„უდაბნოსა მყოფთა ცხორებაი ნეტარ არს, რამეთუ საღმრთოითა სიყუარულითა ფრთოვან-იქმნების“1. როდესაც ადამიანის გული საღმრთო სიყვარულით მოიწყლვება, მას სხვა ვეღარაფერი დაატყვევებს ან შეკრავს.
— წავედით, არსენი, წავედით! უზრუნველობაცა და მდუმარებაც შეგვიმცირდა. სხვაგან წავიდეთ – იქ, სადაც არავის ვეცოდინებით და სადაც შეგვეძლება ფარულად ვიღვაწოთ; სადაც ადამიანები ადვილად ვერ მოგვაგნებენ და არ დაგვაკლებენ იმას, რასაც ჩვენ ვკარგავთ, ხოლო მათ არ შეუძლიათ დაინახონ.
წმიდა ანას უხუცესი მამებისგან შეიტყვეს, რომ მცირე სკიტის მახლობლად რამდენიმე გამოქვაბული არსებობდა – ბერ საბა მოძღვრის2 სოხასტერის დაბლა, ზღვის მხარეს. იქ ვიღაც რუს მონაზვნებს ეღვაწათ რაღაც პერიოდი და მათგან ორი მცირე ზომის ცისტერნა შემორჩენილიყო. ჩვენმა მამებმა ადგილი კარგად გამოიძიეს და მიიჩნიეს, რომ შესაფერისი იყო: მყუდრო, მოშორებული და მრავალთა თვალს მოფარებული. ამგვარად, ზურგით გადაიტანეს თავიანთი საგლახაკო სამოსი და რამდენიმე წიგნი და იმ გამოქვაბულებში დამკვიდრდნენ. 1938 წლის ზამთარი იდგა, იანვარი.
თავიდან ბერებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან ადგილიც მკაცრი და უნუგეშო იყო და ყველაზე აუცილებელი ნივთებიც კი არ ჰქონდათ. მაგრამ ჩვენი მოძღვრისთვის ყველაზე ძნელი ის იყო, რომ საღმრთო წირვას აკლდებოდა. იმ დროისთვის მას სიარული, ფაქტობრივად, აღარ შეეძლო, განსაკუთრებით კი, უსწორმასწორო ზედაპირზე. მრავალმა შრომამ, სასტიკმა ბრძოლებმა, გრძელვადიანმა მარხვებმა და სხვამ მრავალმა, რასაც მისი მოშურნეობა კარნახობდა და რის შემცირებასაც არც კი ფიქრობდა, საბოლოოდ მოათვინიერა და მოტეხა კიდევაც მისი სხეული – ძლივძლივობით შეეძლო თავს მომსახურებოდა. მთელი სიმძიმე მ. არსენმა იტვირთა, რომელიც, საბედნიეროდ, ბუნებით ამტანი და ძლიერი იყო.
ერთი სიტყვით, ხელდახელ მოაწყვეს თავიანთი საცხოვრებელი. თავდაპირველად ეზო შემოღობეს, პატარა კარიბჭე გააკეთეს და ისევ ძველი განრიგი დააწესეს: ნახევარი დღე მუშაობდნენ და ხალხს იღებდნენ, ხოლო შუადღის შემდეგ კარიბჭეს კეტავდნენ და მდუმარებას მიეცემოდნენ მოგვიანებით ერთ-ერთ გამოქვაბულში ასევე სახელდახლოდ მცირე. ეკლესია მოაწყვეს, რომელიც წმიდა იოანე ნათლისმცემელს მიუძღვნეს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ იქ წირვის შესრულება შეეძლოთ. ხსენებული ორი ცისტერნა გაასუფთავეს, შეაკეთეს, ხოლო კლდეებზე წყლის შესაგროვებლად საწვეთური დადგეს. ამის შემდეგ ტოტებითა და ტალახით ერთი უფრო დიდი ხის კალივა ააშენეს, რომელიც სამ პატარა სენაკად დაყვეს. ეს ქოხი გამოქვაბულის გარეთა მხარეს ააგეს (რამდენადაც ადგილი ამის საშუალებას იძლეოდა), ხოლო შიდა მხარეს საცავად იყენებდნენ.
იქნებ ვინმეს მოეჩვენოს, რომ იქაურ ბუნებრივ პირობებს გადაჭარბებით ან პათოსით აღვწერთ, ამიტომ, რადგან ამ თემას შევეხეთ, მცირე სქოლიოს დართვა მოგვიწევს. ვფიქრობ, გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, შეუძლია ამ კაცის ხასიათის თვისებებზე მიგვითითოს, რამეთუ თითოეული ჩვენგანი საცხოვრებელს იმის მიხედვით ირჩევს და იწყობს, რა მიზნები და განწყობაც აქვს. ჩვენი მოძღვრისთვის იქ ცხოვრების უპირველესი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი საღმრთო მოშურნეობა იყო, რომელიც ჭირთათმენისკენ უბიძგებდა. მეორე მიზეზი კი გახლდათ მოუხერხებელი ადგილმდებარეობა. ის ადგილი ერთი მკვეთრი დაღმართია. მაღალი და ციცაბო კლდის მწვერვალიდან, რომელიც გამოქვაბულების თავზე იყო, ზღვამდე არ მოიპოვებოდა ოდნავ ფართო ადგილი, სადაც კაცი რამის აშენებას ან გაშენებას შეძლებდა, ხშირი ქვათა ცვენა კი აიძულებდა გამოქვაბულებისთვის შეეფარებინა თავი. კალივის სამ სენაკში ცხოვრობდნენ ბერი იოსები, ბერი არსენი და მღვდელი – მამა ეფრემ კატუნაკელი – როდესაც წირვისთვის ადიოდა მათთან. ეს სენაკები იმდენად მცირე იყო, რომ სივიწროვესა და ასკეზას მიჩვეულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა იქ ცხოვრება. მათი სიგრძე 180, ხოლო სიგანე 150 სმ იყო, კარის ფუნქციას კი ფანჯარა ასრულებდა.
უპოვარების სიმდიდრე, რომელიც შინაგან კაცს ღმერთისმიერი გრძნობით ავსებს, ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს მინიმუმამდე ზღუდავს. როდესაც გონება უზრუნველობის წყნარ ოკეანეში დაცურავს, მაშინ ადამიანი ნივთებსა და მატერიალურზე ზრუნვას ყოველნაირად გაურბის. ეს იყო მიზეზი, რომ, როდესაც ისინი 1947 წლის ზაფხულს გავიცანი, ფაქტობრივად არაფერი გააჩნდათ.
მდუმარე და უზრუნველი ცხოვრების სიყვარული და ასეთი ცხოვრების სულიწმიდისეული ნაყოფები ზოგჯერ ჩვენს მამებს აიძულებდა, დაევიწყებინათ ადამიანთა მიმართ სიყვარულისა და ურთიერთდახმარების კანონი. არ სურდათ, მოჰკლებოდნენ ღმერთთან „ერთი ერთზე“ საწადელ ურთიერთობას. ეს ენა მხოლოდ იმათ ესმით, რომელთაც ამის პირადი და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ – მხოლოდ ისინი გაუგებენ ამგვარი მოღვაწეობის მოშურნეებს.
ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მამებმა თავდაპირველად უარი მითხრეს: არც ადგილი გვაქვს აქ შენთვის და ჩვენი ცხოვრების წესიც მკაცრიაო. მაგრამ მე იმედი არ დამიკარგავს და პირობა ვთხოვე, რომ ჯერ ილოცებდა და მერე მიპასუხებდა. ხოლო როდესაც ჩვენი მომდევნო შეხვედრის დროს მაუწყა, რომ თავისთან მტოვებდა (რასაც სულმოუთქმელად ველოდი), მაშინ ჩემთვის, უღირსისთვის, ცხოვრების ახალი გვერდი გადაიშალა. არანაირი ეჭვი და გაუგებრობა აღარ მაწუხებდა, არამედ რწმენის სისავსით და გულსავსეობით ვცხოვრობდი, რადგან მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი, რასაც ველოდი და რაზეც ვოცნებობდი.
წმიდა მამების ნაშრომების ყურადღებიანი კითხვით და ჩემი პირველი მონასტრის*(სტავროვუნი, კვიპროსი) მოძღვრებთან საუბრებით დავასკვენი, რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატება აბსოლუტურადაა დამოკიდებული გამოცდილ სულიერ მოძღვარზე. არ ვიცი, ვაჭარბებ თუ არა ჩემი ასეთი დასკვნით, მაგრამ ამ აზრში ღრმად ვიყავი დაჯერებული და მონაზვნური ცხოვრების სხვა არანაირი გზა არ მიზიდავდა. ამიტომაც ჩემი ცხოვრების ახალი გვერდი გადაიშალა-მეთქი.
ფიზიკური შრომა, ზოგადი შეჭირვება, მკაცრი ბუნენრივი გარემო, სახელდახელოდ მოწყობილი საცხოვრებელი (კვირაში სულ მცირე ორჯერ სენაკის გარეშე ვრჩებოდი, (როდესაც მღვდელი ამოდიოდა წირვისთვის), ჩემთვის მიუჩვეველი სიმძიმეების ტვირთვა (რაც ჩვენი ყოფის უცილობელ ნაწილს შეადგენდა), ტანსაცმლის დეფიციტი (ზამთრის სამოსი არ მქონდა), და ზოგადად, მთელი ჩვენი ცხოვრების წესი და პირობები ძალიან მკაცრი და უნუგეშო იყო. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ეჭვების მაგივრად სიხარულს იწვევდა. მეტიც, ფარული შიშიც მქონდა – რამე ისეთი არ ჩავიდინო, რაც მამებს აიძულებს დამითხოვონ-მეთქი. შუადღემდე ვმუშაობდით. მოვითავებდით რა აუცილებელ საქმეებს, მწუხრს ვიხდიდით სკვნილზე (თითოეული ცალ-ცალკე) და მცირე ხანს ვკითხულობდით. ამას სადილი, უფრო სწორად კი, ვახშამი მოჰყვებოდა. შემდეგ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ვიღებდით და სენაკებში დასაძინებლად განვმარტოვდებოდით. დასვენების მერე, თუ რამის მომზადება იყო საჭირო მეორე დღისთვის, ვაკეთებდით, და სენაკებში ცალ-ცალკე ლოცვას ვიწყებდით, ვმღვიძარებდით შუაღამემდე. თუ წირვა გვქონდა, შუაღამე რომ გადავიდოდა, მერე ვიწყებდით, ხოლო თუ არა – ვკითხულობდით. ამავე დროს შეგვეძლო ჩვენ, ახალგაზრდებს, მოძღვართან წავსულიყავით და გულისსიტყვები გვეთქვა, მისგან კი რჩევა-დარიგებები მიგვეღო.
ჩვენი ბერი ღრმად მოაზროვნე, ბრძენი და გამოცდილი ადამიანი იყო. სანამ შეეკითხებოდი, შენს პრობლემას დაწვრილებით განგიმარტავდა და გამოსავალსაც გიჩვენებდა. მაოცებდა: ასე დეტალურად საიდან იცის ჩემი შინაგანი მდგომარეობა-მეთქი – მე თვითონაც კი მიჭირდა ზუსტად გადმომეცა იგი! ჩემი მასთან მისვლის პირველივე დღეს დაწვრილებით ამიხსნა სულიერი ცხოვრების არსი და აზრი. განსაკუთრებით, ცდილობდა, ჩვენთვის საღმრთო მადლის საკითხი განემარტა – რომ სწორედ ის არის ძირითადი ფაქტორი, რომლის გარეშეც ადამიანს არაფრის გაკეთება არ ძალუძს, და შესაბამისად, ჩვენი მთავარი საზრუნავიც მისი მოხვეჭა უნდა იყოს. ნელ-ნელა ვიგებდი მისი სიტყვების აზრს, რადგან მანამდე სულიერი წიგნებიც სიღრმისეულად მქონდა შესწავლილი და ჩემს პირველ მოძღვრებთან საუბრებიც ხელს მიმართავდა, მაგრამ ის, თუ როგორ და რანაირად მოქმედებდა მადლი, არ ვიცოდი.
მას მერე, რაც უკვე მუდმივად მათთან ვცხოვრობდი, ბერი იოსები სხვა სენაკში გადავიდა, რომელიც მე გავუმზადე, დაახლოებით ორასი მეტრის მოშორებით. იქ მარტო ცხოვრობდა. მხოლოდ ღამისთევის შემდეგ მივდიოდით მასთან, რადგან მანამდე არავის იღებდა. ერთხელ, შუადღეს, სადილის შემდეგ, როდესაც მისგან ჩვეულ ლოცვა-კურთხევას ვიღებდი, ხელზე ხელი მომიჭირა და ღიმილით მითხრა: საღამოს ამანათს გამოგიგზავნი და არ დაგეკარგოს. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, არც ბევრი მიფიქრია ამაზე და წამოვედი. დასვენების შემდეგ, როგორც გვჩვეოდა, დავიწყეთ ღამისთევის ლოცვა. მოვემზადე იმისთვის, რომ გონება ისე მომეკრიბა, როგორც მოძღვარს ესწავლებინა, „ამანათი“ კი სრულიად გადამავიწყდა.
არ მახსოვს, როგორ დავიწყე ლოცვა. ის კი ვიცი, რომ, როგორც კი რამდენიმეჯერ წარმოვთქვი ქრისტეს სახელი, იმწუთას გული ღმერთის მიმართ სიყვარულით ამევსო. სულ მალე იმდენად გაძლიერდა ეს შეგრძნება, რომ არა მხოლოდ ვლოცულობდი, არამედ ამ სიყვარულის უკიდეგანობით განკვირვებული ვტკბებოდი. მინდოდა თითოეულ ადამიანს ჩავხუტებოდი, მთელი ქვეყანა გულში ჩამეკრა, თანაც იმავდროულად ისეთ სიმდაბლეს ვგრძნობდი, რომ მეგონა ყველა ქმნილებაზე უდარესი ვიყავი. მაგრამ სიყვარულის სისავსე და ცეცხლი ქრისტესკენ იყო მიმართული. ვგრძნობედი მის თანმყოფობას, ვგრძნობდი, რომ იქვე იყო, თუმცა დანახვა არ შემეძლო. მინდოდა უხრწნელ ფეხებში ჩავვარდნოდი და მეკითხა: „როგორ ახერხებ, რომ ერთდროულად სიყვარულის ასეთ ალს აღანთებ ჩვენში და თანაც უჩინარი და უცნობი რჩები?“. მაშინ ანაზდად ჩემს სულს ეუწყა, რომ სწორედ ესაა სული წმიდის მადლი, ესაა ცათა სასუფეველი, რომელიც, უფლის სიტყვების თანახმად, ჩვენშია3. ვნატრობდი: უფალო, ასე დამტოვე და სხვა აღარაფერი მინდა-მეთქი. ამ ნეტარებამ საკმაო ხანს გასტანა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩვეულებრივ მდგომარეობას დავუბრუნდი. სულმოუთქმელად ველოდი იმ წუთს, როცა მოძღვართან წავიდოდი და ყველაფერს გამოვკითხავდი.
20 აგვისტო უნდა ყოფილიყო. მთვარე ანათებდა. მოვიდა თუ არა დრო, გავიქეცი მასთან და თავის პატარა ეზოში შევხვდი. სანამ რამეს ვკითხავდი, გამიღიმა და მითხრა:
— ხედავ, როგორი ტკბილია ჩვენი უფალი? გამოსცადე ის, რასაც დაჟინებით ეძებდი? ახლა უნდა გაისარჯო იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა მუდმივად გქონდეს და უდებებამ არ მოგპაროს იგი.
მეც ფეხებში ჩავუვარდი და ვუთხარი:
— გამოვცადე, მამაო, მე, ყველა ქმნილებაზე უღირსმა, გამოვცადე მადლი და ქრისტეს სიყვარული. იმასაც მივხვდი, თუ რა კადნიერება აქვთ [სულიერ] მამებს და რა ძალა მათ ლოცვებს. როდესაც ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე, დაწვრილებით აეხსნა, თუ როგორ მოხდა ასეთი რამ, სიმდაბლით აარიდა თავი პასუხს და მხოლოდ ეს მითხრა:
— ღმერთმა წყალობა მოიღო შენზე და წინასწარ გიჩვენა თავისი მადლი, რათა წმიდა მამების სიტყვებში ეჭვი არ შეგეპაროს და სულმოკლეობა არ გამოიჩინო.
მაშინ მივხვდი, თუ რატომაა გავრცელებული ჩვევა, სხვებს რწმენითა და ნდობით ლოცვა ვთხოვოთ ხოლმე: „მამაო, ილოცე ჩემთვის“; „მამაო, ლოცვებში არ დამივიწყო“, „მამაო, ლოცვებში მომიხსენე“.
რა თქმა უნდა, ქრისტიანები სხვადასხვანაირად ვითხოვთ დახმარებას მართალი ადამიანებისგან და საჭიროებისდა მიხედვით ვიღებთ პასუხს. [ეს ბუნებრივი მოვლენაა.] მაგრამ, როდესაც სულიერ მოძღვარს თვითონ შეუძლია მიხვდეს, თუ რა სჭირდება სხვა ადამიანის სულს, ზედმიწევნით იცოდეს მისი მდგომარეობა, მბრძანებლური ტონით თქვას: „წადი და მიიღე ის, რასაც მე გამოგიგზავნი – ის, რაც შენ გჭირდება“; იცოდეს, თუ რას აგზავნის და მიიღო სხვამ თუ არა – ეს ყველაფერი ბუნებრივის ზღვარს სცდება და იმათ კომპეტენციაში შედის, რომლებმაც ზებუნებრივ მდგომარეობას მიაღწიეს.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბერის ლოცვების წყალობით სულიერი ნუგეში ვიგრძენი. ვინმე იტყვის: არაა გასაკვირი, რომ მორჩილმა მოძღვრის ლოცვა-კურთხევის ძალა თავის თავზე გამოსცადოსო. ეს მართლაც ასეა და ნეტარნი არიან ის მონაზვნები, რომელთაც თავიანთი სულიერი მოძღვრებისადმი რწმენა და ნდობა აქვთ, რამეთუ ამ უკანასკნელთა ლოცვა-კურთხევა მათთვის ჭეშმარიტი საფარველია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა, უფრო ამაღლებული და მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა.
ერთი რამაა, რომ მორჩილი, თავისი რწმენისა და კრძალულების შესაბამისად, საღმრთო მადლის საიდუმლო დახმარებას იღებს უბრალო სიტუაციებსა და ვითარებებში, ანუ თავს აღწევს საფრთხეებსა და სირთულეებს, გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავალს პოულობს, გრძნობს, რომ რაღაც საიდუმლო ძალა მუდმივად იფარავს. ამას ისიც კი გრძნობს, ვინც სულ ელემენტარულ მორჩილებას მაინც ეწევა, თანაც ისე, რომ მოძღვარმა არც კი იცის ეს (მეტიც, როდესაც ესმის მორჩილის მიერ ნაამბობი სასწაულები, უკვირს, თუ როგორ საოცრად მოქმედებს საღმრთო მადლი).
სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც ბერი ხელმწიფებით უგზავნის მადლსა და კურთხევას თავის მოწაფეს, თუ სხვას, ან სხვაგან, იმდენს და მაშინ, როცა თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და მოინდომებს. ასეთი რამ მხოლოდ ჭეშმარიტად სულიერ ადამიანებს ახასიათებთ, იმათ, ვის შესახებაც პავლე ამბობს: „სულიერი განიკითხავს ყოველსავე და იგი არავისგან განიკითხვის“4. უფალიც ხომ ბრძანებს: „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ*(სადაც უნდა ქრის), არამედ არა იცი, ვინაი**(საიდან) მოვალს და ვიდრე***(საით) ვალს“5. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ქრისტეს გონება და სული აქვთ6.
ის, რაც გიამბეთ, არ იყო პირველი შემთხვევა იმისა, რომ მოძღვარმა გვანუგეშა და გულსავსე გვყო. ომის შემდგომი წლები7, როგორც ბევრ ჩვენგანს ახსოვს, მონასტრების გარეთ მცხოვრები მონაზვნებისთვის, როგორებიც ჩვენ გახლდით, საკმაოდ რთული იყო, რადგან საარსებო სახსრების მოპოვება დიდად გაჭირდა. ხელსაქმეები არ იყიდებოდა8 და ზოგადად, ფული ადვილად არ იშოვებოდა. ამგვარად, მხოლოდ ფიზიკური შრომით თუ მოვიპოვებდით რამეს, რისთვისაც აქეთ-იქით სიარული გვიწევდა. მონასტრებში დავდიოდით და ვეხმარებოდით ზეთისხილის, თხილის, ყურძნის, ხილ-ბოსტნეულის დაკრეფასა და სხვა მსგავს სამუშაოებში, ხოლო გასამრჯელოდ შეგროვებულის რაღაც ნაწილს გვაძლევდნენ. ასეთი ყოფა მანამ გაგრძელდა, სანამ ვითარება მეტ-ნაკლებად არ გაწონასწორდა და ჩვეული ხელსაქმეების გაყიდვა დავიწყეთ. ასეთ გარეშე სამუშაოებზე, სხვა ბერების მოწაფეებთან ერთად, მეც დავდიოდი. სამუშაოს კი ვშოულობდით, მაგრამ ხშირად ვყოვნდებოდით და მოძღვარს დიდხანს ვერ ვხედავდით. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძნელი იყო, რამეთუ ბერი ის-ის იყო გავიცანი, თანაც, არც მყარი სულიერი საფუძველი მქონდა ჯერ და არც ათონურ ცხოვრების წესს ვიყავი შეჩვეული. ძალიან ვიღლებოდი სულიერადაც და ფიზიკურადაც. მაგრამ რამდენჯერაც ჩემი მოთმინება ზღვარს მიაღწევდა და რაიმე გულისსიტყვა შემაწუხებდა, მოძღვრისგან წერილს ვიღებდი ნეა სკიტი-დაფნის ფოსტით. წერილში დაწვრილებით იყო აღწერილი როგორც ჩემი სულიერი მდგომარეობა, ასევე ისიც, თუ რატომ და რა მიზეზით შემემთხვა ესა თუ ის, გარეგნული თუ შინაგანი მოვლენა. საოცარი ის იყო, რომ, სანამ კონვერტს გავხსნიდი, ჩემში უკვე რაღაც იცვლებოდა, მწუხარება მტოვებდა და სულიერი სიხარული მეუფლებოდა. ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მახრჩობდა და არ მასვენებდა, ახლა საერთოდ აღარ მადარდებდა! რამდენჯერმე ასეთი რამ წერილის გარეშეც შემემთხვა — ბერის ჩემთან ყოფნას ზებუნებრივად ვგრძნობდი. თანაც იმდენად ხელშესახებად, რომ ეჭვის ნასახიც არ მქონდა9.
შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი სიტყვები, ან რთული იყოს ჩემი ნათქვამის გაგება მათთვის, ვინც ეს ენა არ იცის, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ ჭეშმარიტება დავმალოთ და შევეცადოთ უმრავლესობის მოსაწონად ვილაპარაკოთ. არ შეგვიძლია დავფაროთ ან დავაკნინოთ ის, თუ როგორ ფიქრობენ და მოქმედებენ ღმერთის ნამდვილი მონები. მოძღვარმა ზედმიწევნით იცოდა თითოეული ჩვენგანის სულიერი მდგომარეობა და შეეძლო, დეტალურად აეხსნა, თუ რატომ და როგორ შეგვემთხვა ესა თუ ის განსაცდელი. აგრეთვე, შეეძლო, მოეცა სნეულების კურნებისთვის საჭირო „რეცეპტი“, გულისსიტყვა იქნებოდა ეს სნეულება, თუ ვნებების მოქმედება. სრულყოფილად განმარტავდა საღმრთო მადლის მოქმედებასაც, რადგან თავად იყო მადლითა და საღმრთო განათლებით სავსე. სიტყვები თავისი გულის ნამეტნავისა და გამოცდილების საგანძურიდან გამოჰქონდა; თანაც, მარტივად, უშრომელად*(გაურჯელად) და უბრალო სიტყვებით, მაგრამ, იმავდროულად, დამაჯერებლადაც. თითოეულს იმას მოარგებდა, რაც ამ უკანასკნელს სჭირდებოდა. ხოლო თუ სიტყვითა და დარიგებით ვერ გააგებინებდა (რადგან მოწაფეს გაგება უჭირდა), მაშინ ნაკლულევანებას ლოცვით შეავსებდა ხოლმე. ნეტარს კიდევ ერთი დაურღვეველი ჩვეულება ჰქონდა: არაფერს გააკეთებდა ლოცვისა და გულსავსეყოფის (ზეგარდამო უწყების) გარეშე. ამიტომაც, როდესაც რაიმეს დავეკითხებოდით, პასუხს მაშინვე არ გაგვცემდა.
ისევე, როგორც წმიდა ბასილის სკიტში, გამოქვაბულებშიც ადგილის სივიწროვე და შეზღუდული ცხოვრების წესი სირთულეებს გვიქმნიდა. ბერი გულმოდგინედ გაურბოდა ნებისმიერ „სივრცელესა“ და კომფორტს. ჩვენი ყოფის მუდმივი კანონი იყო, ყველაფერი სახელდახელოდ, დროებით, უბრალოდ გაგვეკეთებინა, რათა მინიმალური ზრუნვის ხარჯზე და ადვილი საშუალებებით შესრულებულიყო. ბერი იოსები ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ცხოვრება დაგეგმილი გვქონოდა, ხოლო დეტალებში გათვლილი განრიგი ზედმიწევნით დაგვეცვა. თუ შეღავათის გაკეთებას ვთხოვდით იმათთვის, რომლებიც ჩვენს ცხოვრების წესს ვერ „იტევდნენ“, მაშინ მოკლე და დამაჯერებელ პასუხს გაგვცემდა ხოლმე, ან საკუთარი გამოცდილებიდან, ან წმიდა მამათა სიტყვებიდან, რომელთა აზრიც, სხვათა შორის, სიღრმისეულად ესმოდა კიდევაც და საქმეშიც ახორციელებდა. სხვების მიმართ ბერი იყო წყნარი, რბილი, მშვიდობიანი და გულმოწყალე, ხოლო საკუთარი თავის მიმართ დაუჯერებლად შეუვალი და სასტიკი. ამგვარად შეინარჩუნა სიცოცხლის ბოლომდე თავდაპირველი მოშურნეობა.
ახალგაზრდობაში გაწეული მკაცრი ღვაწლი, საკუთარი თავის ყოველმხრივი შეზღუდვა, ვიწრო სივრცეში ნებაყოფლობით ცხოვრება, მინიმალური კომფორტისა თუ დასვენების უარყოფა – ამ ყველაფერმა იმდენად წაუხდინა ჯანმრთელობა, რომ ღრმად მოხუცებულ და გადაღლილ ადამიანს დაემსგავსა. ყველაზე დიდი ზიანი ფეხებს მიადგა: სიარული მხოლოდ მცირე მანძილზე და ისიც შესვენებებით შეეძლო. პერიოდულად მთელი სხეული უსივდებოდა და ამბობდა, რომ პროტეინურია10 ჰქონდა. ხელს თუ გაიჭრიდა, განსაკუთრებით, ზემო ნაწილში11, სისხლის მაგივრად წყალი გამოსდიოდა. ოდნავ დაიღლებოდა თუ არა, სუნთქვა უჭირდა. ჭამის განრიგსა და წესს დიდი სიზუსტით იცავდა ყოველდღიურად, ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე დაედგინა საკუთარი თავისთვის – არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევდა. აზრადაც არ მოუვიდოდა, დაწესებული დროის გარდა ეხმია რამე. ამის გარდა, ვხედავდით, თუ როგორ იტანჯებოდა, როდესაც სხეული მოუუძლურდა და დაძინება უჭირდა.
როდესაც მოგვიანებით ძმები – ეფრემი და ხარლამპი შემოგვიერთდნენ, ჩვენც შევწყვიტეთ გარე სამუშაოებზე გასვლა და ხელსაქმის კეთება დავიწყეთ. მაშინ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ჩვენი ყოფა ოდნავ გაგვეუმჯობესებინა, რამეთუ, თუ დავიწყებ იმის აღწერას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ბერები, როდესაც პირველად მივედი მათთან, დღევანდელი თაობა არ დამიჯერებს.
მოძღვრის სადა და უბრალო ცხოვრების წესის სულით აღზრდილებს არაფრის არქონა არ გვაშინებდა, მაგრამ ზოგიერთი რამის გარეშე არსებობა შეუძლებელი იყო, მაგალითად, საცხოვრებელი სენაკის, ამიტომაც იძულებულები გავხდით, რამდენიმე ახალი კელია12 აგვეშენებინა. ვერ ვბედავ იმის მოყოლას, თუ რა პირობებში, რა რაოდენობის მასალითა და რა საშუალებებით ავაგეთ ის სახელდახელო სენაკები – მხოლოდ ღმერთმა უწყის – რამეთუ მეშინია, ოდესმე ისევ არ მომიწიოს. იმას კი ვიტყოდი, რომ ასეთი საქმეები, ასეთ ურთულეს პირობებში, მხოლოდ იმათ ახალგაზრდულ და პირველად მოშურნეობას ძალუძს, რომლის მტვირთველებსაც საღმრთო მადლმა თვალები დაუფარა, ხოლო გულები ღმერთის სიყვარულით დაუთრო და ამგვარად „ყრუნი და უტყუნი“13 გახადა.
ჩვენს ბერებს (იოსებსა და არსენს), ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების გარდა, მარხვის საკუთარი კანონებიც ჰქონდათ იმისთვის, რომ სულიერად უფრო მეტად გარჯილიყვნენ. როცა ჩვენ, ახალგაზრდა მოწაფეები, მიგვიღეს, თავიანთი ჩვეულება არ შეუცვლიათ, თუმცა ჩვენ უფლებას არ გვაძლევდნენ იგივე გაგვეკეთებინა. მ. ხარლამპი ჯერ არ იყო ჩვენს საძმოში, როცა მე და უმცროსმა ძმამ – ეფრემმა – მოძღვარი ვაიძულეთ ლოცვა-კურთხევა მოეცა, რომ მარხვაში ჩვენც მათნაირად გვეღვაწა. დაიწყო დიდმარხვა. ჩვენი ტიპიკონის თანახმად, შაბათ-კვირის გარდა, მკაცრი დუმილი და უმკაცრესი მარხვა უნდა დაგვეცვა, მარხვის წესი კი ყოველ წელს იცვლებოდა. თითოეული ჩვენგანი მცირე ოდენობის მარილწყალში გრამ ფქვილს ხარშავდა (ქვაბის მოვალეობას კონსერვის ყუთი ასრულებდა), რასაც დღეში ერთხელ, ბიზანტიური დროით 9 საათზე, ანუ მზის ჩასვლამდე სამი საათით ადრე ვიხმევდით. შაბათ- კვირას საჭმელს ვჭამდით, მაგრამ მაშინაც პურის რაოდენობა შეზღუდული გვქონდა: იმდენი არ იყო, რომ მშრომელ კაცს ჰყოფნოდა. ასეთი განაწესი იყო იმ წელს. ბერი დავაჯერეთ, რომ ჩვენც იმავე პროგრამას მივყვებოდით. სამდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ოთხშაბათიდან ასეთი მარხვა დავიწყეთ14. მეხუთე შვიდეულამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ კი ძალები ამოგვეწურა და უძლურებამაც თავის მწვერვალს მიაღწია. კვირის ბოლოს, ერთ დილას, დაწესებულ დროს ვეღარ ავდექით, მიუხედავად იმისა, რომ მ. არსენი ფანჯარაზე გვიკაკუნებდა. დიდმა ბერმა იკითხა, რატომ არ გამოვიდნენ ჩვეულ სამუშაოებზეო, რაზეც მ. არსენიმ მიუგო, ავად არიან და არ შეუძლიათ ადგომაო.
— არა, არსენი, ნუ ხარ ასეთი მიამიტი, — მიუგო ბერმა, – მშვენივრად არიან. ცოტა პური მიეცი და ნახავ, რა კარგად გახდებიან.
შენიშვნები
- პარაკლიტონი, ხმა გვერდი პირველი (მეხუთე), კვირადღის ცისკრის პირველი ანტიფონი.. ↩
- ისევ ღირს ილარიონ ქართველის მოწაფე იგულისხმება. ↩
- იხ. ლუკ. 17,21. ↩
- კორ. 2,15. ↩
- იხ. იოან. 3,8. ↩
- შეად. 1 კორ. 2,16. ↩
- ავტორი გულისხმობს მეორე მსოფლიო ომსა და მის შემდეგ საბერძნეთში მომხდარ სამოქალაქო ომს (1946-1949) სახელმწიფოსა და კომუნისტ მოჯანყეებს შორის, რომელიც ამ უკანასკნელთა დამარცხებით დამთავრდა. ↩
- ხელსაქმე – აქ: ის, რასაც მონაზვნები საკუთარი ხელებით აკეთებდნენ: სკვნილები, სეფისკვერის ბეჭდები, ხატები და ა.შ. ↩
- ეს ძვირფასი წერილები, სამწუხაროდ, ბერ იოსებ ვატოპედელის რთული ცხოვრების რაღაც ეტაპზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი გადაადგილების დროს დაიკარგა. ↩
- პროტეინურია – ცილის არსებობა შარდში, რაც, ჩვეულებრივ, თირკმელების დაავადებაზე ან დაზიანებაზე მუთითებს. ↩
- ავტორი აქ წინამხარს უნდა გულისხმობდეს. ↩
- კელია – აქ: სენაკი, მონაზვნის საცხოვრებელი ოთახი. ბერძნულად სიტყვა-სიტყვით [ციხის] საკანს ნიშნავს. ↩
- შეად. ფსალმ. 37,14-15. ↩
- ათონის მთაზე მონაზვნების უმრავლესობა დიდმარხვის პირველ ორ დღეს ყველანაირი საჭმელ-სასმელისაგან თავს იკავებს და მხოლოდ ოთხშაბათის პირველშეწირულის წირვის შემდეგ შეჭამს რამეს. ↩