მართლაც, როგორც კი ეს „წამალი“ მოგვცეს, იმწუთას „გამოვჯანმრთელდით“. ამგვარად ვისწავლეთ, რომ კაცმა ყველაფერში თავისი საზომი უნდა იცოდეს და საკუთარ ძალებზე აღმატებულ საქმეს ხელი არ უნდა მოჰკიდოს.
არასდროს დამავიწყდება ის დღეები, რამეთუ ჩემი გლახაკი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. როგორ მენატრება ხოლმე ის, მართლაც, ზეციური დღეები და როგორ მინდა (შესაძლებელი რომ იყოს ასეთი რამ), ოდესმე კიდევ მეცხოვრა ასე მყუდროდ და უზრუნველად. იმ მშვიდ და აუღელვებელ ყოფაში ჩვენი უბიწო ახალგაზრდული სული ჭეშმარიტი მამობრივი სიყვარულისა და მზრუნველობის წიაღში ტკბებოდა. ჩვენი მოძღვრის ლოცვისა და გულმოდგინების წყალობით, მდუმარებას ჰქონდა ნაყოფი და მუდმივ უსაფრთხოებასაც ვგრძნობდით, ეს ყველაფერი კი ჩვენს გულებს იმას აუწყებდა, რომ მომავალშიც ყველა სირთულეს წარმატებით გავართმევდით თავს. ერთია, რომ კაცი, კეთილი განზრახვითა და განწყობით, წიგნებში წაკითხულის მიხედვით მოღვაწეობს, და სულ სხვა რამ არის, როდესაც გამოცდილი ხელოვანისა და წინამძღოლის გვერდით იღვწი, რომელიც შენს ყოველ ნაბიჯს წარმართავს.
გვაკვირვებდა ისიც, რომ ჩვენს კურთხეულ ბერს, მიუხედავად იმისა, რომ ერული განათლება არ ჰქონდა, შეეძლო ძალიან მარტივად და გასაგებად აეხსნა ნებისმიერი სულიერი საკითხი. ამის გარდა, წმიდა წერილისა და მამების აზრებიც თავისუფლად და უშეცდომოდ ესმოდა. ამას ვხედავთ მის წერილებშიც, რომელიც ჩვენმა ფილოთეველმა ძმებმა გამოსცეს1.
როდესაც მორწმუნეს რაღაც სულიერი შეკითხვა აქვს, მასზე პასუხის გაცემა მრავალ ადამიანს შეუძლია, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, პასუხი სწორიც რომ იყოს, მსმენელს მაინცდამაინც ვერ აჯერებს, რადგან პასუხს, ჩვეულებრივ, ზოგადი ხასიათი აქვს. ბერი იოსები კი არა მარტო დაწვრილებით განმარტავდა დასმულ საკითხს, არამედ ისეთ დეტალებსაც მოჰფენდა ნათელს, რომლებიც შემკითხველს აწუხებდა, მაგრამ, გამოუცდელობის გამო, კითხვა სწორად ვერ ჩამოეყალიბებინა და გამორჩენოდა. თუ შეიძლება ასე ითქვას, სამსჭვალთა კვალზე ხელს გვადებინებდა2. მაშინაც კი, როდესაც მოწაფეს მცირედმორწმუნეობის გამო რამის გაგება უჭირდა, ბერი, მასში უხვად მკვიდრი საღმრთო მადლის ძალით, სავსებით აჯერებდა მას და ყოველგვარ ეჭვს განდევნიდა მისგან. ჩვენც სიხარულით ვიტყოდით ხოლმე: „ვიპოვეთ საწადელი კაცი, რომლის შესახებაც დაწერეს მოსემ და წინასწარმეტყველებმა“3.
ვერც ჩვენი მკაცრი დღის განრიგი, ვერც აუცილებელი ნივთების არქონა, ვერც ადგილის უდაბურობა და მოუხერხებლობა, ვერც მძიმე ფიზიკური შრომა, რაც 6-7 კაცის შენახვას სჭირდებოდა, ვერ ასუსტებდა ჩვენს შემართებას, რამეთუ ღმერთის წყალობა და საღმრთო მადლი გულებს გვივსებდა ჩვენი ბერების ლოცვით. მაგრამ, იმავდროულად, ჩვენი თიხის სხეული ძალებს კარგავდა და ამგვარად, საქმეზე გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს: „სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ“4. შინაგანი სისხლდენა და სისხლიანი ნერწყვი უკვე ძალიან ხშირად გვაწუხებდა. მტკიცე ნებისყოფა და მადლის შეწევნა ჩრდილავდა ამ სისუსტეს, თანაც ნიმუშად ჩვენი მოძღვარი გვყავდა, რომელიც ყოველთვის რწმენით ხელმძღვანელობდა და არა ერული ლოგიკური ფიქრით.
ჩემი ცხოვრების ამ პერიოდის გამოცდილებამ – მოძღვრის მზრუნველობის ქვეშ მოღვაწეობამ, საღმრთო მადლის საიდუმლო ნუგეშისა და სულიერი უსაფრთხოების განუწყვეტელმა შეგრძნებამ – დამაჯერა იმაში, რომ მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატება უმეტესად დამოკიდებულია სულიერი წინამძღოლის თანადგომაზე. თამამად ვქადაგებ ამ ჭეშმარიტებას, ხოლო „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ“5. ეს, რა თქმა უნდა, არ არის აღმოჩენა ან ახალი გამოცხადება, არამედ წმიდა მამათა გადმოცემის კიდევ ერთი დადასტურება. ნეტარია ის მორჩილი, რომელიც „დაიცავს ამას და გულისხმაჰყოფს წყალობათა უფლისათა“6.
დიდი ვაი-ვაგლახით, როგორც ვთქვით, ცოტათი მოვაწესრიგეთ იქაურობა და ჩვენი ყოფაც გავიუმჯობესეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლდა. ამასობაში ჯანმრთელობა გაგვიუარესდა. მოძღვარი ჩაწვა. ნებისმიერი მოძრაობა უჭირდა და ამიტომ მთელი მისი ცხოვრება ტკივილად იქცა. მაგრამ, რადგან შრომა უყვარდა, ხელსაქმისთვის განკუთვნილ საათებში ისიც საქმიანობდა. მისი ხელსაქმე ხეზე ჭრა იყო. ჩვენ მასალას ვუმზადებდით, ის კი პატარა ჯვრებს ამზადებდა, თანაც ძალიან სხარტად და ოსტატურად. მაშინ მარტო ცხოვრობდა იმ კალივაში, რომელიც მოშორებით ავუშენეთ. შუადღისას მასთან მივდიოდით ხოლმე, შემდეგ კი თითოეული თავის სენაკს უბრუნდებოდა.
ჩვენი საცხოვრებელი წყნარი და განმარტოებული იყო, მაგრამ, იმავდროულად, ცუდ ამინდში სრულიად დაუცველი. ხოლო იმის გამო, რომ უმეტესად ციოდა, მოძღვარი დავითანხმეთ, მისთვის პატარა ღუმელი დაგვედგა. ამგვარად მე, უბადრუკმა, ზომები ავიღე და მასალა მოვამზადე: შიგნიდან თიხა იქნებოდა, გარედან კი ფოლადის ფურცლები. საღამოს ყველაფერი გავამზადე, დილით კი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ავიღე, საჭირო იარაღები შევაგროვე და იქვე მახლობლად შევუდექი საქმეს. კარგი ამინდი იდგა და ამიტომ ღია ცის ქვეშ ვმუშაობდი. მაგრამ მოულოდნელად ამინდი გაფუჭდა, მოგვიანებით კი უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდი: რაღაც უცნაური და გაურკვეველი მიმართულების ქარი უბერავდა, რომელიც ყველაფერს სახეში მაყრიდა: ფოლადის ფურცლებს, ფიცრებს, ქაღალდს, ქვიშას; იარაღი ხელიდან უცნაურად მიცვიოდა და სადღაც მიგორავდა, თუმცა იქ დაღმართი არ იყო; ლურსმნები უმიზეზოდ იღუნებოდა, ბურღი ტყდებოდა, ზომები აღარ ესადაგებოდა… თავიდან ამ სირთულეებს ყურადღებას არ ვაქცევდი და ვცდილობდი, ყველაფერი რიგრიგობით გამომესწორებინა. მაგრამ მალე ძალიან საგრძნობი გახდა, რომ უჩვეულო და უცნაური რამ ხდებოდა. ჩაქუჩი იმდენჯერ ჩავირტყი, რომ თითები მტკიოდა და იძულებული გავხდი, ცოტა ხნით გავჩერებულიყავი. შინაგანად რისხვას, შფოთსა და მოუთმენლობას ვგრძნობდი. რაღაცა ხდება-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს და რადგან ამინდიც გაფუჭდა, საქმე შევწყვიტე და მოძღვართან წავედი.
ჩვეულებრივ პირობებში ასეთ საქმეზე მაქსიმუმ ორი-სამი საათი თუ დამჭირდებოდა, ახლა კი ექვს საათზე მეტი გასულიყო და ჯერ არაფერი გამეკეთებინა. მაშინ გამახსენდა, რომ დილით ბერმა რაღაც მითხრა, რასაც სათანადო ყურადღება არ მივაქციე: „აბა, შენ იცი – ვნახოთ, დღეს რა გამოგივა“. არ მივაქციე-მეთქი ყურადღება, ვთქვი, რადგან მეგონა, რომ მოძღვარს, უბრალოდ, ჩემი დამდაბლება უნდოდა. მე ხომ ეს საქმე კარგად ვიცოდი. ამის გარდა, მინდოდა უფრო მალე და მეტი წარმატებით დამემთავრებინ სამუშაო, რომ მისთვის მესიამოვნებინა. ფარული სიხარული ვიგრძენი, როდესაც უფლება მომცა, ღუმელი გამეკეთებინა, თანაც მარტო მე!
ერთი სიტყვით, მივადექი მის სენაკს და დავუკაკუნე. კარი რომ გამიღო და შეშფოთებული დამინახა, გაეცინა.
— "მამაო, რა ხდება? რატომ მითხარი დილით, აბა რა გამოგივაო? ხომ იცი, რომ ასეთი საქმეები ჩემთვის სათამაშოა?
შენ თვითონ რას ფიქრობო, მკითხა. განსაცდელია, სატანა მოქმედებს-მეთქი, მივუგე. ასეაო, მიპასუხა და დასძინა:
— მომისმინე და აგიხსნი იმას, რაც უცნაურად გეჩვენება.. საღამოს, როდესაც ლოცვა დავასრულე და მინდოდა დამესვენა, სატანა დავინახე. მემუქრებოდა, დავაბრკოლებ და არ გავაკეთებინებ იმას, რაც გადაწყვიტეო. მე კი ქრისტეს ვუთხარი: „უფალო, ხელს ნუ შეუშლი, რათა მას ვუჩვენო, რომ მიყვარხარ და შენი გულისთვის ისეთ სიცივეს მოვითმენ, რამდენსაც შენ დაუშვებ“. ამიტომ, შვილო, ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ჯერ არ მქონდეს გათბობა.
როდესაც ეს არაჩვეულებრივი სიტყვები მოვისმინე და ღმერთის განგებულებისა და სულიერი კანონის ასეთი საიდუმლოს მოწმე გავხდი, გაკვირვებული, გონებით ვამბობდი: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და არა არს სიტყვა და გალობა, ღირსი საკვირველებათა შენთა დიდებისა!“ ეს შემთხვევა დამეხმარა გამეგო, თუ რა ძალა აქვს მოძღვრის სიტყვას. წმიდანები – ამბა პიმენი და ამბა დოროთე გვასწავლიან, რომ მოძღვრების სიტყვაში მადლის ძალა და მოქმედება იმალება, რაც მათი პიროვნული სულიერი მდგომარეობისა და გამოცდილების ნიშანია. ორივე ღირსი მამა, ისევე როგორც სხვა ბერები, თავიანთ აზრებსა და რჩევებს წმიდა მამების გამონათქვამებზე უფრო ამყარებდა, ვიდრე წმიდა წერილის ციტატებზე, რამეთუ მამების სწავლებაც, ფაქტობრივად, იგივე ბიბლიაა, ოღონდ წმიდა მამების სულით განმარტებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოძღვარი თვითონ ძალიან მკაცრი განრიგით ცხოვრობდა, მოუკლებელ თანაგრძნობასა და სიყვარულს ამჟღავნებდა მოყვასისადმი, განსაკუთრებით, სუსტისა და ღარიბისადმი, მონაზონი იქნებოდა ის თუ ერისკაცი. მახსოვს, კარულიაში7 მცხოვრებ ზოგიერთ უძლურ ბერზე მუდმივად ზრუნავდა: საჭირო სანოვაგეს, ზოგჯერ კი მზა საჭმელსაც უგზავნიდა. თანაგრძნობა, როგორც ღმერთის მოყვარული სულის პირველი ნაყოფი, და რწმენა, როგორც შეურყეველი გოდოლი, იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ღარიბულ კალივებში არასდროს არაფერი რჩებოდა. ჩვენთვის ეს მაშინ რთული იყო, რადგან რწმენის ძალის გამოცდილება არ გვქონდა. თუ ვინმე რამეს სთხოვდა, რაც კი გაგვაჩნდა, ყველაფერს აძლევდა, ჩვენ კი მხოლოდ იმედის ამარა გვტოვებდა. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს დაგვეხმარა ღმერთის განგებისადმი რწმენის მოხვეჭაში, რაც მომავალ ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგა.
როდესაც რამე საქმეზე გაგვაგზავნიდა და იქ გავიგებდით, რომ ვინმეს რაღაც შეემთხვა ან ზოგადად რამე უბედურება მოხდა, შინ დაბრუნებულები კი მოძღვარს ვუამბობდით, ბერი ტიროდა, ხოლო თუ ჭამდა, ჩერდებოდა. თუ ვინმე, პირდაპირ ან ირიბად, სიკეთეს გაგვიკეთებდა, ამას არასდროს ივიწყებდა და შესაძლებლობას ეძებდა, რომ უფრო მეტით მიეგო. მაგრამ მისი მადლიერება და თანაგრძნობა აპოგეას ლოცვაში ჰპოვებდა. საათობით ლოცულობდა ცრემლებით მთელი მსოფლიოსთვის და ამგვარად საქმით ეზიარებოდა ზოგადსაკაცობრიო ტკივილს, განსაკუთრებით იმ ნაცნობებისთვის, რომელთაც ლოცვაში მოხსენება ეთხოვათ. ზოგჯერ ვხედავდი, რომ ღელავდა და ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. მაშინ გულისტკივილით მომიგებდა ხოლმე, რომ ვინმე ჩვენი ნაცნობი გასაჭირში იყო და დახმარებას ითხოვდა.
როდესაც ურთიერთგავლენის კანონის შესახებ ვკითხეთ – თუ როგორ შეუძლია სულს ურთიერთობა ჰქონდეს სხვა, შორს მყოფ ადამიანთან, იმწუთას პასუხი არ გაგვცა ჩვენი ცნობისმოყვარეობის გამო. მაგრამ სხვა დროს, როდესაც იმავე საკითხს შევეხეთ, სულიერად რომ განვემტკიცებინეთ, ამის გაგებაში დაგვეხმარა ჩვენი მწირი შესაძლებლობის შესატყვისად.
ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მამა ათანასე, ბერ იოსების ხორციელი ძმა. ყველაზე მეტად იგი გადიოდა ხოლმე კალივიდან საძმოს საქმეებზე. იმისთვის, რომ ადამიანებთან შეხვედრებისა და საუბრებისთვის თავი აერიდებინა, აგრეთვე, მცხუნვარე მზის ქვეშ რომ არ ევლო, მამა ათანასე ტომარას მოიკიდებდა ხოლმე და ან გარიჟრაჟზე, ან საღამო ხანს გადიოდა სენაკიდან. ამგვარად, საგანგებოდ ცოტა დროს იტოვებდა საქმისთვის და უმეტესად ღამე დადიოდა. ფაქტობრივად, ყოველთვის ასე აკეთებდა, განსაკუთრებით, ზაფხულობით. ერთხელ ჩვენი მოძღვარი კონკრეტულ დროს გაემზადა მის შესახვედრად, თანაც ისე, რომ იცოდა რა მოჰქონდა და როგორ მდგომარეობაში იყო. გამიკვირდა და მოგვიანებით, მომეცა თუ არა ამის საშუალება, დაჟინებით ვთხოვე, განემარტა, თუ როგორ ხდებოდა ასეთი რამ. ბერმა მომიგო:
— შენთვის უკეთესი იქნებოდა, და გისურვებ კიდეც, რომ იგრძნო, თუ როგორ ხდება ეს, ვიდრე უბრალო ცოდნის სახით შეიტყო, მაგრამ, რადგან ასე მთხოვ, მომისმინე: ფანჯარასთან დაჩოქილი ვიყავი და იესოს ლოცვას ვამბობდი. რაღაც მომენტში, როდესაც გონება ლოცვის მოქმედებით მქონდა დაკავებული – ისე, როგორც საღმრთო მადლი განანათლებს მას – ამ ნათელმა იმატა და ჩემი გონებაც თითქოს გაფართოვდა და გაძლიერდა იმდენად, რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა; მთელ ჩვენს მხარეს კატუნაკებიდან მოყოლებული მონასტრებამდე და დაფნის ნავსადგურამდე, ჩვენს უკანაც კი – მკაფიოდ ვხედავდი, არაფერი იყო ისეთი, რასაც ვერ ვამჩნევდი ან არ ვიცოდი. თანაც ეს არ იყო ბუნებრივი, მზის ნათელი, ან ხელოვნური, ადამიანების მიერ შექმნილი, არამედ არაჩვეულებრივი, ქათქათა, უნივთო*(არამატერიალური). თანაც, ეს ნათელი არ არის მარტო გარეგნული, რომელსაც თვალებით ვხედავთ, არამედ ადამიანის შიგნითაა. კაცი მას საკუთარ სუნთქვასავით გრძნობს, მას ავსებს, როგორც საზრდელი და როგორც სუნთქვა, უმსუბუქებს ფიზიკურ სიმძიმეს, ფერს უცვლის ადამიანს ისე, რომ ვერ ხვდება, აქვს თუ არა სხეული, სიმძიმე ან სხვა რამე შეზღუდვა.
» მაშინ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, დავინახე მამა ათანასე, რომელიც წმ. პავლეს მონასტრიდან ჩვენკენ მოდიოდა და თავისი დიდი ტომარა ჰქონდა მოკიდებული. მთელი გზა, სანამ მოვიდა, თვალს ვადევნებდი. ყველა მის მოძრაობას ვხედავდი: როგორც ჩამოჯდა დასასვენებლად, როგორ დაუშვა ტომარა წმ. ანას წყაროსთან, როგორ დალია წყალი წისქვილში, როგორ მოაღწია სენაკს, როგორ ამოიღო გასაღები, გააღო კარი და შემოვიდა, მომიახლოვდა და მეტანია გამიკეთა.
» მაგრამ არ მესმის, რატომ გიკვირთ. ადამიანის გონებას აქვს თავისი ბუნებრივი ნათელი, რომლის მეშვეობითაც დემონების მიღმაც კი ხედავს, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. ხოლო როდესაც გონება საღმრთო მადლის მიერ იწმიდება და ნათლდება, მაშინ ეს ნათელი იმატებს და მადლს შეუძლია მუდმივად დაიმკვიდროს მასში; ზოგჯერ მას საღმრთო ჭვრეტასა და ხილვებში აიტაცებს ისე და იმდენად, როგორც და რამდენადაც თვითონ მადლმა უწყის. აგრეთვე, თავად ადამიანს, თუ ოდესმე რამის გაგებას ან ნახვას მოინდომებს, შეუძლია ლოცვაში ითხოვოს და საღმრთო მადლიც თხოვნას უსრულებს. მაგრამ, ვფიქრობ, ღმრთისმოშიში ადამიანები ამას გაურბიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, მართლაც, მწვავედ დგას რამე საკითხი. ყოველ შემთხვევაში, უფალმა „ნება*(სურვილი) მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს“8.
ბერი იოსები ხშირად ამახვილებდა ჩვენს ყურადღებას მღვიძარების, ძილის ნებაყოფლობითი მოკლების მნიშვნელობაზე. ძილის გონივრული მოკლება სულიერ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც მოღვაწეობის სამივე ეტაპზე აუცილებელია. მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში, განწმედის პირველ საფეხურზე, ადამიანი პრაქტიკული ღვაწლის ყველა ფორმას იყენებს, ხოლო სხეულებრივი შრომის ყველაზე ეფექტური სახე მღვიძარებაა. ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა მოუძლურდეს ვნებები და აღიკვეთოს გარეგნული, საქმით ჩადენილი ცოდვა. მღვიძარება ეხმარება მონაზონს, რომ ბუნების საწინააღმდეგო გრძნობები ალაგმოს. ასეთი „მოთხოვნილებების“ მიზეზი შეიძლება ზოგჯერ სხეულის აგებულებაც იყოს, რაც უმეტესად ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს უჩნდებათ. ასეთ შემთხვევაში მოღვაწეობის არცერთი სხვა მეთოდი არაა ისეთი ეფექტური, როგორიც ძილის მოკლება. ბერი გვეუბნებოდა, მღვიძარება პირდაპირ შემუსრავს, აუძლურებს სხეულსო.
მღვიძარება ასევე აუცილებელია სულიერი ზრდის მეორე, განათლების საფეხურზეც. ამ ეტაპზე, ღმერთის მადლითა და წყალობით, ვნებებისა და გულისთქმების ტირანია (ძალადობა) ითრგუნება და „საჭიროების კანონი" მოქმედებს, ანუ ადამიანი გარე სამყაროდან მხოლოდ იმას იღებს. რაც და რამდენიც „სჭირდება“, და არა რაც და რამდენსაც „გული უთქვამს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საგრძნობლები მოწესრიგებულია და გონებას ემორჩილება, მისი კონტროლის გარეშე აღარაფრისკენ მიიდრიკება ადამიანი ცოდვილობას, ბუნების საწინააღმდეგო ცხოვრებას განეშორება და, როგორც წმიდა მამები ამბობენ, საკუთარ ბუნებას სძლევს. ამ ეტაპზე მღვიძარება აუცილებელია, რადგან სწორად ღამისთევის დროს, ღრმა სიმდაბლის ლოცვისა და ვედრების მეშვეობით, ღმრთისმოყვარე გონება ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი სულის მადლისმიერ განათლებასა და ნუგეშს იღებს.
მღვიძარება სჭირდება მასაც, ვინც უფლისა და მისი კურთხეული დედის მადლითა და წყალობით, ეს მეორე საფეხურიც გადალახა და მესამე, „დაუსრულებელი დასასრულის“ სიმაღლეზე ასულმა, სრულყოფილების მდგომარეობას, ანუ სრულ სულიერ განსვენებასა და სიყვარულს მიაღწია (ასეთები კი ყოველთვის ცოტანი არიან). ოღონდ ღამისთევა მათ უშრომელად მიეცემათ, რადგან მათში ლოცვითი სული უკვე მუდმივად სუფევს.
ქრისტეშემოსილი სულის უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ, არა მარტო აღარ მოქმედებს ვნებების წაქეზებით, არამედ განუწყვეტლივაც ლოცულობს. ის ლოცულობს მოუკლებლად*(შეუჩერებლად) და შეუძლია, საიდუმლოდ სხვებსაც დაეხმაროს, ამ უკანასკნელთა ძალისა და უნარის შესაბამისად, რაც მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს მოღვაწეები, ღმერთის განგებულებით, ზოგჯერ სხვათა მრჩევლები ან მონასტრული საძმოების მმართველები ხდებიან. ამგვარად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, სხვებსაც მრავალმხრივ დაეხმარონ. ზოგჯერ კი, პირიქით, ძალიან უბრალოდ, უჩუმრად, ყველასათვის უჩინრად მოღვაწეობენ – ესეც იმიტომ, რომ თვითონ სურთ ასე ცხოვრება და ღმერთი გულისწადილს უსრულებს. ასეთი მოღვაწეები ყველა მორწმუნისა და მთელი ეკლესიისთვის ლოცულობენ, დღედაღამ ზოგადსაკაცობრიო ტკივილს ტვირთულობენ, არიან სხვათა ჭირისა და მწუხარების მოზიარენი, რადგან სიყვარულის კანონი მათ სულებს ამას კარნახობს. ნეტარია ის საზოგადოება, რომელსაც თავის წიაღში ზეცასა და დედამიწას შორის მდგომი ასეთი ატლანტები9 ჰყავს!
წმიდა ანას მცირე სკიტში მე და ჩემს საყვარელ და ერთსულ ძმას, ეფრემს – რომელიც ჩემზე უმცროსიც იყო და უფრო ფაქიზად აღზრდილიც, ვიდრე მე – სოფლელი და გაუთლელი, ძლიერად გვებრძოდა ძილი. ამის მიზეზი არა მარტო ბუნებრივი მოთხოვნილება იყო, არამედ ეშმაკის მზაკვრებაც, რომელიც ცდილობს, სულიერ მოღვაწეებს ხელი შეუშალოს. იმხანად ჩვენ ყველაზე მწიფე და იმავდროულად, მშვენიერ ასაკში ვიყავით. ცხოვრების განრიგი და ჩვენი ბერების მაგალითი, რომლებიც, მიუხედავად დაღლისა და სნეულებებისა, არასდროს იხევდნენ უკან, კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა ჩვენს მოშურნეობას. როდესაც ყველა ღონე ვიხმარეთ ძილის დასამარცხებლად, მაგრამ შვება ვერ ვნახეთ, მოძღვარს ვკითხე, თვითონ რამდენ ხანს ებრძოლა ძილს და რა გზით.
ბერმა მომიგო:
— მეშინია, რამე ვთქვა, რომ ისევ არ მომიბრუნდეს. ძილი ძლიერად და შეუწყვეტლად მებრძოდა მთელი ჩემი ახალგაზრდობა. მ. არსენის გაცნობამდე, წმიდა ათანასე ათონელის გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში, თავს ვაძალებდი, არ დამეძინა. ერთი კვირა გავძელი. ღამეებს ფეხზე დგომით ვატარებდი ან დავდიოდი, რომ მაქსიმალურად შევწინააღმდეგებოდი ბუნებრივ მოთხოვნილებას. ერთხელ, როცა ფეხზე ვიდექი, უცბად ისე მძლია ძილმა, რომ იქვე წავიქეცი და, როგორც ჩანს, თავიც დავარტყი. თუმცა დაღმართი და უსწორმასწორო ადგილი იყო, თანაც მსხვილი ქვებით სავსე, ვერაფერი ვიგრძენი, რადგან ძილი ძალიან მაკლდა – სადაც დავეცი, იქვე დამეძინა. მხოლოდ გაღვიძებისას მივხვდი, რაც მომხდარიყო. მოგვიანებით, როცა უკვე მოღვაწეობის სტაბილური პროგრამა გვქონდა, ძილმა ისევ შემაწუხა, რადგან ასკეზის ამ სახეობაში განსაკუთრებით ვირჯებოდი, მაგრამ ამასთანავე, ეს ბრძოლა ძალიან მღლიდა, უფრო მეტად ზამთარში, როდესაც გარეთ გასვლა აღარ შემეძლო. ბუნებრივია, რომ ადამიანი თვლემს მაშინ, როცა ძილი აკლია, მაგრამ ამას ხშირად ეშმაკიც უწყობს ხელს. ამ ვნებასთან ბრძოლის ყველაზე საშინელი ფაზა ის არის, როცა საღმრთო მადლი თვალს ეფარება და მოღვაწეს უდებება და გონების დაბნელება ეუფლება, ხოლო ნუგეშის ნათელი არსაიდან ჩანს. ამ მომენტებში ის მკაცრად გამოიცდება და მართლაც, „არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, არამცა ვინ ჩვენგანი შემძლებელ-იყო მტერისა ბრძოლათა თავსდებად“ და ჭეშმარიტად, „რომელნი იგი მძლე-ექმნებიან, მის მიერ მოეცემის ძალი“10. ერთხელ, როდესაც სხეული ძალიან მომიუძლურდა, სულიერადაც ძალიან გამიჭირდა. მართალია, ვცდილობდი, უკან არ დამეხია, მაგრამ მოთმინების უკიდურეს ზღვარს მივაღწიე. მაშინ გავჩერდი და მწუხარებით სავსემ, ტირილი დავიწყე. „უფალო“, ვთქვი, „ნუთუ შემართება უნდა დავკარგო?!“ იმწუთასვე ტკბილი ხმა ჩამესმა: „ჩემი სიყვარულისთვის ვერ მოითმენ?“. ამის თქმა იყო, და ბნელი, მძიმე ღრუბელი მომშორდა და პატარა ბავშვივით გავხდი. დავიჩოქე. ცრემლებითა და სულიერი სიხარულით ვთქვი: „კი, უფალო, შენი გულისთვის მოვითმენ, ოღონდ შეეწიე ჩემს უძლურებას.” ამის შემდეგ ეს ჭირი საკმაო ხნით მომშორდა, ხოლო ბრძოლამ სხვა რამეზე გადაინაცვლა.
კიდევ ერთი რამ, რასაც მოძღვარი დიდ ყურადღებას აქცევდა და შესაბამისად განგვსწავლიდა, იყო მატერიალური ნივთების გაფრთხილება და დაზოგვა. წმიდა წერილიდან და მამათა ნაშრომებიდან შესაბამისი ციტატების მოშველიებით გვასწავლიდა ნივთების გაფრთხილებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ღმერთის ლოცვა-კურთხევა იყოს ჩვენზე. ეს ჩვენც კარგად გვესმოდა. ჩვენი პატარა ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობისადმი იყო მიძღვნილი. 24 ივნისს (ძვ. სტ.)*(7 ივლისს(ახ. სტ)) გვქონდა ტაძრის დღესასწაული, ხოლო ეს წმიდანი ჩვენი განსაკუთრებული მფარველი იყო. როდესაც რამე ძირს გვივარდებოდა, მაგალითად, ლობიოს მარცვალი, ბერი იხრებოდა და იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაუძლურებული და ნახევრად პარალიზებული სხეულისთვის ეს დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამბობდა: „ნუ უგულებელყოფთ უმნიშვნელო საგნებსაც კი, რადგან მათი გაუფრთხილებლობა ფლანგვაში ჩაგვეთვლება და ღმერთის წყალობა ჩვენს სახლს დატოვებს. მე ბევრჯერ დამინახავს, რომ წმიდა იოანე ნათლისმცემელი ეზოში საჭირო სანოვაგეს გვიყრის, ეს კი სწორად ჩვენი ყურადღებისა და დაზოგვა-ეკონომიის გამო ხდება“. სანამ რამე საგანს ავიღებდით, მასზე ჯვარი უნდა გადაგვესახა. ასევე მაშინაც, როცა დავდებდით. თუ დაგვავიწყდებოდა, ბერი შენიშვნას მოგვცემდა და შეცდომას გამოგვასწორებინებდა. მთელი ჩვენი მაშინდელი ცხოვრება სასწაული იყო: თავს რომ ვირჩენდით, ეს იყო მხოლოდ ღმერთის მზრუნველობის და არა ჩვენი შრომის შედეგი. მცირეს ვჯერდებოდით, თანაც ბერი იმდენ მოწყალებას გასცემდა, რომ, რაც გვრჩებოდა, არასდროს გვყოფნიდა. მრავალჯერ დავრწმუნდით, რომ ღმერთი გვზრდიდა, და ამიტომაც ჩვენში უფლისა და ღმრთისმშობლის მიმართ რწმენა იზრდებოდა, რამეთუ მათი მზრუნველობა ყველანაირ ადამიანურ ლოგიკას აღემატებოდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოძღვარმა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავიც გვიამბო, რომელიც ძველად კატუნაკებში ერთ ბერს შეემთხვა. წინა თაობის ბერებს შორის ყოფილა ვინმე სათნოებებით შემკული მოღვაწე, რომელსაც ღმერთის უდრეკი რწმენა ჰქონია. მართლაც, იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც „მიუტევეს უფალს ზრუნვა მათი“11, ხოლო ღმერთი წვრილმანებშიც კი ზრუნავდა მათზე. ამ კურთხეული ბერისთვის, რომელიც ლოცვითა და სულიერი ჭვრეტით იყო დაკავებული, ღმერთის განგებით, გარშემო მცხოვრებ მამებს სისტემატურად მიჰქონდათ საჭირო რაოდენობის საზრდელი. ერთხელაც ვინ უწყის ღმერთის მსჯავრი? მისი ყურადღებისა და გამოცდილების გამოსაცდელად, იმაზე მეტი საჭმელი მიუტანეს, ვიდრე სჭირდებოდა. მანაც ზედმიწევნით არ დაიცვა დაზოგვის კანონი და ნარჩენი სადღაც კუთხეში დატოვა, როგორც უხმარი რამ, და საჭმელმაც გაფუჭება დაიწყო. მაშინ, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, სხვებს მისთვის საჭმელი აღარ მიჰქონდათ. ბერი ელოდა და უკვირდა, რატომ ხდებოდა ასე – დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მას არ უგულებელყოფდა. როდესაც მოთმინებისა და მარხვის ზღვარს მიაღწია, აღელდა და გულისსიტყვების დაწვრილებითი გამოძიება დაიწყო, რათა მიმხვდარიყო, რაში შესცოდა, რამ შეუშალა ხელი საღმრთო განგების მოქმედებას. მაშინ სინდისმა უკარნახა, რომ მიზეზი, ალბათ, ნარჩენი საჭმლის უგულებელყოფა იყო. იმწუთას შეაგროვა ნარჩენები, გაწმინდა და ჭამა დაიწყო. მაშინ ღმერთის მამობრივი მზრუნველობაც ისევ ამოქმედდა. უფალი ხომ გვასწავლის, რომ „არაფერი არ დაიკარგოს“12. ამგვარად, ბერმა „ისწავა, ვინაითგან იგი ივნო13", რომ ნარჩენი შეაგროვოს და არ უგულებელყოს ისევე, როგორც მოციქულებმა, უფლის ბრძანებით, შეაგროვეს ნარჩენი საზრდელი ხუთი ათასი კაცის დაპურების შემდეგ14.
ბერი იოსები იმავე სიმკაცრით იცავდა სადა, უბრალო ცხოვრების პრინციპს – რაც არ სჭირდებოდა, თავს არიდებდა. ყველა ჩვენი საყოფაცხოვრებო ნივთი უკიდურესად უბრალო და სახელდახელო იყო. მაქსიმალურად უფრთხოდა, რომ რამე საგანზე გული არ „შეგვპყრობოდა“, ხოლო როდესაც სხვა ადგილზე გადასვლა დაგვჭირდებოდა, მრავალი ნივთის გადატანა არ დაგვჭირვებოდა. თვითონაც ისეთი უკიდურესი სიღატაკით ცხოვრობდა, ისეთ იაფასიან ნივთებს ხმარობდა, რომ, თუ აღვწერთ, არავინ დაგვიჯერებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როდესაც გარდაიცვალა, მის სენაკში ვერაფერი ვიპოვეთ ისეთი, რაც ვინმეს რამეში გამოადგებოდა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბერისადმი პატივისცემის გამო სამახსოვროდ თუ დაიტოვებდა კაცი. ჩვენს მოძღვარს სწამდა, რომ უპოვარება მნიშვნელოვანია არა მარტო იმის გამო, რომ თავგანწირვისა და სიღატაკის სახეობაა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ მონაზონს ხელს უწყობს უზრუნველობასა და გონებაგაუფანტავ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, შინაგან სულიერ ცხოვრებასა და იესოს ლოცვაში დიდად ეხმარება გონებას.
მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბერი სუსტდებოდა. მისი სხეული ერთიანად დასნეულდა და უკვე აშკარა გახდა, რომ ის მოღვაწეობას გადაეღალა. იმ დროისთვის წირვა ყოველდღიურად გვქონდა, რადგან უკვე ჩვენი მღვდელი, მამა ხარლამპი გვყავდა. ბერისთვის ეს ფიზიკურად დამქანცველი იყო, რადგან სურდა წირვას ყოველთვის დასწრებოდა. მისი სენაკი კი ეკვდერიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა.
ყოველდღიურად შუაღამემდე ვლოცულობდით, შემდეგ კი წირვას ვიწყებდით. ზაფხულში ამ პროგრამის დაცვა ძალიან დამღლელი იყო, რადგან ღამის საშუალი (შუაღამე) მისი ხანგრძლივობის მიხედვით არ ფიქსირდებოდა, ხოლო წირვა ყოველთვის ღამის მეექვსე ჟამზე, ანუ სამოქალაქო დროით დაახლოებით 3:00-ზე უნდა დაწყებულიყო. ღამისთევას მღვიძარებითა და სიცხით ძალაგამოცლილები ვამთავრებდით. ხოლო, რადგანაც მალე თენდებოდა, დასვენების დრო აღარ გვქონდა. ამგვარად, მორჩებოდა თუ არა წირვა, აუცილებელი მძიმე სამუშაოები უნდა დაგვეწყო (მე, ყოველ შემთხვევაში). ამას მრავალი საჭირო ნივთისა და პირობების დეფიციტი ემატებოდა, რამაც, საბოლოოდ, ჩემი ჯანმრთელობაც შეარყია, მიუხედავად იმისა, რომ, სოფელში გაზრდილს, მკაცრი ყოფა არ მეუცხოებოდა. გულმკერდის არეში მუდმივ ტკივილს ვგრძნობდი, სისხლს ვიღებდი, კუჭიდანაც სისხლდენა მქონდა, სულ უქეიფოდ ვიყავი. ჩვენი უმცროსი ძმა, ეფრემი, უფრო სუსტი იყო და, „ჩამოწერილების“ სიაში შედიოდა. ამ ყველაფერმა დიდ ბერს აფიქრებინა საცხოვრებელი შეგვეცვალა.
შენიშვნები
- წმიდა იოსებ ისიქასტის ეპისტოლეების ნაწილი გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასასრულს გამოსცა ათონის ფილოთეუს მონასტერმა (შემოკლებულად). ეს ძვირფასი გამოცემა ათზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც, სათაურით: ბერი იოსებ ათონელი – მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა. მოგვიანებით ამ წერილების უმეტესი ნაწილი, საღმრთო განგებით, ჩვენს მონასტერში მოხვდა და 2019 წელს სრულად გამოვეცით 141 ეპისტოლე და 10 ლექსი. იმედი გვაქვს, რომ, უფლის დახმარებით, ქართველი მკითხველი ამ წიგნის თარგმანსაც მალე იხილავს. ↩
- შეად. იოან. 20,19-29. ↩
- იხ. იოან. 1,45.. ↩
- მათ. 26,41. ↩
- მათ. 11,15: „ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!“. ↩
- იხ. ფსალმ. 106,43. ↩
- კარულია – ადგილმდებარეობა ათონის ე.წ. უდაბნოში, ათანასეს ლავრის ტერიტორიაზე (იხ. სურ. 14). ↩
- ფსალმ. 144,19. ↩
- ატლანტი – მითიური გიგანტი, რომელსაც მხრებით ზეცის კამარა უჭირავს. ↩
- კვირადღის ცისკრის ანტიფონი, ხმა გვერდი მეორე (მეექვსე). ↩
- იხ. ფსალმ. 54,23. ↩
- იოან. 6,12. ↩
- ებრ. 5,8: „ტანჯვის გზით ისწავლა“. ↩
- იხ. მათ. 14,20; მარკ. 6,43 და 8,19; ლუკ. 9,17; იოან. 6,12-13. ↩