენახვისა და გადაზიდვის ის საშუალებები, რაც დღეს გვაქვს, ამიტომ გამორიცხულია, რომ იქ ვაშლები ადამიანს აეტანა. არც უცხოელები სტუმრობდნენ მაშინ ათონს, როგორც ახლა ხდება. ღმრთისმოშიში მომლოცველებიცა და მამებიც მწვერვალზე შუა ზაფხულში ადიოდნენ, რადგან სხვა დროს ამინდი ამას ხელს არ უწყობს. ჩვენი მოძღვრები მწვერვალზე იმდენი ხანი გაჩერდნენ, რამდენი სიცივის ატანაც შეეძლოთ, შემდეგ კი დასასვენებლად ღმრთისმშობლის ტაძარში ჩავიდნენ და უმეტესი დრო იქ დაჰყვეს. 

ახლა ჩვენი ცხონებული მოძღვრის რამდენიმე დარიგებას გაგიზიარებთ მოთმინებისა და რწმენის შესახებ, რამდენადაც ეს ჩვენმა მწირმა მეხსიერებამ შემოინახა. უფრო სწორად კი, მან ერთი კონკრეტული ამბავი მოგვიყვა, რომელიც მას ნუგეშის სახით შეემთხვა მას მერე, რაც მოთმინებით შეევედრა უფალს რაღაც საჭირბოროტო საკითხზე. 

— ერთხელ, იმ პერიოდში, როდესაც მუდმივად კალივაში ვცხოვრობდით, რამდენიმე ადამიანმა მოისურვა ჩვენთან ერთად მოღვაწეობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, უფრო შფოთი შემოჰქონდათ ჩვენს ცხოვრებაში. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. მოთმინებით ვლოცულობდი, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მამძიმებდა. საქმე ის იყო, რომ არჩევანიც არ გვქონდა: იმისთვის, რომ სიყვარულის კანონი აღგვესრულებინა, ყველას, ვინც ჩვენთან დარჩენას გვთხოვდა, ვიღებდით. ამბობდნენ, რომ ვითომ მდუმარება და სულიერი ცხოვრება აინტერესებდათ, სრულიად საპირისპიროს კი ვხედავდით – მდუმარებისა და მორჩილების გარდა ყველაფერი შეეძლოთ. თანაც არა მარტო არ ცდილობდნენ სარგებელი მიეღოთ, არამედ ჩვენც გვიშლიდნენ ჩვენი განრიგით ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი გულმოდგინებას არ იჩენს სულიერ მოღვაწეობაში და ამასთან ერთად, ცუდი ძველი ჩვევებიც აქვს, მაშინ საქმე არა თუ რთულდება, არამედ შეუძლებელიც ხდება. 

» ამგვარ ყოფაში ვიყავი და გონებამოკრებილი ლოცვით ღმერთს წყალობას ვთხოვდი. ვიგრძენი საღმრთო განათლება, ჩემი საგრძნობლებიცა და ვიწრო სენაკის სივრცეც შეიცვალა. დავინახე, რომ ზემოდან ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ჯვარცმული, ეშვებოდა. მის სხეულსა და ჯვარს ბუნებრივი განზომილებები ჰქონდათ, ჩემ წინ გაჩერდა, მშვიდად შემომხედა და მითხრა: „ხედავ, რა მოვითმინე თქვენი გულისთვის? თქვენ კი ასე ადვილად იღლებით“. ამის გაგონება იყო და, მუხლებზე დავეცი, ცრემლით შევღაღადე: „უფალო, დაგვეხმარე ცოდვილებს და ნუ მიგვატოვებ!" ასე ვტიროდი მიწაზე, როდესაც უფალი ისევ ამაღლდა, ხოლო სენაკში კეთილსურნელება დატოვა, ჩემს სულში კი – საღმრთო სიყვარულის ნუგეში. მას მერე განსაცდელებმა იკლო და ის ადამიანებიც, რომლებსაც ჩვენთან დარჩენა არ შეეძლოთ, ნელ-ნელა წავიდნენ. 

თავიანთ კალივაში, წმ. ბასილის სკიტში, მცირე ეკვდერი ააშენეს და იოანე ნათლისმცემლის შობას მიუძღვნეს. მას მერე, რაც გადაწყვიტეს, აქა-იქ აღარ გასულიყვნენ, არამედ თავიანთ კალივაში დარჩენილიყვნენ, ხელსაქმის კეთება დაიწყეს, როგორც ეს განდეგილ ასკეტებს სჩვევიათ. ბერ იოსებს ხეზე ჭრის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და შეეძლო დიდი წარმატებებისთვის მიეღწია ამ დარგშიც (ამაში მისმა რამდენიმე ნამუშევარმა დაგვარწმუნა), მაგრამ დახვეწილ ნაწარმს არ აკეთებდა, რათა ხელსაქმეს გონება არ დაეტყვევებინა და ღმერთის ხსოვნას არ მოსცილებოდა. ამიტომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი სახის პატარა ჯვარს გამოჭრიდა ხოლმე, რომლის ერთ მხარეზე ჯვარცმულ უფალს გამოსახავდა, მეორეზე კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს. ნედლეულს ველური ხეებისგან მ. არსენი უმზადებდა. როდესაც მოგვიანებით შევეკითხეთ, ხეზე ჭრის სხვა სახეობები რატომ არ არჩია, როგორც სხვა მამებმა, გვიპასუხა:

— იმხანად ათონზე ასკეტებს შორის ეს ხელსაქმე იყო გავრცელებული. ჩვენ ამ უბრალო საქმით ვცდილობდით, მხოლოდ და მხოლოდ, თავი შეგვენახა. თუ უფრო დახვეწილ საქმეებს მივყოფდით ხელს, ეს მეტ საზრუნავს გაგვიჩენდა. ამის გარდა, დახვეწილი ნამუშევრები ადამიანებსაც იზიდავს და ამგვარად მდუმარებასა და მყუდროებასაც დავკარგავდით. ამას კი, თავის მხრივ, მოჰყვება გონებაგაფანტულობა და ღმერთის ხსოვნისგან დაშორება. როდესაც მონაზონი რამე საქმის კეთებისას გონებას ღმერთის ხსოვნაში ვერ ინარჩუნებს, ეს საქმე აღარ უნდა განაგრძოს, რამეთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმით, როგორც მონაზონი, ზარალდება. 

ჩვენს მოძღვარს შინაგანი ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა და იცოდა, თუ რა მახეებს უგებს ეშმაკი ადამიანს, როგორ უბნევს გონებას და როგორ აცილებს თავდაპირველ მიზანს. ბერი იოსები იმ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, რომელსაც ადამიანები არსებობისთვის აუცილებლად მიიჩნევენ. ჩვენს გასამხნევებლად ამას გვეუბნებოდა: 

— ქრისტემ ამქვეყნიური საზრუნავები, უხამსი ქეიფები და თრობა ერთ კონტექსტში მოიხსენა22. დაფიქრდით ამაზე: ჩვენ, მონაზვნები,] რომ იტყვიან, შიმშილით ვკვდებით და მაინც, [თუ საზრუნავებმა შთაგვნთქეს, უზნეო და უძღები ადამიანების ხვედრი გველის! რამეთუ სამივე მათგანი (დროსტარება, ლოთობა და საზრუნავები) ერთნაირად ამძიმებს და აუხეშებს გულს, ანუ სწორ გზას გვაცდენს.  

ჩვენი კურთხეული ბერი ამქვეყნიურ საზრუნავს, როგორც წესი, ტუბერკულოზის ყოვლისმომსრველ და სასიკვდილო დაავადებას ადარებდა, რომელიც მის ეპოქაში გავრცელებული იყო. თუ შევეცდებოდით ხოლმე რამე გაგვეუმჯობესებინა, რათა უფრო ეფექტური და პროდუქტიული ყოფილიყო, გვეტყოდა: 

— საზრუნავის ჭლექს ნუ ამკიდებთ, შვილებო! წმ. ბასილის სკიტში მოღვაწეობის დროს ჩვენმა ბერებმა საძმოში სამი კაცი მიიღეს: მამა ეფრემ კარაიანისი, რომელიც შემდგომში ძველმესტილეთა23 მოძრაობის მეთაური გახდა ქალაქ ვოლოსში; მამა იოანე ვლახი ალბანეთიდან, რომელიც ჩვენი მამების წამოსვლის შემდეგაც წმ. ბასილის სკიტში დარჩა; მამა ათანასე – ბერ იოსების ხორციელი ძმა.

აქ ძირითად თხრობას ოდნავ გადავუხვევთ და ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც ღმრთისმოშიშ, მაგრამ მიამიტ მამა იოანეს შეემთხვა. ყველამ ვიცით, თუ რამდენად რთულია „მარჯვნიდან“ ბრძოლის შემჩნევა და ამოცნობა“24, განსაკუთრებით, თუ ადამიანს შესაფერისი გამოცდილება და გარჩევის ბუნებრივი უნარი არ აქვს. რაღაც პერიოდში მამა იოანემ შეწყვიტა მოძღვართან გულისსიტყვების აღიარება-გახსნა. ამასობაში ჩვენს ბერს ლოცვაში ღმერთისგან ეუწყა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ერთ დღესაც დაუძახა მამა იოანეს და აიძულა გულისსიტყვები ეთქვა. მაშინ მამა იოანემ აღიარა, რომ მისმა ანგელოზმა უბრძანა, არავისთვის გაემხილა რამე! ბერმა ისიც ათქმევინა მორჩილს, რომ დიდი ხანი არ გასულიყო მას მერე, რაც თავის ანგელოზთან ერთად ლოცვა დაეწყო, მომდევნო საღამოს კი, მათი შეთანხმებით, რაღაც ადგილას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ილია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით გამოივლიდა და მის სულს წაიყვანდა. ჩვენმა ბერმა მკაცრად დატუქსა მამა იოანე და ბევრი ლოცვითა და დარიგებით შეძლო, საცდურისგან დაეხსნა. მას მერე მამა იოანე დიდად მადლიერი იყო მოძღვრისა. 

ამ სამი ძმის გარდა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ჩვენს მამებთან ერთად, სხვა მრავალი მონაზონიც მიდიოდა მათთან. ზოგიერთი დიდი ხნითაც რჩებოდა, რათა მდუმარებასა და ლოცვაში ეღვაწა. ერთ-ერთი ასეთი სტუმარი იყო ცნობილი მამა გერასიმე, გვარად მენაია. ამ ბერს ჩვენ პირადად შევხვდით წმ. პავლეს მონასტერში სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. როდესაც სნეულს ვუთხარით, რომ ბერ იოსების მოწაფეები ვიყავით, სარეცელზე წამოჯდა და უფლება არ მოგვცა მეტანია გაგვეკეთებინა, არამედ დიდი სიყვარულით ჩაგვიკრა გულში და ცრემლები დაღვარა. შემდეგ, როცა დამშვიდდა, გვითხრა:

— არასდროს დამავიწყდება ბერთან გატარებული დღეები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მონაზვნობის საუკეთესო ხანა იყო. სამწუხაროდ, ჩემმა სუსტმა ჯანმრთელობამ არ მომცა იმის საშუალება, რომ მასთან დავრჩენილიყავი და ამგვარად, ოცნებად დამრჩა გულში.  

ჩვენს მოძღვარს, თავისი ლოცვითა და რწმენით, რომელიც არასდროს არცხვენს მორწმუნეს*(გაუცრუებს იმედს), მ. გერასიმე რაღაც მძიმე ავადმყოფობებისგან განეკურნა. როდესაც თავდაპირველად ბერთან მივიდა, მ. გერასიმეს თან უამრავი წამალი მიეტანა. ამის გარდა, მრავალრიცხოვანი სნეულების გამო, დღეში მრავალჯერ უნდა ეჭამა. ჩვენმა მოძღვარმა, რომელიც ყოველთვის რწმენას ანიჭებდა უპირატესობას, ურჩია, წამლები გადაეყარა და დღეში ერთხელ ეჭამა. მ. გერასიმემ ბერის სიტყვის მიმართ მცირედმორწმუნეობა გამოიჩინა, მაგრამ იმავდროულად არც მისი ურჩობა უნდოდა და ამგვარად, გაურკვეველ შუა მდგომარეობაში და განუკურნებელი დარჩა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღეს ძლიერი ხმა არ ჩაესმა: 

— რატომ არ გინდა გაუგონო მოძღვარს და განიკურნო?!

მართლაც, სამი დღეც არ გასულა, რაც ბერის რჩევას დაჰყვა და ჯანმრთელობა სრულიად აღუდგა. რამდენიმე ხანში კი მოძღვარს აუწყა, რომ ერთ-ერთი სნეულება დაუბრუნდა. ბერმა გამოიძია მისი გულისსიტყვები და განუმარტა, რომ ამის მიზეზი რწმენაზე მაღლა ლოგიკის დაყენება იყო – მ. გერასიმე ფიქრობდა, იქნებ არ მოვიქეცი სწორად, წამლები რომ გადავყარეო. მოძღვარმა დასძინა: 

— საკმარისია, რომ დანარჩენი ავადმყოფობებისგან განიკურნე. ეს ერთი, როგორც პატარა ჯვარი, დაგრჩება. 

მ. გერასიმემ საკმაო ხანი დაჰყო ბერ იოსებთან.

მას მერე, რაც მამები უკვე მუდმივად დაემკვიდრნენ თავიანთ კალივაში, ჩვენი მოძღვრის სახელი ყველასთვის გახდა ცნობილი და ამიტომ მრავალი მონაზონი მიდიოდა მასთან რჩევის საკითხავად. 

შენიშვნები

  1. კორ. 1,8: „ჩვენს ძალებზე გაცილებით მეტად დამძიმებულები ვიყავით, იმდენად, რომ სიცოცხლის იმედიც გადაგვეწურა.“ ↩
  2. იხ. 1 კორ. 11,1. ↩
  3. შეად. ლუკ. 17,10. ↩
  4. შეად. ფილიპ. 3,16. ↩
  5. წმიდა მარიამი ამ ადგილას ღირს ზოსიმეს მიმართავს. ↩
  6. გალ. 3.6; აგრეთვე რომ. 4,3; იაკ. 2,23; იხ. დაბ. 15,6. ↩
  7. შეად. ფსალმ. 15,2. ↩
  8. იხ. ეფეს. 2,5. ↩
  9. იხ. რომ 5,1. ↩
  10. იხ. ფსალმ. 16,4. ↩
  11. ლუკ. 17,10: „[მაშინაც კი,] როდესაც იმ ყველაფერს აღასრულებთ, რაც ნაბრძანები გაქვთ, თქვით ხოლმე: გამოუსადეგარი მონები ვართ; [უბრალოდ] გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“. ↩
  12. მათ. 25,21: „ყოჩაღ კეთილო და სანდო მონავ!“ ბერძნულში სიტყვა ….. როგორც სანდოს ასევე მორწმუნეს. ↩
  13. ღირსი მარკოს მმარხველი, წარმოშობით ათენელი, ღრმად განათლებული ადამიანი იყო. შემდეგ ანტიოქიაში გაემგზავრა, სადაც წმიდა იოანე ოქროპირს დაემოწაფა. დაწერა რადენიმე უნიკალური წიგნი სულიერი ცხოვრების შესახებ. ორი მათგანი, „სულიერი კანონის შესახებ“ და „მათ შესახებ, ვინც საქმეებით გამართლებას ფიქრობს“, თავისი მნიშვნელობით შეიძლება იოანე სინელის „კიბეს“ შევადაროთ. ბიზანტიაში გამოთქმაც კი არსებობდა: „ყველაფერი გაყიდე, მარკოზი იყიდე“, ანუ მარკოზის წიგნის არქონას სჯობს არაფერი გქონდეს. ↩
  14. იხ. ლუკ. 12,46. ↩
  15. მარკ. 9,23. ↩
  16. იხ. მათ. 9,22. ↩
  17. მათ. 8,10. ↩
  18. იხ. მათ. 9,2. ↩
  19. კორ. 7,5. ↩
  20. სტასიდა – სახელურ-მოაჯირიანი მაღალი სკამი ორიარუსიანი დასაჯდომით. ათონზე და ზოგადად ბერძნულენოვანი ეკლესიაბის ინტერიერის აუცილებელი კომპონენტი (იხ. სურ. 33) ↩
  21. განსაცდელი – აქ: ეშმაკი. ↩
  22. შეად. ლუკ. 21,34. ↩
  23. ძველმესტილეები – ბერძნულენოვან ეკლესიებში არსებული დაჯგუფება, რომელიც თავდაპირველად, უბრალოდ, არ დაეთანხმა ოფიციალური ეკლესიის საკალენდარო რეფორმას (იულიანურიდან ე.წ. „შესწორებულ იულიანურზე“ გადასვლას), შემდგომში კი, რადიკალური და არასწორი ეკლესიოლოგიური პოზიციების გამო, სქიზმაში გადაიზარდა. ↩
  24. ასკეტურ ტერმინოლოგიაში „მარჯვნიდან“ ბრძოლა ნიშნავს იმ განსაცდელს, როდესაც ეშმაკი ვითომ ღმრთისმოშიშებისა და საღმრთო მოშურნეობის ნიღბით გვაცდუნებს, ხოლო „მარცხნიდან“ – უდებებით, სიზარმაცით ან სხვა აშკარა ვნებით. ↩
Share